"ადამიანებს შინაგანი ქაოსი ვერ დაულაგებიათ და სხვა ადამიანების ცხოვრებაში გადააქვთ. ყველაფერს მართვა სჭირდება. გადავწყვიტე, "ლაივში" წიგნი წამეკითხა. მინდოდა, "ტიკტოკისთვის" ცოტა უფრო მეტი დანიშნულება მიმეცა"
"ჩვენს ოჯახს წიგნების კითხვა ოდითგანვე ახასიათებს"
წამყვანი და "ინფლუენსერი" თაკო მამაიაშვილი პერიოდულად, "ტიკტოკის" პლატფორმას გამომწერებისთვის წიგნების წასაკითხადაც იყენებს.
გაგვიმხილა, რომ მაყურებლებისთვის წასაკითხად ბოლოს შეპირებული წიგნი გადაშალა, კითხვამ შეიტყუა და ახლა "ჩუმად" კითხულობს, თუმცა წიგნებით დაინტერესებული გამომწერების უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს...
- ამ სამყაროში საკუთარი თავის აღმოჩენა ყველას უჭირს. ბედნიერებას "გარეშე სივრცეში" ეძებენ ხოლმე. ჰგონიათ, თუკი რაღაც არ აქვთ, რაღაც ვერ მიიღეს, ბედნიერები არ არიან. რეალურად, ყველაფერი ჩვენს გონებაში ხდება - მნიშვნელოვანია, რაღაც-რაღაცები კარგად, სწორად აღვიქვათ. პრობლემები და გამოწვევები აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს - ყველა სფეროში და ნებისმიერ ასაკში... ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ: ცხოვრების გარკვეული ეტაპები ჩემთვისაც არ ყოფილა იოლი, მაგრამ წიგნების კითხვამ, განათლების მიღებამ, განვითარების პროცესმა იმის საშუალება მომცა, რომ კონკრეტული ნეგატიური სიტუაციები ჩემთვის სასიკეთოდ შემოვატრიალო. უპირველეს ყოვლისა, ავსტრალიელი მწერლის - Rhonda Byrne-ის შესახებ აღვნიშნავ: წლების წინ ვნახე ფილმი - The secret, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. ფილმის ავტორით დავინტერესდი და ერთ-ერთი სოლო მოგზაურობისას აეროპორტში მისი წიგნიც - The great secret აღმოვაჩინე. ხომ არსებობს მიზიდულობის კანონი, არა? ასევე, ვიცით, რომ ფიქრებს დიდი ძალა აქვს. ისინი რეალურად ჩვენს დროში მატერიალიზდება. ჩვენი ფიქრების კონტროლი მარტივი არ არის, რა თქმა უნდა - შეიძლება, ვიღაცისთვის მისტიკური ამბავი იყოს, მაგრამ ფიქრების კონტროლს შეუძლია, სულიერ სიმშვიდემდე და ბედნიერებამდე მიგვიყვანოს, ოღონდ - ეს ბედნიერება დამოკიდებული არ იქნება არც მატერიალურზე და არც - ადამიანებზე. წიგნის, ფილმის იდეაც ეს არის... მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, საკუთარი თავის მიმართ დადებითი განწყობა, დიდი ძალა აქვს მიზიდულობის კანონს... წიგნში მაგალითებია მოყვანილი ადამიანების შესახებ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება შეცვალეს. რეალურად, ეს წიგნი გვასწავლის, როგორ ვმართოთ ჩვენი ფიქრები პოზიტიური მიმართულებით. ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები წარსულში ვიხედებით, რაღაცები გვწყინს, რაღაცებს ვერ "ვხურავთ" ან მომავალზე ზედმეტად ვფიქრობთ. ზედმეტი ფიქრი ბედნიერებას კლავს...
- მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური აზროვნების, ფიქრების მართვის შესახებ ლიტერატურა იოლად ხელმისაწვდომია, როგორ ფიქრობ, დღესდღეობით, მაგალითად, დეპრესია რატომაა ასეთი მძაფრი პრობლემა?
- ადამიანებს წაკითხული სწორად არ ესმით. თან, დეპრესიაც შემთრევი პროცესია. ადამიანში 2 მგელი ცხოვრობს. რომელსაც გამოკვებავ, ის გაიზრდება: დეპრესიას გამოკვებავ, დეპრესია გაიზრდება, ხოლო თუ - პოზიტივს, პოზიტივი... ყველაფერი მარტივია. მთავარია, სწორი მიმართულებით წავიდეთ და ესეც სწორად გვესმოდეს, თორემ გამოწვევები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გვექნება. ნებისმიერ დროს შეიძლება ის დაგემართოს, რაც გგონია, არ დაგემართება. ამისთვის მენტალურად, სულიერად მზად უნდა იყო. ცხოვრებაა, რა!.. ახალი გამოცდილების, გაკვეთილის მიღების შემდეგ, ცხოვრებას უფრო ძლიერი აგრძელებ და გამოწვევებს მაგრად ხვდები.
- თაკო, წიგნების დამოუკიდებლად კითხვა როდის დაიწყე?
- ძალიან ადრეული ბავშვობიდან. მე და ჩემი და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ რამდენ წიგნს წაიკითხავდა - ასეთი გასართობი გვქონდა. საერთოდ, ჩვენს ოჯახს წიგნების კითხვა ოდითგანვე ახასიათებს.
- გახსოვს, პირველად რომელი წიგნი წაიკითხე?
- დედას გეფიცები, არ მახსოვს!.. ალბათ, რაღაც ზღაპრები იყო... წიგნების კითხვა, განათლების მიღება, განვითარება სულ მიყვარდა. გააჩნია, ადამიანს განვითარება რა მიმართულებით გინდა. აუცილებელი არაა, წიგნი წაიკითხო. დღესდღეობით შეიძლება, ვინმეს წიგნის კითხვა არ მოსწონდეს. ვერც გაამტყუნებ - ინტერნეტში შედიან და სასურველ ინფორმაციას მარტივად პოულობენ, მაგრამ პირადად მე, წიგნი, მისი სუნი, გადაფურცვლა მიყვარს... ბავშვობაში დეტექტივები მომწონდა, მაგალითად - აგათა კრისტის ნაწარმოებები. ასევე, ბავშვობაში წაკითხული ნაწარმოებებიდან მახსოვს "ბიძია თომას ქოხი" (იღიმის)... როცა გავიზარდე, აბსოლუტურად სხვაგვარი ლიტერატურით დავინტერესდი. არის კონკრეტული წიგნები, რომელთა წაკითხვაც მინდა საზოგადოებას ვურჩიო: შეიძლება, ვინმესთვის ჟოზეფ მერფი ცნობილი საერთოდ არ იყოს, მაგრამ თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც გვასწავლის ჩვენი ქვეცნობიერის ძალას...
- მახსოვს, "ტიკტოკზე" "ლაივები" გქონდა, წიგნებს კითხულობდი...
- კი, ნამდვილად. ძალიან მინდოდა, ადამიანებისთვის საინტერესო ინფორმაცია გამეზიარებინა, დავხმარებოდი. წიგნის კითხვა მარტოც შემიძლია. ახლაც ვკითხულობდი, სანამ დამირეკავდი... კონკრეტული წიგნები ბევრ სიტუაციაში გვეხმარება. კაცობრიობის პრობლემაა, რომ ადამიანებს შინაგანი ქაოსი ვერ დაულაგებიათ და თავიანთი ქაოსი სხვა ადამიანების ცხოვრებაში გადააქვთ. ყველაფერს, ასე თუ ისე, მართვა სჭირდება, რომ სადღაც მივიდეთ. ამის საფუძველზე გადავწყვიტე, კონტენტი შემექმნა - "ლაივში" წიგნი წამეკითხა. მინდოდა, "ტიკტოკისთვის" ცოტა უფრო მეტი დანიშნულება მიმეცა, ვიდრე დღეს იყენებენ. ამ კონტენტს აუცილებლად გავაგრძელებ. მართალია, იმ წიგნს, რომელიც "ლაივში" უნდა წამეკითხა, უკვე მარტო ვკითხულობ, მაგრამ შემდეგს აუცილებლად "ლაივში" წავიკითხავ...
- რომელი წიგნია, "ჩუმად" რომ კითხულობ?
- მორგან ჰაუზელის "ფულის ფსიქოლოგია". კითხვა ახალი დაწყებული მაქვს. ისე მოხდა, რომ კითხვა "გემრიელად" დავიწყე, მერე კი მომერიდა, გამომწერებისთვის მეთქვა, - მე უკვე დაწყებული მაქვს კითხვა და მოდი, თქვენ შუიდან წაგიკითხავთ-მეთქი... მთელი ჩემი ცხოვრება მაინტერესებს ადამიანის ტვინი, ფიქრები, აზროვნება, ფსიქოლოგია და ა.შ. ის წიგნები, რაც წამიკითხავს, ერთმანეთს ავსებს. ბოლო დროს მარკეტინგით, ბიზნესით დავინტერესდი... "ფულის ფსიქოლოგიაში" საინტერესო მაგალითებია აღწერილი. ახლა ვარ თავზე - "იღბალი და რისკი". ამ შემთხვევაში მოთხრობილია, ბილ გეითსმა და პოლ ალანმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს, დამეგობრდნენ... დიდი ბიზნესმენების, წარმატებული ადამიანების ცხოვრება, მათი ნაბიჯები, რისკები საინტერესოა (ფინანსური თვალსაზრისით). როცა კითხვას დავასრულებ, ამ წიგნის შესახებ დასკვნას სოციალურ ქსელში აუცილებლად გამოვაქვეყნებ.
- როგორც მახსოვს, "ლაივში" "ნეიროლინგვისტურ პროგრამირებასაც" კითხულობდი...
- დიახ, ენდრიუ რობინსონის ეს პატარა წიგნი გამომწერებს წავუკითხე. ნეიროლინგვისტური პროგრამირება (ნლპ) შეისწავლის კავშირებს ადამიანთა გარეგნულ ქცევასა და მათ ქვეცნობიერებას შორის და პირიქით. ეს წიგნი საკუთარი თავის პროგრამირებაში დაგვეხმარება... ასევე, "ლაივში" ალან და ბარბარა პიზის "სხეულის ენას" ვკითხულობდი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება გასაუბრებაზე, ინტერვიუზე, ნებისმიერი ტიპის შეხვედრაზე (მნიშვნელობა არა აქვს, საქმიანი იქნება, მეგობრული თუ რომანტიკული), ასევე - გარშემო მყოფების შესწავლასა და გადაწყვეტილებების უკეთ მიღებაში, რადგან ყველაფერს მაინც თავისი წესი აქვს: სხეულის ენა ჩვენზე დამოკიდებული არ არის. შეიძლება, ადამიანი აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე საუბრობდეს, მაგრამ სულ სხვა რამეს გულისხმობდეს. რა თქმა უნდა, კულტურათა შორის სხვაობა არსებობს, მაგრამ კონკრეტული მიკროგამოხატულებები ადამიანებს გვაქვს და ყოველთვის გვექნება...
- ხშირად აღნიშნავენ, რომ "ტიკტოკზე" არაფრისმომცემი "ლაივებია". როცა წიგნის კითხვა დაიწყე, აუდიტორია "გამოგყვა"?
- დიდი ხანია, ასეთ რაღაცებს "ვტესტავ". მასების ფსიქოლოგია მაინტერესებს. სოციალურ ქსელში აქტიურობა 2021 წელს დავიწყე, რაც ჩემზე დამოკიდებული არ ყოფილა: სამოგზაუროდ წავედი და როცა დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ თურმე, უკვე გამომწერები მყოლია. ამის შესახებ არ ვიცოდი, რადგან სოციალურ ქსელებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევდი. ჩემთვის გამომწერების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა ახლაც არ აქვს. მოკლედ, იმ დროიდან დავინტერესდი, საზოგადოების ინტერესს რა იწვევს. მაგალითად, მოგზაურობისას, ვატიკანში ყოფნისას "ლაივი" ჩავრთე, რადგან ჩემთვის იქაურობის ნახვა კულტურული შოკი იყო! "ტიკტოკის" საზოგადოება მსგავსი რაღაცებით ნაკლებად ინტერესდება, ასევე - წიგნის კითხვით. რა თქმა უნდა, მაყურებლები მყავდა, მაგრამ იმ რაოდენობის - არა, რაც შეიძლება, 2 ადამიანის "ლაივმა" მიიზიდოს, სადაც ისინი ერთმანეთს შეურაცხყოფენ და მთელი დრამა აქვთ... შესაძლოა, "ლაივში" ბევრი ადამიანი გიყურებდეს, მაგრამ წიგნის კითხვისას შემოგეფანტებიან ხოლმე...
- ვისაც წიგნების კითხვა არ უყვარს, რას ურჩევ, რომელი წიგნით დაიწყონ?
- ასეთ ადამიანებს 2 მაგარ წიგნს ვურჩევ: არსებობს გაყიდვების გურუ - ბრაიან თრეისი, რომელსაც არაერთი საინტერესო წიგნი აქვს დაწერილი: "შეჭამე ბაყაყი", "აკოცე ბაყაყს"... ჩემთვის ყველაზე ღირებული და კარგი წიგნი "მიზნები" გახლავთ, რომელსაც საზოგადოებას ვურჩევ. მასში ბრაიან თრეისი იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ წერს, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება. "მიზნები" ადამიანებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება - ფაქტობრივად, ცხოვრების 5-წლიან გეგმას დააწერინებს, რომელშიც კორექტირებას ეტაპობრივად შეიტანენ, მაგრამ მშვიდად გაუყვებიან გზას, მარტივად მივლენ მიზნებამდე... მეორე წიგნს რაც შეეხება, ეს გახლავთ რობერტ კიოსაკის "მდიდარი მამა, ღარიბი მამა". ეს წიგნი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებაა, როგორ მოახერხა ადამიანმა ჯერ მენტალურად გამდიდრება, მერე კი - ფინანსურად. მკითხველს გასწავლის, როგორ გაიუმჯობესო, გაიმდიდრო მენტალობა, შემდეგ კი უკვე იმას მოიხვეჭ, რაც გინდა... რა თქმა უნდა, ადამიანის ტვინს საზღვრები არ გააჩნია. საზღვრებს, ჩარჩოებს საკუთარ თავს თავად ვუწესებთ. კიოსაკი გვაჩვენებს სხვაობას მდიდარ და ღარიბ მენტალობას შორის...
ეთო ყორღანაშვილი