47 წლის კრისტი ყიფშიძის მომხიბვლელობის საიდუმლო - ვინ არის მომღერალი, რომელიც მას ძალიან მოსწონს - კვირის პალიტრა

47 წლის კრისტი ყიფშიძის მომხიბვლელობის საიდუმლო - ვინ არის მომღერალი, რომელიც მას ძალიან მოსწონს

მიმზიდველი, ჰაეროვანი კრისტი ყიფშიძე შესანიშნავ ფორმაშია და ასაკს არასდროს მალავს. როგორი დასვენება უყვარს და როგორ ინარჩუნებს თავის ხიბლს 47 წლის მოდელი, ამის თაობაზე თავად გვიამბობს:

- იმისათვის, რომ ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს, განტვირთვა და დასვენება აუცილებელია, ეს კი, ყველგან შეიძლება. შესაძლოა, ძალიან ლამაზ კურორტზე წახვიდე, მაგრამ ვერ განიტვირთო და ვერ დაისვენო, რადგან იქ შენთვის კომფორტული გარემო არ იყოს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ კარგი გართობა და მხიარულება დასვენებას სულაც არ ნიშნავს. გართობა კარგია, მაგრამ ყოველთვის სიმშვიდე ვერ მოაქვს. მაგალითად: შარშან საფრანგეთის სამხრეთში, სან-ტროპეში ვისვენებდი, სადაც სულ ხალხმრავლობა, ხალისი და მხიარულებაა. იქაურობა ძალიან მომეწონა, მაგრამ რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ უფრო მშვიდი გარემო მჭირდებოდა, სადაც მართლა დავისვენებდი. ჩემი აზრით, აქტიური დასვენება კარგია, მაგრამ მას აუცილებლად მშვიდი დასვენება უნდა მოჰყვეს.

- თუმცა, ჩვენს დაძაბულ დროში განტვირთვა და დასვენება დიდი ფუფუნებაა.

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ადამიანი განტვირთვას ყველგან მოახერხებს, თუ მოინდომებს. ეს ჩვენ ვქმნით ჩვენსავე გარემოს. ადამიანი ყოველთვის ისე უნდა მოიქცეს, როგორც თავად სურს და არა - ვიღაცის კარნახით, ან ხათრით. ჩვენ, ბევრ რამეს ინტუიციურად ვგრძნობთ, ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ - მინდა კი ამ ხალხში, ამ გარემოში ყოფნა? მინდა, რომ ეს გავაკეთო? მე მგონი, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან უნდა იყო კომფორტულად და სულაც არ არის აუცილებელი ზაფხული ძვირად ღირებულ კურორტზე, მდიდრულ სასტუმროში გაატარო. ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ ფსიქოლოგს ვუსმენდი, რომელმაც ძალიან საინტერესო რამ თქვა: არ იფიქროთ, რომ სიზარმაცე ცუდია, სიზარმაცე ზოგჯერ ყველას გვჭირდება. როცა გადაღლილი და გამოფიტული ხართ, შეიძლება განტვირთვის საათები კი არა, დღეებიც კი მოიწყოთ, რომ თქვენმა სხეულმა და ტვინმა დაისვენოსო. მართლაც, ჩვენი ტვინი ყოველთვის დაძაბულად მუშაობს, მაშინაც კი, როცა გვძინავს და სიზმარს ვხედავთ, ამიტომ, ადამიანის გონებას გათიშვა და დასვენება სჭირდება. დასვენება ჩემთვის ნიშნავს, კარგ გარემოში, კარგ ხალხში რომ ხარ, როცა მშვიდად ხარ და ისეთი რაციონი გაქვს, რომელიც მოგწონს და გიყვარს.

- ახლა თუ გეგმავთ სადმე წასვლას და დასვენებას?

- წინასწარ რაღაცის დაგეგმვა არ მიყვარს, რადგან დაგეგმილი არაფერი გამომდის, ამიტომ ჯობია, რაღაც უცბად გადავწყვიტო და დიდი ხნის ნანატრი ადგილები მოვინახულო. ამ ზაფხულს ერევანში ვიყავი, სამი დღით. ქალაქიც დავათვალიერე და მისი შემოგარენიც. ერევანი მთებში ჩაფლული, სუფთა და მოწესრიგებული ქალაქია, სადაც ძალიან სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს. სერგო ფარაჯანოვის მუზეუმშიც ვიყავი და უზომოდ კმაყოფილი დავბრუნდი. ყველაზე მეტად მომხიბლა ქალაქგარეთ არსებულმა გარნის ტაძარმა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეშია აგებული. ამ სიძველეში რომ შედიხარ, სულ სხვა, სიამაყის და პატრიოტიზმის განცდა გეუფლება. მე წარმოშობით სომეხი ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა, აქ დავიბადე და გავიზარდე, ჩემი წინაპრები მე-16 საუკუნიდან აქ ცხოვრობენ. საქართველოზე ვგიჟდები, მაგრამ ერევანში ყოფნისას ვიგრძენი, რომ იქაურობაც ჩემია, მშობლიურია. სამშობლო ის არის, სადაც იბადები და იზრდები, მაგრამ სამშობლოა ისიც, სადაც შენი ფესვებია. ამიტომაც ვამბობ, რომ ორი სამშობლო მაქვს.

ყველას, ვინც რაღაც მიზეზების გამო, უცხოეთში დასასვენებლად ვერ მიდის, ვეტყოდი, რომ საქართველოსა და კავკასიაში არა ერთი საინტერესო ადგილია, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს. მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მოგზაურობის დროს ადამიანი იზრდება და ვითარდება, მნიშვნელობა არა აქვს, თვითმფრინავით მიდიხარ, გემით თუ მატარებლით, მთავარია, რომ მიდიხარ და ახალ კულტურას, ახალ სამყაროს ეზიარები.

- კრისტი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ახერხებთ ასეთ ფორმაში ყოფნას.

- როდესაც მეკითხებიან, ასე კარგად როგორ გამოიყურებიო, ყველას ვეუბნები, რომ ვცდილობ, ყოველთვის კარგად გამოვიძინო. უკვე გამოვიმუშავე, რომ დროზე უნდა დავიძინო: თუ გამოუძინებელი ხართ, ეს თქვენს თვალებზე და იერზე აუცილებლად აისახება.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება მზესთან და რუჯთან?

- დიდხანს მზეზე ყოფნა აღარ მომწონს, ვცდილობ დილით, 9-10 საათის შემდეგ გავირუჯო და მზეზე მხოლოდ ერთი საათით ვჩერდები. ამ დროს ბევრი წყალი ძალიან კარგია, დამცავი კრემებიც უნდა გამოვიყენოთ, რომ კანი მზეზე არ დაიწვას. მე უპირატესობას გასარუჯ ზეთებს ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ გარუჯვაც ზომიერი უნდა იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა რამ. ზედმეტი ვიტამინი და საკვებიც კი არ შეიძლება და ყველაფერში "ოქროს შუალედია" საჭირო. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის "დირიჟორები", მაგრამ 20 წლის ასაკში ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებ, ეს ცოდნა და გამოცდილება 38-40 წლის შემდეგ მოდის.

- დავუბრუნდეთ თქვენს რაციონს და იმას თუ როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას.

- გამოვიმუშავე ის, რომ ყოველთვის სწორ კვებაზე ვარ, ტკბილი, გაზიანი სასმელები კარგა ხანია, ამოვიღე ჩემი მენიუდან, ერთადერთი, რაც მომწონს, არის გაზგასული მინერალური წყალი - მჯერა, რომ ეს ჩემს ორგანიზმს სჭირდება. დღეში ორჯერ ვსვამ D ვიტამინს, რადგან დღეს თითქმის ყველას აქვს ამ ვიტამინის დეფიციტი. თუ D ვიტამინი 60-ზე ნაკლები გაქვთ, დიდი შანსია, რომ იმუნიტეტი დაგიქვეითდეთ, ამიტომ, ექიმს უნდა გაესაუბროთ და მისი მარაგი შეივსოთ. ჩვენს ორგანიზმში ეს ვიტამინი რაც უფრო მეტია, მით უკეთესია, მაგრამ მის ნაკლებობას ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს.

რაც შეეხება წყალს, ხომ ამბობენ, რომ 2 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ, მაგრამ შეიძლება ერთი ლიტრი დალიო და ის უფრო შეგერგოს. გადაჭარბება არც წყლის მიღებაში ვარგა, არც ჭამაში და არც არაფერში. ზოგჯერ, ბავშვებს აძალებენ ზედმეტ ჭამას, რაც ასევე დაუშვებელია.

- და ბოლოს, თუ გყავთ იდეალი მოდელებს და ცნობილ ადამიანებს შორის?

- როგორც მოდელი, ჩემთვის ყველაზე საუკეთესოა ქეით მოსი, რომელიც თავის წლებთან შედარებით, ძალიან კარგად გამოიყურება. მას რთული პერიოდებიც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გადალახა და ახლა ისევ მშვენიერ ფორმაშია. საქართველოში, ჩემთვის გამორჩეულია ნანი ბრეგვაძე - ასეთი დახვეწილი და ლამაზი სულის ქალბატონი იშვიათია. სცენაზე ხომ ქალღმერთია, მაგრამ ცხოვრებაშიც ძალიან დახვეწილი, ელეგანტური და მომხიბვლელია. მას საოცარი სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია აქვს და ეს ყველაფერი მის გარეგნობაზეც აისახება.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)