"ის, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ გამონათქვამს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ცხადი მავნებლობაა - ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ვინც ამის გადახედვას შეეცდება, პოლიტიკური ნაძირალაა"
ის, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ გამონათქვამს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ცხადი მავნებლობა - საკითხზე, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ყველა, ვინც ამ საკითხის გადახედვას შეეცდება, ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსული მხარის მოხსენებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსული მხარის მიერ „ქართული ოცნების“ გამონათქვამების გამოყენება მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად დამაზიანებელია, არსებული ძალის საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის.
„ეს პირდაპირი და მიანიშნებს იმაზე, რამდენად საშიში და დამაზიანებელია საქართველოს ინტერესებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა. ამაზე პასუხი უნდა იყოს 26 ოქტომბერს - სახლში გავუშვათ ხელისუფლება, რომელიც საქართველოს აყენებს ზიანს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც მიმდინარეობდა, საქართველო გაამართლა და უფრო მეტიც, სანქციებიც კი გასცა რუსი დამნაშავეების წინააღმდეგ. შესაბამისად, საკითხზე, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ყველა, ვინც ამ საკითხის გადახედვას შეეცდება, ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა.“- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.