როგორ მოვამზადოთ დუბაის შოკოლადი - კვირის პალიტრა

როგორ მოვამზადოთ დუბაის შოკოლადი

ბოლო კვირებში მეტად პოპულარული გახდა ე.წ. დუბაის შოკოლადი. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც მაყურებელს დამზადების რეცეპტებს სთავაზობენ. ბევრს გაუჩნდა დუბაის შოკოლადის გასინჯვის სურვილი. ზოგმა კონდიტერმა დაამზადა კიდეც და მომხმარებლებს გვარიან ფასადაც შესთავაზა. გთავაზობთ ამ პოპულარული დესერტის რეცეპტს, რომელიც ინტერნეტის ქართულ სეგმენტში ვირუსულად გავრცელდა.

ამისთვის საჭიროა 250 გ სუფთა შოკოლადი, კადაიფი 150 გ, ფსტის კრემი­­ 2 ს/კ, კარაქი 20 გ, საიდანაც ორ ფილას მივიღებთ. ცნობისთვის: კადაიფი ნახევარფაბრიკატის სახით იყიდება გაყი­ნულ მდგომარეობაში, პოლიეთილენის პარკსა და კოლოფში შეფუთული (1). საზოგადოდ, მისგან მზადდება ტრადიციული აღმოსავლური დესერტები, შესაძლებელია გამოყენება ატრიის სახითაც. ფსტის კრემიც იყიდება სავაჭრო ქსელში.

დუბაის შოკოლადის დასამზადებლად დაგვჭირდება ფილის ფორმის ყალიბები.

pageshoko2-1723878898.jpg

სუფთა შოკოლადი გავადნოთ და მისი ნახევარი თანაბრად გადავანაწილოთ ყალიბებში (2), შემდეგ კი მაცივარში მოვათავსოთ.

კადაიფი დუბაის შოკოლადის შიგთავსის მთავარი ინგრედიენტია. კარაქის ტაფაზე გადნობის შემდეგ, ტაფაზე გადავიტანოთ დაჭრილი კადაიფიც (3) და მოვურიოთ (4). დაახლოებით 7 წუთში მასა, რომელსაც თავდაპირველად უმი ვერმიშელის ფერი ჰქონდა, გამუქდება (5), ოღონდ ამ დროის განმავლობაში მუდმივად უნდა ვურიოთ, რათა არ დაიწვას.

pageshoko3-1723878898.jpg

გადმოვიღოთ მომზადებული კადაიფი, დავუმატოთ ფსტის პასტა და მასას კარგად მოვურიოთ (6). დაველოდოთ მის გაცივებას.

ყალიბებში, რომლების ძირიც უკვე დაფარულია გამაგრებული შოკოლადით (7), მიღებული შიგთავსი სრულად გადავანაწილოთ (8). ამის შემდეგ საჭიროა დაახლოებით 5 წუთით მაცივარში გაცივება, რათა შემდეგ გამდნარი შოკოლადის დარჩენილი ნახევარი თანაბრად გაიშალოს ფილების ზედაპირებზეც (9). გადავანაწილოთ ისე, რომ შიგთავსი შოკოლადით სრულად დაიფაროს (10) და ფილამ დასრულებული სახე მიიღოს.

pageshoko-1723878898.jpg

კიდევ ნახევარი საათით საყინულეში გაჩერების შემდეგ, ფილები ამოვიღოთ ყალიბებიდან (11) და დუბაის შოკოლადიც მზადაა (12).

გაამოთ!