სუპერსენსაციური სტატია: "ზალუჟნიმ ზელენსკის არ დაუჯერა და "ჩრდილოეთის ნაკადი" ააფეთქა" - იახტაზე დროსტარებით შენიღბული მსოფლიოში ყველაზე დიდი დივერსია - კვირის პალიტრა

სუპერსენსაციური სტატია: "ზალუჟნიმ ზელენსკის არ დაუჯერა და "ჩრდილოეთის ნაკადი" ააფეთქა" - იახტაზე დროსტარებით შენიღბული მსოფლიოში ყველაზე დიდი დივერსია

ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა და გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა - „უოლ სტრით ჯორნალმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა ექსკლუზიური ჟურნალისტური გამოკვლევა სათაურით - „თრობის საღამო და ნაქირავები იახტა: რეალური ისტორია, თუ როგორ ააფეთქეს უკრაინელებმა გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი“. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გეგმა მოიწონა, მაგრამ შემდეგ წარუმატებლად ცდილობდა მის გაუქმებას“ (ავტორი - ბოიან პანჩევსკი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთისა და გერმანიის ერთმანეთთან დამაკავშირებელ გიგანტურ გაზსადენზე მოწყობილი გახმაურებული დივერსიის (აფეთქების) ისტორია. მასში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მზადდებოდა ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული მილსადენის - "ჩრდილოეთის ნაკადის“ მწყობრიდან გამოყვანის ოპერაცია და რომელი უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები (აგრეთვე, ბიზნესმენები) იყვნენ ჩარეულნი მის განხორციელებაში.

გთავაზობთ სტატიის მთავარ მომენტებს:

2022 წლის სექტემბერში მილსადენი, რომლის მეშვეობით რუსული გაზი გერმანიას მიეწოდებოდა, მასზე განხორციელებული რამდენიმე ძლიერი აფეთქების შედეგად (დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში) მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის შედეგადაც დედამიწის ატმოსფეროში გიგანტური რაოდენობის მეთანი გამოიტყორცნა.

გაზსადენზე აფეთქების მოწყობის იდეა 2022 წლის მაისში დაიბადა, როცა ერთ-ერთ საღამოს უკრაინის არმიის რამდენიმე მაღალი ჩინის მქონე ოფიცერი, ბიზნესმენებთან ერთად, დროს ატარებდნენ. ბიზნესმენები დათანხმდნენ, დაეფინანსებინათ მილსადენის აფეთქების ოპერაცია, რომელსაც სამხედროები შეიმუშავებდნენ. ოპერაციის მონაწილე ანონიმური პირების თქმით, გეგმის მომზადებისა და განხორციელების მიზნით 300 ათასი დოლარი დაიხარჯა.

ოპერაციას კურირებდა სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე გამოცდილი გენერალი (გვარი დასახელებული არ არის), რომელიც იმ დროს უკრაინის არმიის მთავარსარდალს - ვალერი ჟალუზნის ექვემდებარებოდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად გეგმა მოიწონა (მხოლოდ ზეპირი სახით, რომ საიდუმლო არ გამჟღავნებულიყო), მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვამ გაზსადენის აფეთქების მზადების შესახებ გაიგო, მათ მონაცემები აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გადასცეს. თავის მხრივ, CIA-მ სთხოვა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ოპერაცია გაეუქმებინა. უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება გასცა, მაგრამ გენერალმა ვალერი ჟალუზნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება არ შეასრულა და, საბოლოო ჯამში, გეგმა განახორციელა.

2022 წლის 26 სექტემბერს, გვიან ღამით, სკანდინავიელმა სეისმოლოგებმა, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს, უკრაინიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, დააფიქსირეს სიგნალი, რომელიც წყალქვეშა მიწისძვრას თუ ვულკანის ამოფრქვევას ჰგავდა. სამი ძლიერი აფეთქების შედეგად მილსადენიდან პლანეტის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობით მეთანი გამოიტყორნა, რომელიც დანიის მოსახლეობის მიერ ერთი წელიწადის განმავლობაში დახარჯული გაზის მოცულობას ჭარბობდა.

ეს ოპერაცია, რომელიც არა მარტო ყველაზე გაბედული და რეზონანსული დივერსია იყო თანამედროვე ისტორიაში, არამედ - მან კიდევ უფრო გააღრმავა ევროკავშირში არსებული ენერგეტიკული კრიზისი. საკვანძო ინფრასტრუქტურაზე ასეთი თავდასხმა, მისი ასეთი ხელყოფა, საერთაშორისო სამართალში კვალიფიცირდება, როგორც სამხედრო აგრესია. „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების ირგვლივ ხმაურიანი აჟიოტაჟი და სკანდალი ატყდა, შეთქმულების თეორიის ჩათვლით - ვინ ააფეთქა? იქნებ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ? ან იქნებ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და მასში თვითონ ვლადიმერ პუტინია ჩარეული?

The Wall Street Journal-ის რედაქცია დაუკავშირდა ვალერი ზალუჟნის, რომელიც ამჟამად უკრაინის ელჩია დიდ ბრიტანეთში და კომენტარი სთხოვა გაზსადენის შესახებ. ყოფილმა მთავარსარდალმა და ამჟამინდელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ არაფერი იცის ოპერაციის შესახებ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვალერი ზალუჟნი, რომელიც სარდლის თანამდებობიდან პრეზიდენტმა მოხსნა და ინგლისში ელჩად გაამწესა, სამართლებრივი დევნის საკითხში იმუნიტეტით სარგებლობს.

მილსადენის აფეთქების მიზნით, გამოყენებული იქნა სასეირნო იახტა „ანდრომედა“’. იალქნიანი იახტის ბორტზე შეიკრიბა ექვსი ადამიანი - ხუთი მამაკაცი (მყვინთავი-ამფეთქებლები) და ერთი 30 წლამდე ქალი, რომელიც სპეციალობით, ასევე, მყვინთავი იყო, მაგრამ უფრო მეტად მას სეირნობის ილუზია უნდა შეექმნა: თუ იახტას დააკავებდნენ, ქალის ბორტზე ყოფნა იმან ნიშნავდა, რომ მეგობრები მართლაც დროსტარებისა და სეირნობის მიზნით არიან შეკრებილნი.

აფეთქების ადგილზე მყვინთავები წყვილ-წყვილად მუშაობდნენ. მათ ისარგებლეს ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელსაც ტაიმერით მართვადი დეტონატორები ჰქონდა.

აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გერმანიის საიდუმლო სამსახურს ნიდერლანდების დაზვერვის მასალები გადასცა. პაკეტში მოცემული იყო დივერსიის დეტალები, დივერსანტების მოძრაობის მარშრუტი და ა.შ. საინტერესოა, რომ გერმანელმა გამომძიებლება ყურადღებით შეამოწმეს იახტა „ანდრომედა“ და მასზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს, ასევე, ეკიპაჟის წევრების თითების ანაბეჭდები და დნმ-ის ნიმუშები. ანუ 2022 წლის ნოემბრისათვის გერმანული სპეცსამსახურები დარწმუნდნენ, რომ აფეთქების უკან უკრაინელები დგანან, თუმცა ამ დასკვნას არ ამჟღავნებდნენ და საიდუმლოდ ინახავდნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო