დუელი ვაზელინით
ხომ ვთქვი წინა კი არა და, წინის წინა "პროვოკაციაში", თურქების მიერ სომეხთა გენოციდეს აღიარების მოთხოვნით აქაური სომხები სულ მალე მიაკითხავენ პარლამენტს და ჩერქეზთა გენოციდეს აღიარებაზე აპელირებას დაიწყებენ-მეთქი: იმათ რო უღიარეთ, ახლა ჩვენც გვინდაო!
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, მაგრამ ამ ჯონდი ბაღათურიამ ყველაფერში თავი რატომ უნდა წარგოს?! რა უნდოდა?! ამას წინათ "მიშა გველეშაპთან" მებრძოლ-მოკამათე გმირის ტიტული ხომ მოიპოვა! ყოფილიყო, რა, ჩუმად და დიდებით დამტკბარიყო...
არა! რომ შეუჩნდება კაცს ეშმაკი, არ მოასვენებს: გამობრძანდა სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე და, - გუშინ ჩემთან ჩვენი სომეხი თანამოქალაქეები იყვნენ და სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვეს; ახლა რა პასუხი გავცეთ იმათო?!
მთავარი მერე დაიწყო: სანამ აკაკი (კაკო) ბობოხიძემ სახელოები დაიკაპიწა, რათა თავისი "პირდაპირი მოვალეობა" შეესრულებინა, მარნეულის მაჟორიტარმა აზერ სულეიმანოვმა კი, ვაზელინით სავსე ტუბი ("ტუბიკი") სტყორცნა ჯონდს! ჯონდმა დაიჭირა და უკან დაუბრუნა...
მოვრჩები ახლა გამოსვლას და მოგხედავ შენო, - სულეიმანოვს ჩასძახა (ჯეიმს) ჯონდმა, მაგრამ იმან: წადი, შე სომეხოო (ჯონდს)! ჯონდმა ვაზელინის ტუბივით მაშინვე დაუბრუნა: სომეხი თავი გაბიაო!
ამასობაში ნაციონალების კიდევ ერთი დეპუტატი, გვარად ბაინდურიანი, სახელად არმენაკი, რომელსაც პარტიული მოვალეობები ფეხებზე დაეკიდებინა, ჯონდისაკენ მიდიოდა დასახმარებლად, თან გულში იძახდა: "ჯონდი-ჯან, ესკუ ცავატანემ!.." მაგრამ სწორედ ამ დროს დაუხურდავა ჯონდმა სულეიმანოვს: სომეხი თავი გაბიაო! - და ბაინდურიანმა მხოლოდ ესღა გაიფიქრა: "ვა! ეს ინჩ ჩათლახ ტიპა, ელი..."
ამ დროს საქმეში მთავარი არბიტრი დავიტ ბაქრაძე ჩაერია, რომელიც ასეთ დროს, როგორც წესი, იბნევა და სისულელეებს გაიძახის ხოლმე. არც ამჯერად დაურღვევია ტრადიცია: ესაო, ჩვენი საერთო ტკივილიაო; ძმები, ბიძაშვილები და მეზობლები ვართო...
სულეიმანოვი არ ცხრებოდა: რომელი გენოციდი ვაღიაროთ, სომხებმა რომ აზერბაიჯანულ სოფლებში ერთ ღამეში 60 ათასი ქალი, კაცი და ბავშვი ამოგვიწყვიტესო?! (ბაინდურიანი, (გულში): "ვა!!!")
ამასობაში პარლამენტთან საქართველოს უნივერსიტეტების ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები შეიკრიბნენ და მანიფესტაცია მოაწყვეს. ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ: "ჯონდი ვაზელინ"!
ეს ყველაფერი კარგი, სულეიმანოვის (აზერის) გაბრაზებაც შეიძლება გაიგოს კაცმა და ბაინდურიანის (არმენაკის) ეროვნული გრძნობებიც, ბაქრაძის ბოდიალიც და იმ მოყვირალი სტუდენტების ამბავიც, მაგრამ ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში (ანუ პარლამენტის სხდომაზე) ვაზელინი რად უნდოდა?! რა, წინასწარ იცოდა, ბაღათურია რას იტყოდა და იმ "პერფორმანსის" სცენარიც მომზადებული ჰქონდა?!
არ ვიცი, არ ვიცი... ისე, ეჭვი აქამდეც მქონდა, რომ რიგითი ქართველი პარლამენტარის დილა ასე იწყებოდა: ჩაი ან ყავა, მსუბუქი საუზმე და შემდეგ:
- ძვირფასო, მანქანამ უკვე მოგაკითხა. მოდი, ჰალსტუხი გაგისწორო... ცხვირსახოცი ხომ ჩაიდე? ვაზელინი ხომ არ გაგითავდა? რა არის, ორი დღის წინ არ წაიღე ახალი ტუბი? ამ ბოლო დროს ბევრი ვაზელინი გეხარჯება... აბა, საღამომდე, ძვირფასო...
სამაგიეროდ, ხალხზე ზრუნავენ: ჩეკების ლატარია მოიგონეს და სამი დღის წინ მაღაზიაში რომ შევედი და ორი კარაქი, ერთი კილო ყველი, სამი პური და 15 კვერცხი ვიყიდე, გამყიდველმა 8 ცალი ქვითარი ამოარტყა: სამივე პურზე ცალ-ცალკე, 10 კვერცხზე ცალკე, 5-ზე - ცალკე, თითო კარაქზეც ცალ-ცალკე და ყველზეც ცალკე. თანაც მითხრა: ა, ძმაო, 4 შენ და 4 - მეო! აწი სულ მანდ ვიყიდი ყველაფერს და როცა იქნება, მოვიგებთ, ან მე, ან - ის, აბა რა იქნება...
P.S. მახათას მთაზე, ეკლესიის საფუძვლის ჩაყრაზე ჩვენი პრეზიდენტი "უცნაურად" დაღლილი რომ ჩანდა, ყველა ნახავდით (თუმცა, ყველა როგორ ნახავდით, "ტელესამებამ" არ აჩვენა). სამაგიეროდ, გურჯაანში რომ სიტყვით გამოვიდა და ხალხს რომ უყვარს, ყველამ ვნახეთ; ხოლო რაც ვერ ვნახეთ, თვითონ გვიამბო: "ალბათ ყველა პრემია რომ მიმეღო მსოფლიოში, ყველა ორდენი რომ მოეცათ ჩემთვის, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, არ იქნებოდა იმის მეათედი, ვიდრე ასეთი სანდომიანი ქალბატონი, რომელიც გეუბნება, რომ დილის რვა საათიდან აქ გელოდები, უბრალოდ მინდა, რომ შემოგხედო და არავის ძალით არ მოვუყვანივარ"!!!
ოღონდ, ეს ქალბატონი არავის უნახავს, ეს პრეზიდენტმა თვითონ გვიამბო... ვისაც გჯერათ, მიბრძანდით, ბატონო...
"პროვოკატორი"
ჟურნალი "გზა"