„უკრაინაში მხოლოდ საქართველოსი კი არა, სამყაროს ბედი წყდება“
12 აგვისტოს აშშ-ის "ევროპასთან თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კომისიამ", რომელიც ჰელსინკის კომისიის სახელით არის ცნობილი, მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუპირისპირდეს ქოლცენტრებს, "რომლებიც აფინანსებენ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ". X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "ქართული ოცნება" ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მსოფლიოში", რისი მიზანიც არის "დააფინანსოს თავისი საქმიანობა და შეავიწროოს ოპოზიცია". შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელშიც შედიან: 9 ცხრა სენატორი, 9 კონგრესმენი და აღმასრულებელი ხელისუფლების 3 წარმომადგენელი. კომისიის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 60-მდე ქვეყანაში. ამ სკანდალური განცხადების შემდეგ ოპოზიციამ კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, "ქართულმა ოცნებამ" კი - მტკიცებულებები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-დან "ქართულ ოცნებას" შავი ფულით პოლიტიკურ საქმიანობაში სდებენ ბრალს. ა.წ. 30 ივლისს, როცა ჰელსინკის კომისიის წევრმა კონგრესმენებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს, ისინი წერდნენ, რომ "ქართული ოცნება" შემოსავალს იღებს თაღლითური ქოლცენტრებით და ბაიდენის ადმინისტრაციას მოსთხოვეს, მეგობარი ქვეყნების ჩართულობით ქოლცენტრების წინააღმდეგ "სწრაფი, მყისიერი და სისტემური ნაბიჯების" გადადგმა. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:
- ჰელსინკის კომისიამ გააკეთა უკიდურესად სკანდალური განცხადება, რაც, ჩემი შეფასებით, გამორიცხულია, საკმარისი მტკიცებულებებით არ იყოს გამყარებული. საზოგადოდ, ამერიკელებისთვის უმნიშვნელოვანესია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს პრინციპი მათ ლამის გენეტიკური კოდივით აქვთ ჩადებული. შესაბამისად, სერიოზული მტკიცებულებების გარეშე ასეთი განცხადება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე, არ გაკეთდებოდა. განსხვავებით ჩვენი პოლიტიკური ელიტისგან, რომლის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ცილისწამება და ბრალდება წამოაყრანტალონ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. აქედან გამომდინარეც, ვფიქრობ, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები.
აშშ-ის ფინანსური დაზვერვა მთელ მსოფლიოში მუშაობს, აკვირდება ფინანსურ შავ ნაკადებს და სწავლობს მათ მარშრუტებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ "ქართული ოცნების" ქოლცენტრებთან კავშირის დამადასტურებელო ფაქტები აშშ-ის ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია. ჩემი აზრით, ამ საკითხის გასაჯაროება გადაწყდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების მცდელობის რეალობაში. როგორც ვნახეთ, ჩვენი ხელისუფლება მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს, თუმცა, ჩემი აზრით, ამერიკელები ამ მტკიცებულებებს არ გათქვამენ იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ამგვარ საქმეებში არსებობენ ხოლმე ოქროს მოწმეები, რომლებიც შეიძლება დღეს საქართველოში მოქმედი ჩინოსნებიც არიან, ანუ, სავარაუდოდ, ამერიკელებთან თანამშრომლობენ არა მხოლოდ ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, რომლებზეც არის ეჭვი, არამედ მოქმედიც, რომლებიც ამჟამად აგრძელებენ სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობას და მათ დარტყმის ქვეშ, რა თქმა უნდა, არ დააყენებენ. ეს არის ერთგვარი პრელუდია ფინანსური სანქციების წინ. როგორც ჩანს, უკვე მზადდება სანქციები კონკრეტულ პირებზე, რასაც სადღაც სექტემბერში უკვე უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხებს, გასაგებია, რომ ამას უარყოფენ, მაგრამ ეს ძალიან არადამაჯერებელია და ეჭვებს არათუ სპობს, არამედ ამძაფრებს. მე მახსენდება კამპანია კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე, დიდი ალბათობით, ჰქონდა ქოლცენტრებთან შეხება, თუმცა ხელისუფლების კამპანია იმის მცდელობა კი არ იყო, რომ რეალურად გამოევლინათ კეზერაშვილის დანაშაული, არამედ უფრო ვიღაცის დანაშაულის გადაფარვას ჰგავდა. რადგან ამერიკელებმა ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, დარწმუნებული ვარ, ამით არ დასრულდება ყველაფერი და მალე ამ პროცესებში მეტი სიცხადე შევა.
გარდა ამისა, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, იმავე დღეს ვნახეთ ხელისუფლების მიერ მისი გადაფარვის მცდელობა - ერთგვარი კონტრშეტევა აშშ-ზე, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომის ორგანიზატორად აშშ გამოაცხადა. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება მალევე დაადასტურა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა პატრუშევმა. აი, ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ვინ ვინ არის, აი, ამ ისტორიიდანაც ძალიან კარგად ჩანს და ეს ჩემთვის მხოლოდ სამწუხაროა.
- თუ დავუშვებთ როგორც კეზერაშვილის, ისე "ქართული ოცნების" შემთხვევაში, ეს ბრალდებები რეალურია, რა გამოდის, რა ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც შავ ფულზე დგას?
- ქოლცენტრებს რომ დავანებოთ თავი, ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის პრობლემა ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული და ძალიან ცოტა პოლიტიკური სუბიექტია, რომელიც შავ ფულს არ იყენებს. ხელისუფლებას აქვს იმის კომფორტიც, რომ თეთრი ფულის შეტანის რიგში ჩააყენოს ბიზნესი დაშინებით, შანტაჟით თუ ტენდერების მოგების პერსპექტივით, თუმცა მას აქვს უამრავი ბნელი მხარე, მაგალითად, იმავე ტროლ-ბოტების ინდუსტრია, რასაც თეთრი ფულით ვერ აფინანსებს, ამიტომაც სჭირდება შავი ფული... თეთრი ფულის შოვნის საშუალება ოპოზიციას თითქმის არა აქვს, მეტიც ბიზნესს მისი დაფინანსების სურვილი რომც ჰქონდეს, ხელისუფლების შიშით ამაზე ვერ წავა, ამიტომ ისინიც ეძებენ შავ გზებს ფინანსების საშოვნელად. მოკლედ, შავი ფულის პრობლემა ძალიან დიდი და მრავალმხრივია. მე ვიტყოდი, საარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკაში ნახევარი, თუ მეტი არა, შავი ფული ტრიალებს, ვიდრე ჩვენ ამას ოფიციალურ დეკლარაციებში ვხედავთ.
აქ ჩნდება ერთი სევდიანი კითხვა - როდესაც პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ხელისუფლებაში დარჩენისა თუ მოსვლისთვის კანონის დარღვევით შავ ფულს იყენებენ, რას უნდა ველოდოთ მათგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?
სამწუხაროდ, ასეთია მოცემულობა, ასეთია თამაშის წესები დღეის მდგომარეობით, რაც იმედია, ოდესმე შეიცვლება...
- მოგეხსენებათ, ჰელსინკის კომისიის განცხადებამდე, 30 ივლისს, კომისიის წევრმა კონგრესმენებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს. მიმართვაში ისინი წერდნენ, "ქართული ოცნება" შემოსავალს თაღლითური ქოლცენტრებით იღებსო. ტექსტში იყო ლაპარაკი საქართველოში გამოვლენილ სატელეფონო ტერორზეც: "შესაძლებელია იგივე ქოლცენტრები იყო სხვადასხვაგვარად მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებისა და დაშინების მიზნით". შეგახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მაისში განაცხადა, რომ მობილურ ტელეფონზე დაურეკეს 400-ზე მეტ მოქალაქეს. უცნობი პირები რეკავდნენ სატელეფონო ნომრებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნების კოდით, ძირითადად, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ხშირად არასრულწლოვან შვილებთანაც კი. სატელეფონო ზარების ადრესატებს ყოველ ჯერზე ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფდნენ. სატელეფონო ზარები დღემდე გრძელდება, თუმცა დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- ოპონენტებზე ზეწოლით წინა ხელისუფლებაც სცოდავდა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ამ ტროლ-ბოტების სისტემით, რაც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი, შეურაცხყოფა და ა.შ., მთელი ინდუსტრია შექმნა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, თეთრად ვერ დაფინანსდება - აქ დიდი შავი ფული ტრიალებს, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მოდის. დარწმუნებული ვარ, ქოლცენტრები ერთ-ერთი წყაროა.
რაც შეეხება პროცესების მომავალ განვითარებას, ბუნებრივია, არის ტაქტიკური ამოცანები და ასევე განვითარების კანონზომიერება. ხელისუფლების ტაქტიკური ამოცანა არის არჩევნების მოგება და ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ეს თავისთავად ნიშნავს ავტორიტარული სისტემის გამყარებას. თუ ეს მყარდება, პოლიტიკური რისკები ოპონენტებისთვის იზრდება. ავტორიტარიზმი პოლიტიკური ბულიმიით არის დაავადებული. ძალაუფლების უკონტროლოდ გაფართოების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის პოლიტიკური რეპრესიები, რათა ყველა ალტერნატიული საშუალება გადაიკეტოს. როდესაც ე.წ. რუსულ კანონზე ვლაპარაკობთ, საფრთხე ის კი არ არის, ვიღაცამ დეკლარაცია ჩააბარა თუ არა, საფრთხე არის რეალურად ეს ყველაფერი რა მიზანს ემსახურება? ხომ არ იწყებს ხელისუფლება ამის საშუალებით სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიასაშუალებების განადგურებას?! ანუ იმავეს ხომ არ აპირებს, რაც რუსეთში მოხდა?! სწორედ ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელზეც აშენდა პუტინის ტოტალიტარიზმი.
რუსეთი აქამდე მოვიდა სამი ფაზის გავლით, რომლის პირველი ეტაპი იყო ავტორიტარიზმი, მეორე - დიქტატურა, როდესაც ყველაფერი ალტერნატიული გაანადგურეს, ხოლო მესამე ეტაპია ტოტალიტარიზმი, როდესაც პირად ცხოვრებაშიც დაიწყო ჩარევა ხელისუფლებამ და ადამიანების აზროვნების გაკონტროლებას ცდილობს. ჩვენ დღეს პირველ ფაზაზე ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდენციები იქით მიდის, სადაც მივიდა რუსეთი.
სხვა საკითხია, რომ რუსეთის ამგვარ გზას კონკრეტული საფუძვლები ჰქონდა, მათ შორის იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი, ანუ პუტინის ერთგვარი მესიანიზმი, რაზეც ააშენა ეს ყველაფერი.
"ქართულ ოცნებას" ასეთი ობიექტური საფუძველი არა აქვს. ისინი მედროვეები არიან, მათთვის არანაირი გრძელვადიანი მისია არ არსებობს, რის გარშემოც შეეძლებათ საზოგადოების კრიტიკული მასის დარაზმვა, ამიტომაც პუტინისეული გზის გავლის პერსპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაზე. პუტინმა ეს შეძლო რუსული მისიის, იმპერიალისტური მისწრაფებების საპასუხო იდეოლოგიის დამკვიდრებით, ჩვენთან კი იაფფასიან ელემენტებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, საყრდენი ნაკლებია, ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გამოუვათ.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო უმნიშვნელოვანესი ჩანს არჩევნები, რომელიც წინ გველის. ერთი წუთით ნეიტრალური, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ადგილას რომ წარმოვიდგინოთ თავი და შევხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს, რას დავინახავთ, რა შეიძლება იყოს ის მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც შეიძლება ჩემი საარჩევნო გადაწყვეტილება განსაზღვროს?
- ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უნდა ვანდოთ ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი. განსხვავება იმაშია, რომ ოპოზიცია, უპირველესად პრეზიდენტი, სარეფერენდუმო თემად გვთავაზობენ კითხვას, თუ რა გზით გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას - კონსტიტუციით გამაგრებული დასავლური, ევროპული გზით თუ დაბრუნდება რუსეთის იმპერიაში? ხელისუფლება, რომელსაც ესმის, რომ კითხვის ასეთი ფორმულირება მისთვის უდიდესი პრობლემაა, საზოგადოებას სთავაზობს ალტერნატიულ სარეფერენდუმო კითხვას: ომი გინდათ თუ მშვიდობაო, და თავს მშვიდობის ერთადერთ გარანტად წარმოადგენს. პოლიტიკურ ოპონენტებს კი ბრალს სდებს, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, მეორე დღესვე ომი დაიწყება, რაც აბსურდია. მოკლედ, საარჩევნოდ მთავარი ხაზი გადის ამ სარეფერენდუმო კითხვებზე.; მთავარია, ამომრჩეველი რომელი კითხვის საპასუხოდ წავა არჩევნებზე. ხელისუფლება იყენებს ასევე ურაპატრიოტულ და ფსევდორელიგიურ თემებს, ტრადიციების ყალბ დაცვაზე ორიენტირებულ რიტორიკას, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მოახერხეს და ამომრჩევლის დიდ ნაწილს გააგებინეს, რომ ხელისუფლების სარეფერენდუმო შეკითხვა არის სიყალბე და ბლეფი, რომ არ არსებობს ჭკუათამყოფელი ადამიანი, ვისაც ომი უნდა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ამომრჩეველი, რომელიც ქვეყნის განვითარების კურსის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად დასავლეთს აირჩევს, მას ექნება უკვე მეორე არჩევანის საშუალებაც ბიულეტენში მოცემულ ოპოზიციურ ცენტრებს შორის. ფაქტობრივად, ჩვენ ერთი ბიულეტენით ორ არჩევანს ვაკეთებთ: ერთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანსა და გრძელვადიანს, მეორეს - ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებულს. ოპოზიციას დიდი სამუშაო აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ოპოზიციურ ძალებს ჯერჯერობით უჭირთ ღრმად შეღწევა, ცდილობენ, მაგრამ დინამიკა არ არის საკმარისი. დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენებენ. მეგაპოლისებისგან განსხვავებით, ადგილობრივი ხელისუფლება სერიოზული ფაქტორია, სწორედ ამ ფაქტორის გადალახვაა საჭირო სოფელ-სოფელ სიარულითა და მოსახლეობასთან დიალოგით. თუ ეს სამუშაო ხარისხიანად ჩატარდა, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას", მიუხედავად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტისა, ძალაუფლების შენარჩუნების მცირე შანსი ექნება.
- დასასრულ რუსეთ-უკრაინის ომზეც მინდა გკითხოთ, უფრო სწორად, მის გავლენაზე ქართულ პოლიტიკაზე. დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი იქნება ამ ომის შედეგები ჩვენთვის, დღეს, როდესაც უკრაინამ მოახერხა და ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. როგორ ფიქრობთ, ეს როგორ შეიძლება აისახოს ჩვენს არჩევნებზე?
- ვფიქრობ, ძალიან მძიმედ ხელისუფლებისთვის, რადგან მისი მთელი ნარატივი ომსა და მშვიდობაზე ემყარება სწორედ რუსეთის უძლეველობის მითოლოგიას. სულ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, რუსეთს ხელები არ ვუკოცნეთ, არ ვაწარმოეთ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა, მეორე დღესვე ომი დაიწყება. ასე აშინებენ მოსახლეობას. რუსეთის უძლეველობის მითოლოგიის დანგრევა კი გააცამტვერებს ჩვენი ხელისუფლების მთელ ამ ნარატივს. მათი კოლაბორაციონიზმის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკა აგებულია სწორედ რუსეთის მიმართ შიშზე, მაგრამ თუ ხალხმა დაინახა, რომ რუსეთს ჩვენზე შეტევა კი არა, საკუთარი ტერიტორიის დაცვა არ შეუძლია, ბუნებრივია, გაუჩნდება კითხვა, რომ ეს ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აჩეჩებს, სიყალბე ხომ არ არის? უკრაინის ომი განმსაზღვრელი ფაქტორია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალური მასშტაბით. ახლა უკრაინაში მიმდინარე ომით წყდება სწორედ მომავალი მსოფლიო წესრიგის საკითხი - შენარჩუნდება დემოკრატიაზე დამყარებული გლობალური ინსტიტუციური სისტემა თუ შეიცვლება... მოკლედ, უკრაინაში მხოლოდ საქართველოსი კი არა, სამყაროს ბედი წყდება. ჩემი აზრით კი, ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.