"რაც კოფეინს შეიცავს, არაფრის მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს შხამიანი გველი უკბენს..." - რით გარდაიცვალა რეალურად ტურისტი ქობულეთში და რა უნდა ვიცოდეთ გველებზე
ზაფხულში ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ეზოში, ტყეში გველი ნახეს.
ასეთ დროს ზოგი მის მოკვლას ცდილობს, ზოგს კი ეშინია და გარბის. სპეციალისტების თქმით, ზაფხულში გველი გრილ ადგილს ეძებს და ამიტომ არაფერია უცნაური იმაში, თუ სადმე გადავეყრებით. თუმცა გვირჩევენ, მისი მოკვლისგან თავი შევიკავოთ, რადგან ამ მცდელობის დროს ის შეიძლება თავს დაესხას ადამიანს და უკბინოს კიდეც.
ბოლო წლებში საქართველოში გველის ნაკბენით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი სწორედ ამ მიზეზით გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ. მათი თქმით, 44 წლის მამაკაცი რამდენიმე წუთში, ადგილზე გარდაიცვალა.
"ტყეში, ჩვენს სოფელში მოხდა ეს ფაქტი. ვიცით, რომ ტურისტს თან ახლდნენ მეუღლე და შვილი. როგორც შევიტყვე, ისინი მანქანაში ათევდნენ ღამეს, მინივენი ჰყავდათ, რომელშიც საწოლი ჰქონდათ. ორი ღამე იქ, ტყის პირას ხედავდნენ ამ მანქანას. მომხდარის შესახებ ბევრნაირი ვერსიაა. ზოგი ამბობს, რომ ვიღაცამ სამი თვით ადრე შემოიყვანა გველები და გაუშვა იმ ტერიტორიაზე. მერე გარკვეულ სუნზე მოდიოდნენ ის გველებიო. სასწაულებს ამბობენ, მაგრამ სიმართლეა თუ არა, არ ვიცი. არსებული ინფორმაციით, ეს კაცი გველების მოყვარული ყოფილა. უკბინა და კბენიდან 7 წუთში გარდაიცვალაო. ამბობენ, მეტრამდე იქნებოდა ქვეწარმავლის სიგრძეო...", - გვიამბო მერის წარმომადგენელმა სოფელ ჩაისუბანში - ჯუმბერ ყურშუბაძემ. მისი თქმით, ტერიტორია, სადაც ეს ფაქტი მოხდა, ტყეშია, მაგრამ უკაცრიელი არ არის: "იმ ტერიტორიაზე სოფლის წყალსაცავია, 1000-ტონიანი ბაკი დგას, იქვე არის მინირესტორანი და ხშირად დადიან იმ ადგილას ტურისტები. ახლა ჩადგეს ფინური კოტეჯები. ადრე, უფრო ზემოთ, ჯვრის მონასტერი იყო, იმასაც ნახულობენ. ასევე, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება ხდება იმ ტერიტორიაზე და ამ მიზნითაც იქ ბევრი ადამიანი ჩერდება".
კიდევ ერთი ადგილობრივი ადასტურებს, თითქოს იმ ტერიტორიაზე ვიღაცებმა გველები გაუშვეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ამბავი სხვისგან მოისმინა:
"გაგონილი მაქვს, რომ ორი თვის წინ გაუშვეს გველები ამ ტერიტორიაზე, მაგრამ პირადად არ მინახავს. სოფელში გველს რომელი ადგილობრივი გაუშვებს? ამბობენ, ბათუმის რომელიღაც კუთხიდან იყვნენო. უშვებდნენ და მერე უყურებდნენ, რაღაც სუნზე გამოდიოდნენო. ეს ტურისტი ცოლ-ქმარი უყურებდა თურმე წინა დღესაც იმ გველს. ქვეწარმავლების მოყვარული ყოფილა ის მამაკაცი. ამბობენ, შხამიანმა გველმა უკბინაო, სხვა დეტალები არ ვიცი - ისე, იმ ადგილას ყოველდღე დადიან ტურისტები..."
"სასწრაფო" და პოლიცია დავინახე, მიდიოდნენ და მათგან გავიგე, რაც მოხდა. ის კაცი ექიმმა რომ გასინჯა, თქვა, უკვე გარდაცვლილიაო. შვილი და ცოლი იქვე, მის გვერდით იყვნენ. ქალმა თქვა, - თითზე აქვს ნაკბენიო. ჩვენ არასოდეს გვინახავს ამ ადგილას გველი. ამბობენ, შხამს აგროვებენო და მანქანებით ხშირად უნახავთ იქ ტურისტები. ისე, ამ ხნის კაცი ვარ და არასოდეს გამიგონია, სოფელში ვინმე გველს დაეკბინოს. წინადღეს ადგილობრივ ახალგაზრდას დაუნახავს, როგორ ეფერებოდა ეს გარდაცვლილი კაცი გველს, მე შორიდან ვუყურებდი. ქალი სურათებს უღებდაო", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. სავარაუდოდ, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება და ამ ფაქტის ირგვლივ მეტი დეტალი გაირკვევა.
ჰერპეტოლოგი (ქვეწარმავლების სპეციალისტი) შოთა ზანდუკელი ამბობს, რომ გველის შხამი ადამიანს ასე სწრაფად არ მოკლავდა:
- პირველ რიგში, მწუხარება მინდა გამოვხატო ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის გველების მოყვარული და მოგზაური იყო, აკვირდებოდა ბუნებას, იღებდა სურათებს. ითქვა, თითქოს მას ჰყავდა გველი და იმან უკბინა, ეს არასწორი ინფორმაციაა, არანაირი გველი არ ჰყოლია. ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას, დასტურდება თუ არა გველის ნაკბენი... ვთქვათ, გველგესლას რომ ეკბინა, სუსტი შხამის დროს იოლად იკურნება ადამიანი; მეორე ვარიანტია, როცა ხდება ანაფილაქსია, რომელიც შეიძლება როგორც გველის, ასევე ნებისმიერი შხამიანი მწერის (კრაზანა, ფუტკარი, მორიელი...) ნაკბენის დროს განვითარდეს, რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გარდაცვალებითაც დასრულდეს. თუმცა მგონია, ეს ადამიანი ამისთვისაც მზად იქნებოდა. როცა ამ საკითხებზე მუშაობ, აუცილებლად ექნებოდა შესაბამისი პრეპარატები, ეცოდინებოდა ალერგია ჰქონდა თუ არა შხამზე... რა ვიცი, წესით სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.
როცა შხამიანი გველი უკბენს ადამიანს, სიმპტომები, რომლითაც შეიძლება გართულდეს მდგომარეობა, ხანგრძლივი პროცესია, ასე სწრაფად გველის ნაკბენით გარდაცვალება მსოფლიოშიც კი არ დაფიქსირებულა. ექსპერტიზით გაირკვევა მიზეზი.
- ადგილობრივები ამბობენ, გველები დასვეს იმ ტერიტორიაზეო, რამდენადაა ეს რეალობასთან ახლოს?
- მსოფლიოში არ არსებობს გველების სადმე სპეციალურად გამრავლების პრაქტიკა. არის სახეობები, რომელიც არ ბინადრობს საქართველოში და იმ სახეობების შემოყვანა, ბუნებაში გაშვება სასტიკად აკრძალულია, ვინაიდან ეს იწვევს ეკოლოგიაში სერიოზულ დარღვევებს და ვერც გველები გაძლებენ, ის სახეობები კონკრეტულ ადგილს არიან შეჩვეულები, მაშინ უნდა მოერგონ აქაურ კლიმატს, უნდა გადარჩნენ. ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და ყოვლად წარმოუდგენელია. არ არსებობს ასეთი ადამიანი, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რომ სადღაც გველი გაამრავლოს. არც მოთხოვნაა ამის, არც სურვილი, არც შესაძლებლობა და არც ბუნება უწყობს ამას ხელს. გველებთან დაკავშირებით ნებისმიერი ჭორის გავრცელება ინტერესს იწვევს, რადგან მისი ყველას ეშინია და იოლად იღებენ ამ ჭორს. ეს უბრალოდ მითებია...
სხვათა შორის, კავკასიური გველგესლა ძალზე საინტერესო და მიმზიდველი გველია, უცხოელები ამ სახეობას სხვაგან ვერ ნახულობენ და ამიტომ ინტერესდებიან მისით. ამბობენ, ვიღაცები მოდიან და იჭერენო. ვინც დაინტერესებულია დადის, აკვირდება ან ფოტოგრაფია და სურათებს იღებს.
- საქართველოში შხამიანი გველები ბინადრობენ?
- ასეთები ყველგან არიან. საქართველოში ადამიანისთვის მხოლოდ ერთია საშიში - ეს არის გიურზა, რომელიც მხოლოდ კახეთში და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ბინადრობს, იქაც ყველგან - არა. არის სხვა სახეობის შხამიანი გველგესლებიც, მაგრამ თუ ადამიანი ამ კონკრეტული გველის შხამის მიმართ ალერგიული არ არის, რომც გიკბინოს, ეს სიკვდილს არ გამოიწვევს. საქართველოში სულ 24 სახეობის გველია, მათგან 8 შხამიანი გველგესლაა, რომელთაგან სიცოცხლისთვის სახიფათო მხოლოდ გიურზაა. შხამიანი იყო თუ არა გველი, ამას ნაკბენითაც მიხვდებით, თუკი ორი კბილის კვალი გეტყობათ, დიდი ალბათობით, გველი შხამიანი იყო.
- ასეთ დროს რა სიმპტომები იჩენს თავს?
- იწვევს ტკივილს, გასივებას, შეიძლება გულისრევაც გამოიწვიოს. 5 დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება სიმპტომები და მერე გადის. ასეთ დროს რეკომენდებულია გადასხმა, შარდმდენების მიღება, დექსამეტაზონი, ნატრიქლორი და არანაირი გართულება არ მოჰყვება, თუ კონკრეტულად იმ შხამის მიმართ არ აქვს ადამიანს ალერგია.
- გველის ნაკბენის დროს შრატი კეთდება?
- შრატი არ კეთდება. მხოლოდ გიურზის ნაკბენის დროს კეთდება ანტიგიურზენი.
- გველმა თუ უკბინა ადამიანს როგორ უნდა მოიქცეს?
- არაშხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ მოვიბანთ საპნიანი წყლით და სპირტით დავიმუშავებთ, არც ანაფილაქსიას იწვევს და არც არაფერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, აღმოსავლეთ საქართველოში გიურზა არის საშიში და თუ ის გიკბენთ, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება, რადგან ანტიგიურზას გამოყენება აუცილებელია. ასეთ დროს "სასწრაფოს" უნდა მოვთხოვოთ ისეთ კლინიკაში მიყვანა, სადაც ტოქსიკოლოგები არიან. საჭიროა შარდმდენის მიღება, დიდი რაოდენობით წყალი. ყავა და "კოკა-კოლა" არა, რაც კოფეინს შეიცავს არაფრის მიღება არ შეიძლება. უნდა დაწვეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, სისხლმა სწრაფად რომ არ იმოძრაოს, იყოთ უძრავად და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. თუკი გველი შხამიანია, კბენიდან მალევე იწყება წვის შეგრძნება, ტკივილი, დალურჯება და ჩაშავება. ამიტომ აუცილებლად უნდა მიიღოთ დექსამეტაზონი. ანაფილაქსია უკვე სხვა ყურადღებას მოითხოვს, ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადრენალინს, ამიტომ უფრო დაცული იქნებით, თუ გვერდით ექიმი გეყოლებათ. გაითვალისწინეთ, თუ გველი შხამიანია და გიკბინათ, გრძნობთ წვას, ჩხვლეტას, თანდათან ტკივილი უფრო ძლიერდება, ნაკბენი ადგილი სივდება: თუ ხელზე გვიკბინა, ჯერ მაჯამდე, მერე მკლავამდე, მერე მხრებამდე ავა და შეიძლება სისხლჩაქცევებიც გაჩნდეს. ასეთ დროს ყველამ უნდა მიმართოს ექიმს...
საქართველოში მობინადრე გველების რიცხვი მცირდება, რადგან მეტი მიწა იხვნება და ეს ყველაფერი ხელს უშლის მათ გამრავლებას. მეტიც, კონკრეტული სახეობები კრიტიკულ ზღვარზეა. ბოლო 15 წელია არავინ გარდაცვლილა გველის ნაკბენით. ცნობისათვის, ქვეწარმავლებს დიდი როლი აქვთ ეკოსისტემაში. ისინი ანადგურებენ მავნე მღრღნელებს, რომლებიც აზიანებენ სოფლის მეურნეობას. გარდა ამისა, შხამისგან არაერთი მედიკამენტი თუ კოსმეტიკური საშუალება მზადდება. დისტანციის დაჭერა და გველის მიმართულებით წასვლისგან თავშეკავება ყველაფერს სჯობს.
- ეზოებში მომრავლებულია ხვლიკები, რამდენად საშიშია ეს?
- არიან გველისმაგვარი ხვლიკები, გველხოკერა თბილისის გარშემო და რეგიონებში ხშირად გვხვდება. არიან უფეხო ხვლიკები, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, არ იკბინებიან, მღრღნელებს ანადგურებენ, პატარა ზომის გველებსაც კი ჭამს და სრულებით უვნებელი არსებაა; რაც უნდა მოხდეს, არ გვიკბენს. შხამიანი ხვლიკის სულ ორი სახეობა არსებობს დედამიწაზე, ერთი სახეობა ამერიკაში ბინადრობს, მეორე ტორონტოში. დანარჩენი სახეობები არ არიან შხამიანები.
თეა ხურცილავა