"მართლა ზღვა ემოცია იყო და ამ დრომდე გაოგნებული ვარ... პერიოდულად აზრი მეცვლებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი ბავშვობის სურვილს დავუბრუნდი" - კვირის პალიტრა

"მართლა ზღვა ემოცია იყო და ამ დრომდე გაოგნებული ვარ... პერიოდულად აზრი მეცვლებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი ბავშვობის სურვილს დავუბრუნდი"

უკვე ცნობილია ყველა საგნის შედეგები. ახალგაზრდებს სოციალურ ქსელში ულოცავენ უნივერსიტეტებში ჩაბარებას და ცხოვრების ახალი ეტაპის, სტუდენტობის დაწყებას. როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან ის აბიტურიენტები, რომლებმაც მაქსიმალური ქულები მიიღეს. მათ შორისაა ჭიათურის სოფელ ითხვისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ღავთაძე. მან სამივე საგანში მაქსიმალური ქულა აიღო. ქართული ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60, ინგლისურ ენაში - 70-დან 70, ხოლო ისტორიაში - 60-დან 60. ძალიან უხარიათ ეს უმაღლესი შეფასება იმ სკოლაში, რომელიც ბარბარემ დაამთავრა და ამბობენ, - ამ შედეგს ველოდით, რადგან მართლა გამორჩეული მოსწავლე იყო და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრაო.

ასეთ მაქსიმალურ ქულებს თავად ბარბარეც არ ელოდა, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერია.

- ბარბარე, გილოცავთ ასეთ მაღალ შედეგს და სტუდენტობას. რა რეაქცია გქონდათ, როცა შეიტყვეთ, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღეთ?

- მართლა ზღვა ემოცია იყო და ამ დრომდე გაოგნებული, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. პირველად ქართულის ქულები დაიდო. სიმართლე გითხრათ, მაღალ შეფასებას ველოდი, 59 ქულას, მაგრამ მაქსიმალურს, 60-ს რომ დამიწერდნენ, არ მეგონა. ეს რომ გავიგე, საკმაოდ დიდხანს, გაუჩერებლად ვტიროდი, ვყვიროდი. შემდეგ იყო ინგლისურის შედეგები. აქ მართლა ველოდი მაქსიმალურ ქულას და შედეგმა ძალიან გამახარა, მაგრამ ისეთი დიდი ემოცია არ მქონია. რაც შეეხება ისტორიას, აქაც მაქსიმალურს არ ველოდი და ძალიან გამიხარდა, მიღწეულით დღეს ბედნიერი ვარ.

- რა ფაკულტეტზე აბარებთ?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მქონდა პირველ ნომრად მონიშნული. აქამდე ვფიქრობდი, რომ იქ გავაგრძელებდი სწავლას სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგრამ ახლა, როცა მაქსიმალური ქულები ავიღე, არ ვიცი რას ავირჩევ, ცოტა დაბნეული ვარ. ისეთი კარგი ქულები მაქვს, ნებისმიერ უნივერსიტეტში შემიძლია სწავლის გაგრძელება. მოკლედ, ამ ეტაპზე ვფიქრობ, დაბნეული ვარ. იურისტობა მსურს, უფრო მეტად - ადვოკატობა. საბოლოოდ ალბათ, სამოქალაქო სამართალზე სწავლას გადავწყვეტ. ბავშვობიდან მომწონდა ეს პროფესია, შემდეგ პერიოდულად აზრი მეცვლებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი ბავშვობის სურვილს დავუბრუნდი.

- იქნებ ცოტა მეტი მიამბო შენზე...

- ვცხოვრობ ჭიათურაში და ითხვისის მეორე საჯარო სკოლა დავამთავრე, ოქროსმედალოსანი ვარ. სიამოვნებით გიამბობთ ჩემს სკოლაზე. იქ ძალიან კარგი გარემო იყო, საუკეთესო წლები მაკავშირებს ჩემს სკოლასთან, სადაც სულ 50 მოსწავლეა. როგორც ერთი ოჯახი, ისე ვიყავით. "ბოლო ზარი" იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური დღე. დამშვიდობებისას იყო ბევრი ცრემლი. ძალიან მომენატრება ეს წლები, ჩემი მეგობრები, პედაგოგები და ჩემი რეპეტიტორები, რომლებიც საუკეთესოები არიან. მადლობა მათ. სულ 4 ბავშვი ვიყავით კლასში და გამოდიოდა, რომ 12 კლასი სულ რეპეტიტორთან დავდიოდით. მეც მონდომებული მოსწავლე ვიყავი და პირველი კლასიდან მოყოლებული, არ მიზარმაცია. მართლა კარგი მასწავლებლები მყავდა. ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა და რადგან მაქსიმალური ქულების მიღებაზე ვოცნებობდი, ბოლო ორი წელი რეპეტიტორებთანაც დავდიოდი.

- პირველად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა გქონდათ. რამდენად რთული იყო გამოცდები?

- ქართულში მეოთხე ვარიანტი ვიყავი, ჰაგიოგრაფია მოვიდა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება დავწერე. თითქოს ველოდი ამას, ასეთი წინათგრძნობა მქონდა, რომ აუცილებლად დავწერდი გრიგოლ ხანძთელს. ასეც მოხდა. კარგი განწყობით შევედი ქართულის გამოცდაზე. მეგონა ვინერვიულებდი, მაგრამ საერთოდ არ მინერვიულია და ესეც ძალიან დამეხმარა, რომ კარგად დამეწერა, მეაზროვნა... რაც შეეხება სირთულეს, ზუსტად ის სირთულე იყო, რასაც ველოდი, არაფერი განსაკუთრებული, არც რაიმე მნიშვნელოვნად შეცვლილი და გართულებული. რაც წინა წლებში იყო ტესტებში, ახლაც იგივე გახლდათ.

- უცხო ენაში ბევრმა აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური ქულა, 1100-ზე მეტმა სტუდენტმა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა საგნებზე. უცხო ენის გამოცდაზე რთული ტექსტები არ იყო?

- არ იყო რთული. ახალი თაობა, ჯენზი, მაინც ინტერნეტის განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივადაც მოდის ეს შედეგი. ჩემი აზრით, ჩემს თაობაში ყველამ იცის ინგლისური სასაუბრო დონეზე მაინც და ისედაც... ქულების მოლოდინი უფრო რთული იყო, ძალიან ვნერვიულობდი. მთელი სხეული რომ გიკანკალებს, ისე ვიყავი. მარტო გავხსენი იმ დილით ჩემი გვერდი და ქართულის ქულა ვნახე, სხვებისთვის არც მითქვამს. ვფიქრობდი, ჯობს მარტომ ვნახო-მეთქი. 10 საათზე დაიდო და მაშინვე გავხსენი. რომ ვნახე მაქსიმალური ქულა, როგორც გითხარით, თავი ვერ შევიკავე და დავიწყე ტირილი, ყვირილი, შევაშინე ჩემებიც, მაგრამ მაპატიებენ ამ ემოციებს, რადგან ისინიც გახარებულები არიან ჩემი შედეგებით. სასწაული განცდაა, შრომა რომ გიფასდება, ყველა რომ უხარია შენი სიხარული. და-ძმა მყავს, მათაც ძალიან გაუხარდათ. ჩემი ძმა ზოგადად, არ ავლენს ხოლმე თავის გრძნობებს, სულ მე ვეფერები და მახსოვს, ტირილი რომ დავიწყე, პირველი ის მომვარდა და მეფერებოდა, ჩამეხუტა. ეს იყო ჩემთვის საოცრება, გული მოულბა. ამ დღეებში მთელი ოჯახი სიხარულის ცრემლებად ვიღვრებით. ყველა შენზე რომ საუბრობს, ამას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ მიხარია, ძალზე სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მთელი საქართველო რომ გამიცნობდა, ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან ვნერვიულობდი და ახლა განვიცდი, რატომ არ ვიყავი უფრო თავდაჯერებული. ყველას ვურჩევ, იყვნენ თავდაჯერებულები და ასე ძალიან არ ინერვიულონ.

- აბიტურიენტი როგორ ანაწილებდი დროს?

- ბოლო წელი რთული იყო, გამოწვევებით სავსე. მანამდეც შეჩვეული ვიყავი რეჟიმს, ლიტერატურას სულ ვკითხულობდი. ძალიან მნიშვნელოვანია კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა, ამით ხდება ლექსიკის გამდიდრება... ყველას დიდი მადლობა, ძალიან მიყვარს ჩემი პედაგოგები, მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ინგა გამსახურდიშვილს, ინგლისურის პედაგოგს ირინე კაპანაძეს და ისტორიის პედაგოგს მაია ვეშაპიძეს. ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა ისტორია, მაინტერესებდა. სულ ახალი ინფორმაციის ძიებაში ვიყავი, ბევრ ამბავს ვეცნობოდი, ისტორიულ ფილმებსაც ვუყურებდი. ბუნებრივადაც მოვიდა ისტორიის სიყვარული და მიხარია, რომ მაქსიმალური ქულა ავიღე. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტს ძალიან აქებენ და შეიძლება პირველ არჩევანს დავუბრუნდე, დავრჩე ამ ფაკულტეტზე. ჩამონათვალში კავკასიის უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი არ ჩამიწერია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი მაღალი ქულები თუ მექნებოდა, იქ კი საკმაოდ ძვირია გადასახადი, ამიტომ თავს ვიკავებდი, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან განიხილება ეს უნივერსიტეტებიც. 100-პროცენტიანი გრანტის შემთხვევაში თანხის დამატება მიწევს თავისუფალ უნივერსიტეტში და ეს არის ერთადერთი ფაქტორი, რატომაც შეიძლება არ ავირჩიო, თორემ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტობა იყო ყოველთვის ჩემი ოცნება. თუმცა ფინანსურად ალბათ, ამას ვერც გავწვდებით, ესაა შემაფერხებელი. რაც შეეხება კავკასიის უნივერსიტეტს, როგორც ვიცი, უმაღლესი ქულის მქონეებს უფასოდ ასწავლიან და ეს საკითხი იქაც გასარკვევი მაქვს. ვნახოთ, რა როგორ მოხდება... ახლა ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, სტუდენტობისთვის. წავალ თბილისში, იქ ცხოვრობენ დედის მშობლები, ჩემი ბებია და ბაბუა და მათთან ვიქნები. მიხარია, რომ ბევრს ვკითხულობდი, არ ჩამოვრჩი სწავლას და ახლა უკვე კარგი მოლოდინები მაქვს. ცხოვრების ახალ ეტაპს ველი, რომელსაც ცოტა შიში, ნერვიულობა, დაბნეულობა სდევს, მაგრამ ამასაც გადავლახავ და შემართებით დავიწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს. ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება.

- წარმატებები ბარბარე, ბედნიერ მომავალს გისურვებ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"