პარტიების ყველაზე დიდი საიდუმლო: შავი ფული - "მითხარი ვინ გაფინანსებს და გეტყვი, ვის ინტერესებს ემსახურები"
ყველა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ცხრაკლიტულშია ჩაკეტილი და "ცხრათავიანი დევები" დარაჯობენ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხია: რიგითმა მოქალაქეებმა არასდროს არ ვიცით, რეალურად ვინ აფინანსებს მათ. საზოგადოებამ არ იცის, სინამდვილეში ვისი ფულით და რა მოცულობის თანხებით ფინანსდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, იმიტომ, რომ ძირითადად ნაღდი ფული ტრიალებს ამ „ბნელ პროცესში“. პოლიტიკური აქტიურობის და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ხელოვნურად "დაბინდული" და სპეციალურად გაუმჭვირვალე პროცესი დამახასიათებელია, როგორც სახელისუფლებო, ასევე - ოპოზიციური პარტიებისთვის.
ფულს სუნი არა აქვს, განსაკუთრებით - პოლიტიკაში, მით უფრო - არჩევნების წინაპერიოდში. სავსებით შესაძლებელია საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამის ამგვარი პერიფრაზირება მოვახდინოთ - "მითხარი ვინ გაფინანსებს და გეტყვი, ვის ინტერესებს ემსახურები". პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების დაფინანსების საკითხები განსაკუთრებით აქტუალური საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამ პროცესს სპეცსამსახურები გეგმავენ და ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების დაფინანსებისთვის უკანონო გზების გამონახვა და ამ პროცესის ფარულად განხორციელება მარტივი საკითხი არ გეგონოთ: ჩასაფრებულ კონკურენტ პარტიებს ასი თვალი და ასი ყური აქვთ „გამობმული“, არც მტერ-მოკეთე ქვეყნების სპეცსამსახურებს ძინავთ.
ამიტომ პოლიტიკური პარტიების უკანონო ფარული დაფინანსების წვრილმანი ნიუანსები დღის სინათლეზე ადრე თუ გვიან მაინც „გამობრწყინდება“.
პოლიტიკური სისტემისა და პროცესების ფარული დაფინანსების ერთ-ერთი, ათწლეულების მანძილზე აპრობირებული ხერხი კორუფციული სქემების გზით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების დაფინანსებაა. ამ მხრივაც ყველასგან გამორჩეული ინდოეთი იყო და არის. ამ ქვეყნის „პოლიტიკურ–კორუფციული“ სკანდალებიდან დღეს ერთ-ერთ, უკვე „კლასიკად“ ქცეულ შემთხვევაზე ვისაუბროთ, რაც 1989 წლის შემოდგომაზე რაჯივ განდის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკარგვად დაუჯდა.
1984 წლის 31 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის მკვლელობის დღეს, მისი ვაჟი რაჯივ განდი, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში იმყოფებოდა, სასწრაფოდ დაბრუნდა დედაქალაქში და იმავე საღამოს, როგორც ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მან ფიცი დადო. 40 წლის ასაკში ის გახდა ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. ამ მომენტისთვის ის ქვეყანაში ჯერ კიდევ შედარებით უცნობი პოლიტიკური ფიგურა იყო. თუმცა რაჯივ განდის სასარგებლოდ მისი ახალგაზრდობა, პიროვნული მომხიბვლელობა და ინდოეთის საზოგადოების საშუალო და დაბალ ფენებში მასზე, როგორც არაკორუმპირებულ პოლიტიკოსზე გავრცელებული შეხედულება მუშაობდა.
ინდოეთის ახალ პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო დონეზეც ნაკლებად იცნობდნენ. მხოლოდ საბჭოთა რეჟიმისთვის იყო რაჯივ განდი მთლიანად, თვით ადამიანურ წვრილმანებამდე შესწავლილ-დამუშავებული პიროვნება.
ახალი რეალიებიდან გამომდინარე, ინდოეთის ახალბედა პრემიერ-მინისტრთან კონფიდენციალურ შეხვედრებს მხოლოდ "კა-გე-ბეს" თავმჯდომარის მოადგილეს და, იმავდროულად, საბჭოთა საგარეო დაზვერვის შეფს, ვლადიმერ კრიუჩკოვს ანდობდნენ. ამავე დროს, გაძლიერდა ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიტიკურად გამოუცდელ რაჯივზე. ამერიკელთა “ბოროტებაში” რომ დაერწმუნებინა, მოსკოვმა კვლავ ჩვეულ ხერხს მიმართა: 1987 წელს "კა-გე-ბემ" გააყალბა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ უებსტერის წერილი, სადაც, ვითომ, საუბარი იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის დისკრედიტირებისა და ინდოეთის საწინააღმდეგო ოპერაციებზე. ეს „დოკუმენტი“ საიდუმლო ვითარებაში რაჯივ განდის გააცნეს. პარალელურად, გააქტიურდა საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაობა ინდოეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების გადასაბირებლად. იმ პერიოდისთვის მთავრობის წევრი ოთხი მინისტრი და ინდოეთის პარლამენტის წევრთა თითქმის მესამედი (როგორც სახელისუფლებო, ასევე - ოპოზიციური პარტიებიდან) ყოველთვიურ „ჰონორარს“ "კა-გე-ბედან" და "გე-ერ-უდან" იღებდნენ. თავად ინდოეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახიც (თვით სიდედრის ჩათვლით) "კა-გე-ბედან" იღებდნენ სისტემატურ ფარულ დაფინანსებას.
ცნობილი მოსკოველი ჟურნალისტი ევგენია ალბაცი რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დანაშაულების შემსწავლელი ოფიციალური სახელმწიფო კომისიის წევრი იყო. ამიტომაც მას წვდომა ჰქონდა სკკპ ცკ-ას საიდუმლო არქივებზე. ევგენია ალბაცი არის ავტორი წიგნისა „სახელმწიფო სახელმწიფოში: კგბ და მისი გავლენა რუსეთზე“, სადაც მან მრავალი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა და საბჭოთა რეჟიმის მრავალი დანაშაულებრივი ფაქტი გამოამზეურა. სწორედ ევგენია ალბაცს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვიცით რაჯივ განდისა და მისი ოჯახის ფარული დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს შესახებ.
ირკვევა, რომ 1985 წლის დეკემბერის ბოლოს "კა-გე-ბეს" თავმჯდომარე ვიქტორ ჩებრიკოვმა სრულიად საიდუმლო მოხსენებით სთხოვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ რაჯივ განდის ოჯახის წევრებისთვის: სონია განდის (მეუღლე), რაჰულ განდის (ვაჟიშვილი) და ქალბატონი პაოლა მაინოს (სიდედრი –სონია განდის დედა) სხვადასხვა ანგარიშზე თანხის გადარიცხვის ნებართვა. სკკპ ცკ-ის 1985 წლის 20 დეკემბრის № 11228/3 საიდუმლო დადგენილების თანახმად, ვ. ჩებრიკოვმა თანხმობა მიიღო. საბჭოთა კავშირის მრავალმხრივი პოლიტიკურ-ფინანსური დახმარებების შედეგად, რაჯივ განდიმ შეძლო, 1984-1989 წლებში, შეენარჩუნებია ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საბჭოთა კავშირში, საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვიც ეწვია ინდოეთს და მათ თავიდანვე კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა: ორივემ ხომ ყველაზე კარგად იცოდა, თუ რა ფარული გარიგებები
მიხეილ და რაისა გორბაჩოვები და სონია და რაჯივ განდები
იმალებოდა საბჭოთა კავშირისა და ინდოეთის „მეგობრობის“ მიღმა. გარდა „კრემლიდან“ მიღებული ფინანსებისა, პრემიერ-მინისტრ რაჯივ განდის და მმართველი პარტიის („ინდოეთის ეროვნული კონგრესი“) ფარული დაფინანსების მეორე წყარო კორუფციული გარიგებებიდან მიღებული „ატკატები“ იყო.
„პოლიტიკურ-კორუფციული“ სკანდალებით ინდოეთი ყოველთვის გამორჩეული ქვეყანა იყო და არის. ერთ–ერთი ამგვარი ფაქტი 1989 წელს გახმაურდა და რაჯივ განდის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკარგვად დაუჯდა. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ იარაღის საერთაშორისო ბაზარი მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული სფეროა, სადაც ქრთამი და ფარული ანაზღაურება („ატკატები“) ხშირად ათობით მილიონ დოლარს აღწევს. ყველაზე დიდი კორუფციის ადგილი ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო და მთავრობის ის სტრუქტურები იყო, რომლებიც სამხედრო ტექნიკის შეძენაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
1989 წლის გაზაფხულზე რაჯივ განდის მთავრობის წევრმა, ფინანსთა მინისტრმა ვ. სინგჰმა გამოავლინა კორუფციის ფაქტი, რომელიც 1986 წელს ინდოეთის მიერ საარტილერიო იარაღის - (ჰაუბიცის) შეძენას ეხებოდა. ყველაფერი კი ამგვარად დაიწყო:
1984 წელს რაჯივ განდის მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ინდოეთის არმიისთვის 155 მმ ჰაუბიცების მიწოდებაზე. ტენდერზე წარმოდგენილი იქნა ორი ფრანგული ფირმა Sofma-ას და შვედური ფირმა Bofors-ის სატენდერო წინადადებები. დალუქული კონვერტების გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ ფრანგული ფირმის ფასიც და ჰაუბიცის საბრძოლო-ტექნიკური მახასიათებლებიც უკეთესი იყო, მიუხედავად ამისა, ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება Bofors-თან გააფორმა.
არსებული ინფორმაციით, 410 ცალი Bofors FH-77B-ის შესაძენად ინდოეთის მთავრობამ 8,4 მილიარდი შვედური კრონა ანუ, დაახლოებით, 1,2 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
Bofors FH-77B
ამ საეჭვო გარიგებაში მთავარი შუამავალი იტალიელი ბიზნესმენი ოტავიო კვატროჩი გახლდათ, რომელიც ფორმალურად ნავთობქიმიურ ფირმა Snamprogetti-ის წარმოადგენდა, თუმცა რეალურად ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისიდან კვატროჩი და მისი ოჯახი ძალზე დაახლოებული იყო რაჯივ განდის ოჯახთან. ამ დაახლოების საფუძველი სონია განდის (იგივე ედვიგა ანტონია ალბინა მაინო) იტალიური წარმომავლობა იყო.
1984 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ ოტავიო კვატროჩი გახდა სხვადასხვა ქვეყნის ფირმებსა და ინდოეთის მთავრობას შორის ბიზნესგარიგებების მთავარი შუამავალი. ამიტომ, ვისაც ინდოეთთან მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება უნდოდა, ოტავიო კვატროჩი უნდა მოეძებნა. მოხერხებული იტალიელი, რა თქმა უნდა, ალტრუისტი არ იყო და უანგაროდ არ „ჩალიჩობდა“: გაფორმებული კონტრაქტებიდან მიღებული „ატკატები“ მის საბანკო ანგარიშებზეც ირიცხებდა და „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ პარტიულ "შავ სალაროსაც“ ავსებდა.
ოტავიო კვატროჩი
გავრცელებული ინფორმაციით, Bofors-თან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულების 10% „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ პარტიულ "შავ სალაროს“ შეემატა. პრემიერ-მინისტრმა რაჯივ განდიმ კარგად იცოდა ამ ფარული სქემის შესახებ, რაც მოგვიანებით ინდოეთის მთავრობის ყოფილმა წევრებმაც დაადასტურეს. ამ კორუფციული სკანდალის სააშკაროზე გამომტანი, ინდოეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ვ. სინგჰი იხსენებდა, რომ 1989 წელს, ფაქტის გახმაურების შემდეგ, ოტავიო კვატროჩიმ რამდენჯერმე სცადა მასთან შეხვედრა, თუმცა მან უარი უთხრა. შემდეგ უკვე რაჯივ განდიმ სთხოვა ვ. სინგჰს შეხვედროდა „ბატონ კვატროჩის“. ფინანსთა მინისტრმა უარი თქვა გაჩუმებაზე, მაშინ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებულმა პირებმა ურჩიეს: თუ არ შეეშვები ამ საქმეს, სიცოცხლეს საფრთხეში ჩააიგდებო. ურჩი მინისტრი მალევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რის შემდეგაც მან „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ რიგები დატოვა.
1989 წლის ნოემბრის არჩევნებში რაჯივ განდის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ერთი წლის განმავლობაში რაჯივ განდი საპარლამენტო ოპოზიციას ხელმძღვანელობდა. დედის მსგავსად, რაჯივ განდიც ტერორიზმის მსხვერპლი გახდა, ის 1991 წელს მოკლეს, “თამილელი ვეფხვების” ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა.
მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს რაჯივ განდის ყვავილებით ხელდამშვენებული ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი მიუახლოვდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადმა დაცვამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ქალს დასაცავ ობიექტთან ახლოს მისვლის საშუალება მისცა. ამ ქალს კი, თურმე, "შაჰიდის ქამარი" ეკეთა. ტერორისტმა თავიც აიფეთქა და რაჯივ განდიც იმსხვერპლა. მაშინ გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 14-ს მიაღწია.
1991 წლის ნოემბერში შვეიცარიულმა ჟურნალმა Schweitzer Illustrate-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ შვეიცარიული ბანკების ანგარიშებზე რაჯივ განდის 2,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ( დაახლოებით, ორი მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი) ჰქონდა. სავარაუდოდ, ამ ანგარიშებზე ერთად იყო თავმოყრილი „განდების კლანისთვის“, როგორც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ფარულად გადარიცხული, ასევე, კორუფციული გარიგებებიდან მიღებული ფული. რაჯივ განდის მკვლელობის შემდეგ ამ „სუფთა კაპიტალის“ მფლობელ-განმკარგველი მისი ქვრივი, სონია განდი გახდა.
(პირველი ნაწილის დასასრული)