რას ასწავლის ბუნებაში განმარტოება მებაღე-პოლიტიკოსს
მებაღეობა მისთვის სასიამოვნო რამ არის. გულმოდგინედ უვლის საკუთარი ხელით გაშენებულ ბაღს და იქ გატარებული დრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ჩვენი სტუმარია პოლიტიკოსი ლევან ცუცქირიძე, რომელიც ასევე ოპოზიციონერი ლიდერია. მას ვესაუბრებით ბუნებისადმი დამოკიდებულებაზე, მებაღეობასა და ამ საქმეში წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებაზე.
- მებაღეობის სიყვარული ჩემში მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც სოფელ ნიჩბისში პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ. იმ ადგილს მხოლოდ ძალიან ლამაზი ხედი ჰქონდა, გარშემო კი ერთი ტრიალი მინდორი იყო კლდოვან გორაზე. ბუნებრივია, ასე ვერ დავტოვებდით და დავიწყეთ მისი განაშენიანება და გამწვანება...
ვფიქრობდით, რა მცენარეები დაგვერგო - ასე დაიწყო ჩემი ამ სამყაროსთან ურთიერთობა. მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა.
- არცთუ მცირე დროა...
- კი, მაგრამ ამას მებაღის თვალით თუ შევხედავთ, დიდი დრო სულაც არ არის.
მებაღეობა, საზოგადოდ, ბუნებასთან ურთიერთობა მოთმინებას გასწავლის.
ეს მეტად მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც აქედან გამომიმუშავდა. წლების განმავლობაში დავუახლოვდი ამ სამყაროს, მცენარეებს, და ვისწავლე მათი მოვლა. დაბარვა, მოთოხნა. ელემენტარული რაღაცები კი ვიცოდით, მაგრამ მებაღეობაში ბევრი რამის შესწავლამ მოგვიწია. მცენარემ რომ გაიხაროს, უამრავი რამ სჭირდება. მინდოდა მებაღეობა ისე წარმემართა, რომ არ გამომეყენებინა ჩვენთან გავრცელებული მავნე პრაქტიკა, რაც ნაყოფსა და ნიადაგს აზიანებს.
ქიმიური ნივთიერებებით გაზრდილი მცენარე ნაყოფს კი იძლევა, მაგრამ მისი ჭამა არ შეიძლება. გარდა ამისა, გარემოს გრძელვადიანად აზიანებს. მართალია, ჩვენ ფერმერები არა ვართ, პატარა ბაღს ვუვლით, მაგრამ მინდოდა ეს ყოფილიყო პასუხისმგებლობის ჩვენებაც ბუნებისა და გარემოს მიმართ.
- როგორი ნიადაგი დაგხვდათ?
- რთული, რადგან დიდი ხნის განმავლობაში დაუმუშავებელი იყო, ასევე კლდოვანიც. ხანგრძლივად ვერ ინარჩუნებს და სწრაფად კარგავს წყალს. ამიტომ მცენარეებს მოძლიერება უჭირთ, სანამ ზრდასა და ნაყოფის მოცემას დაიწყებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ორმაგი ძალისხმევა დაგვჭირდა. სამაგიეროდ ამდენი შრომის შემდეგ ყველა მცენარეს ვცნობთ, საგულდაგულოდ გვყავს გამოზრდილი, თითოეულის ხასიათი ვიცით და ისიც, რომელს რა სჭირდება. თუმცა შეცდომებიც დაგვიშვია.
- ამის გარეშე არ გამოდის...
- კი, მაგრამ გული გვწყდება. ხანდახან მცენარე ფუჭდება, ხანდახან ის არ გამოვა, რასაც ელი... სხვათა შორის, ჩვენს ბაღსაც ეტყობა, რომელი მცენარეებია გამოუცდელი მებაღის დარგული და რომელი - შედარებით გამოცდილის. ეს ყველაფერი ფორმირებაზე, ადგილმდებარეობაზეც იკითხება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვატყობთ.
- კარგია, როდესაც თავად ხართ ექსპერიმენტის ავტორები, თუმცა, ალბათ, მებაღეებთანაც დაგჭირდათ კონსულტაციები.
- დაგვჭირდა, მაგრამ ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, ამ მიმართულებით თანამედროვე ცოდნის საკმაოდ დიდი დეფიციტია. სადაც მიხვალ მაღაზიაში, თბილისსა თუ სხვა ქალაქში, ყველგან სტანდარტულ პასუხებს მიიღებ. უამრავ შხამქიმიკატს უწევენ რეკომენდაციას. არ ვიცი, სხვა რომელ ქვეყანაში შეიძლება ასე უკონტროლოდ იყიდებოდეს ქიმიური სასუქი. ამიტომ განათლებისთვის უფრო ონლაინრესურსებს ვიყენებთ.
ბევრი ვარდი გვაქვს, მათ შორის, ვარდების ცნობილი კოლექციონერის, დევიდ ოსტინის. მე და ჩემს ცოლს ძალიან გვიყვარს მისი ვარდები, ზოგჯერ მარტო სახელის გამოც გვიყიდია. მის ვებსაიტზე ამ მცენარეთა მოვლის შესახებ ბევრი სასარგებლო რჩევა ვნახეთ. პრაქტიკაც რაღაცებს გვასწავლის, თუმცა აქამდე რაც მოვახერხეთ, უმეტესად სანდო ონლაინწყაროების მეშვეობით და გამოცდილი მეგობრების დახმარებით, რომლებმაც რჩევები მოგვცეს.
- როგორც ვატყობ, ვარდები მეტად გიზიდავთ.
- დაახლოებით 60-მდე დასახელების ვარდი გვაქვს. არის ხვიარები, ბუჩქები... ასე რომ, მრავალფეროვანი კოლექცია დაგვიგროვდა, ვცდილობთ ვისწავლოთ დაკალმებაც. სანამ ყინვა დაიწყება, გვიან შემოდგომაზე მსუბუქად ვსხლავ, რათა ძალიან დიდი ნაზარდი არ დარჩეს ზამთარში. ასევე მთელ ბაღს ვწმენდ, რათა ყველაფერმა სუფთად დაიძინოს და გაზაფხულზე მისი დაბარვა არ გამიჭირდეს. შემდეგ გაზაფხულზე, თებერვლის ბოლოს, კარგად ვსხლავ ვარდებს და კვლავ ვასუფთავებ, სადაც დასამაგრებელია, ვამაგრებ, ვაცლი დაზიანებულ ტოტებს, ყლორტებს.
ვარდი როგორც კი პირველად გაიფოთლება, მაშინ ვწამლავ. მხოლოდ ბორდოს ხსნარსა და ორგანული ნიმის ზეთს (ბიოლოგიური ინსექტიციდი. - ლ. ფ.) ვიყენებ, ძირითადად ერთმანეთში ვურევ.
- რა პერიოდულობით წამლავთ?
- როდესაც თითოეული ნერგი ახალგაზრდა და სუსტი იყო, შეწამვლა უფრო ხშირად სჭირდებოდათ... ახლა ორ კვირაში ერთხელ ვწამლავ, მაგრამ უფრო მოძლიერებულ, 5-6 წლის ვარდებს - თვეში ერთხელ. ამის მიუხედავად, ზოგიერთს მაინც უჩნდება დაავადებები და შეიძლება ინდივიდუალურად ვუწამლო.
შემოდგომით და გაზაფხულზე მთელ ეზოს ვბარავ. ბუნებრივი სასუქი გადამწვარი ნაკელის სახით ნიადაგში ორ წელიწადში ერთხელ შემაქვს. ვარდების გარდა, ბევრი მარადმწვანე მცენარე გვაქვს - კიპარისები, ნაძვები, სხვადასხვა დეკორატიული მცენარე. ხეხილის პატარა ხეივანიც გავაკეთეთ, დავრგეთ ის, რაც გვიყვარს და გვჭირდება.
- საკმაოდ დატვირთული ხართ და გყოფნით დრო, რომ ბაღში იმუშაოთ და ყურადღება არ მოაკლოთ?
- ძალიან მშველის ის, რომ დილის ადამიანი ვარ. ადრე ვიღვიძებ და ძალიან სწრაფად შემიძლია სამუშაო ფორმაში ჩადგომა. ამიტომ დილის საათებს ვიყენებ იმისთვის, რისი გაკეთებაც მჭირდება. ბაღში სადღაც 7-ის ნახევრიდან 9-მდე ვმუშაობ, შესაბამისად, ბაღის საქმეებიც მიადვილდება. ასე ვიყენებ საათებს, როცა ქვეყანაში თითქმის არაფერი ხდება.
- წვეთოვანი სისტემა გაქვთ თუ მცენარეებს ხელით რწყავთ?
- წყალი ჩვენთან პრობლემურია, განსაკუთრებით ზაფხულში. არც ჭა გვაქვს, რადგან წყალი ძალიან დიდ სიღრმეზეა. ამიტომ ვიყენებთ იმ წყალს, რომელიც ზაფხულში პერიოდულად მოგვეწოდება. წვეთოვანი სისტემა აუცილებელია წყლის ეფექტიანად დასახარჯად, ძალიან გვშველის, თუმცა რაღაცებს ხელითაც ვრწყავთ.
- ეს ყველაფერი თქვენთვის რას ნიშნავს?
- ჩემთვის ფიქრის საუკეთესო საშუალებაა. ბარვა იქნება, გათიბვა, გასხვლა, გამარგვლა თუ დასუფთავება - მედიტაციის მსგავსი რამ არის, მარტო რჩები საკუთარ თავთან, გარემოსთან, სამყაროსთან. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი და ემოციური ფონისთვის, წონასწორობისთვის, საჩუქარია ბუნებისგან, რომელიც უნდა დაინახო. მებაღეობა სამყაროს ჭვრეტის შესაძლებლობასაც გაძლევს. ერთ პატარა ყვავილში შეგიძლია მთელი ცხოვრება დაინახო. მას ხომ ის ყველაფერი სჭირდება, რაც სიცოცხლეს დედამიწაზე - ჟანგბადი, წყალი, მიწა, მზე. ამიტომაც არის ჩემთვის ეს სამყაროს შეცნობის, სულიერი წონასწორობის მოპოვების, აღდგენის შესაძლებლობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის ესთეტიკაც. საქონელი საძოვარზე რომ მიდის თავისი ზანზალაკების წკარუნით, ამის ყურებას არაფერი სჯობს.
- ჩვენს მკითხველებში დამწყები მებაღეებიც იქნებიან, რას ეტყვით მათ?
- ვისაც აქვს შესაძლებლობა, უნდა სცადოს და ნახავს, ადამიანისთვის ამას რამხელა სულიერი და ესთეტიკური სიმდიდრე მოაქვს. არავინ თქვას, დრო არა მაქვს და ამიტომ არ გამომივა არაფერიო. ტელეფონის სქროლვის ნაცვლად, შეიძლება ხეს შემოუბარო და ამით უფრო კარგი საქმე გააკეთო. მიწასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ქართველისთვის განსაკუთრებით. ეს სამშობლოს აღმოჩენისა და სხვა დონეზე შეგრძნების შესაძლებლობაა. დამწყებ მებაღეებს ვეტყვი, რომ საჭიროა მოთმინება, მოთმინება და ისევ მოთმინება. ვფიქრობ, ეს მებაღეობის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. ერთხელ
ნერგების საყიდლად მებაღესთან ვიყავი მისული - დიდ ხეს შევხედე, ეს ხომ არ წავიღო და ბაღში დავრგო-მეთქი, და კარგი რამ მითხრა - ახალი ნერგის გაზრდაზე დიდი სიამოვნება არაფერიაო.
მართალია, როდესაც თვითონ ზრდი, ეს შენი დამოკიდებულებაა სამყაროს მიმართ. ეს უფრო მომწონს, ვიდრე სხვისი შრომის ნაყოფის ჩემს ბაღში გადარგვა... და კიდევ, არ დაგენანოთ მცენარის კარგად გასხვლა, მით უფრო, ვარდების. თავიდან მენანებოდა გაზრდილი ტოტების გადაჭრა, ვტოვებდი, მაგრამ მთავარი ის არის, ფესვში რა ხდება. ამიტომ მებაღე რაღაც გაგებით სასტიკიც უნდა იყოს, რათა სიცოცხლეს ძალა ფესვებში მისცეს.
ლალი ფაცია