"ამერიკაში ისეთი საშინელი გამოწვევები მქონდა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ ცხოვრებაში აღარ მქონია" - აშშ-ში გატარებული 30 წელი და მასშტაბური ექსპოზიცია სამშობლოში - კვირის პალიტრა

"ამერიკაში ისეთი საშინელი გამოწვევები მქონდა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ ცხოვრებაში აღარ მქონია" - აშშ-ში გატარებული 30 წელი და მასშტაბური ექსპოზიცია სამშობლოში

5 წელი პალიტრა-ფუნჯის გარეშე და წინააღმდეგობები, როგორც მოტივაცია

ვახტანგ მუსხელიშვილი ბოლო 30 წელი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც, როგორც შემოქმედი, ვახო მუსხელის ფსევდონიმით დამკვიდრდა. მისი ნამუშევრები არაერთ სახელმწიფო თუ კერძო კოლექციაშია დაცული. ბოლო ორი წელია საქართველოშია, აქტიურად ხატავს და ლექტორია სამხატვრო აკადემიაში. ამერიკაში ცხოვრების პარალელურად, პერიოდულად სამშობლოსაც სტუმრობდა და გამოფენებს მართავდა. თუმცა, ისეთი მასშტაბური არასდროს ჰქონია, როგორიც ახლა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ბავშვობაში სახლის კედლები მოხატა. დაჯღაბნილი შპალერის ხილვა ოჯახში არავის გახარებია, მაგრამ ეს აღმოჩნდა იმის წინაპირობა, რომ დედამისმა შვილის გატაცებას სერიოზული თვალით შეხედა. კედლები ფურცლებით რომ ჩაანაცვლა, ქალმა ბავშვის ნამუშევრები ცნობილ მხატვრებს შესაფასებლად მიუტანა. მათაც არ გამოჰპარვიათ პატარა ბიჭის ნიჭი..."

"გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკაში მიწვევით მიემგზავრება. რამდენიმე ქართველ მხატვართან ერთად, გამოფენაში მონაწილეობა უნდა მიეღო. დიდი ხნით შეყოვნებას არ გეგმავდა, მაგრამ მისი მოკლე ვიზიტი ხანგრძლივი გამოდგა. ის და მისი მეუღლე ამერიკაში დარჩნენ, შემდეგ 4 წლის შვილიც იქ გადაიყვანეს. იმ დროს "მწვანე ბარათის" აღება გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ახლა და როცა ეს დოკუმენტი მოიპოვეს, სიეტლიდან თბილისში დაბრუნება გაურკვეველი დროით გადაიდო..."

"ამერიკაში ჩასვლის პირველი ეტაპი არ იყო ადვილი, მეტიც - გახსენებაც არ მინდა. მეგობრების დახმარებით სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდი, მათ შორის იყო ფიზიკური შრომა, ღამეების თენება, უძილობა. იმ დროს ჩემს პროფესიას 5 წლით ჩამოვშორდი და იმ პერიოდში ფუნჯი ხელში არ ამიღია. ამერიკაში ისეთი საშინელი გამოწვევები მქონდა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ ცხოვრებაში აღარ მქონია. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მხატვრობას ვეღარასოდეს დავუბრუნდებოდი, იმედი არასდროს დამიკარგავს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე