"კალაძე აგრძელებს ურბანულ გენოციდს..."სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა" - კვირის პალიტრა

"კალაძე აგრძელებს ურბანულ გენოციდს..."სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა"

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცნობით, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გაიცა.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია.

„თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, კახა კალაძე აგრძელებს ჩვენს ქალაქში ურბანულ გენოციდს. ადრე, სადაც სპორტის უნივერსიტეტი იყო, ხედავთ რა მდგომარეობა არის- ამ ტერიტორიაზე გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე. ახლა დამატებით გამოიყენეს აგვისტო და შედარებით მშვიდი პერიოდი იმისთვის, რომ კიდევ 12 სართული დაუმატონ ამ სამშენებლო სინდიკატს, რომელიც ჩვენს ქალაქს ანადგურებს და აქ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. სატრანსპორტო, ურბანული თვალსაზრისით, ეს ყველანაირად გაუმართლებელი გადაწყვეტილება არის, ვინაიდან 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა და დამატებით 20 ათასი კვ მეტრის დაშენება ამ ტერიტორიაზე, სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალაქის კიდევ უფრო სავალალო სიტუაციაში ჩაგდებას გამოიწვევს. ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, რომელიც არის მოსწრებაზე. ჩვენი ქალაქიდან ფულის ამოღებას ჩქარობენ არჩევნებამდე, რადგან იციან, არჩევნების შემდეგ ეს გენოციდი დამთავრდება. კარგად უნდა იცოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ყველა ასეთი კორუფციული პროექტი შეჩერდება, სადაც ეს ადამიანები: კალაძეები, ივანიშვილები, ღარიბაშვილები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები ჩვენი ქალაქის დამახინჯებას ცდილობენ“, - განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, დღეს საკრებულოში ასევე განიხილება იპოდრომის ტერიტორიის პროექტი, სადაც ბუაძის ინფორმაციით, 77-სართულიანი 6 ცათამბჯენი უნდა აშენდეს.

„კოალიცია - ძლიერი საქართველო" ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ. ვეწინააღმდეგებით ამ ურბანულ გენოციდს, ჩვენი ქალაქის დამახინჯებას. აბსოლუტურად ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქალაქის მაოხრებელი ადამიანების ნაბიჯები შევაჩეროთ, რომელიც ქალაქს გვართმევს“, - განაცხადა ბუაძემ.

"ინტერპრესნიუსი"