"ეს საოცრებათა ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ… ქართველები, რომლებიც არავის ჰგვანან" - რა ხდება ტურიზმის სექტორში და რა ხიბლავს ტურისტებს საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ეს საოცრებათა ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ… ქართველები, რომლებიც არავის ჰგვანან" - რა ხდება ტურიზმის სექტორში და რა ხიბლავს ტურისტებს საქართველოში?

"არასდროს ვყოფილვარ ისეთ მშვენიერ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა!

მომხიბლა ძველმა თბილისმა, ამ ქალაქში გატარებულ დღეებს ვერასოდეს დავივიწყებ. ეს საოცრებათა ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ…ქართველები, რომლებიც არავის ჰგვანან".

„არც ერთ ადგილს ჩემზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, როგორც საქართველოს. ეს არა მხოლოდ სხვა კულტურაა, სხვა ხალხი და სხვა ქვეყანა, არამედ სულ სხვა, არაამქვეყნიური სამყაროა“.

"საქართველოში გატარებული თითოეული დღე ძვირფას მოგონებად დამრჩება. მეუბნებოდნენ, რომ სვანეთი ნამდვილი საოცრებაა, მაგრამ წინ კიდევ ერთი საოცრება მელოდა - ულამაზესი თუშეთი, რომელიც ნებისმიერ ევროპულ კურორტს გაუწევს კონკურენციას. მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან საქართველო უნიკალური ადგილია!" - სასიამოვნო მოსასმენია, როცა უცხოელი ტურისტები საქართველოს ამგვარი ეპითეტებით ამკობენ, მით უმეტეს, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. ამ სფეროში ათასობით ადამიანია დასაქმებული და ის ძალიან ბევრი ოჯახისთვისაა შემოსავლის წყარო.

რა ხდება ამჟამად ტურისტულ სექტორში? - ამ შეკითხვით "საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელს", ნატალია კვაჭანტირაძეს მივმართეთ:

- ვიტყოდი, რომ 2024 წელი ტურისტული ბიზნესისთვის საკმაოდ შემოსავლიანია. მარტო ზღვის სეზონს არ ვგულისხმობ, არამედ გასულ თვეებსაც. მართალია, ზაფხული განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, მაგრამ წლის დასაწყისიდან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკურად დაძაბულ დღეებს, როდესაც შეფერხება გვქონდა. ტურისტული ბიზნესისთვის გაზაფხულიც საკმაოდ კარგი იყო. საქართველოში სტუმრების შემოსვლა აპრილიდან იწყება და ივლის-აგვისტოში უკვე პიკია. ტურისტების რაოდენობა მომატებულია როგორც აღმოსავლეთის, ისე ევროპის ქვეყნებიდანაც. ახლა აგვისტოა - ყველაზე აქტიური თვე შავი ზღვის სანაპიროზე და საქართველოს მთაში, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკმაოდ დატვირთული სეზონია შემოდგომა. 25 წელია ტურიზმის სფეროში ვარ და მისი სპეციფიკა კარგად ვიცი. მართალია, სტუმრების რაოდენობა აგვისტოსა და სექტემბერში პიკს აღწევს, მაგრამ ამას მოსდევს ოქტომბერი, რომელიც ღვინის ტურიზმისთვის საკმაოდ კარგი თვეა, შემდეგი პერიოდი კი ზამთრის კურორტების მოყვარულთათვის არის მიმზიდველი. სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებში, ამ მხრივ მარტო უცხოელები კი არა, ადგილობრივი ტურისტებიც აქტიურობენ.

- ზაფხულის მონაცემები როგორია?

- წლევანდელი ზაფხული, ჯერჯერობით, მოლოდინს ამართლებს, მაგრამ ეს დიდი მონდომების შედეგია: ბიზნესმა მარკეტინგული თვალსაზრისით, დიდი დანახარჯები გასწია და შედეგიც სასურველი მიიღო: გაიზარდა როგორც კულტურული, ასევე სათავგადასავლო და ბიზნესტურიზმის მიმართულებაც, რომელიც განსაკუთრებით შემოსავლიანია. ბიზნესტურიზმი გულისხმობს ქვეყანაში საქმიანი ღონისძიებების ჩატარებას და საერთაშორისო, მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიღებას. როდესაც ქვეყანას სტუმრობენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ისინი სოლიდურ თანხას ხარჯავენ. საქართველო ამ მხრივ, ძალიან საინტერესო ქვეყანაა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ტურისტული ბიზნესის მთავარი ამოცანა საქართველოში?

- ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვცდილობთ, რომ საქართველოს სტუმრებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და საინტერესო იყოს. საამისო პოტენციალი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს. ამიტომ, კერძო სექტორი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი მოიზიდოს და ჩამოიყვანოს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ქვეყნის იმიჯი, მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობა და რაც მთავარია, რამდენად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება. კერძო სექტორი სოლიდურ თანხას ხარჯავს, რომ ტურიზმის სფეროს შემოსავალი გაიზარდოს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მუშაობა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.

- თქვენი დაკვირვებით, წელს ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან შემოდიან სტუმრები?

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ტურიზმის სფეროში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, წელს სიტუაცია სტაბილურია. შესაბამისად, ევროპელების რიცხვი გაიზარდა, თუმცა ყველაზე დიდი ოდენობით შემოდიან მოგზაურები შუა აზიიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან: უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ინდოეთი... ვცდილობთ, ახალი ქვეყნებიც მოვიზიდოთ და სიტუაცია დავაბალანსოთ. რა თქმა უნდა, რუსეთიდან ბევრი შემოდის, ისინი აქ საკმაო თანხას ხარჯავენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე დღით ჩერდებიან.

- როგორ შეაფასებთ სიტუაციას შავიზღვისპირა კურორტებზე?

- წელს, ჩვენს საზღვაო კურორტებზე სტუმრების რაოდენობა ძალიან ბევრია. ამის მიზეზი მხოლოდ ზღვა არ არის - უამრავ ხალხს იზიდავს ფესტივალები, ღონისძიებები, კონცერტები, რომელიც ბათუმსა და სხვა ქალაქებში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წვიმიანი რეგიონია, თავისუფლად შეიძლება კომბინაციას მივმართოთ, ანუ დამსვენებლები მარტო ზღვის მონახულებით არ შემოიფარგლონ: ტურისტული ორგანიზაციები ამუშავებენ ისეთ ტურებს, რომ ჩვენი სტუმრები წვიმიან ამინდებში მთიან აჭარას ეწვიონ. ძალიან ბევრ ქვეყანას შეშურდება ეს შესაძლებლობა, როცა მთა ასე ახლოსაა ზღვასთან - ეს იდეალური შერწყმაა ზღვის, ეკოტურიზმის და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის. იგივე უნდა ვთქვა გურიაზე, სადაც მთა ზღვასთან ძალიან ახლოსაა, იქ ტურისტებს შეუძლიათ ეწვიონ ულამაზეს გომის მთას, სოფლის ტურიზმის მოყვარულებმა გაიცნონ ადგილობრივი კულინარია, მარნები, სადაც ღვინის დაყენების ტექნოლოგიას დააკვირდებიან. მსგავსი კომბინაციები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის უცხოელების მოგზაურობას საქართველოში...

ჩვენთვის მთავარია, სტუმრებს მომავალში ისევ გაუჩნდეთ სურვილი უკან, საქართველოში დაბრუნდნენ. ამ ადამიანებმა თავიანთ ახლობლებსაც უნდა გაუღვივონ ინტერესი, რომ საქართველო მოინახულონ. ერთი კმაყოფილი ტურისტი მომავალში რამდენიმე სტუმრის მომატებას ნიშნავს. მართალია, მსოფლიოს მრავალ წერტილში უკვე იციან, რომ საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა ეკოტურიზმის, კულტურული თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, მას ზოგჯერ "პატარა შვეიცარიასაც" უწოდებენ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის მიღწევა გვინდა, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.

- საინტერესოა, რა ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას კავკასიის ტურისტულ პოტენციალში?

- ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი და მიმზიდველობა აქვს. საერთოდ, კავკასიის რეგიონი ბევრს აინტერესებს: საქართველო სხვა მხრივაა საინტერესო, სომხეთი და აზერბაიჯანი - სხვა მხრივ. სამივე ქვეყანა თავისებურად მიმზიდველია უცხოელი მოგზაურებისთვის, ამიტომ არცთუ იშვიათად ხდება, როცა უცხოელი მოგზაური კომბინირებულ ტურს ირჩევს, რომ ერთ ჩამოსვლაზე სამივე ქვეყანა მოინახულოს და მთელი რეგიონი გაიცნოს. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივ პროექტებზე სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ასეთი, გაერთიანებული ტურებით, ჩვენი ქვეყანაც უფრო დიდ სარგებელს მიიღებს და მთლიანად რეგიონიც.

- დაბოლოს, ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის ჩვენი ტურისტული სექტორისთვის?

- ძალიან დიდი გამოწვევაა თანამედროვე ინფრასტრუქტურის და მაღალი დონის სერვისის არქონა. ეს უნდა გამოსწორდეს. ყველა ტურისტულ ობიექტთან უნდა იყოს მისასვლელი გზა და კომფორტული გარემო, მაგრამ ისე, რომ არ დავაზიანოთ ბიომრავალფეროვნება... რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ტურისტულ ბიზნესს სტაბილური მდგომარეობა ჰქონდეს, რომ უფრო განვითარდეს და მაღალი დონის სერვისები შექმნას. ჩვენ ამისათვის მზად ვართ და სულ ვცდილობთ, ევროპული თუ სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, უფრო მეტი ღირსეული კადრი მივიღოთ ტურიზმის ინდუსტრიაში, რომ მომავალ წლებში, კარგი სერვისის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს.

ცნობისათვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წლევანდელი წლის ორ კვარტალში ტურიზმის შემოსავალი 1.9 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 30.4 %-ით გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს - 5.2 %-ით ანუ 94 მილიონი დოლარით. აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"