რუსი პროფესორი "ბოროტება" პუტინს "განკითხვის დღის" იარაღის გამოყენებას ურჩევს - რა მისწერა ფიზიკოსმა კრემლის ბინადარს?!
რუსი პროფესორი პუტინს ბირთვული ბომბით უკრაინის მთავარი სარკინიგზო გვირაბის აფეთქებას ურჩევს...
პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანატოლი ვოლინცევი აქამდე შეიძლება მხოლოდ კოლეგების ვიწრო წრეში თუ იყო ცნობილი, სანამ მან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ღია წერილი არ მისწერა, რომელშიც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს უკრაინის ბესკიდის მთავარი სარკინიგზო გვირაბის... ბირთვული ბომბით აფეთქებას სთავაზობს...
ეს მხცოვანი რუსი პროფესორი ფიზიკოსია და ბევრზე კარგად უნდა ხვდებოდეს, თუ რა კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის კარპატებში ბირთვული ქობინის აფეთქებამ, მაგრამ პროფესორი (რომელსაც 31 წლის წინ, სხვათა შორის, "სოროსის ფონდის" გრანტითაც უხეირია) მაინც დაჟინებით ურჩევს თავისი ქვეყნის პრეზიდენტს მცირე, 1-2 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ქობინის „შეგდებას“ ბესკიდის სარკინიგზო გვირაბის შიგნით, რუსული აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალის“ მეშვეობით...
ფიზიკოსებმა, მართალია, უდიდესი როლი შეასრულეს ჯერ ატომური და შემდეგ - ბირთვული იარაღის შექმნაში, მაგრამ შემდეგ პირველები სწორედ ისინი გახდნენ მასობრივი განადგურების ამ სახეობის შეიარაღების საყოველთაო აკრძალვის მოთხოვნის საქმეში, ნახეს რა, თუ რა საშინელება მოახდინა ამერიკული ატომური ბომბების იაპონურ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აფეთქებამ...
თუმცა იმის ფონზე, რომ პირველი საბჭოთა ბირთვული ბომბის შემქმნელი, აკადემიკოსი სახაროვი შემდეგ ერთ-ერთ მთავარ საბჭოთა დისიდენტად გადაიქცა და აპროტესტებდა საბჭოთა ბირთვულ გამალებულ შეიარაღებას. მისი კოლეგა, უკვე რუსი ფიზიკოსი, პროფესორი ვოლინცევი იქით უბიძგებს კრემლს, რომ მან ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყენოს - იმ უკრაინის, რომელსაც ბოლო ათი წელია, ისედაც არ აკლია რუსული, ოღონდ ჩვეულებრივი ბომბებისა და რაკეტების აფეთქება...
ამ რუსმა პროფესორმა რატომ აირჩია ბირთვულ სამიზნედ მაინცდამაინც ბესკიდის სარკინიგზო გვირაბი?
ბესკიდის სარკინიგზო გვირაბი მდებარეობს უკრაინის კარპატებში და წარმოადგენს სტრატეგიულ კომუნიკაციას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს.
კარპატებში სარკინიგზო გვირაბის გაჭრის აუცილებლობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაინახეს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არსებობის დროს, და 1886 წელს გაჭრეს 1 750 მ სიგრძის გვირაბი, რომელშიც მხოლოდ ერთი სარკინიგზო ხაზი გადიოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინიდან უკან დახეულმა უნგრეთის არმიამ ეს გვირაბი დააზიანა, თუმცა ის მალევე აღადგინეს და 1946 წლიდან ხელახლა ამოქმედდა.
ამ გვირაბში გამავალი მხოლოდ ერთი სარკინიგზო ხაზი დიდ ტექნიკურ პრობლემებს ქმნიდა და 2018 წელს უკრაინამ დასავლეთის ფინანსური კრედიტებით შეძლო ბესკიდის ახალი სარკინიგზო გვირაბის გაყვანა.
ახალი გვირაბი ძველის გვერდით გაიჭრა და მისი სიგრძე 1 822 მეტრს შეადგენს, მისი მთავარი პლუსი კი ისაა, რომ ორი სარკინიგზო ხაზი გადის, რადგან მისი სიგანე 10,5 მ, ხოლო სიმაღლე კი - 8,5 მ-ია.
ბესკიდის ახალი სარკინიგზო გვირაბის გავლით ძალიან გაადვილდა უკრაინის ევროპასთან კავშირი, რასაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა მშვიდობიანობის დროს, მაგრამ 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ბესკიდის ახალმა სარკინიგზო გვირაბმა სტრატეგიული სამხედრო დანიშნულებაც შეიძინა...
ჯერ კიდევ 2022 წლის 12 მაისის „კვირის პალიტრის“ სტატიაში - „სარკინიგზო ომი“ ანუ როგორ უმალავენ უკრაინის სარკინიგზო გვირაბებში რუსულ „კალიბრებს“ - ამერიკულ ჰაუბიცებს...“ ვწერდით:
„...მორღვეული ლოჯისტიკა ომში ჩაბმული ქვეყნისთვის ადრე თუ გვიან მარცხის ტოლფასი გახდება, ამიტომაც უკრაინელები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთის ფრონტების მომარაგება არ შეფერხდეს. 30-50-ვაგონიან და 2 კმ-ზე გადაჭიმულ სარკინიგზო ეშელონს ვერაფრით შენიღბავ, ღამითაც კი, რადგან დაზვერვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათ შორის - თანამგზავრებიდან, ადვილად აღმოაჩენენ მოძრავ სარკინიგზო შემადგენლობას, თუმცა უკრაინელებმა ერთ ეშმაკურ გამოსავალს მაინც მიაგნეს - ეს არის დასავლეთის მიწოდებული სამხედრო ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბებში დროებით გადამალვა, მთელი მარშრუტის მანძილზე. უკრაინის სარკინიგზო ხაზებზე 50-მდე გვირაბია, მათგან ყველაზე მეტი - 31 კი ლვოვის სარკინიგზო ხაზზეა. ამ სარკინიგზო გვირაბების სიგრძე 800 მ-დან 2 კმ-მდეა, რაც ტვირთიან სარკინიგზო პლატფორმებს დროებით სრულად იცავს რუსული ფრთოსანი "კალიბრებისგან“ და როგორც კი საჰაერო განგაში გაუქმდება, ეს სარკინიგზო ეშელონები მეორე გვირაბამდე გადაჰყავთ. გვირაბების გამოსასვლელებში მობილიზებულია უკრაინის არმიის საზენიტო საშუალებები, საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად. გვირაბების მონაცვლეობის პრინციპი მეტ-ნაკლებად წარმატებით მუშაობს დასავლეთ უკრაინაში, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში და მით უმეტეს - დონბასისკენ სარკინიგზო გვირაბები თითქმის აღარ არის, თუმცა უკრაინელებმა აქაც იპოვეს გამოსავალი: ფრონტის ხაზთან მიახლოებამდე სარკინიგზო პლატფორმებიდან სამხედრო ტვირთი იცლება და ის დანიშნულების ადგილამდე საავტომობილო ტექნიკის მცირე კოლონებით მიაქვთ.“
ბესკიდის ახალ სარკინიგზო გვირაბს დღე-ღამეში 100 წყვილი სარკინიგზო შემადგენლობის გატარება შეუძლია, 60-70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც ძველი, ერთხაზიანი გვირაბი მხოლოდ 47 შემადგენლობას ატარებდა მონაცვლეობით და ისიც - მხოლოდ 15-40 კმ/სთ სიჩქარით.
უკრაინელებს ძველი გვირაბი არ გაუუქმებიათ, მას იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვის და იმ შემთხვევაში, თუკი ძირითადი გვირაბიდან მატარებლების მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო, პარალელურად გამავალი ძველი და ახალი სარკინიგზო გვირაბები ერთმანეთს მიწისქვეშა გადასასვლელებით უკავშირდებიან.
ბესკიდის ძველი და ახალი გვირაბების გამოყენება შეიძლება ევროპიდან მომავალი სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო საჭურვლით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობების დროებით გადამალვისთვისაც, სანამ რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები და ასევე, კამიკაძე-დრონები უტევენ უკრაინის დასავლეთ ნაწილს, ლვოვის ოლქს.
რუსი პროფესორის რჩევა პუტინისადმი, რომ ბესკიდის გვირაბს მცირე სიმძლავრის ბირთვული ქობინით დაარტყას რუსეთმა, დიდ ვერაფერს შედეგს გამოიღებს, რადგან ახალი გვირაბი კლდოვანი მთის 180 მ-ის სიღრმეშია გაჭრილი.
თუმცა, თუკი ბირთვულქობინიანი რუსული ფრთოსანი ან აერობალისტიკური რაკეტების ზუსტი მოხვედრა განხორციელდა ბესკიდის სარკინიგზო გვირაბიდან გამომავალ პორტალებზე, მაშინ ის, რა თქმა უნდა, გარკვეული დროით გამოვა მწყობრიდან და, შესაბამისად, შეჩერდება მოძრაობა ლვოვი-ხმელნიცკის სარკინიგზო ხაზზე, რაც სერიოზულ პრობლემას გაუჩენს უკრაინის არმიას დასავლური შეიარაღების აღმოსავლეთ ფრონტის ხაზამდე დროულად ჩატანაში.
თუმცა რჩება ალტერნატიული, კობელ-ბერდიჩევის სარკინიგზო ხაზიც, რომელიც გააგრძელებს პოლონეთიდან სარკინიგზო ტვირთების შეტანას უკრაინის ცენტრალურ ნაწილში.