"ეს უეჭველად გოგო იყო წინა ცხოვრებაში, ან ვიღაც "ჩამშვები" გვყავსო... შეყვარებული მყავდა, მაგრამ პარალელურად, "გოგოლოგობა" "მომაკერეს"
"არავის ვაკნინებ, მაგრამ ჩემთვის კარგი არ არის, "ლაივში" ვიჯდე და ვიძახო, - ფული ჩამირიცხე, ლომი დამირტყი-მეთქი"
კარგა ხანია, რაც 31 წლის თორნიკე რევია სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია: გოგონების, მათთან დაკავშირებულ ამბებზე ხშირად ხუმრობს. სიტუაციებს ისე ზუსტად აღწერს, რომ ხალხმა "გოგოლოგიც" კი შეარქვა... გადავწყვიტე, ცნობილი "გოგოლოგი" მკითხველებისთვის უკეთ გამეცნო...
- ალბათ, როგორც "ტიკტოკერების" უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც პანდემია იყო ის მიზეზი, რის გამოც აქტიურობა დავიწყე. თან, ჩემი სამუშაო სფერო (იუმორისტი ვარ) ისეთია, რომ პლატფორმა გჭირდება, რათა რაღაცები აკეთო, ხალხი გააღიმო, გააცინო... იმ პერიოდში, აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილი იყო. პანდემიის დაწყებამდე, ამ ტიპის ვიდეოებს გოგონების შესახებ "ფეისბუკზე" ვდებდი - ბევრი "ნახვა" მქონდა. შემდეგ მეგობარმა მირჩია, "ტიკტოკი" მეცადა... განსაკუთრებული მიზანი არ მქონია, რომ მაგალითად, პოპულარული გავმხდარიყავი, ხალხის სიყვარული დამემსახურებინა. უბრალოდ, ახალი საშუალება მომეცა, ვიდეოები ხალხამდე მიმეტანა.
- შენს ვიდეოებს თავიდანვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა?
- ყველაზე სასაცილო და კარგი ეგ არის, რომ ნეგატიური კომენტარი არასოდეს დაუწერიათ. ყველაზე ხშირი კომენტარი ესაა: წინა ცხოვრებაში, ეს უეჭველად გოგო იყო ან ვიღაც "ჩამშვები" გვყავსო (იღიმის)... უკვე 3 წელია, ვიდეოებს სისტემატურად ვაქვეყნებ და ყოველთვის დადებითი გამოხმაურება აქვს.
- ვიდეოებისთვის ხუმრობების ბაზას საიდან, როგორ ქმნით? ხუმრობით "გოგოლოგსაც" კი გეძახიან...
- უბრალოდ, გარეთ რომ გახვალ, ცოტათი ყურადღებით უნდა იყო, რა. შეიძლება, 2 დაქალი მიდის და ისეთ თემაზე საუბრობს, რომ ვიდეოსთვის იდეა "დაიჭირო", პირობითად - დაქალი დაქალს ეუბნება, - გოგო, 1-2 დღე არ მივწერ. სამაგიეროდ, მერე კარგ რამეს მაჩუქებსო. შეიძლება, უბრალოდ, გოგონებს უკან მიჰყვებოდე, მათი საუბარი დაგამახსოვრდეს, მერე კი ვიდეო ჩაწერო. რა თქმა უნდა, გოგო მეგობრებიც მყავს, რაღაცებს ისინიც მეუბნებიან. მოკლედ, იდეის აღება ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება. პლუს, სცენარის წერის მხრივ გამოცდილება მაქვს და რაღაცებს თავადაც ვიგონებ, რაც მგონია, რომ შეიძლება, რეალურად ასე იყოს.
- თავისთავად გამახსოვრდება თუ გოგონების ურთიერთობას მიზანმიმართულად თვალყურს ადევნებ?
- პირველივე ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა. მერე, რაღაც რომ მომაფიქრდებოდა, ვიწერდი, შემდეგ კი ვიდეოს ვიღებდი. ახლაც ბევრი თემა მაქვს ჩამოწერილი და ნელ-ნელა გადავიღებ. მაგალითად, ახლა დავჯდები და ვიფიქრებ, რას აკეთებენ გოგოები სოფელში, რომ თავიანთ პეწს იქაც არ კარგავენ. შეიძლება, გოგო მსხლის მოსაკრეფად მიდიოდეს, მაგრამ ხომ უნდა ჩაიცვას, გამოიპრანჭოს, დაახლოებით 20 სურათი "დადოს", სანამ მსხალს მოკრეფს და მოიტანს (იღიმის)?
- შენი "გოგოლოგობა" აშკარა რომ გახდა, შეყვარებული უკვე გყავდა?
- შეყვარებული მყავდა, მაგრამ პარალელურად, "გოგოლოგობა" "მომაკერეს".
- თქვენს ვიდეოებზე როგორი რეაქცია აქვს?
- ჩვეულებრივი. მან იცის, რომ ეს ყველაფერი მასზე არაა. "ტიკტოკის" მომხმარებელი არ არის. ძირითადად, ჩემს ვიდეოებს არც უყურებს, რაც ხანდახან მწყინს (იცინის).
- თქვენი ურთიერთობიდან ვიდეოსთვის იდეა, თუნდაც - მცირე დეტალი არასოდეს აგიღია?
- თავად ხშირად მეუბნება, რაღაცებს იღებო, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე არაა. შეიძლება, სხვისი ურთიერთობიდან ამიღია, მაგრამ ჩვენსას დამთხვევია. მაგალითად, რაღაც ვიდეო რომ გადამიღია, შემდეგ ზუსტად იმავე სიტუაციაში აღმოვჩენილვარ (იცინის).
- შეყვარებულთან ურთიერთობის კრიზისულ პერიოდში თუ დაგხმარებია "გოგოლოგობა"? მაგალითად, გაგითვლია, რა ნაბიჯი გადაგედგა შესარიგებლად?
- აუ, არა. ჩემი ვიდეოები ზოგადია, მაგრამ ყველანი ხომ ინდივიდუალურები ვართ, არა? ჩემი შეყვარებულიც ინდივიდუალურია და მხოლოდ მე ვიცი, როგორ შემოვირიგო.
- ირაკლი კობახიძეს გამსგავსებენ. თავად ამჩნევ თქვენ შორის მსგავსებას?
- არა. ერთ დღეს, უცებ უფროსმა მეგობარმა მითხრა, - აუ, მაგრად ჰგავხარო! თავად ვერ მივხვდი, რომ ვგავდი. შემდეგ, "ფეისბუკზე" ჩემი და ირაკლი კობახიძის ფოტოები გვერდიგვერდ "დავდე". ბევრმა მითხრა, რომ თურმე, ძალიან ვგავარ, ოღონდ - როცა გრძელ თმას ვატარებ, წვერი კი გაპარსული მაქვს.
- თმა ირაკლი კობახიძესთან მსგავსების გამო ხომ არ შეიმოკლე?
- არა, დამცხა. მსგავსება დისკომფორტს არ მიქმნის. ამ ფაქტის მიმართ არც დადებითად ვარ განწყობილი, არც - უარყოფითად.
- პროფესიით ვინ ხარ?
- გეოგრაფი და ჟურნალისტი. მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში მაქვს, შემდეგ დოქტორანტურაში სპორტის მარკეტინგის მიმართულებით ჩავაბარე. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ახლა აკადემიური ავიღე. რადგან იუმორის სფეროში გადავედი: აკადემიური სამუშაო საშუალებას არ გაძლევს, რომ თან აკადემიურად იმუშაო, თან - სხვა სამსახურშიც იყო. შეიძლება, ეს ბევრმა შეძლო, მაგრამ მე ვერ შევუთავსე. თუმცა, დოქტორანტურას მივუბრუნდები, ასე მგონია.
- სპორტული მარკეტინგით რატომ დაინტერესდი?
- 5 წელი რაგბს ვთამაშობდი, მაგრამ კარგად არასდროს მითამაშია - სულ სათადარიგოთა სკამზე ვიყავი. პარალელურად, ფეხბურთის ერთ-ერთი გუნდის - "ლივერპულის" გადამკვდარი ფანი ვარ - ძალიან მიყვარს! ბევრჯერ რაჭიდან დავბრუნებულვარ, რომ "ლივერპულის" თამაშისთვის მეყურებინა. სპორტის მიმართ სიყვარულმა ის გამოიწვია, რომ გადავწყვიტე, ამისთვის პროფესიის სახე მიმეცა.
- იუმორის სფეროში როგორ მოხვდი?
- ხუმრობა ძალიან მიყვარდა. ჩემი აზრით, სკოლაში 2 ტიპის ბავშვები არიან: ვინც ძალიან ბევრს ხუმრობს და ვინც სწავლობს. მე ვიყავი სინთეზი, ანუ კარგადაც ვსწავლობდი და როგორც ამბობენ, კარგადაც ვხუმრობდი. რეალურად, "10-იანზე" ვსწავლობდი, მაგრამ "9-იანს" მიწერდნენ, რადგან ხანდახან ზედმეტს ვლაპარაკობდი (იცინის). სკოლის პერიოდში, მიზნად დავისახე, "მანსანკანში" მეც აუცილებლად მეთამაშა. შემდეგ, როცა თსუ-ში ჩავაბარე, ვიკითხე, "მანსანკანი" სად, როგორ ტარდებოდა. მიმასწავლეს და მეც დავიწყე თამაში. მერე, ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა. ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ... შეამჩნიეს, რომ სცენარს კარგად ვწერდი და ჯერ ერთ ტელევიზიაში წამიყვანეს სამუშაოდ, მერე - მეორეში... ჩემი გადმოსახედიდან, ძირითადად, იუმორისტის კარიერა ასე ეწყობა. ამ ეტაპზე ძალიან მაგარ ღამის შოუს - "დათის შოუს" "ვაკეთებ", რადგან მსოფლიოში ანალოგი არ აქვს - 10 წლის ბავშვს გადაცემა მიჰყავს. ძალიან მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ.
- რამდენად შრომატევადი საქმეა 10 წლის ბავშვისთვის ისეთი ხუმრობების დაწერა, რომელზეც ზრდასრულებს გაეცინებათ და თან, ზღვარს არ გადაკვეთთ, უხერხულ სიტუაციას არ შექმნით?
- ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ პროცესში დავიხვეწეთ. ახლა, როგორც თქვენთვისაა ინტერვიუს აღება ჩვეულებრივი ამბავი, ისეა ჩვენთვის დათისთვის ხუმრობების დაწერა, მაგრამ იყო დრო, როცა ძალიან ფრთხილები ვიყავით - ეს როგორ ვათქმევინოთ, იმას როგორ იტყვის, თავად ბავშვს რა და როგორ უნდა, რომ თქვასო? პრაქტიკის ამბავია... უკვე შევეჩვიეთ ერთმანეთს, 1 გუნდად ვართ შეკრული და ყველაფერი გამარტივებულია. თან, დათიც გვაძლევს საშუალებას, რომ მასთან ერთად ბევრი რამე ვაკეთოთ - ნიჭიერია.
- თავად ეკრანზე გამოჩენაზე არ გიფიქრია?
- სიმართლე გითხრათ, ინტერესი მაქვს, მაგრამ ისიც მომწონს, როცა სცენარს ვწერ, სხვები კი - თამაშობენ. ალბათ, სამომავლოდ გამოვჩნდები კიდეც, უფრო - "იუთუბზე".
- სოციალური ქსელები თქვენთვის შემოსავლის წყაროც არის?
- არა, არასდროს ყოფილა. არავის ვაკნინებ, მაგრამ ჩემთვის კარგი არ არის, "ლაივში" ვიჯდე და ვიძახო, - ფული ჩამირიცხე, ლომი დამირტყი-მეთქი. "ტიკტოკზე" ვიდეოების გამოქვეყნებით, უპირველეს ყოვლისა, თავად ვერთობი. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სპონსორს შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი - ალბათ, სპონსორები თავადაც უნდა ეძებო, მათაც მოგძებნონ... ჯერჯერობით, ნაბიჯი არც ერთი მხრიდან არ გადადგმულა. რაღაც პატარ-პატარა შემოთავაზებები იყო ხოლმე. როცა შემეძლო, დავთანხმებულვარ, რადენჯერმე - უსასყიდლოდაც.
- უცნობ ადამიანებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა გხედავენ?
- ეს სიტუაცია რამდენიმე სტადიისგან შედგება: ჯერ შემომხედავენ, ოღონდ - აუცილებლად 2 დაქალი უნდა იყოს. ერთი მეორეს გადაულაპარაკებს: - ეს ის არ არის? - ვინ ის, გოგო? - აი, ის, ვიდეოები რომ გაჩვენე. შემომხედავს და, - ვაიმე, კი, ეგ არის, გოგოო (იცინის)! ხშირ შემთხვევაში, მოდიან, გამესაუბრებიან. ყოველთვის მეკითხებიან: - აუ, გოგონების შესახებ ამდენი საიდან იცი, "ჩამშვები" ვინ გვყავსო? ერთი პრობლემაა, რომ ვწითლდები (იცინის). ბავშვებიდან ეს ჩვევა მაქვს, რომ ასეთ სიტუაციებში ვწითლდები...
- რაჭა ახსენეთ. ამ კუთხესთან რა გაკავშირებთ?
- რაჭა ჩემთვის ყველაზე კარგი ადგილია ამ სამყაროში, რადგან იქ თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ რაჭაში დედას სახლი აქვს. იქ ვისვენებდით ხოლმე. დროთა განმავლობაში, მივხვდი, იქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, იქაურობა მიყვარს, განსაკუთრებით - ხალხი, ბუნება...
- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?
- მყავს უმცროსი და, დედა, მამა... და ანიმატორია. მასაც უნდა, რომ "ტიკტოკერი" იყოს და ვიდეოებს სისტემატურად იღებს. ადრე მეუბნებოდა, - მოდი, კადრში გამოჩნდიო, მაგრამ ახლა თავად ვიდეოებში რაღაცებს სინჯავს და ჭამს (იცინის). ბოლოს მისი რა ვიდეოც ვნახე, რაღაც შოკოლადი ჰქონდა ნაყიდი და ჭამდა - ძალიან მაგარი შოკოლადიაო... დედაჩემი ბაღის აღმზრდელი გახლავთ, მამა - პიროტექნიკი (კინემატოგრაფში მუშაობს).
- თორნიკე, შენი ყოველდღიურობა როგორია?
- დილით უნდა გავიღვიძო და სამსახურში მივიდე, სადაც დღის განმავლობაში, "დათის შოუსთვის" ვმუშაობთ - იდეებზე, ხუმრობებზე... შემდეგ დათის მოვიყვანთ, მომზადებულ ხუმრობებს ვასწავლით, ჩავიბარებთ... დღის ბოლოს, თავისუფალ დროს ან მეგობრებს ვნახულობ, ან - შეყვარებულს. საღამოს, თუ ფეხბურთის მატჩია, ვუყურებ... სცენარისტობის გარდა, რეჟისორებიც ვართ: რეგიონებში, ძირითადად - კახეთში, "მანსანკანს" ვატარებთ. ამიტომ კახეთის რეგიონში ხშირად ვართ. სკოლებში დავდივართ, ბავშვებს ნომრებს ვადგმევინებთ, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის ცენტრში, შეჯიბრება იმართება...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"