წლები გადის, მაგრამ ეს განცდა არ იცვლება ჩემში - კვირის პალიტრა

წლები გადის, მაგრამ ეს განცდა არ იცვლება ჩემში

ამ ზაფხულს ერთი კარგი მწერალი აღმოვაჩინე, ელგუჯა ბერძენიშვილი, რომელიც თავის ერთ-ერთ მოთხრობაში წერს: "მთა სიჭაბუკეს ეკუთვნის. მთაში ხომ ისინი დადიან, ვინც მარად ჭაბუკია და - ვისაც ზედმეტი ენერგია გააჩნია..."

ამ სიტყვებმა უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა, თუ რატომ მიყვარს ასე ძალიან მთა. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან, როგორც კი მთაში წასვლის შანსი მაქვს, ალიონზე, მთის ძირას ვდგები, ხელებს ვშლი და სულგანაბული ველოდები მზის ამოსვლას. "ჯამში ჩაკარგულ" სოფელში მზე მხოლოდ 9-ის 10 წუთზე აღწევს. მხოლოდ მთაში ვგრძნობ, რა განცდაა, დილას მზეს რომ ელოდები. აბსოლუტურად სწორად აღწერს ნოდარ დუმბაძე, ყველაფერი რომ ინაბება, არაფერი რომ არ მოძრაობს, ძაღლი არ ყეფს და ფოთოლი არ იძვრის, მთელი სამყარო მზის ამოსვლას სუნთქვაშეკრული ელოდება. ეს გრძნობა გაცილებით უცნაურ შიშს ჰგავს, ვიდრე შუაღამისას უღრან ტყეში ყოფნაა. თუ ეს წამი ერთხელ მაინც არ დაიჭირე, ვერაფერს გაიგებ მთისასო.

წლები გადის, მაგრამ ეს განცდა არ იცვლება ჩემში. როგორც კი მთაში მივდივარ ისევ ბავშვი ვარ, ისევ მთის ცივ მდინარეში თავით ვხტები, ისევ მთის ძირას ხელებგაშლილი მზეს ველოდები...

მთა ჩემთვის მხოლოდ ამოჩემება არ არის, ის ერთგვარი მედიტაციაა, სადაც სულის სიმშვიდეს ვპოულობ. როგორც კი ზაფხულში თბილისიდან გავდივარ (როგორც მწერალი ნაირა გელაშვილი იტყოდა), თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ეს-ესაა ხელი გადამისვეს და მტვერი გადამწმინდესო. სიცოცხლე ახლა ისე მეძვირფასება, როგორც არასდროს და დროის შენელებაზე ვფიქრობ. როგორც ყოველთვის, მე ეს შემიძლია, სასწაულმოქმედი ვხდები...

რა ცუდია, რომ სალომე ბებო ცოცხალი აღარ არის. ყველა ბებო მიყვარს დედამიწაზე. კალთაში თავს ჩავუდებდი და გავინაბებოდი.

nino-bebo-1724137415.jpg

ბავშვობაში მეგონა, მხოლოდ აქ ეძახდნენ მთის ცივ წყალს - ბინულს; უკიდურესად ციცაბო კალთას - ბრეკს; მდინარეს - ღელეს... მხოლოდ აქ შემეძლო თონეში ჩაკრული ლავაშივით გარდიგარდმო, სახლებ შუა, ხელებგაშლილს და სუნთქვაშეკრულს, დიდხანს ვმდგარიყავი და მზის ამოსვლისთვის მეცქირა... მხოლოდ აქ ვგრძნობდი რაღაც სურნელს ჰაერში, როცა მზე მთის კალთას ეფარებოდა, რომელსაც სახელი დღემდე ვერ მოვუძებნე. არასოდეს ჰგავდა ის მინდვრის, მიწის, თივის ან მთის სურნელს. იქნებ ჰაერსაც თავის სუნი აქვს, ვფიქრობდი, რომელსაც ჩაბუგულ ქალაქში ვერასოდეს ვგრძნობთ. ან იქნებ ბედნიერებას ჰქონდა სურნელი და ის სწორედ ასეთი იყო.

მხოლოდ აქ ვფიქრობდი, ნეტავ დრო გავიდეს ნელა, ძალიან ნელა, რომ ამ აივნიდან ამ მთის ყურება დიდხანს შევძლო-მეთქი.

სწორედ აქ ვფიქრობდი, რომ ყოველ დილით ქვეყანა თავიდან იქმნება და მეც, ყოვლისშემძლე ვარ! წეღან სახელი ვერ მოვუძებნე და, მე მას ამ მთებში მივაგენი. ეს არის სამყაროს სურნელი.

xedi-1724137444.jpg

რატომ შეიძლება შემყვარებოდა მთა? ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 365 დღიდან მხოლოდ ეს 10-12 დღე იყო სხვანაირი... ალბათ იმიტომ, რომ მკვეთრად განსხვავებული დღეები: ტექნოლოგიების, პოლიტიკის, გამოგონილი ურთიერთობების, დაძაბული რეჟიმის გარეშე - მკვეთრად ცვლიდა ჩემს ხასიათს და სულს. მარადიულ აწმყოში მოვექეცი და - ალბათ იმიტომ. მე ვარ აქ და ახლა. მარტივად ვპოულობდი ჩემს თავს და კონტაქტს ბუნებასთან, რომელიც ერთობ სასიამოვნოა.

მინდოდა დამეჯერებინა, რომ ბედნიერების პოვნა თვით უმცირეს მარცვალშიც შეიძლებოდა, როგორც ნათქვამია, "სამყაროს ამ მარცვლის შესაქმნელად მილიარდი წელი დასჭირდა"

როგორც ჩანს, სამყაროს სულს, რომელიც ხელუხლებელი, ამ მთებს შორის ბინადრობდა, გემოც ჰქონდა.

blogi-1724137275.jpg

"ადექით, აწი, ბოშებო, აშენდა ქვეყანა" - ამბობდა სალომე ბებო ჩემს ბავშვობაში. ჩვენ ვწუხდით, რადგან საათი 7-ს უჩვენებდა. დილის ძილი გვინდოდა, გვენატრებოდა, თან ბებიის გვეხათრებოდა. ის კი იჯდა იატაკზე, კარის ზღურბლთან, ფეხმორთხმული და კიდევ ორიოდ საათს ჩვენს გაღვიძებას ელოდებოდა. სახელდახელოდ გაწყობილ სუფრაზე ყოველთვის გვხვდებოდა თონის ცხელი პური, გოგლიმოგლი და ერბოკვერცხი.

tone-1724137729.jpg

ბრეკზე ქვების დაგორების მეშინოდა, რომ წამაქცევდა და წელში ნახევრად მოხრილი, ყველაზე პატარა ნაბიჯებით მივუყვებოდი ბილიკს. ერთი მთის ძირიდან მხარზე აკიდებული ზურგჩანთით მომაზიდინებდა შავ ქლიავს და მერე პატარა აივნიდან გახუნებულ კრამიტზე ორადგახლეჩილს - "მაფენინებდა". ზამთარში ამის ჩირი საოცარიაო, - ამბობდა. პირველი, რა თქმა უნდა, მას ფუტკრები აგემოვნებდნენ.

ამ სურნელს ბოსტნის პომიდვრის სურნელი ერთვოდა, მიწის, სიმინდის მწვანე ფაფრის, ბებიის ხმელი სუნელის, მინდორში გათელილი ყვავილების და ვგრძნობდი, რომ აქ შემიძლია შევისუნთქო სამყარო.

მთაში გატარებული ყოველი ზაფხული ახლად წაკითხულ წიგნს ჰგავს, რაც შემდგომ სიახლით მაბრუნებს ცხოვრების კალაპოტში.

ezo-1724137248.jpg

გემოვნების საკითხია, ვერასოდეს შეგედავებით, რადგან, ვფიქრობ, რომ თავგადასავლები მთაში მოიპოვება. თქვენ, ვისაც თავგადასავლების ძიება სახიფათო საქმე გგონიათ, გეუბნებით, ერთფეროვნება ადამიანს გაცილებით ადრე კლავს.

მე კი, როგორც გურულები იტყვიან, „მევიზუკუტურებ“ ზურგჩანთას მხარზე და გავუდგები მთის ბილიკს ახალი თავგადასავლის საძებნელად.