"ჩემს "ისტორიაში" მაქსიმალურად რაინდული ამბებია. ერთხელ ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გოგოს გამო დამაკავეს" - რატომ ეგონათ დიტო ქისიშვილი კუკიელი კრიმინალი
ასაკი: 38 წლის.
განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი, ასევე - კონსერვატორიის ექსპერიმენტული აკადემია.
ამჟამინდელი საქმიანობა: მომღერალი.
ჰობი: ექსტრემალური სპორტი.
ცხოვრების დევიზი: "აკეთეთ ყველაფერი სიყვარულით!"
- დიტო, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?
- ვცდილობ, საკუთარი თავი მოღიმარი, პოზიტიური დავინახო - ჩემი დილა ასე დაიწყოს, რადგან მერე, განწყობა მთელ დღეს მიმყვება. შესაბამისად, გარშემო მყოფებსაც გადაედებათ ხოლმე. თუმცა ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ იქნები ადამიანი. როცა ცოტათი ნეგატიურ განწყობაზე ვარ, სარკეშიც კი არ ვიყურები - არაპოზიტიურ განწყობაზე მყოფი საკუთარი თავი დიდად არ მომწონს.
- ნეგატიურ განწყობას როგორ უმკლავდები?
- ასეთ დროს მუსიკა დიდ როლს თამაშობს - ძალიან მშველის. კიდევ, ძველი სატელევიზიო სპექტაკლების ყურება მიყვარს. ასევე, მაქსიმალურად ბევრს ვკითხულობ... ასეთ პერიოდში, სხვანაირად ვვითარდები და ახალ ძალას ვიძენ.
- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?
- რა თქმა უნდა, მეგობრებს, რადგან ვცდილობ, დღის განმავლობაში ბევრი მეგობარი, ნათესავი მოვინახულო. ჩემთვის ტერმინი "შორეული ნათესავი" არ არსებობს - თუ ვინმეს "ჩემი ნათესავი" ჰქვია, ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ძვირფასია. შეიძლება ქარელის რაიონში ცხოვრობდეს, უცბად "შარიკი გადატრიალდეს", ავდგე და მასთან ჩავიდე, მოვინახულო, რადგან ჩემთვის ნათესაური კავშირები მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ძირითადად, მაინც საკუთარ თავს ვესაუბრები, რადგან ჩემ მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე საკუთარ თავთან კითხვა-პასუხი მაქვს. მაგალითად, თუ თავი ზედმეტად გადავღალე, შემდეგ უკვე სიმღერას ვიწყებ გულში, ჩუმად... ყველამ იცის, რომ ბოლო 10 წელია, მოტოციკლეტზე ვზივარ. როცა ბიჭებს შორ გზაზე წასვლა გვიწევს და წინ გავასწრებ ხოლმე, შემდეგ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი - გიორგი ელიზბარაშვილი ზუსტად მეუბნება, რომელ ლოკაციაზე რა სიმღერას ვმღეროდი - ზუსტად "არტყამს", რადგან ჩემი რეპერტუარი იცის, რას შეიძლება ვღიღინებდე. ერთად დროს ხშირად ვატარებთ. ძალიან მაგარ ტექნიკურ სამუშაოებს (მაგალითად, ლითონთან მუშაობა, მოტოციკლეტის დაშლა-აწყობა) ასრულებს. უმაღლესი კლასის პროფესიონალია. ასეთი სამუშაოები მეც მიტაცებს. გიორგისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. საქმიანობის პროცესში, თუ არ ვლაპარაკობ, აუცილებლად რაღაცას ვღიღინებ...
- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?
- უი, ამას ვერ ვიტყვი (იცინის)... გიორგი რომ ვახსენე, ერთადერთი, მას ბევრი უხეში "კლიჩკა" აქვს "აწყობილი" ჩემზე, მე კი - მასზე. ჩვენი მიმოწერები რომ ნახო, გაგიჟდები! ვერ გამოვწვრთენი და რა ვუყო, არ ვიცი...
- ბავშვობაში რა მეტსახელები გქონდა?
- მაგალითად, მეძახდნენ "ქიტესას", "კიტრანას"... ბავშვობაში ცოტათი წვეტიანი თავი მქონდა. როგორც ჩანს, ჩემს გადაპარსულ თავზე წვეტი დაინახეს - უბნელმა ჯაყომ "კიტრანა" დამარქვა. "ქიტესას" გვარის გამო მეძახდნენ, ცოტა ხნით - "ქისისაც"...
- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?
- ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ სადღაც "წითელი ხაზი" არის. მყავს საუკეთესო მეგობრები: ბევრი ბავშვობიდან მომყვება, ბევრი - შეძენილია... ადამიანებთან ურთიერთობისას ვცდილობ, ნდობის მაღალი ხარისხი მქონდეს. ამიტომ ვფიქრობ, როგორიც ხარ, ცხოვრებაში ისეთი ხალხი გხვდება. მადლობა ღმერთს, უმეტესად დადებითი, კარგი ადამიანები მხვდებიან. ისეთიც გამოერევა ხოლმე, უცებ რომ "შემოირბენს" და "გაიქცევა": არის შემთხვევები, როცა ვიღაცის ადგილი შენთან არის, ვიღაც კი ხვდება, რომ აქ მისი ადგილი არაა და თავად მიდის. საერთოდ, მწარე-მწარე ლაპარაკი არ მიყვარს, პირიქით - ვცდილობ, ჩემი ენა თაფლივით და შაქარივით იყოს, მაგრამ უიშვიათეს შემთხვევაში, შეიძლება ერთი მწარე ვთქვა და ამით ქვა გავხეთქო, თუმცა ვცდილობ, ამ ნათქვამის შემდეგ, სიტუაცია მაინც დავატკბო, რადგან არ მინდა, შორს წასული ადამიანი უკან რომ გამოიხედავს, ჩემკენ თითი გამოიშვიროს და ცუდი თქვას ჩემზე...
- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენია?
- კი, კაცო, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ზუსტად არ მახსენდება. განსაკუთრებულად სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია, პირიქით - ჩემს "ისტორიაში" მაქსიმალურად რაინდული ამბებია. ერთხელ ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გოგოს გამო დამაკავეს.
- შეგიძლია, ამ ამბის შესახებ გვიამბო?
- 17-18 წლის ვიყავი. ვარკეთილიდან (სადაც მეგობართან ვიყავი) ოპერის თეატრში მივდიოდი, რომ სპექტაკლი - "ტრავიატა" მენახა. ცარიელ სამარშრუტო ტაქსიში, სულ ბოლო, უკანა სავარძელში ვიჯექი. ვარკეთილის ხიდებთან 16 წლის ძალიან ლამაზი, საყვარელი გოგონა ამოვიდა და ჩემ წინ დაჯდა... "300 არაგველზე" ჩავიდა, მგზავრობის საფასური გადაიხადა და კარი დახურა. დაკეტვისას კარმა ცოტათი დაიბრახუნა. "მარშრუტკის" მძღოლმა გოგონას ძალიან უწმაწურად შეაგინა. არ ვიცი, იმან რა გაიგონა, მობრუნდა: - ბიძია, მე მითხარით რამეო? მძღოლმა არც აცია, არც აცხელა და შვილიშვილისტოლა გოგოს ისეთი საზიზღარი სიტყვებით აგინა, რომ ჩემი ცხოვრების პალიტრაში მსგავსი ტიპის გინება არ მომისმენია. გოგონა გაშრა მოულოდნელობისგან, შეურაცხყოფისგან... ვერ მიხვდა, რის გამო ხდებოდა, რაც ხდებოდა. იმ დროს მე კი არა, ნებისმიერი, ვისაც "ადამიანი" და "ვაჟკაცი" ჰქვია, ასე მოიქცეოდა: "მარშრუტკიდან" ჩავედი, მძღოლს კარი გავუღე, გადმოვიყვანე და ძალიან ცუდად ვცემე... დამაკავეს. ისნის განყოფილებაში 1 დღე მეც მიბარტყუნეს... გოგოს გარე, ქუჩის ტელეფონიდან დედისთვის დაურეკავს, დედას - მაშინვე ქმრისთვის შეუტყობინებია ყველაფერი, რაც მოხდა. გოგონას მამა ისანი-სამგორის პროკურორი აღმოჩნდა. მომძებნეს და ისნის განყოფილებაში მიპოვეს - ბავშვს ხელი არ დააკაროთო. მოკლედ, იმ გოგონას მამამ გამომიყვანა.
- გოგონასთან კონტაქტი, მეგობრობა განაგრძე?
- გარკვეული პერიოდი, ამ ფანტასტიკურ ოჯახთან ურთიერთობა მქონდა. აღმოჩნდა, რომ გოგო აბიტურიენტი იყო და "300 არაგველზე" რეპეტიტორთან მიდიოდა. თავდაპირველად, მამამისსაც და მის მეგობრებსაც ეგონათ, რომ მოჩხუბარი, კუკიელი კრიმინალი ვიყავი. შინ ვახშამზე დამპატიჟეს. სახლში როიალი ჰქონდათ. როიალთან დავჯექი, ნეაპოლიტანური სიმღერები ვიმღერე... იქ მყოფი ერთ-ერთი იურისტი კაცი ჩემს სადღეგრძელოს ამბობდა: ჩვენს ქვეყანაში, აი, ასეთი ვაჟკაცები და რაინდები რომ არიან, ჩვენც არ გვეშინია, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი გოგონები დაიჩაგრებიან ისეთი მამაძაღლების ("მარშრუტკის" მძღოლს გულისხმობდა) მხრიდან - რაინდი თაობა გვეზრდებაო! თან, თითს ჩემკენ იშვერდა... შემდეგ დაამატა - ოღონდ, შვილო, იცოდე, ეს კრიმინალური ცხოვრება არ გარგებს. ჯობია, ისწავლო, სადღაც ჩააბარო, სწავლული გახდეო... სათქმელის დასრულება ვაცადე, მერე კი ვუთხარი, - ახლა მეც მომისმინეთ-მეთქი: კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადები, "მარშრუტკით" ოპერის თეატრში მივდიოდი, რომ სპექტაკლი მენახა, კრიმინალთან შეხება არ მაქვს. იმ სიტუაციაში ნებისმიერი ადამიანი ჩემსავით მოიქცეოდა, ვისაც სინდის-ნამუსი აქვს, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია-მეთქი... ამის თქმის შემდეგ, ჩემმა "ლეველმა" უკვე აიწია (იცინის)... იმ ფანტასტიკურ გოგონასთან გარკვეული პერიოდი, მჭიდრო კონტაქტი მქონდა. სამწუხაროდ, დიდი ხანია, არ მინახავს. ხომ იცი, დრო თავისას შვრება - რაღაცნაირად, ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ კარგ მოგონებად დარჩა. უკვე 20-21 წელია გასული...
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- კი, ასეთი სიტუაციები არის ხოლმე. მაგალითად, ჩხირკედელაობა ბავშვობიდან მიყვარს. უსარგებლო მაშინ მგონია თავი, როცა სახლში რაღაცაა გასაკეთებელი, "ჩალიჩს" დავუწყებ, მაგრამ არ გამომდის. ასეთ დროს საქმეში ჩემი მეგობარი - გიორგი ერთვება, რომლის ხელიდანაც არ არსებობს, რამე არ გამოვიდეს. თუ დასჭირდა, კანადიდან "ამოაგდებს" ინფორმაციას, რაც აინტერესებს. მოკლედ, გიორგი მეხმარება, თან - მასწავლის, მაგრამ სანამ მას დავურეკავ, მანამდე თავი უსარგებლო მგონია.
- როგორ ფიქრობ, შენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხარ?
- ბოლო პერიოდში, თუნდაც კომენტარს რომ მიწერენ, "გულიანოს" ამატებენ. ამის გამო, ცოტათი მეტირება. ეტყობა, ასაკშიც რომ შევდივარ, ამის ბრალია. თან მსიამოვნებს, მომწონს, რომ ადამიანები ხედავენ, რა ტიპიც ვარ. უგულოდ არაფრის კეთება არ შემიძლია. მგონია, უგულოდ გაკეთებული საქმე სანახევროდაა გაკეთებული. შეფასება - "გულიანო" - მომწონს და თან, რატომღაც, მეშინია...
- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?
- ადრე მთიულური ჯიუტობა მახასიათებდა. როცა ადამიანს საკუთარი თავი სულ მართალი ჰგონია, ეს ცოტათი მეგოიმება. ჩემი ერთი გოგონა 12 წლისაა, მეორე - 8-ის ხდება. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც ძალიან მსიამოვნებს. ამიტომ ადამიანი ყოველთვის მართალი ვერ იქნება. შეიძლება, შენზე ასაკით ბევრად უმცროსისგან ბევრი რამ ისწავლო, შენი გამოცდილების, პრაქტიკის მიუხედავად... ასე რომ, სიჯიუტე, რაც ძველ დროს მქონდა, აღმოვფხვერი და კომპრომისზე წასვლა ვისწავლე. საკუთარ თავზე მუშაობა ყველაზე დიდი სიამოვნებაა, რადგან თუკი შენს პიროვნებას "ძერწავ", უნდა ჩაუღრმავდე, რა არის შენში დადებითი, რა - უარყოფითი, რა გავნებს და რა - არა... ამჟამინდელ უარყოფით თვისებას რაც შეეხება, ისაა, რომ შეიძლება სათქმელი მქონდეს, მაგრამ ადამიანი დავინდო და არ ვუთხრა, თუმცა ამით ჩემს თავს ვვნებ, რადგან რაღაც რომ არ ვუთხარი და წამოვედი, ვინერვიულე. ახლა "ვჩალიჩობ", რომ შუალედი "დავიჭირო", ანუ დელიკატურად, "რბილად" ვუთხრა, რომ არ ეწყინოს - მეც არ დამრჩეს გულში და მანაც გაიგო, რომ ასე აღარ მოიქცეს, ასე აღარ თქვას ჩემთან...
- ემოციებზე კონტროლის უნარი რამ შეიძლება, დაგაკარგვინოს?
- უსაქციელობა, უზრდელობა საშინლად მაბრაზებს. ადამიანი თავხედი არ უნდა იყო. დიდი საბიძაშვილო მყავს. ყოველთვის გამორჩეული, აქტიური ბავშვი ვიყავი. შესაბამისად, ბიძები შაირებს, გინებებს მე მასწავლიდნენ. 10 წლამდე მწარედ ვიგინებოდი. შემდეგ ჩემში რაღაც გარდაქმნა მოხდა და საკუთარ თავში ეთიკის ძალიან მაღალი ნორმა "დავიჭირე". გინება მძულს. ერთადერთი, თუ ცოტათი ნასვამი ვარ და რაღაც "ისეთი" ვნახე, შეიძლება, ერთი "შევიკურთხო". სხვათა შორის, პაპაჩემიც ასეთი იყო: 85 წლისა ისე გარდაიცვალა, მისგან გინება არ გაგვიგონია. ერთადერთი, ამას იტყოდა ხოლმე, - შე კეთილძაღლოო!.. ჩემთვის უცენზურო საუბარი მიუღებელია. სამწუხაროდ, დღესდღეობით, გინებაში გოგონებმა ბიჭებს "გაასწრეს". აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რომ მათ ნაცვლად მრცხვენია, რადგან ქალის პირიდან ამოსული ბილწი სიტყვა მას გარეგნულ სილამაზეს, ქალურობას აკარგვინებს - ლამაზად ვეღარ აღვიქვამ.
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- სიყვარული. წეღან ვთქვი, - არც ერთი საქმის უგულოდ გაკეთება არ მიყვარს-მეთქი. შეიძლება, 1-2 საქმე მხოლოდ ვალდებულების გამო გამიკეთებია, მაგრამ - პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით. რაც შეეხება ურთიერთობას (ჩემს საქმესთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, შვილებთან, ოჯახთან, ეკლესიასთან, რწმენასთან...), სარჩულად ყველაფერს სიყვარული უდევს. სიყვარულის გარეშე ცხოვრებაში არაფრის კეთება არ მინდა...
ეთო ყორღანაშვილი