„არც ერთ შეცდომას არ გაპატიებს ორთვლიანი ტრანსპორტი“ - კვირის პალიტრა

„არც ერთ შეცდომას არ გაპატიებს ორთვლიანი ტრანსპორტი“

არსებობს გამოთქმა, მოტოციკლისტის ცხოვრებაში სამი ბედნიერი დღე არსებობსო - ერთი, როდესაც მოტოციკლი იყიდა, მეორე, როდესაც ავარიას ცოცხალი გადაურჩა და მესამე, როდესაც მოტოციკლი გაყიდაო. ირონია და იუმორი იქით იყოს და, სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ბოლო პერიოდში არაერთი მძღოლის თუ ქვეითად მოსიარულის ჩივილი მოვისმინე ბაიკერებზე, უკონტროლოდ დაქრიან, ხან ტროტუარზე ამოგივარდებიან და ხან გზაზე გადმოგიხტებიან, ძალიან უმართავები გახდნენო... რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმის, თუმცა მათ დიდ ნაწილს უდავოდ ეხება... ამიტომაც არაერთი საგზაო შემთხვევის მოწმენი ვხდებით, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ლეტალური შედეგით. ორთვლიან მოტორიზებულ ტრანსპორტზე სასაუბროდ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მევლუდ მელაძეს დავუკავშირდით:

- ქალაქი არ არის აწყობილი ორთ­ვლიანი ტრანსპორტისთვის. ამაზე მეტყველებს ის, რომ საპარკინგე სივრცეებში, გზაჯვარედინებსა და ა.შ. ვერსად ნახავთ მინიშნებას ორთვლიანი ტრანსპორტის შესახებ.

- მარტო ველოსიპედებზეა.

- ველოსიპედზე არის, რა თქმა უნდა. ველოსიპედის ზოლში მოტოციკლს შესვლა არ შეუძლია.

- სამაგიეროდ, ბასლაინის დათმობას ფიქრობენ (მერიამ მოამზადა საკანონმდებლო­ პაკეტი, ავტობუსის ზოლებში მოტოციკლებისა­ და მოპედების მოძრაობა, გარდა სამთვლიანი მოპედისა, დასაშვები იქნება).

- წლების წინ ვამბობდი, ამ სატრანსპორტო პოლიტიკით ტაილანდს დავე­მსგავსებით, იმიტომ, რომ მოტოტრანსპორტი ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი­ იქნება-მეთქი. თუ სივრცეებს არ დატოვებ მანქანების სამოძრაოდ, თუ საპარკინგე სივრცეებს არ შექმნი მანქანების გასაჩერებლად, ხალხი იძულებული იქნება ორთვლიან ტრანსპორტზე გადაჯდეს, იმიტომ, რომ მას ნაკლები სივრცე სჭირდება და საცობებში ნაკლებად პრობლემურია. ამიტომაც ვიყიდე მეც სკუტერი. იმ დროს ამის მოსმენა ძალიან სასაცილოდ ეჩვენებოდათ, ქართველი კაცი სკუტერზე როგორ დაჯდება და მოტოციკლეტით ყოველდღე როგორ ივლისო, მაგრამ დღეს, იმიტომ, რომ მოტოტრანსპორტი ძალზე პრაქტიკულია, იმატებს და იმატებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოტოკულტურა არა გვაქვს. სწავლებაც არ ხდება სათანადოდ, შესაძლოა იმიტომ, რომ სკოლა ცოტაა და ჯერ სუსტები არიან. რატომღაც ჰგონიათ, რადგან მოტოციკლეტია და სკუტერია, ნებისმიერი გაატარებს... რადგან მასობრივად მატულობს ორთვლიანი ტრანსპორტი, შესაბამისად, მატულობს შეცდომებიც. თან მანქანისგან განსხვავებით, მოტოციკლეტის მართვისას ნებისმიერი შეცდომა, მინიმუმ, დაცე­მას ნიშნავს, დაცემა კი გარდაუვალ საგზაო­ შემთხვევას. არც ერთ შეცდომას არ გაპატიებს ორთვლიანი ტრანსპორტი, მით უმეტეს, თანამედროვე მოტოციკლეტი ძალიან სწრაფია, სისწრაფე თვალსა და ხელს შუა გეპარება. ამას კი უკვე მოჰყვა საგზაო შემთხვევები... ახლა, იმის გამო, რომ მოტოტრანსპორტი მომრავლდა, ფიქრობენ, მეტი გასაქანი მისცენ, რათა არ იძრომიალონ მანქანებს შუა, მეტი სივრცე ჰქონდეთ და საგზაო შემთხვევებიც შემცირდება, მაგრამ მე ეს წამოწყება შეცდომად მიმაჩნია.

- რატომ?

- ამის ასახსნელად რამდენიმე მარტივი­ მიზეზი არსებობს: ჯერ ერთი, მოტოტრანსპორტის მძღოლები ხშირად სცოდავენ, იმიტომ, რომ ამის საშუალება აქვთ, თუმცა­ მაინც ფრთხილობენ, რომ ბასლაინზე არ გადავიდნენ, რადგან შეიძლება დაჯარიმდნენ. ეს სიფრთხილე თუ მოეხსნებათ, ბასლაინს უფრო თამამად გამოიყენებენ, სამანქანო ზოლს ხომ ისედაც იყენებენ და ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც პრობლემა შეიქმნება. თუ ბასლაინიდან უცებ შეხტება სამანქანო ზოლში, მანევრს მანქანა ვერ მოასწრებს, და პირიქით, თუ მანქანის ზოლიდან გადახტება ბასლაინის ზოლში, თან მოტოციკლეტი ამას ძალიან სწრაფად აკეთებს, ვერც ავტობუსის მძღოლი ვერ მოასწრებს რეაგირებას. გახშირდება მარჯვენა მხრიდან გასწრება, ანუ თუ პირველ ზოლში მოძრაობ და შენ გვერდით, მარჯვნივ, ავტობუსის ზოლია. თუ შეხვევა გინდა მარჯვნივ, ავტობუსს სარკიდან ამჩნევ, ტაქსისაც, მაგრამ მოტოციკლეტი და მოპედი, რომელიც უცებ შემოხტება ზოლში, შესაძლოა მხედველობიდან გამორჩეს. შესაბამისად, მოტოციკლეტისა და მანქანის შეჯახების დიდი ალბათობაა. მოტოტრანსპორტს ისედაც დიდი უპირატესობა აქვს კერძო ავტომობილებთან შედარებით და კიდევ მეტი წათამამება არ სჭირდება. ამ ეტაპზე ვფიქრობ კამერების მოტრიალება უფრო პრიორიტეტული იყო.

- რას გულისხმობთ?

- იშვიათია კამერა, რომელიც უკნიდან იღებს, უმეტეს შემთხვევაში წინიდან იღებენ და ეს მოტოციკლეტისტებმაც იციან. წინ მათ სანომრე ნიშანი არა აქვთ და ვერ მოხდება მათი იდენტიფიცირება. ევროპის ქვეყნებში კამერები უკნიდან იღებს­ სანომრე ნიშნებს, რათა დამრღვევი მოტოციკლის მძღოლიც ისევე დაჯარიმდეს, როგორც მანქანის. ეს ჩვენთანაც გასაკეთებელია, რათა მოტოციკლეტების მფლობელები მიხვდნენ, რომ ისინიც საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან და უფრო დიდ რისკს წარმოადგენენ, ვიდრე სხვა ტრანსპორტი. შესაბამისად, მეტად გაფრთხილდებიან. ერთი საგზაო შემთხვევაც დიდი ტრაგედიაა და ჩვენთან ეს უკვე მასობრივია.

- კიდევ ერთ უპასუხისმგებლობაზე მინდოდა მეკითხა - მოტოციკლის მძღოლები დღისით თუ ღამით (განსაკუთრებით აუტანელია ღამით), მოტორის ღმუილით რომ დაქრიან, ეს მხოლოდ მოსახლეობას აწუხებს?

- მოტოციკლეტით უმეტესად დაქრიან ახალგაზრდები, რომელთათვისაც ხმა კიდევ ერთი აღმგზნები და სისხლის ადუღების დამატებითი კომპონენტია. მათ ეს ძალიან მოსწონთ და ნაკლებად ითვალისწინებენ, რომ ვიღაცას სძინავს ან ხმაური აწუხებს. ამიტომაც მოტო- და ავტოკულტურის­ დანერგვა ბაღიდან და სკოლიდან არის საჭირო, მით უმეტეს, მოტოტრანსპორტი ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი იქნება.

- ეს გასაგებია, მაგრამ სანქცია ან ჯარიმა არ უნდა არსებობდეს?

- როგორ არა, მაგრამ ძალიან რთ­ულია­ მათი ნახვა, დაჭერა და დასჯა. ამას მხოლოდ კამერები მოახერხებენ. პოლიცია ხომ არ დაუწყებს სულ დევნას?! რამდენჯე­რაც­ გამოეკიდა, იმდენჯერ დაიღუპნენ­ ახალგაზრდები, იმიტომ, რომ იციან, გაქცე­ვის­ დიდი შანსი აქვთ... ასეთი საგზაო შემთ­ხვევა 2-3 კვირის წინაც მოხდა - პატრულმა გზა გადაუკეტა, ახალგაზრდა ბაიკერი შეეჯახა მოპედით და დაიღუპა. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალი კამერების შემობრუნება და უკანა­ სანომრე ნიშნების დაფიქსირება იქნება. დამრღვევი მოტოტრანსპორტის მძღოლიც ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც კერძო ავტომობილების.

მოტოავარიების სავალალო ქრონიკა

13.08 - თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.

12.08 - ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მოტოციკლი დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

19.07 - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში ბაიკერი დაიღუპა. მოტოციკლი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა ჩაუკეტა.

16.07 - მძიმე ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ასაკოვან კაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მოტოციკლის უგონო მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.

06.07 - თელავში ავარიას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის შესასვლელში, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. 33 წლის მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.