"ჩიტი ბრდღვნად ღირს", ზელენსკი ჯერჯერობით "კარტს მთლიანად არ ხსნის"... - "რას მიაღწევს უკრაინა, თუ კიევი მეტ ძალასა და საშუალებას დახარჯავს კურსკის ოლქში, კიდევ რამდენიმე სოფლის დასაკავებლად?" - კვირის პალიტრა

"ჩიტი ბრდღვნად ღირს", ზელენსკი ჯერჯერობით "კარტს მთლიანად არ ხსნის"... - "რას მიაღწევს უკრაინა, თუ კიევი მეტ ძალასა და საშუალებას დახარჯავს კურსკის ოლქში, კიდევ რამდენიმე სოფლის დასაკავებლად?"

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „უკრაინა ტრამპისა და რუსეთის სავარაუდო გარიგებისთვის ემზადება, ტერიტორიის გასაცვლელად // კურსკის ოლქში შეჭრა კიევს უპირატესობას აძლევს, მაგრამ - როგორ ფასად?“ (ავტორი - ბენ ჰოლი, რედაქტორის მოადგილე).

„რუსეთმა ომი სხვებს მოუტანა, ახლა რუსებს ომი საკუთარ სახლებში დაუბრუნდათ“ - ეს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ წარმოთქვა, როცა ერთკვირიანი დუმილი დაარღვია და კომენტარი გაუკეთა უკრაინის არმიის შეჭრას რუსეთის კურსკის ოლქში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ ერთი მიზანი დაასახელა ესოდენ გაბედული ოპერაციის მიზეზად: უკრაინის სუმის ოლქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც საზღვრისპირა ტერიტორიას მოიცავს და რომელიც ხშირად იბომბებოდა მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქიდან.

და მაინც, სანამ კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანაყოფები იბრძვიან, ჯერჯერობით კვლავ გაუგებარი და დაუზუსტებელია კიევის ჯარების იქ შეყვანის ჭეშმარიტი სტრატეგიული მიზანი. ერთი მხრივ, ვლადიმერ პუტინის აზრით, კურსკის ოლქში შეჭრით უკრაინას სურს, რომ რუსეთმა დონბასის ფრონტიდან სამხედრო ნაწილები მოხსნას და კურსკის ოლქში გადაისროლოს, რათა უკრაინელებმა დონბასში რუსეთის შეტევა როგორმე შეაჩერონ და ცოტა შვებით ამოისუნთქონ. მეორე მხრივ, დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიევი კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპირებით ნიადაგს ქმნის, რომ სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ტერიტორიის გაცვლის შესაძლებლობა ჰქონდეს: „უკრაინის ჯარები გავლენ კურსკის ოლქიდან, რუსეთის ჯარები კი დააბრუნებენ დონბასს ან, შესაძლოა, ყირიმსაც“.

მართლაც, ყოველგვარი შესაძლებელი სტრატეგიული მიზნებიდან ტერიტორიის დაკავება და შემდეგ მისი გამოყენება გაცვლის მიზნით „ყველაზე მოსახერხებელ და სასარგებლო მსხვერპლშეწირვას წარმოადგენს“, მაგრამ, იმავდროულად - ყველაზე სახიფათო მიზანსაც.

კიევმა მშვენივრად იცის, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად მზარდი ზეწოლის ქვეშ იქნება, დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას ომის შესაწყვეტად, მით უმეტეს, თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება. დიპლომატიურად უკრაინა ცდილობდა, რომ ლიდერის პოზიცია შეენარჩუნებინა და საერთაშორისო საზოგადოებას თავისი ფორმულა შესთავაზა, შვეიცარიაში გამართულ პირველ ფორუმზე, თუმცა - არცთუ დიდი წარმატებით. მეორე ფორუმზე რუსეთიც იქნება მიწვეული და ამიტომ კიევს მოგებიანი პოზიციის დაკავება სჭირდება.

დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ უკრაინაში მშვიდობას ერთ დღეში (თუ ღამეში) დაამყარებდა, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ და რა ხერხებით. რამდენადაც მისი ყოფილი ჩინოვნიკები და მრჩევლები ვარაუდობენ, არ არის გამორიცხული ტერიტორიული დათმობა-კომპრომისი უკრაინის მხრიდან, სამაგიეროდ, კიევი მიიღებს დასავლეთისაგან უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს. მაგრამ უკრაინას და მის ევროპელ მოკავშირეებს ეჭვი აქვთ, რომ ასეთი მოქმედებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევზე ზეწოლას მოახდენს, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობა უსამართლო და არასტაბულურ ზავზე დათანხმდეს.

მაგრამ რა უნდა ქნას უკრაინამ, როცა არც დასავლეთისაგან არის გარანტიები მუდმივი და მზარდი, სამხედრო დახმარების საკითხში? რა უნდა გააკეთოს კიევმა, როცა თვითონაც სამობილიზაციო რესურსები ეწურება? როცა უკრაინა ფინანსურად და ეკონომიკურად საბოლოოდ მაინც დასავლეთზეა დამოკიდებული? როცა მას არ აქვს სიცოცხლისუნარიანი საშუალოვადიანი გზა გამარჯვებისაკენ?

ევროპა, როგორც ჩანს, აზრზე მოვიდა, რომ უკრაინას აუცილებლად უნდა დაეხმაროს, მაგრამ ნაბიჯებს ჯერ კიდევ უხალისოდ დგამს. დასავლეთის დედაქალაქების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, სურს, რომ უკრაინას მოგებიანი პოზიციები ჰქონდეს, სავარაუდო მოლაპარაკების დროს. კურსკის ოლქში შეჭრამდე უკრაინას ამისათვის ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდა, მით უმეტეს, რომ დონბასში რუსეთის არმია ნელა, მაგრამ წარმატებით მოქმედებს. ახლა კი, როცა უკრაინის არმია კურსკის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, კიევს კარგი პოზიციები აქვს ტერიტორიული გაცვლისათვის. ახლა უკვე უკრაინის საზოგადოებაც მეტ-ნაკლებად დამთმობი გახდება, რომელიც ადრე წინააღმდეგი იყო ტერიტორიის გაცვლაზე. ანუ იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობები იმისათვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ტერიტორიული გარიგება უფრო იოლად გაფორმდეს, რუსეთი უფრო იოლად დათანხმდეს.

მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: თუ კიევს მართლაც სურს იმ რუსული მიწის გაცვლა, რომელიც მან ხელში ჩაიგდო, მაშინ მან დაკავებული ტერიტორია ნებისმიერი ხერხით უნდა შეინარჩუნოს, რაც დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. უკრაინის სარდლობამ უნდა განახორციელოს ჯარების მომარაგება იარაღით, საწვავით, უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი საიმედო და სტაბილური ლოჯისტიკა, უნდა მოახდინოს ჯარების როტაცია და რეზერვების გადასროლა, რაც ესოდენ დიდ დეფიციტს წარმოადგენს. ანუ კიევს მოუწევს დონბასის ფრონტის შესუსტება, რითაც კრემლი აუცილებლად ისარგებლებს. ასევე, რასაკვირველია, მოსკოვი ყველანაირად ეცდება კურსკის ოლქის სამხრეთზე კონტროლის დაბრუნებას. უკრაინის საოკუპაციო ძალებს მუდმივად მოუწევთ რუსების მოგერიება. აი, სწორედ ამაში იმალება საფრთხე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კიევი ძალიან სარისკო საქმეს შეეჭიდა და პოლიტიკური მიზნების მიღწევას დიდი ხარჯებით ცდილობს - დაახლოებით ისე, როგორც ბახმუტისა და ავდეევკის შემთხვევაში მოხდა, სადაც უამრავი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და საბოლოოდ უკრაინა მაინც წაგებული დარჩა.

„რას მიაღწევს უკრაინა, თუ კიევი მეტ ძალასა და საშუალებას დახარჯავს კურსკის ოლქში კიდევ რამდენიმე სოფლის დასაკავებლად?“, - ასეთი კითხვა აქვს ფინელ ანალიტიკოსს ემილ კასტელმს, „ფაინენშელ ტაიმსთან“ საუბარში და თვითონვე პასუხობს: „მიიღებს მხოლოდ შეზღუდულ სარგებელს, რადგან რუსები ხელს შეუშლიან კიევის მიზნების განხორციელებას“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, თვლის, რომ „ჩიტი ბრდღვნად ღირს“. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთის რეაქციის მასშტაბებზე, თუ რა ძალებს გამოიყენებს კრემლი კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელების წინააღმდეგ. ექნება თუ არა კიევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი და შესაძლებლობა? ზელენსკი ჯერჯერობით „კარტს მთლიანად არ ხსნის“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ