"ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ - თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია?!.. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოში უნდა გამეგრძელებინა საქმიანობა" - 32 წლის მედიცინის დოქტორის გზა სენაკიდან მსოფლიოს წამყვან კლინიკებამდე
"ოფთალმოლოგიაში საკმაოდ ბევრი პათოლოგია საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტი მათ მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როდესაც მხედველობა უკვე შეუქცევადადაა დაკარგული. მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის პათოლოგიები აუცილებლად საჭიროებს სისტემატურ ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას... 40 წლის ზევით კი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი... მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება, გაორება, თვალების ტკივილი და მოჭერის შეგრძნება, ნათებები და შავი წერტილები თვალების წინ, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა - ის სიმპტომებია, რომლის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი,“ - აღნიშნავს 32 წლის ანა დვალიშვილი, ოფთლამო-ქირურგი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ახალგაზრდა ხელმძღვანელი.
როგორც ანა დვალიშვილი გვეუბნება, თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება ჯანმრთელი თვალების მოვლა და მხედველობის შენარჩუნება. სტრესი, არასწორი კვება, სპეციფიკური სამუშაო პირობები, დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები, ხშირად თვალის სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. ინტერნეტი და კომპიუტერი 21-ე საუკუნის ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, იხვეწება მკურნალობის მეთოდები და თვალის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკის ტექნოლოგიები. თვალის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობენ მისი კლინიკის ექიმები.
ამჟამად ანა დვალიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე მასაჩუსეტსის თვალის კლინიკაში იმყოფება, სადაც გლაუკომისა და ბადურას ქირურგიის მკურნალობის ახალ მეთოდებს ეცნობა. ატარებს ყველა სირთულის ქირურგიულ მკურნალობას თვალზე.
- სენაკში დავიბადე და სკოლა სენაკში დავამთავრე. ბებია და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ. დედა ექიმია, ამიტომ ბავშვობიდან მქონდა შეხება პაციენტებთან, მაგრამ ოფთალმოლოგობაზე თავიდან არ მიფიქრია. ეს სტუდენტობის ბოლო წლებში მოხდა... სამედიცინოს სტუდენტისთვის, შემდგომი პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული საკითხია და ხშირად ძნელია გადაწყვეტილების მიღება. გამიმართლა, ჩემი პროფესია ყოველდღიურად უფრო და უფრო მიყვარდება, რაც ნაწილობრივ ალბათ ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა.
- სწავლა თავიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყეთ?
- დიახ, 2009 წელს ჩავაბარე. 2015 წელს სწავლის დასრულების შემდეგ მინსკში, რეზიდენტურაში, კონკრეტულად, ოფთალმოლოგიის მიმართულებით დავიწყე სწავლა. მინსკის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში ორ წელიწადზე მეტი გავატარე. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე. გავიცანი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბელორუსის მთავარმა ოფთალმოლოგმა, ტატიანა იმშინეცკაიამ, რომელიც ჩემთვის მაგალითის მომცემა. ოფთალმოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში დიდი დახმარება გამიწია. დღესაც ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებთ, სწორედ ის არის ჩემი სამეცნიერო სადისერტაციო ნაშრომის თანახელმძღვანელი.
- შემდეგ იყო თურქეთის თვალის აკადემია, ხომ?
- დიახ და პარიზის გლაუკომის უნივერსიტეტი, ასევე ვენის ჰანუშ კრაკენჰაუსის კლინიკა - ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებით. კარიერული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო კატმანდუში - ნეპალის თვალის ინსტიტუტში გატარებული 6 თვე, როდესაც თვალის უკანა მონაკვეთის ქირურგიას დავეუფლე. რთული იყო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე. რამდენიმე თვის წინ ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად კატმანდუში მონაწილეობა მივიღე პროექტში, რომლის მიზანია ნეპალში სიბრმავის დამარცხება. გააგრძელეთ კითხვა