“მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა, ბევრი ტანჯვა გამოვიარე - ახლა დროა, განვკურნოთ ქვეყანა და ამას გავაკეთებთ კოალიცია 4-თან ერთად“ - კვირის პალიტრა

“მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა, ბევრი ტანჯვა გამოვიარე - ახლა დროა, განვკურნოთ ქვეყანა და ამას გავაკეთებთ კოალიცია 4-თან ერთად“

მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა, ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, რომ ქვეყანა განვკურნოთ და ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად კოალიცია 4-თან ერთად, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "კოალიცია ცვლილებისთვის" შეერთების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„ძალიან მიხარია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით ვდგავარ აქ, დღეს, ჩემს კოლეგებთან, ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლის ბრძოლა, უშიშრობა მთელ საქართველოს ნანახი აქვს. პროფესიონალიზმში მთელ საქართველოში არავის ეჭვი არ ეპარება. მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა იმედი ყოველთვის მექნება წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საზოგადოებაში ისმის, როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ ქვეყანა, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, ამაზე პასუხი არის მარტივი -პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც უნდა მოიტანოს კოალიცია 4-მა. პროგრესი არის ის, რაც შეცვლის ამ ქვეყანაში იმ მმართველობას, რომელიც წლებია გვაქვს და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს „ქართული ოცნების“ გარეშე ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას შევცვლით და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ქვეყანა უნდა იმართებოდეს მრავალპარტიულად და კოალიციურად, დიალოგზე და კონსენსუსზე დაფუძნებით.

„გადავწყვიტე, რომ ვიყო ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთან ერთადაც შეიძლება დიალოგი, დისკუსია, კამათი, შეთანხმება და ერთობლივად ქვეყნის მართვა ისე, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი იყოს მთავარი ორიენტირი. მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა, ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა და ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად კოალიცია 4-თან ერთად“, - განაცხადა სამნიძემ.