„ჩვენს პატარა ქვეყანაში შემოწმებული 1000-დან 800 პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ არის!“ - საგანგაშო სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის გამოქვეყნებული შედეგები ადასტურებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება ქვეყანაში კვლავაც მწვავე პრობლემაა. სტატისტიკით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შესამოწმებლად საექსპერტო სამსახურში 1200 პირი შეამოწმეს, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა. შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმდა 1174 მამაკაცი, საიდანაც 821-ს დადებითი შედეგი ჰქონდა, 26 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 7-ს, 5 მოზარდიდან კი 2-ს დაუდასტურდა.
ასაკის მიხედვით სტატისტიკა ასეთია: შემოწმდა 18-დან 24 წლის ასაკის 138 ბიჭი და 10 გოგონა, მათგან 97 ბიჭი თრობის ქვეშ იყო, ხოლო 10-დან 2 გოგონა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ნარკოტიკების მოხმარებაზე, ძირითადად, 25-დან 44 წლამდე ასაკის მამაკაცები შეამოწმეს. მეორე კვარტალში 689 ამ ასაკის ახალგაზრდა შეამოწმეს, მათგან 483 თრობის ქვეშ იყო. ამავე ასაკის 14 ქალიდან 5-ს მოხმარება დაუდასტურდა. რაც შეეხება 45-დან 60 წლის ასაკს, 300 მამაკაციდან 214 თრობის ქვეშ იყო.
ანალოგიურად მძიმე იყო წელს, პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. ოფიციალური ინფორმაციით, პირველ კვარტალში ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში პოლიციამ სულ 1416 პირი წარადგინა. აქედან 1071-ს დაუდასტურდა ნარკოტიკული თრობა, მათ შორის იყვნენ 4 არასრულწლოვანი ბიჭი და ამავე ასაკის ერთი გოგონა. პირველ კვარტალში 18-დან 24 წლამდე ასაკის 169 ბიჭი შემოწმდა, მათგან 128 ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ამავე ასაკის 5 გოგონადან 4-ს მოხმარება დაუდასტურდა. ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა 1416 პირიდან - 25-დან 44 წლამდე ასაკის 818 მამაკაციდან 606-ს, ამავე ასაკის 13 ქალიდან 9-ს. რაც შეეხება 45-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს, პირველ კვარტალში შემოწმებული 369 მამაკაციდან 298 პირს ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა.
იმავდროულად ახალგაზრდები ხშირად ხვდებიან ზედოზირებით კლინიკებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლით სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა. მათ შორის 149 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, დანარჩენები სხვადასხვა რეგიონის კლინიკებში გადაიყვანეს. რამდენს ვერ მიუსწრო "სასწრაფომ" და ვერ მიიყვანეს კლინიკამდე, ეს ცალკე საკითხია. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი კაცი გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედოზირებით, რადგან ხშირად გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება.
ნარკოლოგი, სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ კლინიკაში პაციენტები უმძიმესი შედეგებით შემოდიან.
- სიტუაცია რომ ძალიან მძიმეა, აჩვენებს ეს სტატისტიკაც, სადაც, ჩვენდა სავალალოდ, არასრულწლოვანებიც ფიგურირებენ. ზედოზირებით კლინიკებში მოხვედრილთა რაოდენობაც საგანგაშოა. დროულად რომ არ აღმოეჩინათ დახმარება, არაერთი ლეტალური შედეგი იქნებოდა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ძალიან გაზრდილია, ასაკობრივი ზღვარიც ძალიან ჩამოწეული. გააქტიურებულია ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ შსს უამრავ ნარკორეალიზატორს აპატიმრებს, რეალიზაცია არ მცირდება.
პერიოდულად სოცქსელში მოვუწოდებ ყველას, არ მოიხმარონ ეს ნივთიერებები, რადგან ძალიან დაბინძურებულია. ჩემდა გასახარად, ამან ნაყოფი გამოიღო, გამოხმაურება მაღალია, მომართვიანობა არა მარტო ჩემს, სხვა კლინიკებშიც, რეგიონებშიც მაღალია. ბევრი ცდილობს როგორმე თავი დააღწიოს ამ უბედურებას. სოცქსელი მუშაობს, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი გამოვიდნენ მდგომარეობიდან, მუშაობენ სპეციალისტები, თუმცა რამდენს მიჰყავს მკურნალობა ბოლომდე ცალკე საკითხია.
- დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კლინიკაში ბევრი პირი გადაიყვანეს ჰალუცინოგენების ზედოზირებით...
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰალუცინოგენების მომხმარებლებს ჰგონიათ, საშიში არაფერია. არადა, არ იციან, რა ნივთიერებებს შეიცავს ის, რასაც მოიხმარენ. ყველა მათგანი კუსტარულად არის დამზადებული და შესაძლებელია მათში გარეული იყოს ფენტალინი, მეტადონი ან ოპიადები, რაც ძალიან მძიმე შედეგს იძლევა, შეიძლება მოხდეს ზედოზირება და ადამიანი ვერც გადარჩეს. არ ვიცით, რამდენი კაცი დაიღუპა 2024 წელს ზედოზირებით, ეს ინფორმაცია დახურულია. თვითონ ის ფაქტი, რომ სამ თვეში შემოწმებული 1000 კაციდან თითქმის 80%-ს ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, დამაფიქრებელია. შემოწმებულთა შორის ქალები და მოზარდებიც ფიგურირებენ. თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის რეგიონებშიც ჩატარდა შემოწმება და ცხადი შეიქნა, თუ რამდენად მძიმეა სიტუაცია.
- არადა, ხშირად აკავებენ ნარკორეალიზატორებს, ამის მიუხედავად, მაინც იზრდება ნარკოტიკის გავრცელების მასშტაბი. არის ვარაუდი, რომ საქართველოშიც არის ნარკოტიკების დამამზადებელი ლაბორატორიები.
- იყო შემთხვევები, როცა ასეთი ლაბორატორიები აღმოაჩინეს. დღეს ნარკოტიკის ყიდვა ძალზე გაადვილებულია ინტერნეტით და სხვადასხვა ტელეგრამარხით. ინსტაგრამზეც კი შემხვდა განცხადებები, თუ როგორ ეპატიჟებიან კურიერებს სამუშაოდ. დიდი ქსელები მუშაობენ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და როცა 1000-დან 800 პირი თრობის ქვეშ არის, პროცენტულად ძალიან მაღალი შეფარდებაა...
ექიმების თვალთახედვის არეში იშვიათად ხვდებიან ისეთი პირები, რომლებიც ჯერ გართობის მიზნით მოიხმარენ ნარკოტიკს, მაგრამ თანდათან ყალიბდება დამოკიდებულება და ბევრი ჩვენი პაციენტი ხდება. ყველაფერი ერთჯერადი მოხმარებით იწყება. და ის პირები, ვინც ემერჯენსში მოხვდნენ, დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ იყო ნარკოდამოკიდებული. შეიძლება ბევრმა პირველად მოიხმარა კიდეც ან იშვითად მოიხმარს.
ბევრად მძიმე სიტუაციაა ოპიატების და სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარების გამო. საქართველოში გამოჩნდა უფრო მძიმე ნარკოტიკებიც. კერძოდ, ე.წ. ელიტური ნარკოტიკები, რომელთაც უკვე დიდი ადგილი დაიკავეს შავ ბაზარზე და ახლა უფრო ბევრი პრობლემა ჩნდება. ელიტური ნარკოტიკების მომხმარებლები უფრო ხშირად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან ემერჯენსში ხვდებიან. ჩვენთან ნარკოლოგიურ დაწესებულებებში, მოდიან უმძიმესი ფორმის დამოკიდებულებით.
- ხშირად ვერ ადგენენ, რა ნივთიერება მოიხმარა კლინიკაში მოხვედრილმა პირმა.
- ეტიოლოგიის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში დიაგნოზად უცნობი ეტიოლოგიის კომას წერენ. იმდენად ბევრი უცნობი ნივთიერებაა, მათი ამოცნობა ლაბორატორიებსაც უჭირთ, მით უმეტეს, ჩვენთან არ არის ისეთი ლაბორატორიები, რომლებიც სწორ პასუხს გასცემენ. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ნივთიერებები რეგისტრირებული არ არის.
- ასეთ მასშტაბამდე რატომ მივედით?
- ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური, დიდია მიგრანტების ნაკადი... უკვე ალკოჰოლიზმიც სერიოზული პრობლემაა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ნარკოტიკი იოლად ხელმისაწვდომია. ახალ-ახალი სელერები შემოდიან და ყიდიან სხვადასხვა ადგილას. დავთვალე და ერთ დღეში 5 კგ-მდე ნარკოტიკი იყო განთავსებული სხვადასხვა ადგილას. ეს დიდი მასშტაბია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შსს მაქსიმალურად ცდილობს ამის გაკონტროლებას, კურიერები მაინც ახერხებენ ჩამორიგებას. მათ ხელმძღვანელებთან მისვლა ძალიან რთულია. შეიძლება სულაც სხვა ქვეყანაში იყოს და იქიდან აკონტროლებდეს ტელეგრამპოსტებს. ისიც შეიძლება საზღვარზე სრულიად არანარკოტიკული ნივთიერება შემოიტანონ და შემდეგ ორი ნივთიერების შერევით მძიმე ნარკოტიკი გააკეთონ.
- რაში ხედავთ გამოსავალს?
- რაც შეიძლება დიდი და სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ რა ზიანი მოაქვს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს. მნიშვნელოვანია სამკურნალო პროგრამების გაფართოებაც, მეტი ინვესტიცია ამ სფეროში. ეს სფერო, ძალიან ცუდ დღეშია, ფაქტობრივად, მოშლილია სისტემა. ინტერნეტში გაურკვეველი პროფესიის პირები სთავაზობენ ნარკოდამოკიდებულებს მკურნალობას, უამრავ კლინიკას ნახავთ. ვინ არიან, არავინ იცის. ყველა ცდილობს ნარკომანიას უმკურნალოს, მაგრამ რამდენად სწორად, ამის კონტროლი არ არის. არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, მსოფლიოში ეს პრობლემა დგას და მექანიზმები არსებობს. მაგალითად, გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომ ამდენ პირს დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება, მაგრამ სპეციალისტებს არავინ გვეუბნება, რა ნარკოტიკი აღმოჩნდა მათ ორგანიზმში, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 197 პირი რატომ მოხვდა ემერჯენსში, რა მიზეზით, რა ნივთიერება აღმოაჩნდათ. როცა სხვა ექიმებთან მოხვდებიან ანალოგიური პრობლემით, მათაც უნდა იცოდნენ, რასთან აქვთ საქმე და მკურნალობა უფრო გაადვილდება. ამ პრობლემასთან ბრძოლაში ყველა რგოლი უნდა იყოს ჩართული: შს და განათლების სამინისტროები, ჯანდაცვა, მთავრობა. მათი საქმიანობა კოორდინირებული უნდა იყოს.
- ნარკოტიკის მოხმარების პრობლემა არასრულწლოვნებშიც მწვავედ დგას. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი ამას?
- ასეთ დროს ახალგაზრდას ქცევა ეცვლება - ხდება აგრესიული, ჩაკეტილი, მეგობრების ახალი, სულ სხვა წრე ჰყავს. უჩნდება სხვა ინტერესები, შეიძლება ჩაცმულობაც შეეცვალოს, უფრო მეტ დროს ატარებს ქუჩაში, უფრო მეტ ფულს ითხოვს მშობლებისგან. ამ დროს მშობელი უნდა ეცადოს მაქსიმალურად გახსნილი იყოს შვილთან, რათა მან შეძლოს თავის პრობლემაზე საუბარი. არის ფსიქოლოგის სპეციალური პროგრამები, მნიშვნელოვანია პედაგოგების ჩართულობაც. სკოლას შეუძლიათ ინფორმაცია მიაწოდოს ახალგაზრდას, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ნარკოტიკს. ამ თემის ტაბუირება უარესია, რაც უფრო მეტი სწორი ინფორმაცია ექნება ახალგაზრდას, მით უფრო ავიცლებთ თავიდან ახალი მომხმარებლების გაჩენას. საბავშვო ბაღშიც კი უნდა ვასწავლიდეთ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომ ბავშვს მოზრდილობაში არ გაუჩნდეს ნარკოტიკის მოხმარების სურვილი. ნარკოტიკი მიდის იქ, სადაც არის პრობლემა. თუ აღმოაჩენთ, რომ უკვე არის პრობლემა, მიმართეთ სპეციალისტს, ეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად, მეგობრულად დაელაპარაკოთ შვილს...
- რამდენად საშიშია ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება?
- ჰალუცინოგენები ყველაზე მძიმე ნარკოტიკია. გარდა იმისა, რომ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, იწვევს უმძიმეს მენტალურ პრობლემებს: ფსიქიკურ აშლილობებს, მძიმე ფსიქოზებს... შეიძლება იყოს ყველა ტიპის ჰალუცინაცია: მხედველობითი, სმენითი, პარანოია, შეიძლება იყოს სუიციდის მცდელობები. ეს ნარკოტიკები, გარდა იმისა, რომ იწვევენ დამოკიდებულებას, იწვევენ გამოფიტვას, უმძიმეს მენტალურ და ფიზიკურ პრობლემებს. არცთუ იშვიათად კი ყოველივე სიკვდილით მთავრდება.