"ჩემს მცენარეებს ვეფერები, ველაპარაკები, ვუვლი'' - კახა ცაბაძის მოულოდნელი აღმოჩენა წეროვანში - კვირის პალიტრა

"ჩემს მცენარეებს ვეფერები, ველაპარაკები, ვუვლი'' - კახა ცაბაძის მოულოდნელი აღმოჩენა წეროვანში

"ჩვენი აგარაკი ზემო წეროვანშია. 1987 წელს კომპოზიტორებს ნაკვეთები დაურიგეს და ეს ადგილიც მაშინ გვერგო. მას შემდეგ ვაშენებდით, ხან სწრაფად, ხან ნელა, ხან ვჩერდებოდით... ბოლო 4 წელია, ყველაფერი დავასრულეთ. პანდემიამაც რაღაცები გაგვაკეთებინა, აქაურობის მოწყობა დაგვაჩქარებინა", - გვეუბნება კომპოზიტორი კახა ცაბაძე, რომელიც ბოლო დროს მებაღეობამ დიდად გაიტაცა. ის მეუღლესთან ერთად თავის ნაკვეთში მუშაობს და ჩვენც გვიზიარებს თავის სამებაღეო გამოცდილებას.

კახა ცაბაძე:

- აქ მიწა დიდად სახარბიელო არ იყო და ახალი მიწა შემოვიტანეთ. არაჩვეულებრივი მეგობარი მყავდა, გუტა ვაშაძე, და ერთხელ მასთან ვთქვი, ჩვენი მიწა დიდად ვერ დაიკვეხნის-მეთქი. ცოტა ხანში ჭიშკართან მიწით დატვირთული დიდი მანქანები მომაყენა. ვუთხარი, ამ მიწაზე რაც ამოვა, ვაშაძეების სახელზე იქნება-მეთქი. ამ ლაპარაკს ჩვენი საერთო მეგობარი, "მზიურის" ხელმძღვანელი გურამ ჯაიანი ესწრებოდა და მკითხა, ასეთი რა ნაკვეთი გაქვს, მიწა რომ არ იყოო. მოკლედ, უფრო ხარისხიანი მიწა დავყარეთ. ამის შემდეგ ეზოში ნერგების დარგვა დავიწყეთ. სახლიც მთავრდებოდა. დავაგეთ ბალახიც, მისი ნახევარი კარგმა მებაღემ, დათო მაჭარაშვილმა გვაჩუქა. ერთ დღეს მოვედი და ნახევარი ეზო დაგებული დამხვდა, ეს ჩემგან საჩუქრადო. კარგი, რაც დააგე, დააგე და დანარჩენის საფასურს მე ვიხდი, ბიჭებს საჩუქარი ჩემგანაც ეკუთვნით-მეთქი. ჩვენი ეზოს გალამაზებაში ასევე დიდი როლი ითამაშა მეგობარმა, ექიმმა-ექოსკოპისტმა ალეკო მაჭარაშვილმა და პოეტმა ცირა ოქროპირიძემ, რომელსაც ვარდების ცნობილი ბაღი აქვს. პირველი ვარდის ნერგები მათ გვაჩუქეს.

- ხეხილი არ დარგეთ?

- არ მიყვარს დიდი ხეების ჩარგვა, რომლებიც გაზრდილი იყიდება, მოიტან, ჩარგავ და ეზოც მზადაა. მე პატარა ნერგების დარგვა უფრო მსიამოვნებს, ჩემი მოვლით ჩემ თვალწინ რომ იზრდება. მესამე წელია, ბროწეულის მომცრო ბუჩქი გვაქვს და წლეულს პატარა ბროწეული გამოისხა. იმ ბროწეულზე ვგიჟდები. მეუღლეს ვუთხარი, რომ დამწიფდება, შევინახოთ, სამუზეუმო ექსპონატივით იქნება-მეთქი. ზეთისხილსაც ორი ცალი ნაყოფი აქვს და უზომოდ მიხარია. აბსოლუტურად სხვა რამ არის შენი გაზრდილი და მოწეული.

sdasd-1723734498.jpg

მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ორი რამის - ზღვისა და ბუხრის ყურება მიყვარდა. არ მეგონა, თუ მცენარეების ყურებაც ასეთ დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა. ალიონზე მიყვარს გაღვიძება, ყველაფერს დავუვლი და ფოტოებს ვუღებ. მერე ვადარებ, გუშინ, გუშინწინ და ერთი კვირის თავზე როგორი იყო.

- ამ ლამაზ გარემოში, ალბათ, მუსიკასაც წერთ...

- ნაკლებად, ერთადერთი, რაც დავწერე, "ქართლის ჰიმნია", რომელიც ანსამბლმა "რუსთავმა" შეასრულა. მისი ტექსტი პატრიოტ ახალგაზრდა კაცს, ლევან ჟვანიას ეკუთვნის. ლევანი პოეტია, ისტორიკოსი, ლიტერატურაზე შეყვარებული, ლექსებს წერს. ჩემი შვილის მეგობარია. ერთხელაც წეროვანზე საუბრისას მითხრა, ბატონო კახა, ჩვენს მხარეში ბევრი სანერგეა და მათთან დაგაკავშირებთო. ასე რომ, ბევრი რამ მისი საჩუქარიცაა.

სულ მეუბნებიან, ამ ბაღში დაწერ მუსიკას, აბა, რა იქნებაო. თქვენ წარმოიდგინეთ, არა. აქ რომ ვარ, ეტყობა, სულ ამათზე ვფიქრობ და მუსიკაზე ფიქრის დრო ნაკლებად მრჩება. ისე, პატარა რაღაცებს კი ვაორკესტრებ, საბავშვო თემებზე ვმუშაობ. გონება და ენერგია მთლიანად აქეთაა მომართული, მერე ეს ენერგია და მუხტი თბილისში მიმყვება და დადებითად დამუხტული შემოქმედებით პერიოდს იქ ვიწყებ.

aedf4599-bcc8-45bb-9c7e-fb651cb80c50-1723573634.jpg

- ისე, ხეხილს რატომ არ რგავთ?

- ხეხილი რომ დავრგო, მაშინ ზამთარსა და შემოდგომაზეც აქ უნდა ვიყო. მერე ხეხილს სხვანაირი მოვლა უნდა. ამიტომ უპირატესობა ყვავილებს, ბუჩქებს, იშვიათი ჯიშის დეკორატიულ ხემცენარეებს მივანიჭე. სამნაირი იაპონური ნეკერჩხალი მაქვს... ეზოში მიყვარს პატარ-პატარა კუნძულების შექმნა, რომლებიც ქვებით მაქვს შემოსაზღვრული. ლევან ჟვანიამ ერთხელ პიკაპი მოგვცა და მარნეულში, ქვემო ქართლში, მდინარის პირას ლამაზი ქვების ასარჩევად გაგვიშვა. მე და ჩემს მეუღლეს მუშებიც გვეხმარებოდნენ. ქვები წეროვანში წამოვიღეთ. მოკლედ, მოვიტანეთ დიდებიც, საშუალო ზომის, ლამაზი ფორმისანიც, დასვრეტილებიც. ამ ქვებით კუნძულები რომ შევქმენით, შიგ სხვადასხვა მცენარე ჩავრგეთ.

- ყველა მცენარის სახელი იცით?

- ყველა სახელს ვერ ვიმახსოვრებ, ამ სფეროში ჯერ კიდევ არა ვარ გარკვეული და ჩემით ვარქმევ ხოლმე სახელებს. ერთი გრძელი ხე გვაქვს და "გრძელიძე" დავარქვი, ყველაზე ახალდარგულს - "ახალაძე"... სანამ სათიბ მანქანას ვიყიდდი, დათო მაჭარაშვილს ვთხოვდი, იქნებ შენმა ბიჭებმა ბალახი გაკრიჭონ-მეთქი. მოვიდნენ და ერთი ცხრაჯერ მაინც დაეტაკნენ ერთ ნერგს, გადაუარეს, მაგრამ დაზიანებული ნერგი მაინც გამოვაცოცხლე. მერე იმ ცხრაჯერ დაჭრილს "ცხრა ძმა ხერხეულიძე" დავარქვი.

4c413aa2-4532-440a-87ff-3945517a44d1-1723573634.jpg

- თქვენი ნაკვეთი რა ფართობს მოიცავს?

- ადრე 600 კვადრატს ურიგებდნენ და ჩვენც ასე მოგვცეს. სახლი ეზოს შუაშია აშენებული. უკან უფრო ჩრდილიანია, ტყის ზოლთან. იქიდან ყვავილებიც არ ჩანს, მე კიდევ ბაღის ყურება მიყვარს. სახლი ორსართულიანია, მანსარდით, და ყოველი სართულიდან ხედი სულ სხვადასხვანაირია.

- ბაღში ფუსფუსმა რა გასწავლათ?

- წარმოუდგენელი შრომაა საჭირო, რომ რაღაც სილამაზეს მაინც მიაღწიო. ათასი სარეველაა, ფოთლები სცვივა, ყველაფერს გასუფთავება უნდა, სილამაზე რომ შეინარჩუნო. დიდი ენერგია და ძალა უნდა დახარჯო. ეზოში ვინც შემოდის, ამბობს, უი, რა კარგია, რა ლამაზიაო. არადა, ამის შენარჩუნებაში მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ.

ეს ყველაფერი რელაქსაციის საშუალებაც არის, ფიქრებით სხვაგან ინაცვლებ, ბუნების თანაზიარი ხდები. სხვანაირი ენერგიით ივსები. მეზობელი მყავს, ვასიკო ოთარაშვილი, მან მითხრა, აქ რომ ვზივარ და ბუნებას ვაკვირდები, ცუდი აზრები არ მომდისო. ბალახის გაკრეჭა, გამარგვლა, თიბვა, მორწყვა, გასხვლა ცუდზე ფიქრის საშუალებას არ იძლევა.

1bf66345-6328-4635-8726-c6955b64f0e9-1723573634.jpg

- ხელით რწყავთ თუ წვეთოვანი სისტემა გაქვთ დამონტაჟებული?

- გავაკეთეთ სპეციალური სარწყავი სისტემა, მაგრამ მესამე წელია აღარ ვრთავ. ხელით მიყვარს მორწყვა. მინდა წყალი სწორად გავუნაწილო მცენარეებს, რადგან რომელიღაცას ბევრი სჭირდება, რომელიღაცას - ნაკლები. მერე ჩვენთან, სეზონურად სხვადასხვა მცენარე ყვავის. გაზაფხულიდან რომ იწყება, ბაღს ორ კვირაში ერთხელ სხვადასხვა იერი აქვს. შემოდგომაზე რომ გადაწითლდება ეს ყველაფერი, ულამაზესია. პირველი სართულიდან შენობას ხვიარა მცენარე მიჰყვება და სეზონურად ფერს იცვლის. გვაქვს სხვადასხვანაირი ვარდი, ზოგი ხესავითაა, ზოგი ბუჩქია, არის ბალახივით მიწაზე გართხმულიც.

ჩემს ყვავილებს ვეფერები, ველაპარაკები. უცხოსთვის შეიძლება ეს გასაკვირი იყოს, მაგრამ ასეა. ზოგ ყვავილს რაღაც გასაჭირი აქვს, ზოგს ყურადღება ნაკლებად უნდა. ხარობენ, მაგრამ ხანდახან ერთი მეორეს ხელს უშლის ხოლმე - ერთი გაიზრდება და მეორეს ფარავს. მე და ჩემი მეუღლე ამ ყველაფერს დავფოფინებთ, ვუვლით, ვპატრონობთ. სპეციალისტებთან კონსულტაციებსაც გავდივართ. თუმცა უკვე ბევრ რამეს დავეუფლეთ და ვცდილობთ თვითონ გავაკეთოთ.

333-1723734463.jpg

დილითვე ვიწყებ მორწყვას, რადგან ზაფხულში ცხელა და დღის 12 საათის მერე მორწყვა აღარ შეიძლება. მერე ყველაფერს სარეველასგან ვწმენდ, ამასობაში კარგად გათენებულია და მეუღლეც შემომიერთდება ხოლმე.

თავიდან მეგონა, ბუნება ასე არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან მყვარებია. მინდა ყველას ვურჩიო, ამ საქმეში ძალა მოსინჯონ და მიხვდებიან, რომ ძალიან ძვირფასს მიაგნებენ, ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ. მთავარი დაწყებაა, მერე ინტერესი გაუჩნდებათ და იშრომებენ, ოღონდ უნდა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს...

19 წლის ვიყავი, როცა დავწერე სიმღერა "ყვავილების მიწა", გამოდის, მაშინ ეს საქმე უკვე მყვარებია, ოღონდ არ ვიცოდი. როცა ბაღში ვმუშაობ, სულ ვღიღინებ ხოლმე.