„რუსები ბურუსში არიან და წარმოდგენა არა აქვთ, საიდან რას უნდა ელოდონ“ - კვირის პალიტრა

„რუსები ბურუსში არიან და წარმოდგენა არა აქვთ, საიდან რას უნდა ელოდონ“

"რუსეთი ნელი და დაბნეულია", - ამბობენ ამერიკელი სამხედრო პირები და პოლიტიკოსები მოსკოვის რეაქციაზე კურსკის მოვლენების გამო. ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურის, გენერალ კრისტოფერ კავოლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაზე რეაგირებას და მისი რეაქცია, ჯერჯერობით ნელი და დაბნეულია.­ როგორც კავოლიმ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე განაცხადა, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ჯერ ერთი, არ არის გააზრებული, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაში გადმოსულ საბრძოლო მოქმედებებზე, და მეორე - გამოთავისუფლებული ჯარების ნაკლებობით, რომელთა გამოყენება რუსეთს კურსკის ოლქში შეუძლია. მისი განმარტებით, ქვედანაყოფები, რომლებსაც ახლა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იყენებენ, ახალწვეულები არიან, რომლებსაც უკრაინაში ბრძოლა თეორიულად და იურიდიულად ეკრძალებათ. "შესაბამისად, საუბარი არ არის იმ საბრძოლო ნაწილებზე, რომლებიდანაც სწრაფი რეაგირების მოლოდინი შეიძლება", - დასძენს ნატოს გენერალი. რუსეთის მოსალოდნელი რეაქციის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:

- რუსეთმა ძალიან დიდი შეცდომა­ დაუშვა, როდესაც კურსკის რეგიონი დაუცველი დატოვა. რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს რატომღაც ეგონათ, უკრაინელები ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებდნენ და კრემლმა გამოცდილ ქვედანაყოფებს აღმოსავლეთ უკრაინისკენ, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით მოუყარა თავი. ეს შეცდომა შესანიშნავად გამოიყენეს უკრაინელებმა და დაიწყეს შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე. ვერსია ბევრია, მაგრამ ამ ოპერაციის სამხედრო მიზანი ჯერ მაინც არ არის გამოკვეთილი.

- სპეციალისტები უფრო ორ ვერსიას­ განიხ­ილავენ: პირველი - უკრაინის აღმოსავლეთ­ ნაწილში ფრონტის ხაზის განტვირთვა, მეორე­ - შემოდგომისთვის დაგეგმილი სამშვიდობო­ მოლაპარაკების წინ უკრაინელებს სურთ მაქსიმალურად მომგებიან პოზიციაში იყვნენ...

- ორივე ვერსია ლოგიკურია, თუმცა­ არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინელებს უფრო დიდი მიზანიც ჰქონდეთ. მაგალითად, კურსკის შემდეგ ბელგოროდისა და ვორონეჟის მიმართულებითაც დიდი ოპერატიული გარღვევა, ფრონტის გასწორება და ლუგანსკში მყოფი რუსების­ ნახევარალყაში მოქცევა. სავსებით შესაძლებელია უკრაინელებმა რკალისებურად შემოუარონ ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და უკრაინაში მყოფი რუსული დაჯგუფებების ზურგში მოექცნენ. ასეთ შემთხვევაში რუსები იძულებული გახდებიან უკან დაიხიონ, ალყაში რომ არ მოექცნენ და ზურგიდან არ მიიღონ დარტყმა.

სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში რუსებს მინიმუმ ლუგანსკიდან მოუწევთ გასვლა, რაც საფრთხეს შეუქმნის დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსულ საჯა­რისო შენაერთებს. ეს არის დიდი სამხედრო-ოპერატიული სურათი, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.

8888888-1723997525.jpg

- თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსების დაბნეულობა და როგორი იქნება მათი პასუხი?

- რუსული ავტოკრატია და ტოტალიტარული იერარქია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სამხედრო ან სახელისუფლებო სისტემების ქვედა რგოლებმა კრიტიკულ ვითარებაში შესაბამისად იმოქმედონ. სისტემა იჭედება და მოულოდნელ გამოწვევებს ვერ პასუხობს. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ მმართველობაში მყოფი პირები, გუბერნატორები, ასევე­ ჯარის გენერალიტეტი და მაღალჩინოსნები­ უაღრესად კორუმპირებულები არიან, მათ ძალიან უჭირთ ცვალებად გარემოში პრობლემებზე ადეკვატურად რეაგირება. იქ, სადაც ვითარება სტაბილურია, რუსებისთვის­ მარტივია რიცხვობრივი და ტექნიკური უპირატესობის გამოყენება, მაგრამ სადაც ფრონტის ხაზი დარეგულირებული არ არის, ძალიან უჭირთ. სამაგიეროდ, უკრაინელები კარგად იყენებენ მობილურობასა და ავტონომიურობაში უპირატესობას. ამას ემატება ტაქტიკური სვლები - სპეცდანიშნულების რაზმები სხვადასხვა მიმართულებით არიან გაფანტული და რუსებისთვის აბსოლუტურად­ გაუგებარია, ვინ სად არის, ვის რა შესაძლებლობები აქვს...

უკრაინელებმა შექმნეს ისეთი ვითარება,­ რომ რუსებმა დღემდე არ იციან, რა მიმართულებაზე იქნება მთავარი შეტევა და შესაბამისად, არ იციან, სად რა ძალებს მოუყარონ თავი. ასევე, არ იციან, სად არის ფრონტის ხაზი. როდესაც ზუსტად არ იცი, სად იმყოფება მოწინააღმდეგე, გიწევს სხვადასხვა კუთხებიდან მოძიებული რეზერვი ჩასვა მანქანებში და ბედის ანაბარად გაუშვა. კოლონა მიდის მანამ, სანამ მოწინააღმდეგე არ დაეტაკება. უკრაინელებს უადვილდებათ ასეთი რუსული რეზერვების განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს­ ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რეზერვი, დაბნეულობისა და გაურკვევლობის გამო ძალიან უჭირთ საბრძოლო მოქმედებები და მოწინააღმდეგეების ტყვედ აყვანა.

რა თქმა უნდა, უკრაინელებიც განიცდიან დანაკარგს - როდესაც მათი სადაზვერვო­ ჯგუფები წინ მიიწევენ, გზად ხშირად უწევთ შეტაკებები, მაგრამ მაინც დიდი უპირა­ტესობა აქვთ იმით, რომ აქვთ გეგმა, სტრატეგია და რაც მთავარია, სწორი და განახლებული ინფორმაცია. ფაქტობრივად, რუ­სები ბრძოლის ბურუსში არიან და წა­რ­მოდგენა არა აქვთ, საიდან რას უნდა ელოდონ.

- როგორ გგონიათ, პუტინი შეანელებს შეტევებს აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით და აქცენტს კურსკზე გადაიტანს?

- არა მგონია. პუტინს ადამიანურ დანაკარგზე სენტიმენტები არა აქვს. მას შეუძლია, მანამდე შეაკლას საკუთარი ხალხი უკრაინას, სანამ მიზანს არ მიაღწევს. როგორც ჩანს, პუტინისთვის დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულება პრიორიტეტულია და არა მგონია, ამ რეგიონებიდან ნაბრძოლი, გამოცდილი ქვედანაყოფები მოხსნას და კურსკისკენ გადაისროლოს. არის ერთი ფაქტორიც - უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი რუსი სამხედროები იმიტომ არიან ყველაზე ბრძო­ლისუნარიანები, რომ უკვე დიდი ხანია იქ არიან და კარგად იცნობენ იმ გეოგრაფიულ არელს, მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული არიან მართვის სისტემებში, ლოჯისტიკა აწყობილი აქვთ და ავიაციის, ასევე სხვა ტექნიკური დახმარებების საშუალებით დიდი დანაკარგით, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ. ნაცნობი გეოგრაფიული არეალიდან მათი მოხსნა და გადასრო­ლა კურკსში­, სადაც ფრონტის ხაზიც კი არ არის, ნიშნავს, რომ უკრაინელებს­ მათი მარტივად განადგურების შესაძლებელობა მისცენ. რუსები ამიტომაც არ გზავნიან ამ ქვედანაყოფებს სასაკლაოზე. როგორც ჩანს, რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან მოძიებული რეზერვებით, ანუ წვევამდელების საშუალებით ცდილობენ კურსკში უკრაინელების შეჩერებას.

- შესაძლებელია თუ არა პუტინს საყოვე­ლთაო მობილიზაციის გამოცხადებამ მოუწიოს?

- ჩემი ვარაუდით, ორი-სამი კვირის განმავლობაში მობილიზაციას არ გამოაცხადებს. ჯერ წვევამდელებს შეახოცავენ უკრაინელებს, მერე დააკვირდებიან, როგორი დანაკარგი ექნებათ და თუ დაინახავენ, რომ არსებული რეზერვებით ვეღარ აჩერებენ უკრაინელებს, მხოლოდ შემდეგ გამოაცხადებენ მობილიზაციას. თუმცა ერთი რამ არის გასათვალისწინებელი -

არავინ იცის, აღიქვამს თუ არა პუტინი საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხედ უკრაინელების შეტევას კურსკში. თუ მთელ ამ პროცესში ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე არ დაინახა, შეიძლება კურსკი დაივიწყოს კიდეც. ჩვენ ისიც არ ვიცით, შეძლებს თუ არა პუტინი რუსი ხალხის მობილიზებას უკრაინული მარშის წინააღმდეგ. ამ დრომდე, შეიძლება ითქვას, რუსი ხალხი ძალიან მშვიდად და ნეიტრალურად შეხვდა უკრაინულ მარშს. რჩება განცდა, რომ ეს არის ომი პუტინის რეჟიმთან და მათ არ ეხებათ.

- თქვენ კი ამბობთ, რომ შეიძლება პუტინმა კურსკი დათმოს, მაგრამ სხვა რუსი ლიდერებისგან მუქარის შემცველი განცხადებები­ გვესმის. მაგალითად, სახელმწიფო სათათ­ბიროს დეპუტატი, უშიშროების კომიტეტის წევრი მიხაილ შერემეტინი ამბობს, რომ მესამე­ მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა კი ირწმუნება, რომ პასუხი იქნება ძალიან სასტიკი და მკაცრი.

- მათი განცხადებები არაფერს ნიშნავს. შეგახსენებთ რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპს, მაშინაც გაიძახოდნენ უმაღლესი დონის რუსი პოლიტიკოსები, რომ უკრაინისთვის დასავლეთის დახმარებას, მისთვის იარაღის მიწოდებას მოსკოვი აღიქვამდა ომში რუსეთის წინააღმდეგ ჩართვად, რასაც შესაბამისი პასუხი მოჰყვებოდა. ჯერ უკრაინისთვის ტანკების, მერე სარაკეტო დანადგარებისა და თვითმფრინავების მიწოდებაზე, ყოველ ჯერზე რუსეთი მესამე მსოფლიო ომის დაწყებით იმუქრებოდა, მაგრამ დღეს ყველა ხედავს, რაც ხდება. ერთადერთი, რითაც ახლა რუსეთს მსოფლიოს დაშანტაჟება შეუძლია, არის ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ ამასაც ძალიან ბევრი "მაგრამ" ახლავს - რუსეთის საერთაშორისო იზოლაციით დაწყებული (აბსოლუტურად ყველა ქვეყნისგან), დამთავრებული მის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთის კონვენციის მიხედვით საპასუხო დარტყმის გამოყენებით. ამასთან, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება­ დაუშვებელი რომ არის, ამის შესახებ რუსეთი არაერთხელ გააფრთხილეს. ნახეთ, რამდენჯერ მოახერხა უკრაინამ რუსული არმი­ის "აყირავება", ჯერ ხარკოვის, შემდეგ კი ხერსონის გათავისუფლებით. წესით, რუსეთს მაშინ უნდა გამოეყენებინა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს ვერ გააკეთა. წითელი ხაზების დაწესება რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის პროპაგანდისტული ხრიკია. საბჭოთა კავშირი რომ არსებობდა, 90%-ით დეზინფორმაციული პროპაგანდის "დამსახურება" იყო. რუსეთი­ დღესაც აგრძელებს ამ ტრადიციას და ჩვენ, ქართველებიც, ამის მსხვერპლნი ვართ. დადგა მომენტი, რომ დასავლეთის ლიდერებზე რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდა აღარ ჭრის. მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს ამერიკის ან რომელიმე დასავლური ქვეყნის, თუნდაც უკრაინის წინააღმდეგ.

- შემოდგომისთვის დაგეგმილი სამშვიდობო­ მოლაპარაკებები რას ნიშნავს, იმ დროისათვის შეიძლება დასრულდეს საომარი მოქმედებები?

- მე ასე ვერ ვიტყოდი, შემოდგომისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებები არ ნიშნავს, რომ აგვისტოში ვინც რა ტერიტორიას დაიკავებს, მერე იმით ივაჭრებს. არა, ახლა უკრაინელები იმ განწყობაზე არიან, რომ მაქსიმალურ შედეგზე გავიდნენ. პროცესი თუ ისე განვითარდა, რომ ერთი ან მეორე მხარისთვის დიდი შედეგის მომტანი აღმოჩნდა, მაგალითად, თუ რუსები უკრაინულ შეტევას ერთი თვის განმავლობაში ვერ შეაკავებენ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთისთვის გაიზრდება როგორც სამხედრო, განსაკუთრებით კი პოლიტიკური შეცდომების საფასური. უკრაინელები არ გაჩერდებიან, გააგრძელებენ შეტევას მანამდე, ვიდრე მაქსიმალურ სამხედრო და პოლიტიკურ შედეგს არ მიიღებენ. არ არის გამორიცხული, უკრაინული მარში საბედისწერო აღმოჩნდეს პუტინის მმართველობისთვის.

ხათუნა ბახტურიძე