"თაკო ჩემი ოჯახისთვის მისაღები ადამიანია. გოგონებში ილიას ძმა უფრო პოპულარული იყო. ისეთი ბიჭია, იტყვი, ნეტავ, შენს დედასო" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა შვილის რჩეულზე?
"ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა, ჩემი შვილი ვეღარ ვიცანი"
"გოგონებში მისი ძმა უფრო პოპულარული იყო. ისეთი ბიჭია, იტყვი, ნეტავ, შენს დედასო"
ილია სულამანიძის მიღწევების შთამბეჭდავ ჩამონათვალს, ახლახან კიდევ ერთი ტიტული მიემატა,
ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ის პირველი ქართველია, ვინც 100-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოლიმპიური მედალი აიღო.
აზერბაიჯანელ კოცოიევთან სულამანიძის დაპირისპირების შედეგზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა წარმოიქმნა. კოცოიევისა და სულამანიძის შეხვედრას, ევროპის ძიუდოს კავშირიც გამოეხმაურა. დაიწერა, რომ კოცოიევმა ფინალში მოგება საჩუქარად მიიღო.
გვჯერა, ილიას წინ კიდევ ბევრი წარმატება და ოქროს მედალი ელოდება. ახლა კი გაგაცნობთ, რა ხდებოდა მისი ასპარეზობის დროს ილიას ოჯახში, როგორი ბიჭია, რა თვისებებითაა გამორჩეული, ვინ არის მისი რჩეული? ჩემი რესპონდენტი ილიას დედა, ქალბატონი მანანა გოჩელაშვილი გახლავთ.
- ქალბატონო მანანა, ილიას ვიცე-ჩემპიონობას გილოცავთ! თქვენი ემოცია გაგვიზიარეთ.
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის! ილიას სახე რომ დავინახე, როგორ გამოვიდა ტატამიდან, ვერც ავხსნი, რა ემოცია დამეუფლა. იმ წუთებში არც ვერცხლის და არც ოქროს მედლებზე არ ვფიქრობდი. ჩემს ცხოვრებაში ისეთი ილია არასდროს მინახავს.
- მის სახეზე რა წაიკითხეთ?
- წაშლილი სახე ჰქონდა, ჩემი შვილი ვეღარ ვიცანი. იმედგაცრუებამ შეიძლება მიმიკები ცოტათი შეგიცვალოს სახეზე ადამიანს, მაგრამ ილიას თავისი სახე სულ აღარ ჰქონდა. დედის გამო ეს მარტივი გადასატანი არ არის, შემძრა ამ სურათმა.
- მისი პირველი ზარი როგორი იყო?
- რომ დაგვირეკა, უკვე ცოტათი დაწყნარებული იყო. როცა ოჯახი ილიას მდგომარეობას განვიცდით, ის აქეთ გვაწყნარებს. ისეთი ბიჭია, ჩვენზე ნერვიულობს. მე სულ ვცდილობ, ილიასთან ჩემი განცდები და ემოციები დავმალო, სულ ვამხნევებ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, დავამშვიდო. მადლობა უფალს ამ მიღწევისთვის. ხალხი კარიერას ისე ამთავრებს, ოლიმპიადაზეც ვერ ხვდება.
- 17 წელია, რაც ილია ამ სპორტშია, როგორი იყო ეს 17 წელი?
- იყო ბევრი სირთულე, ბევრი წარმატება, ბევრი გამარჯვება, ბევრი სიხარული... მამის დაჟინებული თხოვნა იყო ილიას ჭიდაობა დაეწყო. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. ჩემი სურვილი იყო, შვილები ხელოვნების მიმართულებით წასულიყვნენ, მაგრამ მეუღლის უდიდესმა მონდომებამ გადასძალა. ჩვენ ცოტათი გვიან დავქორწინდით. ძალიან გონიერი მეუღლე მყავს, ვიცოდი, შვილებისთვის ცუდ არჩევანს არ გააკეთებდა. დღეს სიცილით ვიხსენებთ ერთ დღეს: ოჯახის წევრები ვიყავით შეკრებილები, ვმსჯელობდით, ილია და შაკო (ილიას ძმა) სად გვეტარებინა, ამ შეკრებას ჩემი და ესწრებოდა, რომელიც პედაგოგი გახლავთ. ჩემმა მეუღლემ თქვა, ბიჭები ძიუდოზე უნდა შევიყვანოო, მე და ჩემს დას გვინდოდა ცეკვაზე, მუსიკაზე გვეტარებინა, მაგრამ სიძის ხათრით ჩემმა დამ ვეღარაფერი თქვა, მერე ბიჭებს მიუბრუნდა; კარგი, დეიდა, შედით ჭიდაობაზე და ქორწილებში რომ წავალთ და საცეკვაო მუსიკას დაუკრავენ, თქვენ გამოდით სულამანიძეები და იჭიდავეთო. ამდენი წელია, ამ დღეს სიცილით ვიხსენებთ. ტყიბულში ქორწილებში ილია სულამანიძის სადღეგრძელოს ხშირად სვამენ და ახლა დეიდას ეუბნება, - ხომ მოგწონს და ამაყობო?!
5 წლის ბავშვი თავად ვერ განსაზღვრავს, რა მიმართულება უნდა აირჩიოს. ბიჭები ძიუდოზე რომ შევიყვანეთ, ამ მიმართულებას ჩემი მეუღლე განაგებდა, მე მათ სწავლაზე, განათლების მიღებაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული. ჩვენი ოჯახისთვის მუსიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ილიამ მასწავლებელთან ფორტეპიანოზე სიარული რომ დაიწყო, 7 წლის გახლდათ.
- ბავშვობიდანვე ასეთი მონდომებული და მიზანდასახული იყო?
- დიახ, ამიტომ მგონია, რომ ყველა მწვერვალს მიაღწევს. ამ 17 წლის განმავლობაში, ერთ დღესაც ვერ გავიხსენებ, ილია გამეღვიძებინოს და სავარჯიშოდ წასვლა დაზარებოდა. 5 წლის იყო, სკოლაში რომ მივიყვანე. დილით სწავლის დაწყებამდეც ჰქონდა ერთი ვარჯიში და გაკვეთილების შემდეგაც ვარჯიშზე მიდიოდა. ორივე ძმა ვარჯიშიდან რომ დაბრუნდებოდნენ, შაკო დასაბანად თუ შეასწრებდა, ილია ფორტეპიანოსთან ჯდებოდა და უკრავდა. მუსიკა ორივეს უყვარს. გენეტიკურად აქვთ მამის მხრიდან მუსიკის ნიჭი და სიყვარული.
ახლა თქვენ რომ გესაუბრებით, ჩემი შვილი აქვეა და მეუბნება, ჟურნალისტს უთხარი, ილიას მასზე უკეთესი ძმა რომ ჰყავსო (იცინის). მართლაც, ძალიან კარგი შვილები მყავს. აქამდე ტყიბულში ყველა ჩემი სახელით და გვარით მცნობდა, მანანა გოჩელაშვილი ვიყავი და ახლა ყველა კარგი ბიჭების დედად მიცნობს, ამით უბედნიერესი და უფლის მადლიერი ვარ. ღმერთს ვთხოვ, ყველა დედა ბედნიერი იყოს!
- საქართველოში დაბრუნებული ილიასთვის რა მოამზადეთ? მას ყველაზე მეტად რა უყვარს?
- ყველაზე მეტად უყვარს ქათმის სალათი, შემწვარი ბადრიჯანი ქინძითა და ნივრით. ხანდახან შეჯიბრებაზე რომ არის, იქიდან მომწერს ხოლმე: დე, რომ ჩამოვალ, ხომ იცი, რა უნდა დამახვედრო? ჰო, დამავიწყდა, მჭადზე გიჟდება.
- ცნობილია, რომ თქვენ ილიას ასპარეზობის დღეს ტრავმა მიიღეთ, ახლა თავს როგორ გრძნობთ?
- ფეხი მაქვს მოტეხილი, ვერ დავდივარ. არ შემიძლია, ილიას ასპარეზობას პირდაპირ ეთერში ვუყურო. ამ დროს ახლობლები მოდიან ჩვენთან და ისეთი ხმებია ხოლმე, მე იმ დაძაბული შეძახილების მოსმენაც არ შემიძლია, ამიტომ ყოველთვის სახლიდან გავდივარ. ამჯერადაც ასე მოხდა, ჯერ სახლში დავანთე სანთელი, სანამ ასპარეზობას დაიწყებდა, უფალს ვთხოვე, ჩემი შვილი გააძლიერე, ყველანაირი ხიფათი აარიდე და თუ რამეა მე, დამემართოს-მეთქი. სახლიდან გავედი, ტაძარში რომ წავსულიყავი, მაგრამ 50 მეტრიც არ მქონდა გავლილი, ფეხქვეშ კენჭი გამიცურდა და წავიქეცი. ფეხი მაქვს მოტეხილი, კიდევ კარგი, მთავარი ძვალი არაა დაზიანებული. რთული მდგომარეობა არ არის, მაგრამ სიარული მაინც არ შეიძლება.
- ილიას ასპარეზობას, შედეგის გაგების შემდეგ მაინც თუ უყურებთ?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუყურებ, თუ მოგებული აქვს. არ მინდა, ჩემი შვილი წაგებული დავინახო.
- ილია როგორი ბიჭია, რა პიროვნული თვისებებითაა გამორჩეული?
- ორივე ძმა კაცთმოყვარეა. უხერხულია შვილების ქება, მაგრამ რადგან მეკითხებით, უნდა გიპასუხოთ. ჩვენი ოჯახისთვის ზრდილობა, წესიერება, პატიოსნება უმთავრესია, ამ ღირებულებებით გავზარდეთ შვილებიც. მხოლოდ, ეგაა რომ ილია ზედმეტად სერიოზულია. ორივე ძმას კარგი იუმორი აქვს, მაგრამ ილიას იმდენად სერიოზული სახე და ქცევები ახასიათებს, ვერც კი იფიქრებ, რომ შეიძლება კარგი იუმორი ჰქონდეს. რაც უნდა მოხდეს, სხვის საქმეში არ ჩაერევა და ამ საქციელს შენც არ მოგიწონებს. ერთ დღეს მისმა მწვრთნელმა მითხრა, ყველანირად კარგი ბიჭია, მაგრამ ერთი მიზეზი აქვს, ზედმეტად თავმდაბალი და მორიდებულიაო. მაგალითად, როდესაც ფოტოს გვიღებენ, მინდა ჩემ გვერდით დავიყენო, მაგრამ უცბად სხვა მოდის და ეს ყველაზე უკან დგებაო. იუმორით გავამართლე: აბა, რა უნდა ქნას, 2-მეტრიანი კაცი წინ რომ დადგეს, მის უკან ვინღა გამოჩნდება-მეთქი? ზედმეტი არ ვარგა, თორემ ზომიერი ამბიციურობა საჭიროა. თუმცა, მისთვის თავმდაბლობას ჯერ არაფერი უვნია, არც მომავალში მგონია, ავნოს. ილიას ამ ასპარეზობაზე ოქროს მედალი რომ მიეღო, მგონი, ამდენ სიყვარულს, მხარში დგომას ვერ იგრძნობდა. ჩემი ტრავმის გამო, ეს დღეები ვერაფერს ვაკეთებ და სულ ვეცნობი ინტერნეტსივრცეში რაც ხდება. მილიონობით დადებითი კომენტარი იწერება. ერთ ინტერვიუში გულისტკენაზე ვილაპარაკე და მგონი, არასწორად იქნა აღქმული. მე ვიგულისხმე, იპონი რომ არ ჩაუთვალეს, გული გვატკინეს-მეთქი, თორემ ხალხის კომენტარები ისეთია, გული გაგითბება.
- ილიას ტიტულებს რომ გადავხედოთ, ძალიან შთამბეჭდავი ჩამონათვალია. როდის იყო ყველაზე ბედნიერი?
- 11 წლის იყო, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა, შემდეგი 16 წლისას ჰქონდა იგივე წარმატება. ევროპის ოთხგზის ჩემპიონია ახალგაზრდებში. მსოფლიოს ჩემპიონია. რამდენჯერმე პრიზიორი იყო ახალგაზრდებში და შემდეგ - დიდებშიც, ლიპარტელიანთან ერთად გახდა პრიზიორი. თავად ამბობდა, რომ ეს მისი ყველაზე დიდი სიხარული გახლდათ.
- გოგონებში ყოველთვის პოპულარული იქნებოდა, არა?
- სიმართლე გითხრა, გოგონებში მისი ძმა უფრო პოპულარული იყო. ისეთი ბიჭია, იტყვი, ნეტავ, შენს დედასო (იცინის).
- ვიცი, რომ ილიას რჩეული ჰყავს, - თაკო მეგრელიძე.
- ამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა?
- მათ ურთიერთობაზე რა შეგიძლიათ მითხრათ?
- ილია თბილისში რომ ჩამოვიდა, თაკო აქ გაიცნო. თაკოც სპორტსმენია, მოცურავე, მგონი, ილიაზე მეტი მედლები აქვს. ახლა უნივერსიტეტში სწავლობს, იურიდიულ ფაკულტეტზე, უკვე მეოთხე კურსზე გადავიდა. ძალიან კარგი გოგონაა, ზრდილობიანი, წესიერი, განათლებული, ყველა დადებითი თვისებით შემკული და ჩემი ოჯახისთვის მისაღები ადამიანია.
- დაოჯახებას ხომ არ აპირებენ?
- აქამდე ყველანი ოლიმპიადაზე ვიყავით გადართულები.
- ვხვდები, ახლო მომავალში ერთი ვარსკვლავური ქორწილი იქნება.
- ვნახოთ, რას გადაწყვეტენ.
- მადლობა ინტერვიუსთვის, ილიას მომავალში ბევრ წარმატებას ვუსურვებ!
- მადლობა ყურადღებისთვის!
თამუნა კვინიკაძე