სტალინი პუტინზე უკეთესად იცავდა აეროდრომებს დაბომბვებისგან... - კვირის პალიტრა

სტალინი პუტინზე უკეთესად იცავდა აეროდრომებს დაბომბვებისგან...

„უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს, ღამით, რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე: „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“.

აღნიშნულ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, Су-34-ის ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, Су-35 გამანადგურებელი და მტრის სხვა სამხედრო თვითმფრინავები.

მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და საავიაციო იარაღი“ - ასეთი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა, რასაც ადასტურებს ამ რუსულ სამხედრო აეროდრომებთან თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიც...

1-mez-1723711346.png
ამ რუსული Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენების ბაზირების აეროდრომებზე უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული...

ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილ საჰაერო ბაზებსა და აეროდრომებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ერთდროული თავდასხმა... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ!

პუტინს ძალიან უნდოდა დამსგავსებოდა სტალინს და რუსეთის ისტორიაში შესულიყო, როგორც ახალ-ახალი ტერიტორიების დამპყრობელი და რუსეთის იმპერიის აღმდგენელი, მაგრამ ჯერჯერობით სტალინს მხოლოდ იმაში ემსგავსება, რომ ითვლის, თუ ყოველ ღამით კიდევ რამდენი აეროდრომი დაუბომბეს...

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის საწყის პერიოდში გერმანული „ლიუფთვაფე“ მართლაც ხშირად წარმატებით ბომბავდა საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში განთავსებულ სამხედრო აეროდრომებს და ათობით თვითმფრინავს უნადგურებდა წითელ არმიას, უშუალოდ აეროდრომებზე...

2-mez-1723711391.jpg
სტალინის მეზენიტეები ტყვიამფრქვევებით უფრო წარმატებით აგდებდნენ გერმანულ „იუნკერსებს“, ვიდრე პუტინის დღევანდელ, ასე ნაქებ საჰაერო თავდაცვას შეუძლია უკრაინული კამიკაძე-დრონების მასობრივი საჰაერო შეტევების მოგერიება...

თუმცა მაშინ სტალინმა განსაკუთრებული ზომები მიიღო, სამხედრო აეროდრომების საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად - პროჟექტორები, დირიჟაბლები, საზენიტო ტყვიამფრქვევები და ქვემეხები - აი, ის ძირითადი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რითაც იგერიებდნენ გერმანულ „იუნკერსისა“ და „ჰეინკელის“ ბომბდამშენებს, ხოლო მათი მოსახლოების ადრეულ აღმოჩენას სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობებით ძრავების ხმის დაფიქსირებით ახდენდნენ, რადგან მაშინ ძალზე ცოტა და, ამასთან, ტექნიკურად მარტივი რადიოლოკატორები თუ ჰქონდათ...

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, სტალინის მეზენიტეები „ლიუფთვაფეს“ ყოველი ღამისეული საჰაერო თავდასხმისას ათობით გერმანულ ბომბდამშენს აგდებდნენ...

3-mez-1723711438.png
ეს უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონი Lyutyy-ია (ქართულად თებერვალს ნიშნავს, უკრაინელებმა ასე ეტყობა იმიტომ მონათლეს, რომ რუსეთი სწორედ 2022 წლის თებერვალში დაესხა თავს უკრაინას), რომლის მაგვარებმაც დღემდე არა ერთი რუსული სამხედრო აეროდრომი წარმატებით „ააფორიაქეს“ -პუტინს, ალბათ, „სტალინის მეზენიტეები“ დასჭირდება მათ მოსაგერიებლად...

დღეს კი პუტინის, რომელიც ცდილობს, სტალინს შეედაროს, არმიის განკარგულებაშია ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო თავდაცვის ეშელონირებული სისტემა, ათობით რადიოლოკატორის, ათასობით საზენიტო რაკეტისა და ასობით გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავის სახით და მიუხედავად ამისა, უკრაინული კამიკაძე-დრონები მაინც აღწევენ საზღვრიდან ასეულობით კმ-ზე დაშორებულ რუსულ სამხედრო აეროდრომებამდე და იქ ათეულობით მილიონის ღირებულების სამხედრო ტექნიკას აზიანებენ და ანადგურებენ...

გასაკვირი ის არის, რომ უკრაინელი კამიკაძე-დრონები თავისი საფრენოსნო ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით პირველი მსოფლიო ომის ფანერის თვითმფრინავებს უფრო შეესაბამებიან, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში გამოყენებულ, ბევრად უკეთეს „იუნკერსებს“ ან „მესერშმიტდებს“ და მიუხედავად ამისა, პუტინის მეზენიტეებს მაინც ძალიან უჭირთ ერთი საუკუნისწინანდელი თვითმფრინავების მსგავსი კამიკაძე-დრონების საჰაერო თავდასხმების მოგერიება...