პუტინს СВО გადაეზარდა КТО-ში - კურსკის გასამაგრებლად უკრაინის ფრონტიდან იწყებს შენაერთების დანაყოფების გადასროლას... - კვირის პალიტრა

პუტინს СВО გადაეზარდა КТО-ში - კურსკის გასამაგრებლად უკრაინის ფრონტიდან იწყებს შენაერთების დანაყოფების გადასროლას...

დასავლეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები, თანამგზავრული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსეთის გენშტაბმა უკვე დაიწყო თავისი საბრძოლო დანაყოფების მოხსნა უკრაინის ფრონტის ხაზიდან და მათი გადასროლა კურსკის ოლქში, იქ შეჭრილი უკრაინის საექსპედიციო კორპუსის წინსვლის შესაჩერებლად...

ანუ განხორციელებას იწყებს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალზე გაბედული, მაგრამ, ამასთანავე, არანაკლებ სარისკო ჩანაფიქრი - უკრაინის არმიის კურსკის ოლქში შეჭრა რუსეთის გენერალიტეტს აიძულებდა, მთელი ყურადღება რუსეთის ტერიტორიის დაცვაზე გადაეტანა, რისთვისაც აუცილებლად დასჭირდებოდა უკრაინის ფრონტზე საბრძოლო აქტივობის შენელება და რიგი, ბრძოლაში გამოცდილი დანაყოფების, ასევე, საბრძოლო ტექნიკის უკრაინის ფრონტიდან კურსკის ოლქის დასაცავად გადასროლა...

თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი -რუსეთის გენშტაბი ჯერჯერობით იმ საბრძოლო დანაყოფებს ხსნის, რომლებიც უკრაინის ფრონტის შედარებით მშვიდ უბნებზე იმყოფებიან, კერძოდ, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე, ხოლო აღმოსავლეთ, დონბასის ფრონტის მონაკვეთზე ინარჩუნებს საბრძოლო ინიციატივას და არ წყვეტს შეტევებს დასავლეთის მიმართულებით...

გარდა ამისა, ხარკოვი-ვოვჩანსკის ფრონტის ხაზიდანაც იწყება რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაყოფების მიხმარება კურსკის ოლქზე, მით უმეტეს, რომ ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ასიოდე კმ-ით არიან დაშორებულნი.

2-kur1-1723626736.png
„ომის შესწავლის ინსტიტუტის“( ISW) მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც ცისფრად ასახულია რუსეთის კურსკის ოლქის ის ტერიტორია, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებდა 2024 წლის 13 აგვისტოს მონაცემებით...

რა გამოდის?

პუტინი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთი СВО-ს (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) აწარმოებდა უკრაინის ტერიტორიაზე, ახლა იძულებულია გადაერთოს КТО-ზე (კონტრტერორისტული ოპერაცია) და თანაც თავად რუსეთის კურსკის ოლქის (რომელსაც უკვე ბელგოროდის ოლქიც ემატება, რომელშიც დღეს საგანგებო სიტუაციაც გამოცხადდა) ტერიტორიაზე...

სწორედ ამაზეა ნათქვამი ძველი ქართული ანდაზა - თაგვმა თხარა-თხარაო...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი სირსკი ოფიციალურად აცხადებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე აკონტროლებენ 1 000 კვ.კმ ფართობსა და იქ შემავალ 74 ერთეულ რუსულ დასახლებულ პუნქტს, რაც ძალზე სერიოზულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს რვადღიანი საბრძოლო ოპერაციის თავზე.

თუმცა დასავლეთის დამოუკიდებელ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიტიკოსთა ნაწილს ეჭვი შეაქვს კიევის ამ განცხადებაში და მათი დათვლით, დღეისათვის უკრაინის არმია კურსკის ოლქში მხოლოდ 41 რუსულ ქალაქს, დაბასა და სოფელს აკონტროლებს.

განსხვავება თითქმის ორმაგია, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი -დასავლელი ექსპერტები არ ითვლიან ძალიან პატარა, სამ-ოთხსახლიან სოფლის დასახლებებს, რომლებიც კურსკის ოლქში არცთუ ისე ცოტაა...

კიევში მიაჩნიათ, რომ რუსეთის უკრაინის ოლქში უკრაინული არმიის შეჭრით, მათ კიდევ ერთ მიზანს მიაღწიეს (გარდა იმისა, რომ უკრაინის ფრონტიდან კურსკში რუსული საბრძოლო დანაყოფების გადასროლის დაწყება აიძულეს რუსეთის გენშტაბს), კერძოდ, შექმნეს ერთგვარი „ბუფერული ზონა“, რაც გაუძნელებს რუსეთის საოკუპაციო ძალებს, უშუალოდ კურსკის ოლქიდან მიაყენოს სარაკეტო და საავიაციო დარტყმები უკრაინის ტერიტორიას (პირველ რიგში - სუმის ოლქის ქალაქებსა და სოფლებს), რასაც რუსეთი აქამდე გამუდმებით აკეთებდა...

როგორც ჩანს, კიევი ეცდება, რაც შეიძლება დიდხანს განაგრძოს ოკუპანტი რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაცია, სადაც განსხვავებით უკრაინის ფრონტის იმავე დონბასის მონაკვეთიდან, უკრაინის საარმიო დანაყოფები ჯერჯერობით საბრძოლო ინიციატივას ფლობენ და არ აპირებენ მის ადვილად დათმობას...

P.S. დღეს 14 აგვისტოა, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი შესრულდა და ვინც იმ ომით დაიწყო საქართველოს მიწების მიტაცება, დღეს თავად უწევს საკუთარი ტერიტორიის დაცვა და ომს გაქცეულ თავისივე მოქალაქეებზე ზრუნვა...