სამ საუკუნეს მოსწრებული 132 წლის ანტისა ხვიჩავა
ხშირად ამბობენ, რომ საუკუნეებს მხოლოდ ისტორია უძლებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. წალენჯიხელი ანტისა ხვიჩავა 132 წლისაა. ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, თუმცა ვერ ყვება, რადგან ვერ იხსენებს და საუბარიც უჭირს.
"1880 წელს დაიბადა. ჰყავდა ორი შვილი. ერთი მოუკვდა, ერთი - დარჩა. ახლა მარტო მე ვარ. 10 შვილიშვილი ჰყავს. კიდო შვილთაშვილები ჰყავს. ახლა ასაკიანია, მაგრამ, ისე ძლიერი ქალი იყო", - ყვება წალენჯიხაში მცხოვრები 132 წლის ქალბატონის, ანტისა ხვიჩიას შვილი, რომელსაც თავადაც უჭირს საუბარი და შვილთაშვილების ზუსტი რაოდენობა ერევა.
ძლიერი და ენერგიული ქალი ყოფილა. სანამ ჯანი მოსდევდა, საკუთარი შრომით არჩენდა ოჯახს და უვლიდა შვილიშვილებს. განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ შვილიშვილების მიმართ ჰქონდა.
"მარტო ცხოვრობდა და ყოველთვის დავდიოდით მასთან. დაგვიწყობდა საჭმელს, სასმელს. თვითონ დალევდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ცოტას ჩვენც დაგვალევინებდა-ხოლმე. ასეთი ხალისიანი ადამიანი იყო, ყველას უყვარდა. მოფერება იცოდა ბავშვის, კაცის, ყველა ადამიანის. ნარდს ვეთამაშებოდი ხოლმე. ახალგაზრდობაში ყოველთვის მიგებდა, მაგრამ ახლა ვეღარ მომიგებს, დაბერდა უკვე", - ღიმილით ამბობს შვილიშვილი.
მისი შთამომავლები ყვებიან, რომ ასაკში ქალბატონ ანტისას საყვარელი საქმიანობა ალბომში ძველი სურათების თვალიერება იყო. სამწუხაროდ, ფოტოსურათებზე გამოსახული ადამიანების ვინაობა ოჯახისთვის უცნობია, ვინაიდან მათ მხოლოდ ბებო ცნობს, ის კი დღეს ძლიერ დასუსტდა და საუბარიც უჭირს. მეხსიერებაც ღალატობს, მხოლოდ შვილსა და შვილიშვილებს ცნობს.
მაინც გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავს და სტუმრებსაც ხელის აწევით და საალერსო სიტყვების ბუტბუტით ემშვიდობება.
იხილეთ ვიდეო: 132 წლის ანტისა ხვიჩავა - სამ საუკუნეს მოსწრებული წალენჯიხელი ქალბატონი