ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრს, ვისაც მედალი არ აუღია, სახელმწიფო 50 000 ლარს გადასცემს - კვირის პალიტრა

ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრს, ვისაც მედალი არ აუღია, სახელმწიფო 50 000 ლარს გადასცემს

50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს.

„ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. მითუმეტეს რომ, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს შენს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, ასევე, სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო მარტივია წარმატება.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გააგრძელეთ კითხვა