იმ დროის მედიცინაში ცნობილი იყო - ამპუტაცია, მოტეხილობათა შეხორცება, თვალიდან ლიბრის მოშორება... იყო მრავალსართულიანი ტაძრები - ზიგურათები და წყლის ამოსაქაჩი ბორბალი - საკიე - კვირის პალიტრა

იმ დროის მედიცინაში ცნობილი იყო - ამპუტაცია, მოტეხილობათა შეხორცება, თვალიდან ლიბრის მოშორება... იყო მრავალსართულიანი ტაძრები - ზიგურათები და წყლის ამოსაქაჩი ბორბალი - საკიე

შუამდინარული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, რომელიც ორი წყალუხვი მდინარის ტიგროსისა და ევფრატის ნაპირზე წარმოიშვა და რომელმაც ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულიდან მოყოლებული, ძვ.წ. მეოთხე საუკუნემდე იარსება. შუამდინარეთის ტერიტორიაზე უძველეს ხანაში არსებობდა რამდენიმე ქალაქ-სახელმწიფო. მათ შორის იყო შუმერული: ქიში, ურუქი, ური, ლაგაში, უმა, სემიტური აქადი და ამორეულ-შუმერული ქალაქი ლარსა. ჩამოთვლილთაგან ისინი მდიდარ ქალაქებად მოიხსენიება ისტორიაში, სადაც განვითარებული იყო მიწათმოქმედება, ვაჭრობა და სხვა, მაგრამ ეს ქალაქები ერთმანეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი. მათ შორის სისხლისმღვრელი ომები მიმდინარეობდა...

ამავე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დროს, მდებარეობდა სახელმწიფოები აქადი, ელამი, ასურეთი, მიდია და ბაბილონი.

მესოპოტამიურმა კულტურამ ბევრი რამ მისცა კაცობრიობას და დღეს ამაზე ვისაუბროთ. მაგალითად, ხორბალი, ფერადი მინა (დაახლოებით ძვ.წ. 2400 წ.). ასევე, მესოპოტამიურმა კულტურამ შექმნა პირველი საკანონმდებლო ძეგლები, მითოლოგიური ეპოსები, პირველი პროფესიული არმია, შუმერულ-ბაბილონური არითმეტიკა. რომლის საფუძველსაც ათვლის 60-იანი სისტემა წარმოადგენდა. ბაბილონელებმა იცოდნენ კვადრატული განტოლების, პლანიმეტრიული და სტერეომეტრიული ამოცანების ამოხსნა, ე.წ. „პითაგორას თეორემა“ და რიცხვთა პოვნის მეთოდები. მათ, განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანეს ასტრონომიული ცოდნა, თუმცა როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს უფრო ასტროლოგიური იყო.

სწორედ აქ დაადგინეს მათმა ასტროლოგებმა, რომ წელიწადი 365 დღის, 6 საათის და 41 წამისაგან შედგებოდა. ბაბილონელები წინასწარმეტყველებდნენ მზისა და მთვარის დაბნელებას. მათ შექმნეს მზისა და მთვარის კალენდრები. ბაბილონელმა ასტროლოგებმა წრე 360 გრადუსად დაყვეს, ხოლო საათი 60 წუთად.

ძვ.წ. პირველ ათასწლეულში მესოპოტამიაში დაიწყეს ალმასის ბურღის გამოყენება. ძვ.წ. მეორე-პირველი ათასწლეულის მიჯნაზე შექმნეს ახალი სარწყავი ტექნიკა. ეს იყო წყლის ამოსაქაჩი ბორბალი, რომელსაც საკიე ეწოდებოდა და უსასრულო თოკი ტყავის სათლებით (ჩერდი). აქვე, ძვ.წ. მეშვიდე საუკუნეში აშენდა პირველი ქვის აკვედუკი.

მათ ჰქონდათ პირველი მსოფლიო რუკის შექმნის მცდელობაც. მედიცინაში ცნობილი იყო - ამპუტაცია, მოტეხილობათა შეხორცება, თვალიდან ლიბრის მოშორება...

ძვ.წ. მესამე ათასწლეულში შუმერში მშენებლობებში პირველად გამოიყენეს თაღები და კამარები. შუამდინარეთში ჩაეყარა საფუძველი გამაგრებული ქალაქების მშენებლობას, რომელიც გალავნის კედლით იყო შემოსაზღვრული. აშენებდნენ მრავალსართულიან სახლებსა და ტაძრებს (ზიგურათებს) - წმინდა სალოცავ-საკურთხევლებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, საფეხურებიან პირამიდას წარმოადგენდა, რომლის ზედა ნაწილში, როგორც წესი, იყო პატარა ტაძარი - ღმერთების საცხოვრებლად იწოდებოდა და საკურთხეველი იდგა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ შუამდინარული ცივილიზაცია არ იყო ერთგვაროვანი, ვინაიდან იგი იქმნებოდა სხვადასხვა ეთნოსის მრავალჯერადი შერწყმის საფუძველზე. სხვადასხვა დროს შუამდინარეთის მოსახლეობას წარმოადგენდნენ: შუმერები, ბაბილონელები, ქალდეველები, ასურელები, არამეული ტომები. სწორედ ამ ხალხების კულტურული ერთობლიობა შუამდინარული (მესოპოტამიური) კულტურის სახელით არის ცნობილი.

თავისთავად იბადება კითხვა, თუ რომელ ეთნიკურ გარემოს განეკუთვნებიან ეს ხალხები? ისტორიულ ხანაში მესოპოტამიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ძირითადად ორი მოდგმის ხალხი. ჩრდილოეთით სემიტები, ხოლო სამხრეთით - შუმერები.

აქადური მოსახლეობა თანდათან ავიწროებდა შუმერულს და საბოლოოდ, მოხდა მათი ერთმანეთთან დაახლოება და შერწყმაც კი...

კულტურის განვითარების მხრივ, შუმერებთან შედარებით, სემიტები დაბალ საფეხურზე იდგნენ, მაგრამ მალე, მათ შეითვისეს შუმერების კულტურული მიღწევები, მათ შორის დამწერლობა, განავითარეს იგი და მემკვიდრეობად გადასცეს მომდევნო საუკუნეებს. ძვ.წ. მესამე ათასწლეულის შუა ხანებში სემიტები კიდევ უფრო აქტიურ ძალად ჩანან შუამდინარეთის ისტორიაში. ჩრდილოეთით აღმოცენებული მათი ცენტრის - ქალაქ აქადის სახელის მიხედვით - მთელი ეს ოლქი იწოდებოდა აქადად, განსხვავებით შუმერებისგან, რომელსაც სამხრეთ შუამდინარეთი ეწოდებოდა.

აქადეველებმა ძვ.წ. მე-14 საუკუნეში მოახერხეს მთელი შუამდინარეთის გაერთიანება. რაც შეეხება შუმერებს, მათ შესახებ მეცნიერებს გაცილებით მწირი ინფორმაცია აქვთ. ნიშანდობლივია, რომ შუმერების მიერ ხმარებაში ფართოდ დაინერგა სიტყვები, რომლებიც არც შუმერულია და არც სემიტური. მკვლევართა აზრით, მთელი ეს სიტყვები და სხვა, შესაძლოა წინარე შუმერული მოსახლეობისა იყოს.

მეცნიერები თვლიან, რომ უშუალოდ შუმერები შუამდინარეთის მკვიდრ მოსახლობას არ წარმოადგენდნენ და მხოლოდ ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის დასაწყისიდან დაემკვიდრნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც დაკავშირებულია ურუქის კულტურულ ფენებში, რომელიც დაახლოებით ამავე პერიოდს განეკუთვნება, ერთბაშად მომხდარ პროგრესთან. მკვლევართა მიერ ეს პროგრესი „კულტურულ რევოლუციად“ არის მიჩნეული და ის სწორედ შუმერებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც შუამდინარეთის ტერიტორიაზე მისვლიდან სულ მალე შექმნეს დამწერლობა.

უძველესი ერების ისტორია ბურუსითაა მოცული. თუ როგორ წარმოიქმნა ესა თუ ის ერი - ყოველთვის ვერ პოულობს პასუხს.

მესოპოტამიურმა კულტურამ კი ბევრი რამ მისცა კაცობრიობას და აქ კიდევ მეტის მოყოლა ვერ შევძელი.