რუსული პროპაგანდის ბინძური თამაშები - რატომ აშინებენ მოსახლეობას "ჭუჭყიანი ბომბებით"?! - კვირის პალიტრა

რუსული პროპაგანდის ბინძური თამაშები - რატომ აშინებენ მოსახლეობას "ჭუჭყიანი ბომბებით"?!

რუსეთ-უკრაინის ომის 900-ზე მეტი დღე-ღამის პერიოდში ერთი საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა - როგორც კი რუსეთის საოკუპაციო ძალებს გარკვეული პრობლემები ექნებათ ფრონტის ხაზზე, მაშინვე კრემლის კარნახით რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა ამოწევს... „ჭუჭყიანი ბომბების“ თემას - უკრაინა დღე-დღეზე „ჭუჭყიან ბომბებს“ გამოიყენებსო...

ასე იყო, 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუს ოკუპანტებს ხარკოვის ოლქიდან გაქცევა მოუწიათ და ასე გაგრძელდა 2023 წლის ივნისში, როდესაც უკრაინამ დიდი კონტრშეტევა წამოიწყო და ასე ხდება დღესაც, როდესაც უკრაინის არმიის დანაყოფები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს აკონტროლებენ კურსკის ოლქში...

რა არის "ჭუჭყიანი" ბომბი?

ჩვეულებრივ კონტეინერს, რომელშიც მოთავსებულია მაღალრადიოაქტიური იზოტოპები, დამონტაჟებული აქვს მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა მხოლოდ იმიტომ, რომ აფეთქების ძალამ კონტეინერის კონსტრუქცია დაშალოს და იზოტოპები რამდენიმე ათეულ ან ასეულ მეტრში მიმოფანტოს, მერე კი ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგედიას უხილავი რადიაცია გააგრძელებს.

1-chuchqiani-1723887809.jpg
მხატვრის თვალს ასე წარმოუდგენია კუსტარულად დამზადებული „ჭუჭყიანი ბომბი“...

გასაგებია, რომ ამ დროს არ იწყება ჯაჭვური რეაქცია და არ ხდება ბირთვული აფეთქება.

"ჭუჭყიანი" ბომბის განმარტებაც პირობითია და ის მსოფლიოში, ძირითადად, ჰოლივუდურმა მძაფრსიუჟეტიანმა მხატვრულმა ფილმებმა გაავრცელეს. შვარცენეგერისა თუ სტალონეს კინოგმირები წარმატებით ანადგურებენ საერთაშორისო ტერორისტებს, რომელთაც "ჭუჭყიანი" რადიოაქტიური ბომბის აფეთქება ნიუ-იორკის ცათამბჯენზე ან ვაშინგტონის მეტროში სურდათ, მამაცი და ძლიერი პერსონაჟები კი ამერიკელ მოქალაქეებს დიდ განსაცდელს არიდებენ. სინამდვილეში "ჭუჭყიანი" ბომბის კუსტარულად დამზადება, სამწუხაროდ, არცთუ ძნელია - მთავარია მაღალრადიოაქტიური იზოტოპების შოვნა.

იონიზირებადი გამოსხივების გამოყენებით შექმნილ ასაფეთქებელ მოწყობილობას რადიოლოგიურ იარაღსაც უწოდებენ და სანამ ათასი ჯურის პოტენციური თუ რეალური ტერორისტი მისი საშუალებით ქალაქების "გაჭუჭყიანებას" მოიფიქრებდა, დიდი სახელმწიფოები მის შეიარაღებაში მიღებაზეც კი ფიქრობდნენ.

2-chuchqiani-1723887808.jpg
„პიონს“ შეუძლია ასეთი,203 მმ კალიბრის 2 კილოტონა (ორი ათასი ტონა) ტროტილის სიმძლავრის РД5-1 ტიპის ბირთვული ჭურვის გასროლა 18-დან 30 კმ სიშორეზე...

გუშინდელი დღიდან, თითქოს ერთი პირი შეკრესო, ყველა რუსი სამხედრო ბლოგერი და სხვა რუსული საინფორმაციო საშუალებები იმას გაიძახიან, რომ უკრაინის არმია თითქოს კურსკისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების წინააღმდეგ სწორედ ასეთი „ჭუჭყიანი ბომბების“ გამოყენებას აპირებს.

ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერი თავის უცოდინრობით იქამდეც კი მივიდა, რომ ამტკიცებს-კურკის ოლქში უკრაინულმა დანაყოფებმა „პიონის“ ტიპის მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარები სპეციალურად შეიყვანეს, რომ მათი საშუალებით კურსკის ატომურ სადგურს „ჭუჭყიანი ბომბები“ ესროლონო...

„პიონს“ მართლაც შეუძლია 203 მმ კალიბრის 2 კილოტონა (ორი ათასი ტონა) ტროტილის სიმძლავრის РД5-1 ტიპის ბირთვული ჭურვის გასროლა 18-დან 30 კმ სიშორეზე, მაგრამ უკრაინას ბირთვული ჭურვები შეიარაღებაში არ აქვს (ისევე, როგორც არ ჰქონდა ქართულ არმიას აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხუთი „პიონიდან“ მოწინააღმდეგეს 600-ზე მეტი 110 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი ესროლა), იმის მტკიცება კი, რომ „პიონიდან“ კუსტარულად გადაკეთებული „ჭუჭყიანი ჭურვების“ გასროლა შეიძლება, არასერიოზულია...

კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიერ „ჭუჭყიანი ბომბების“ თემის ხელახლა წამოწევა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსული მხარე როგორც კურსკის, ისე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე მორიგ პროვოკაციებს გემავს, რომლებსაც უკრაინას დააბრალებს-მიაჩნიათ უკრაინის სპეცსამსახურებში.

ამის, ერთგვარ დასტურად იქცა, 11 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ერთ-ერთ გრადირნიაში (ატომური რეაქტორების წყლით გაგრილების სისტემის ნაწილი) გაჩენილი ხანძარი შავი კვამლით.

თავდაპირველად რუსულმა მხარემ უკრაინელები დაადანაშაულა გრადირნიასთვის რაკეტის მოხვედრაში, თავის მხრივ კიევი ამტკიცებდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა პროვოკაციისთვის ძველი საბურავები შეიტანეს გრადირნიაში და მათ წაუკიდეს ცეცხლი.

3-chuchqiani-1723887808.jpg
ისტორიული ფოტო-1953 წელს ნევადის პოლიგონზე ამერიკულმა 280 მმ კალიბრის ქვემეხიდან გასროლილი 15 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის ატომური ჭურვის აფეთქების მომენტი...

მოგვიანებით, ამ გრადირნიის „მაგატეს“ დამკვირვებლების მიერ დათვალიერებისას გაირკვა,რომ გრადირნიას არც უკრაინული რაკეტა მოხვედრია და არც დამწვარი საბურავების კვალი იყო დარჩენილი,მაგრამ უფრო დეტალური შემოწმების უფლება რუსმა სამხედროებმა უცხოელ დამკვირვებლებს აღარ მისცეს.

არ გამოირიცხება, რომ გრადირნიის შუაგულში რუსმა სამხედროებმა აამოქმედეს სპეციალური, სამხედრო დანიშნულების საკვამლე კოჭები (რომლებიც გამოიყენება ფრონტის ხაზზე კვამლის ღრუბლების შესაქმნელად და მის საფარქვეშ ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ფარულად გადასაადგილებლად), ხოლო შემდეგ მათი კვალი მოსპეს.

„ჭუჭყიანი ბომბების“ სპეციალურად გამოყენების გარეშეც უკრაინის ფრონტი ისედაც უკვე დაბინძურებულია რადიოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სამხედრო დანიშნულების ტექნიკის დიდ ნაწილში, მათ შორის ტანკებში, ჯავშანმანქანებში, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებში, ასევე თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებში დამონტაჟებულია ხელსაწყოები, რომლებიც შეიცავენ მცირე სიმძლავრის რადიოაქტიურ ნივთიერებებს და როდესაც ეს ტექნიკა ბრძოლის ველზე იწვის და ფეთქდება, რადიოაქტიური ნივთიერებების ნაწილაკები ხვდება გრუნტში, წყალში და აბინძურებს გარემოს...