ანომალიური ქვეყანა ანუ როგორ ჩაახშო ტელევიზორმა ყველა და ყველაფერი - კვირის პალიტრა

ანომალიური ქვეყანა ანუ როგორ ჩაახშო ტელევიზორმა ყველა და ყველაფერი

მსოფლიოში მიმდინარე ომები თუ დასრულდება და პლანეტა გადარჩა, პუტინის რუსეთში არსებული სიტუაცია ათასობით დისერტაციის თემა იქნება. მთავარი კვლევის ობიექტი უნდა იყოს ის, თუ როგორ ვაქციოთ ადამიანები ამორფულ ბრბოდ და როგორ მართავს ტელევიზორი ქვეყანას - თან ინტერნეტის ეპოქაში. ქმნიან იმ რეალობას, რაც კრემლში აწყობთ.

წარმოიდგინეთ, პირველად 1941 წლის შემდეგ, რუსეთში შეიჭრნენ და დაიკავეს ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. რუსეთი ამას იმსახურებდა და უკრაინელებმა მოსკოვი რომ აიღონ და პუტინი ჰააგის სასამართლოში წააბრძანონ, რა თქმა უნდა, მსოფლიოს დიდი ნაწილი ამაზე ხელს მოაწერს. თუმცა ამ საკითხზე ამჯერად არ შევჩერდებით. საქმე ის არის, შენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ძალების შემოჭრა ისეთი მოვლენაა, რომ ამას, წესით, უნდა მოჰყვეს საზოგადოების გაერთიანება და თუნდაც დამპყრობლური ომის სამამულოდ გადაქცევა. ასე განვითარდა მოვლენები ნაცისტურ გერმანიაში, სადაც საბჭოთა ჯარებს ქალიან-ბავშვიანად უწევდნენ წინააღმდეგობას.

რა მოხდა რუსეთში?!

უკრაინელების კურსკის ოლქში შეჭრას კრემლში შეხედეს პუტინის იმიჯის პრიზმით და დაასკვნეს, რომ ეს არის დიდი სირცხვილი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისთვის, რომელიც გასულ წლებში გაბრექილი არიგებდა ჭკუას მსოფლიოს და ხანდახან ბირთვული იარაღითაც ემუქრებოდა. დიახ, ეს დიდი სირცხვილია. კერძოდ, უკრაინელებმა ასეულობით რუსი წვევამდელი აიყვანეს ტყვედ. მეორეც - აბსოლუტურად ჩავარდა რუსული დაზვერვა: მეზობელ ქვეყანასთან ომი გაქვს და მასთან საზღვრის ერთი მონაკვეთი წვევამდელების იმედად გაქვს მიტოვებული?! მესამე - გამოჩნდა რუსული სახელმწიფო აპარატის აბსოლუტური ქმედუუნარობა: რუსი ლტოლვილები, პირველ რიგში, ჩინოვნიკებმა მიატოვეს. კადიროვის ბატალიონი „ახმატი“ ისე გაიქცა ბრძოლის ველიდან, დღემდე ვერ პოულობენ. მოკლედ, პუტინი დაამცირეს და გაამათრახეს. კრემლის ბინადარი, რომელიც ამაყობდა ვითომდა ზუსტი გეოპოლიტიკური გათვლებით, საკუთარივე ტერიტორიაზე უსუსური აღმოჩნდა. პროპაგანდამ თავდაპირველად დააპირა მითის შეთხზვა, რომ თითქოსდა პუტინმა სპეციალურად შეიტყუა უკრაინელები კურსკში მათი რეზერვების განადგურების მიზნით. თუმცა ეს იმდენად იდიოტიზმი იყო (თან ტყე-ტყე მორბენალი რუსი ლტოლვილების ფონზე), რომ თავი დაანებეს.­ შესაბამისად, რუსულმა სამთავრობო ტელევიზიამ (სხვა მედია რუსეთში ფიზიკურად არ არსებობს) დაიწყო იმის იმიტაცია, რომ ვითომც განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვითომც ჩვეულებრივი ამბავია კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლები. ამით რუსები ქვეყნის ტელევიზორით მართვაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. რა თქმა უნდა, ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ რაც კურსკის ოლქში მოხდა, პუტინის მმართველობის ხელწერაა. კერძოდ, სტიქიური უბედურებებისას რუსეთის მოსახლეობა ისევე იყო მიტოვებული ყოველთვის, როგორც კურსკის ოპერაციისას.

მეტიც, პუტინის ხელისუფლება ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებს. კერძოდ, ის უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ წვევამდელები ფრონტზე არ მოხვდებოდნენ, და მეტ-ნაკლებად ასრულებდა ამ პირობას. დღეს კი კრემლი ყურადღებით აკვირდება, რა რეაქცია აქვს მოსახლეობას კურსკის მიმართულებაზე წვევამდელების დაღუპვასა და ტყვედ ჩავარდნაზე (განსაკუთრებით დაღუპულების მშობლებსა და ახლობლებს). რეაქციები ძალიან დუნეა, ძირითადად, ისევ პუტინს სთხოვენ დახმარებას, რადგან რუსებს სისხლში აქვთ გამჯდარი მითი, რომ "მეფემ" არ იცის, რას აკეთებენ "ბოიარები". აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, პუტინისთვის წვევამდელებიც იქცნენ საზარბაზნე ხორცად.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - რუსეთის ხელისუფლების რიტორიკიდან გაქრა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. არადა, წინა წლებში ლამის ყველა ტრიბუნიდან გაჰყვიროდნენ, რომ თუ რუსეთის უსაფრთხოებას (რომელშიც შედის ტერიტორიული მთლიანობა) საშიშროება დაემუქრა, არიქა, მათი ბირთვული რაკეტები დაუყოვნებლივ აიჭრებოდნენ ცაში. ბრძოლები მიდის რუსეთის ტერიტორიაზე მოსკოვიდან 500 კილომეტრში, თუმცა დღეს კრემლში ბირთვულ რაკეტებზე დუმან. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ თქმა ერთია და გაკეთება მეორე, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ შენს გასროლას შეიძლება დასავლეთის იგივე პასუხი მოჰყვეს. ამ კითხვებს, რა თქმა უნდა, რუსები არ სვამენ, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროპაგანდა მათ უმტკიცებს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

რას გადაწყვეტს კურსკის ოპერაცია

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი და მათ შორის, ჩვენც, უკრაინას ვგულშემატკივრობთ, ცივი გონება უნდა შევინარჩუნოთ. დიახ, უკრაინელები კურსკში აწვებიან რუსებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსულ საოკუპაციო ძალებს დონეცკში თუ ლუგანსკში არ შეუნელებიათ შეტევითი ოპერაციები და და ნელი ტემპით, მაგრამ გარკვეულ მონაკვეთებზე მაინც ახერხებენ წინ წაწევას.

რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი იქნება შემდეგი: თუ უკრაინელებს აქვთ საკმარისი რეზერვები, ისინი დაარტყამენ ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებს. შესაბამისად, კრემლი იძულებული იქნება შეაჩეროს შეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებიდან, მოხსნას ჯარები და გადაისროლოს რუსეთის ტერიტორიაზე. ამ მომენტით შეიძლება ისარგებლონ უკრაინელებმა და გაარღვიონ ის თავდაცვის ხაზი, რომელიც რუსებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნეს. თუმცა საეჭვოა, უკრაინელებს ამხელა რეზერვი ჰქონდეთ. შესაბამისად, ყველაზე რეალურია სცენარი, რომ უკრაინელები შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი რუსული ტერიტორია დაიკავონ და შემდეგ, მოლაპარაკებებისას (რომლის დასაწყებად დასავლეთი ყველაფერს აკეთებს), მომგებიან სიტუაციაში იყვნენ. თუმცა მეორე საკითხია, დათანხმდება თუ არა პუტინი ამ პირობებში მოლაპარაკებას. ეს, ალბათ, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინელები უზარმაზარ სამხედრო წარმატებას მიაღწევენ რუსეთის ტერიტორიაზე.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ გულუბრყვილოს კვლავ გაუჩნდა იმედი, რომ თითქოს პუტინის გარემოცვა ამ ყველაფრის შემხედვარე აიძულებს კრემლის ბინადარს ომი შეწყვიტოს. ტელეგრამ-არხებზე ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ თითქოს უახლოესი გარემოცვის წევრებმა დაუჩოქეს პუტინს და უთხრეს, გადადექი და უსაფრთხოების გარანტიებს მოგცემთ შენც და შენს ოჯახსაცო. ამ ინფორმაციის მიხედვით, პუტინს ხმა არ ამოუღია. ეს კეთილი ზღაპარია. კარგად დააკვირდით, რუსეთის მთავრობისა თუ უშიშროების საბჭოს სხდომებს და მიხვდებით, რომ არ არის ისეთი ადამიანი პუტინის გარემოცვაში, რომელიც კრემლის ბინადარს თუნდაც მინიშნებით გაუბედავდა, გადადექიო.

პუტინი, სავარაუდოდ, დარწმუნებულია, რომ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მოკლავენ და შემდეგ მასზე შეიწმინდენ ხელებს. შესაბამისად, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი ის გადადგომის ვარიანტს არ განიხილავს. აი, ამ ეტაპზე გახდება ის ყველაზე სახიფათო. თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

სუპერსენსაციური ინფორმაცია ანუ ვინ ააფეთქა „ჩრდილოეთის ნაკადი“

გასულ კვირას თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-მა­ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების­ შედეგები, რომლის მიხედვით, 2022 წელს "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენი უკრაინელებმა ააფეთქეს. სტატიის მიხედვით, გაზსადენის აფეთქების იდეა 2022 წლის მაისში დაიბადა, როცა ერთ საღამოს უკრაინის არმიის რამდენიმე მაღალი ჩინის ოფიცერი ბიზნესმენებთან ერთად დროს ატარ­ებდა. ბიზნესმენები დათანხმდნენ დაეფინანსებინათ მილსადენის აფეთქების ოპერაცია, რომელსაც სამხედროები შეიმუშავებდნენ. ოპერაციის მონაწილე ანონიმური პირების თქმით, გეგმის მომზადებისა და შესრულების მიზნით 300 ათასი დოლარი დაიხარჯა.

როგორც გამოცემა წერს, ოპერაციას კურირებდა სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე გამოცდილი გენერალი (გვარი დასახელებული არ არის), რომელიც იმ დროს უკრაინის არმიის მთავარსარდალ ვალერი ჟალუზნის ექვემდებარებოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად გეგმა მოიწონა, თუმცა შემდეგ ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვამ გაზსა­დენის აფეთქების მზადების შესახებ გაიგო და მონა­ცემები აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (ჩIA) გადასცა. თავის მხრივ, ჩIA-მ ვოლოდიმირ ზელენსკის ოპერაციის გაუქმება სთხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება გასცა, მაგრამ გენერალმა ვალერი ჟალუზნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება არ შეასრულა და საბოლოოდ გეგმა განახორციელა.

"მილსადენის აფეთქების მიზნით გამოყენებულ იქნა სასეირნო იახტა "ანდრომედა".­ იალქნიანი იახტის ბორტზე შეიკრიბა ექვსი­ კაცი - ხუთი მამაკაცი (მყვინთავ-ამფეთქებლები) და ერთი 30 წლამდე ქალი, რომელიც სპეციალობით ასევე მყვინთავი იყო, მაგრამ უფრო მეტად მას სეირნობის ილუზია უნდა შეექმნა: თუ იახტას დააკავებდნენ, ქალის ბორტზე ყოფნა ნიშნავდა, რომ მეგობრები მართლაც დროს ტარებისა და სეირნობის მიზნით არიან შეკრებილი. აფეთქების ადგილზე მყვინთავები წყვილ-წყვილად მუშაობდნენ. მათ ისარგებლეს ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელსაც ტაიმერით მართვადი დეტონატორები ჰქონდა", - წერს ამერიკული გამოცემა.

ოფიციალურად, ეს დივერსიაა, არა­ოფი­ციალურად კი უკრაინელების ძალიან სწორი ნაბიჯი. სწორედ ამიტომაც დასავლეთი გაგებით მოეკიდა "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებას. მთავარი ის არის, თუ უკრაინელებს მსგავსი ოპერაციების ჩატარების ძალა შესწევთ, მაშინ პუტინის რუსეთს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

გიორგი კვიტაშვილი