"პუტინს ახლა სამოქმედო არსენალში ბევრი სვლა არა აქვს“ - კვირის პალიტრა

"პუტინს ახლა სამოქმედო არსენალში ბევრი სვლა არა აქვს“

რამდენად სახიფათოა რუსული თამაშები ატომური სადგურებით, შესაძლებელია თუ არა, კრიტიკულ ვითარებაში პუტინმა აასრულოს მუქარა და გამოიყენოს ატომური იარაღი, რა შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინელები მართლაც მოახერხებენ კურჩატოვოს ატომური სადგურის ხელში ჩაგდებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე გვესაუბრება:

- რუსეთი არაპროგნოზირებადი მოთამაშეა. პუტინს არაერთხელ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რასაც დასავლეთი არ ელოდა, მიუხედავად ამისა, ბირთვული იარაღის გამოყენებას ნამდვილად არ უნდა ველოდო. რუსეთი ამას ვერ გაბედავს, გამომდინარე მოკავშირეთა გამანადგურებელი პასუხის გამო. პასუხი კი შესაძლოა იყოს რეგიონში მყოფი რუსული დანაყოფების ან სულაც, შავი ზღვის ფლოტის განადგურება. ამას გარდა, ბირთვული იარაღის გამოყენებას ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარე აქვს, რაც პუტინის ნების შემთხვევაშიც კი მეტად ართულებს ჩანაფიქრის შესრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა კრემლი წვევამდელების მობილიზებით ცდილობს უკრაინული კონტრშეტევის ჩახშობას, მას მაინც მოუწევს უკრაინაში ფრონტზე მოქმედი დანაყოფების მოხსნა და დონბასში კონტინგენტის შესუსტება. სავარაუდოდ, ეს 7-10 დღეში მოხდება. მნიშვნელოვანია, რას მოიმოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალები: გაამაგრებს პლაცდარმს და კურსკს "რუსეთის დონბასად" აქცევს მოლაპარაკებაში გამოყენების მიზნით, თუ უფრო წინ წაიწევს და აქტიური მოქმედებებით რუსეთის ფრონტის ჩამოშლას შეეცდება.

- ზაპოროჟიესა და კურსკის ატომურ სადგურებთან დაკავშირებულ რისკებს როგორ აფასებთ, რამდენად შესაძლებელია ეს ობიექტები თუნდაც საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეულმა მძლავრმა ვიბრაციებმა დააზიანოს?

- ამგვარი ობიექტები მეტად მდგრადი დაცვით შენდება ხოლმე, გათვლილია როგორც ბუნებრივ კატაკლიზმებზე, ასევე საბრძოლო მოქმედებებსა თუ ტერორისტულ თავდასხმებზე. ამდენად, ვიბრაციების ან თუნდაც ერთეული მუხტების მოხვედრის გამო ბირთვული კატასტროფა არ არის მოსალოდნელი.

- ამჟამად კურსკის სადგურზე ოთხიდან მხოლოდ ორი რეაქტორი მუშაობს, თუმცა მათგან­ 2,5 კმ-ში მიმდინარეობს კიდევ ორი ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობა, რომელიც ორიოდე დღის წინ სასწრაფოდ შეაჩერეს.­ რა ბედი ეწევა კურსკის ატომური­ სადგურის ორ მოქმედ რეაქტორს, თუკი უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები­ მათ ახლოს გამოჩნდებიან?

- არა მგონია, უკრაინამ ბირთვულ რეაქტორზე სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებები დაიწყოს. თუკი საბრძოლო მოქმედებების დინამიკიდან გამომდინარე, რეაქტორი უკრაინის კონტროლის ქვეშ მოექცევა, ვფიქრობ, ეს მათთვის თავსატეხია, რადგან ისეთი უპასუხისმგებლო მოთამაშე, როგორიც რუსეთია, მით უმეტეს, თუ მარცხი იწვნია, შესაძლოა თავად დაემუქროს რეაქტორის დაცულობას, რათა უკრაინელებს გადააბრალოს შედეგები. საკუთარი მოსახლეობის განადგურებით პოლიტიკური დივიდენდების მიღების პრაქტიკა პუტინმა ჯერ კიდევ ვოლგოდონსკის, ბესლანისა და სხვა ინციდენტებით დანერგა. ახლა მას სამოქმედო არსენალში ბევრი სვლა არა აქვს.

- რამდენიმე დღის წინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენზე მომხდარ ინციდენტში უკრაინის ოფიციალური პირები მონაწილე­ობდნენ. კერძოდ, "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, მოგვიანებით კი მისი გაუქმება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ოპერაცია ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის მეთვალყურეობით მაინც ჩატარდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ამის გაკეთება მხოლოდ დიდი ტექნიკური და ფინანსური რესურსით შეიძლება და ამის შესაძლებლობა მხოლოდ რუსეთს აქვს.

- ახლა ომი არა მხოლოდ დონბასის ან კურსკის ტერიტორიაზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც მიმდინარეობს. დივერსიებში, ბირთვულ შანტაჟში, ტერორისტულ მოქმედებებში დადანაშაულება ასეთ დროს ჩვეულებრივი ამბავია. მე ვფიქრობ, უკრაინას ამ მასშტაბის სპეციალურ ოპერაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა.

- არაერთხელ გვინახავს, სამხედრო ძალის პარალელურად, თუ როგორ იყენებს რუსეთი ჰიბრიდულ ომსაც, ღიად თუ მალულად, ოფიციალური დეკლარირების გარეშე. ამ მხრივ რა საფრთხეებია მოსალოდნელი რეგიონში და რა უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში?

- მიზანი ნათელია: კრემლს დამატებითი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა არა აქვს და ცდილობს საქართველო ჰიბრიდული აქტივობებით ჩამოაშოროს დასავლური ინტეგრაციის გზას, ძირი გამოუთხაროს პარტნიორებთან მის ურთიერთობებს, დანერგოს რუსეთთან მოსალოდნელი ომის შიში, შეაფერხოს სამხედრო, ჰუმანიტარული და უპირველესად პოლიტიკური დახმარება, შემდგომ კი იზოლაციაში მოქცეულ საქართველოს სამხედრო აგრესიით დაემუქროს, რათა აიძულოს რუსულ პლატფორმებში ინტეგრაცია. ცხადია, საბოლოო მიზანი სრული ანექსიაა. მედვედევის, პუტინისა და პატრუშევის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ დაფიქსირდა მოსაზრება, რომ საქართველო რუსეთთან მიერთებისას სახელმწიფო სულაც არ იყო. კრემლი ამას საქართველოს მომავლად განიხილავს.

ხათუნა ბახტურიძე