"კრემლი ანაზდეულად დაიშოკა. რუსეთის მოსახლეობა გაღიზიანებულია... კიევის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია განუმეორებელია... ეს პუტინის იმიჯს შეარყევს" - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"კრემლი ანაზდეულად დაიშოკა. რუსეთის მოსახლეობა გაღიზიანებულია... კიევის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია განუმეორებელია... ეს პუტინის იმიჯს შეარყევს" - The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 13 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის შეშფოთებული პუტინის რეჟიმი უკრაინის ჯარის შეჭრის გამო“ (ავტორი - დომინიკ ნიკოლსი, მთ. რედაქტორის მოადგილე სამხედრო საკითხებში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის მხრიდან არა ერთხელ დემონსტრირებული უნარის გათვალისწინებით, რომ კიევს შეუძლია შექმნილი სიტუაციისადმი ადაპტირება, მისი არმიის ტრანსსასაზღვრო „ნახტომი“ გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ, შეიძლება ითქვას, კიევის ჯარების უსაზღვრო გაბედულებისა და ენთუზიაზმისა, რომელიც უკრაინის საზოგადოებასაც გადაედო. უკრაინელი ჯარისკაცები აქტიურად იყენებენ თანამედროვე დასავლურ სამხედრო ტექნიკას, რომელიც მათ მოკავშირეებმა მისცეს.

კიევის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, მისი დეტალური მომზადების და ზუსტი შესრულების თვალსაზრისით, განუმეორებელია. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. უცხოელი დამკვირვებლები გაოცებულები არიან. კრემლი ანაზდეულად დაიშოკა. რუსეთის მოსახლეობა გაღიზიანებულია და არმიის სარდლობის პასუხისმგებლობას ითხოვს. ცხადია, ყველაზე მეტად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა იყოს განრისხებული, სამი ძირითადი მიზეზის გამო:

პირველი - უკრაინიდან ადრინდელი შეჭრებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხანმოკლე და ნაკლებმასშტაბური იყო (მაგალითად, „რუსული ლეგიონის“ მოქმედება ბელგოროდის ოლქში მდებარე საზღვრიპირა რეგიონებში), 6 აგვისტოს შეჭრით ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია და ავტორიტეტი ძალიან შეირყა. ამ თავდასხმამ პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი - რეალურად დააზარალა. ისევე, როგორც ყოველი ავტოკრატის რეჟიმი, მისი ხელისუფლებაც ეფუძნება იდეას, რომ, უამრავი უბედურების მიუხედავად, მხოლოდ ის არის მზად, უზრუნველყოს სახელმწიფოს უსაფრთხოება და „ბარბაროსები კრემლის კარიბჭესთან არ მიუშვას“. ახლა კი, უკრაინის არმიის ქვედანაყოფების მიერ რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატული მეტრის (ზოგიერთი მონაცემით კი 800 კვ.მ.) ფართობის ოკუპირება ვლადიმერ პუტინის იმიჯს შეარყევს. დიქტატორებისათვის ძალიან ძნელია მსგავსი კატასტროფის გადატანა.

ამრიგად, ვლადიმერ პუტინი არ დაკმაყოფილდება რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის ჯარების გარეკვის მოთხოვნით და, უეჭველია, რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანსაც დასჯის, უპირველესად კი - გენშტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს (იგი უკრაინელების შეჭრის დროს, 6 აგვისტოს, ამტკიცებდა, რომ „ყველაფერს ვაკონტროლებო“).

მეორე - კურსკის ოლქში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია უკრაინას აძლევს ისეთ უპირატესობას, რომლისაც ვლადიმერ პუტინს ძალიან ეშინია. აბა, წარმოვიდგინოთ: უკრაინის ქვედანაყოფებმა რუსეთის საზღვარი ეშმაკურად მოფიქრებული სამხედრო-ტაქტიკური კომბინაციით გადალახეს: ჯერ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით „დააბრმავეს და დააყრუეს“ რუსული დრონები, შექმნეს დაბრკოლებები რადიოსიგნალების გავრცელებაში, რომელიც ბრძოლის დროს ჰაერივით აუცილებელია. შემდეგ კი, როცა ელექტრომაგნიტური „შავი ხვრელი“ შეიქმნა, კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე შეიყვანა ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა, ცაში უამრავი დრონი გაუშვა, რომლებმაც ქვეითებს „გზა გაუწმინდეს“.

ასეთი ტაქტიკა - მოულოდნელობის ეფექტიანი გამოყენება - შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ დადასტურდა, რომ ასეთი მოქმედება შესაძლებელია. ამიტომაც, თუ ამის გაკეთება კურსკის ოლქში შეიძლება, რატომ არ უნდა განმეორდეს უკრაინის მიერ შერჩეულ სხვა ადგილზე? ამრიგად, კიევის სახმელეთო ძალების მსგავსად, ანალოგიურად მოქმედება შეუძლიათ საზღვაო ძალებსაც, რომლებსაც სწრაფი გადაადგილება შესწევთ, ნაპირების გასწვრივ, როცა მოწინააღმდეგეს არ შეუძლია მათი დარტყმის მიმართულების გამოცნობა.

დავუშვათ, რომ ხარკოვის ოლქში მყოფი რუსეთის ჯარები მოულოდნელად შეიტყობენ, რომ უკრაინამ რადიოელექტრონული შეტევა განახორციელა - იმის მსგავსად, რაც უკვე მოხდა. რა უნდა ქნას ჯარების სარდლობამ - ყურადღება არ უნდა მიაქციოს თუ სასწრაფოდ გადაისროლოს ნაწილები საზღვრის გარღვევის თავიდან ასაცილებლად? ეს ძალიან კარგი წესია იმისათვის, რომ რუსეთის ჯარების სარდლობა ვერაფერს მიხვდეს.

მესამე მიზეზი ვლადიმერ პუტინის შესაშფოთებლად ისაა, რომ უკრაინამ კარგად აითვისა საერთო-საჯარისო მანევრები, რომლის დროსაც „სამხედრო ორკესტრის“ ყველა მონაწილეს - ტანკებს, ქვეითებს, მნაღმავებს და ა.შ. - შეუძლიათ ისეთი სინქრონული მოქმედება განახორციელონ, რომ თავიდან აიცილონ უწესრიგობა. ეს, ყველაფერი, დამაჯერებლად და პოზიტიურად მოქმედებს არა მარტო უკრაინელებზე, არამედ - მათ დასავლელ მოკავშირე-სპონსორებზე. ისინი დარწმუნდებიან, რომ რუსეთის არმიის დამარცხება (ან შევიწროვება), თურმე, რუსეთისავე ტერიტორიაზეც კი შესაძლებელია.

შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვისათვის ხმაურიანი მოწოდება-განცხადებებისა და აჟიოტაჟის ფონზე, უკრაინას შეუძლია, იმ ოლიმპიური სპრინტერის მსგავსად, რომელმაც კარგად იცის, თუ სად შეიძლება ბოლოჯერ ჩართოს გაზი სიჩქარის მოსამატებლად, კიდევ ერთხელ შეუტიოს რუსეთის სხვა ტერიტორიას და მიწის მცირე ნაწილი დაიკავოს, რაც კარგი იქნება კიევის პოზიციების განსამტკიცებლად მოლაპარაკებებისთვის.

რა თქმა უნდა, კურსკის ოლქში რუსეთის პოზიციების დაკარგვა შეიძლება დროებითია, მაგრამ რაც უფრო დიდხანს იმყოფებიან იქ უკრაინელები, მით უფრო მეტად სახიფათოა ეს, ყველაფერი, იმ ადამიანისათვის, რომელიც 900 დღის წინ ფიქრობდა, რომ კიევს 72 საათში დაიკავებდა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ