"ივანიშვილი ძებნილთა სიაში ვერასდროს იქნება, როგორც არ უნდა ილოცოთ - „ქართული ოცნება” ბეჭებზე დაახეთქებს ამ მარგინალ ოპოზიციას" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ძებნილთა სიაში ვერასდროს იქნება, როგორც არ უნდა ილოცოთ - „ქართული ოცნება” ბეჭებზე დაახეთქებს ამ მარგინალ ოპოზიციას"

წარმოუდგენელია, ეს ხალხი არიან ბოლივუდის პროდიუსერები, რეჟისორები თუ სცენარისტები? რაებს იგონებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია რაღაც კუთხით თურმე, ჩართულია ქოლ-ცენტრებში და აქედან ფინანსდება - ყოველგვარ ბინძურ ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად დააზიანონ. არ ზიანდება ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი]!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ქოლ-ცენტრებთან მმართველი პარტიის დაკავშირებით, შესაძლოა მზადდებოდეს ნიადაგი იმისთვის, რომ არჩევნებში ამჟამინდელი მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, არჩევნების შედეგები არ ცნონ.

„წარმოუდგენელია, ეს ხალხი არიან ბოლივუდის პროდიუსერები, რეჟისორები თუ სცენარისტები? რაებს იგონებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია რაღაც კუთხით თურმე, ჩართულია ქოლ-ცენტრებში და აქედან ფინანსდება. აღარ არსებობს ამაზე მეტი უსამართლობა და ამაზე დიდი სიცრუე. თუ ამით ამზადებს ეს ხალხი ნიადაგს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ბეჭებზე დადებს და დაახეთქებს აი ამ მარგინალ ოპოზიციას, ამ შემთხვევაშიც კი ჰქონდეთ იმის საფუძველი, რომ არჩევნები არ ცნონ, რადგან ის ასეთი კრიმინალური ფულით იყო დაფინანსებული.

ეს არის სხვა რა შეიძლება, რომ აქ ამოიკითხო. ისევე, როგორც ქონებებთან დაკავშირებით. თავად აქვთ რუსეთში ქონებაც, სარგებელსაც იღებს არაერთი ოპოზიციური პარტია. არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთის მოქალაქეა, აფინანსებს სხვადასხვა ტელეარხს და ა.შ. ამ ადამიანების მიმართ ამ ხალხს პრეტენზია არ უჩნდება. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც არაფერი საჭიროება არ აქვს, რომ დღეს, გუშინ ან ამ დღეებში რაიმე ქონება შეიძინო მით უმეტეს რუსეთში. ამ ადამიანს აბრალებენ, ყოველგვარ ბინძურ ხერხს იყენებენ იმისათვის, რომ რამენაირად დააზიანონ. არ ზიანდება ეს ადამიანი! იცის საზოგადოებამ რა ამაგი და განზრახვა აქვს მას”,- განაცხადა ოდიშარიამ.

ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა ქოლ-ცენტრების თემაზე საერთაშორისო გამოძიების დაწყების შემთხვევაში, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გამოცხადდეს ძებნილად, ოდიშარიამ აღნიშნა, რომ “ჯერ რიგი არის [დავით] კეზერაშვილზე“.

„რიგი ჯერ არის კეზერაშვილზე. ივანიშვილი ძებნილთა სიაში ვერასდროს იქნება, როგორც არ უნდა ილოცოთ და ინატროთ თქვენ. ბიძინა ივანიშვილი სულ სხვა სიაში მოხვდება. ამას ისტორია გაჩვენებთ და იმ სიაში თქვენ ნამდვილად ვერ იქნებით”,- განაცხადა ოდიშარიამ.