"საოცრად კარგი პიროვნებაა. მოდის, გელაპარაკება, კითხვებზე დაუზარლად გპასუხობს. მისთვის ამპარტავნება არასდროს შემიმჩნევია"- ჰობი და 10-წლიანი მონდომების შედეგი - კვირის პალიტრა

"საოცრად კარგი პიროვნებაა. მოდის, გელაპარაკება, კითხვებზე დაუზარლად გპასუხობს. მისთვის ამპარტავნება არასდროს შემიმჩნევია"- ჰობი და 10-წლიანი მონდომების შედეგი

"ჩემი ოჯახი წარმოშობით ჰერეთიდან არის, ჩვენი ისტორიული მიწიდან"

გიორგი კუზიბაბაშვილის არქივში (როგორც თავად უწოდებს),

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ, არაერთ ადამიანთან გადაღებული ფოტო ინახება. ეს მისი ჰობია, რომელიც 10-წლიანი მონდომებისა და "შრომის" შედეგია. გიორგის აქვს ჯერ აუხდენელი ოცნებაც, რაზეც თავად გვესაუბრა.

- გიორგი, ჩვენს მკითხველს გაეცანით.

- მე გახლავართ გიორგი კუზიბაბაშვილი, 35 წლის. საშუალო განათლება მაქვს მიღებული.

- რამდენი ხანია, რაც ცნობილ ადამიანებთან ფოტოების გადაღება დაიწყე?

- დაახლოებით 10 წელი იქნება. ბავშვობაში ლევან ლელაშვილთან მქონდა ფოტო გადაღებული. იმ სურათს რომ ვნახულობდი, მიჩნდებოდა სურვილი, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთადაც გადამეღო ფოტოები და ამ ოცნების ასრულება დავიწყე.

- როგორია ეს პროცესი? მიამბე, როგორ ახერხებ?

- ძალიან მარტივად. მივდივარ, ვთხოვ ფოტოს გადაღებას და ვიღებ. ჯერ უარი არავის უთქვამს.

- მათ სად ხვდები?

- ხან ტელევიზიებში დავდივარ გადაცემების ჩაწერებზე, ხან - საზოგადოებრივ შეკრებებზე... მთავარი მონდომებაა.

- ცნობილებიდან ყველაზე თბილად ვისთან შეხვედრა გახსენდება?

- ლაშა ტალახაძესთან. ის ძალიან უბრალო ადამიანია, მიუხედავად მისი რეგალიებისა, მიღწეული წარმატებისა და შთამბეჭდავი ტიტულებისა. ლაშა საოცრად კარგი პიროვნებაა. მოდის, გელაპარაკება, კითხვებზე დაუზარლად გპასუხობს. მისთვის ამპარტავნება არასდროს შემიმჩნევია.

- ვისთვის შეგიმჩნევია?

- იმ ადამიანებიდან, ვისთანაც ფოტო მაქვს გადაღებული, ამას ვერავისზე ვიტყვი.

- გულისხმიერებით რომელი გამოირჩევა?

- ხვიჩა კვარაცხელია.

- ხვიჩა სად ნახე?

- მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული ნაკრები სასტუმროში ცხოვრობს. ვიგებ სასტუმროს მისამართს, მათი გადაადგილების მარშრუტს და ფეხბურთელებს ასე ვხვდები ხოლმე. ზურიკო დავითაშვილთან, ბუდუ ზივზივაძესთან, გიორგი მამარდაშვილთან ფოტოები სულ სხვადასხვა დროს მაქვს გადაღებული. შეიძლება ადამიანი არ იყოს გადაღების განწყობაზე, ეს გასაგებია, ამიტომ ყოველთვის ბოდიშს ვუხდი შეწუხებისთვის.

- ცნობილებთან ურთიერთობისას, მათი მხრიდან უტაქტოდ, უხეშად მოპყრობის შემთხვევები გქონია?

- არასდროს.

- სახალისო?

- ასეთიც არ მახსენდება. ახლახან ლუბა გოლივინასთან ერთად გადაღებული ფოტო ავტვირთე. ლუბა ჩემი უბნელია, მის ძმას და მშობლებს კარგად ვიცნობ. ისეთი ყურადღებიანია, რომ შეგხვდება, გამარჯობის თქმას და მოკითხვას ვერ დაასწრებ.

- ვინ არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ძალიან გინდა ფოტო გადაიღო და დღემდე ვერ მოახერხე?

- ასეთი ძალიან ბევრია, მაგალითად, თათია გიორგობიანი. მისი ინტერვიუები წამიკითხავს, მომისმენია მისი გამოსვლები სხვადასხვა გადაცემაში, დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

- ცნობილ ადამიანებთან ჩაწერილ ინტერვიუებს ხშირად ეცნობი?

- დიახ, თქვენს ჟურნალს ხშირად ვკითხულობ, მომწონს და გამიჩნდა სურვილი, ინტერვიუ ჩემთანაც ჩაგეწერათ.

- პოლიტიკოსებით არ ინტერესდები?

- ნაკლებად. მხოლოდ კახა კალაძესთან მაქვს ფოტო გადაღებული. მას საჯარო სივრცეში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდი. პოლიტიკა არ მიყვარს, ვერც ვერკვევი და ამიტომ ნაკლებად ვინტერესდები.

- შენს არქივში რომელია ფოტო, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ?

- ილია თოფურიასთან გადაღებული ფოტოთი ვამაყობ. მეგობრისგან გავიგე, რომ ილია ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა და მის სანახავად სპეციალურად წავედი. ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანი აღმოჩნდა. ფოტოები მაქვს გადაღებული ლაშა ბექაურთან, ილია სულამანიძესთან, ლაშა შავდათუაშვილთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერაბ დვალიშვილთან, გურამ თუშიშვილთან... ამ დღეებში, ოლიმპიადაზე მათ ასპარეზობებს თვალს ვადევნებ და ვგულშემატკივრობ. თითოეულის წარმატება ძალიან მახარებს.

- ახლა სად მუშაობ?

- ერთ-ერთ სტამბაში ვმუშაობ.

- როდესაც სოციალურ ქსელში ფოტოებს ტვირთავ, როგორია გამოხმაურება?

- იწონებენ, დადებით კომენტარებს მიწერენ.

- თბილისში ცხოვრობ?

- დიახ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახი წარმოშობით ჰერეთიდან არის, ჩვენი ისტორიული მიწიდან. ადრე იქ პერიოდულად ჩასვლას ვახერხებდი, ნათესავები მყავს და ყოველი ჩასვლა უდიდეს ემოციასთან იყო დაკავშირებული.

- სამომავლოდ იქ ცხოვრებას ხომ არ გეგმავ?

- ჯერ არ ვიცი, მომავალი გვიჩვენებს. პანდემია რომ დაიწყო, აზერბაიჯანმა საზღვარი ჩაკეტა და აქამდე არ გაუხსნია.

- რადგან ცნობილი ადამიანებით ასე ძალიან ინტერესდები, არ გიფიქრია ისეთი საქმიანობა აგერჩია, მათთან ურთიერთობის საშუალება მოგცემოდა?

- ჩემი უდიდესი სურვილია ტელევიზიის თანამშრომელი ვიყო. გადაცემების ჩასაწერად სცენებს, სტუდიებს რომ აწყობენ, მანდ მუშის პოზიციაზე სიამოვნებით ვიმუშავებდი. ესა ჩემი ჯერ აუხდენელი ოცნება.

- წარმატებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"