გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა უკრაინის სამიზნე ოჩამჩირის პორტი

"ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება", - განაცხადა თAჩჩ-თან ინტერვიუში სერგეი შამბამ მას შემდეგ, რაც ე.წ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. თვეებით ადრე კი ჯერ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და შემდეგ სერგეი შამბაც აცხადებდნენ, რომ 2024 წელს ოჩამჩირეში ფუნქციონირებას დაიწყებდა რუსეთის სამხედრო პორტი.

მიუხედავად იმისა, რომ შამბამ ამ ბოლო განცხადებით რუსული სამხედრო-სა­ზღვაო ბაზის განთავსების გეგმა უარყო­, ოჩამჩირეში სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება სწრაფი ტემპით­ მიმდინარეობს. ჯერ აპრილში, შემდეგ ივნისში გავრცელდა სატელიტური ფოტოები, სადაც ბაზაზე ახალი ნაგებობა ჩანს, ივლისში კი, ინტერნეტგამოცემა "ნავალ ნიუსის" ცნობით, ნოვოროსიისკიდან ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემიც შევიდა. როგორც გამოცემა წერდა, შავი ზღვის პორტი, შესაძლოა რუსული ფლოტისთვის მნიშვნელოვან ნავსაყუდლად იქცეს უკრაინული საზღვაო დრონებისგან დასაცავად. სტატიაში­ აღნიშნულია, რომ ოჩამჩირის პორტში უკვე გაჩერებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე საპა­ტრულო ხომალდი (ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ პორტში­ სამხედრო ხომა­ლდი გამოჩნდა). საუბარია Pროჯეცტ 22870-ზე, რომელიც, მართალია, საბუქსირო-სამა­შველო ხომალდად ითვლება, თუმცა ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომა­რი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადა­სატანად. "ოჩამჩირე შეიძლება გახდეს პოლიტიკურად რთული სამალავი უკრაინული ძალებისგან", - ნათქვამია სტატიაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: "ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით"

შამბა რუსულ მედიასთან ამბო­ბს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება,­ იქ არის მხოლოდ სასაზღვრო პუნქტი, სადაც სასაზღვრო კატარღებია განლაგებული. მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უსაფრთხო­ების სფეროშიც: "რესპუბლიკაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე".

მისი თქმით, შავი ზღვა კვლავ დაძაბულობის რეგიონად იქცა, იქ სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ნატოს ხომალდები, დაფ­რინავენ აშშ-ისა და ნატოს სადაზვე­რვო თვითმფრინავები, რაც აფხაზებს ძალიან აღელვებთ: "არ შეიძლება ეს არ გვაღელვებდეს, შავი ზღვის აკვატორიაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს... ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ".

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობაზე პირველად განცხადება ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2023 წლის ოქტომბერში გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთთან ხელმოწერილია ხელშეკრულება ფლოტის ოჩამჩირეში განთავსებაზე. ამასთან, 2017 წლიდან ოჩამჩირეში არსებობს რუსეთის ეფ-ეს-ბეს საზღვრის დაცვის ხომალდების საბაზისო პუნქტი. ეს ფაქტი შამბამაც დაადასტურა და იანვარში, როდესაც ის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში სამხედრო ფლოტის ბაზას აშენებს და 2024 წელს მის ამოქმედებას არ გამორიცხავს. შამბა ვერ აკონკრეტებდა, რა ტიპის ხომალდები განთავსდებოდა ფლოტის არეალში. მაშინ თბილისმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ეს არის "მორიგი­ პროვოკაციული მცდელობა", რომელიც მიმართულია "აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ"...

სეპარატისტების ამ განცხადებების შემდეგ კიევში თქვეს, რომ სრული უფლება აქვთ, დაარტყან რუსულ გემებს ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო ბაზაზე. "ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"იქ რაღაცისთვის მზადება მიმდინარეობს"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო­ მინი­სტრი: - აფხაზეთიდან რა ინფორმაციაც მოდის, ყველაფრის არ უნდა გვჯეროდეს. აფხაზები და რუსები ხშირად ან იტყუებიან, ან ხშირად გადათქვამენ ნათ­ქვამს. ეს ყველაფერი პროპაგანდაა. მე არ ვენდობი არც შამბას და არც რუს პოლი­ტიკოსებს, მე ვხედავ, რომ ოჩამჩირეში­ ძალიან პატარა პორტია და იქ ვერც ერთი დიდი გემი ვერ შევა, შეიძლება მხოლოდ 3-4 საშუალო და პატარა გემი შევიდეს. ჩვენ ვნახეთ სატელიტების ფოტოები, ცვლილებები მხოლოდ ხმელეთზეა: გამო­იცვალა სახურავები, გაიყვანეს გზები, მაგრამ პორტში გემების მისადგომის გაღრ­მავება არ ჩანს. როგორც წესი, იქ სამხედრო კატარღები შედიოდა და აშკარაა, რომ რუსეთი ამ პორტს დამხმარე საშუალებად გამოიყენებს. ივნისშიც შევიდა ერთი ბუქსირის ტიპის გემი. იქ შეიძლება ამ ტიპის ხომალდები შევიდეს, ან სარემონტო სამუშაოებისთვის შეიყვანონ გემები, ან პორტი საწვავის ცენტრი გახდეს. ეს პორტი არ იქნება ავტონომიური ფუნქციის მატარებელი სამხედრო ბაზა.

ოჩამჩირის პორტი ყოველთვის სათადარიგო იყო. ბოლო წლებში იქიდან ტყვარჩელის ქვანახშირი გაჰქონდათ. ერთხანს თურქული კომერციული კომპანიებიც იყენებდნენ ამ ნავსაყუდელს, შემდეგ მათ ლიცენზიები ჩამოართვეს. ბოლო პერიოდში, სანამ სამხედრო ბაზის თემა გახდებოდა აქტუალური, განთავსებული იყო რუსეთის სასაზღვრო ჯარის კატარღები­ დე ფაქტო საზღვრის შესამოწმებლად. არადა, მანდ არანაირი საზღვარი არ არსე­ბობს, ზუგდიდის ტერიტორია იწყება, მაგრამ საოკუპაციო ძალები უკანონოდ აცხადებენ, რომ საზღვარს იცავენ. ამ ინფრასტრუქტურას, საინჟინრო ნაგებობას, აქვს სამხედრო და საბრძოლო ფუნქცია.

- ოჩამჩირის პორტის დამხმარე სამხედრო-საზღვაო ბაზად გადაქცევა გვიქმნის საფრთხეს?

- რა თქმა უნდა. იქ შეიძლება შევიდეს­ ერთი ან ორი სამხედრო ხომალდი, რომლის ბორტზე შეიძლება იყოს შეიარაღება; ან შევიდეს ხომალდი სარემონტოდ, საწვავის დასამატებლად. დასამალადაც შეიძლება განთავსდეს მცირე ზომის სამხედრო ხომალდები, საიდანაც შეიძლება უკრაინას ესროლონ რაკეტები და როგორც კი უკრაინა დააფიქსირებს ამას, მას ამ ადგილის დაბომბვის ლეგიტიმური უფლება აქვს. არადა, ეს საქართველოს ტერიტორიაა, ოკუპირებულია, მაგრამ საქართველოა. იქ ცხოვრობს ხალხი და გამორიცხული არ არის მოხდეს ნგრევა, შეიძლება სამოქალაქო პირებიც­ დაიღუპონ. ეს ძალიან დიდი რისკია.

მეორეც - თუ ანაკლიის პორტს საშველი დაადგება და ფუნქციონირებას დაიწყებს, ანაკლიის პორტთან უკანონო შეიარაღებული ძალების ყოფნა დააშინებს ძალიან ბევრ ინვესტორს - ღირს თუ არა ტვირთების ანაკლიის პორტში გაგზავნა, რამდენად სარისკო და სანდო იქნება­ ეს. როგორც წესი, საზღვაო ტვირთებს აზღვევენ და ნებისმიერი­ სადაზღვევო კომპანია რუსული სამხედრო ბაზის არსებობის გამო მომსახურებას გააძვირებს. ამიტომ გადამზიდსა და ინვესტორს ანაკლიის პორტით ტვირთების გატარება უფრო ძვირი დაუჯდებათ და შეიძლება ისევ ხმელთაშუა ზღვით გატარებას მიანიჭონ უპირატესობა. ამიტომ საჭიროა ყურადღება, საერთაშორისო დონეზე ზემოქმედება, რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული დიპლომატიური ღონისძიებები. რას იტყვის შამბა, მეორადი მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელოვანია ის, რომ იქ რაღაცისთვის მზადება მიმდინარეობს.

- რუსეთის რა სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს და რა რაოდენობის სამხედროები ჰყავს ოკუპირებულ აფხაზეთში?

- აფხაზეთში განლაგებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და ოჩამჩირის პორტიც მისი ბაზის ნაწილია. უკრაინაში ომის დაწყებამდე ოფიციალურად 3500 სამხედრო პირი იყო განთავსებული. ბაზის სამხედრო ობიექტები მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა გაფანტული. სოხუმში მცირერიცხოვანი კონტინგენტია, რუსები არიან გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო-საავიაციო ბაზაზე. დღეს მათი რაოდენობა შემცირებულია, ბევრი უკრაინაში­ საომრად გადაისროლეს. სავსებით დასაშვებია, რომ ამ ბაზებში­ იარაღსაც მალავენ. შესაძლოა ოჩამჩირის საზღვაო ბაზაც ამისთვის სჭი­რდებათ - პატარა თუ საშუალო გემით შეჰქონდეთ იარაღი ან ტექნიკა. გარდა ამ ბაზისა, აფხაზეთში არიან ეფ-ეს-ბეს ნაწილებიც, რომლებიც უშიშრო­ებას ექვემდებარებიან, არიან მესაზღვრეებიც და მათ დიდი ინფრასტრუქტურაც აქვთ. თუმცა ეს ბაზას არ ეკუთვნის. რუსული უსაფრთხოების სამსახურის შესახებ ინფორმაცია­ გასაიდუმლოებულია. დარწმუნებული ვარ, მათი რაოდენობა თავად აფხაზეთშიც არ იციან. შეიძლება 7 ათასამდეც კი იყვნენ...

ის, რაც აფხაზეთში ხდება, ჩვენთვის დიდი საფრთხეა"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - ოჩამჩირეში რუსული სამხედ­რო-საზღვაო ბაზის მშენებლობა ნამდვილად­ იგეგმებოდა და თუ მაშინდელ სოცქსელებს­ დავაკვირდებით, აფხაზები მოხარულებიც იყვნენ, რომ დაცვის დამატებითი მექანიზმი იქმნებოდა. თუმცა იყო სკეფსისიც, ომში ჩათრეული ხომ არ აღმოვჩნდებითო. ეშინოდათ, რომ უკრაინული დრონები ბაზას შეუტევდნენ, მაგრამ ეს აზრი გაქრა. როგორც ჩანს, რუსებმა შეცვალეს გადაწყვეტილება, რადგან სევასტოპოლიდან პორტის მთლიანად გამოტანა სისუსტის ნიშანი იქნებოდა. ამაზე საუბრობდნენ რუსულ ბლოგებშიც, ამიტომ ამ ეტაპზე ნოვოროსიისკის ბაზით დაკმაყოფილდნენ, თანაც, მარტო­ ბაზის მშენებლობა საკმარისი არ იყო, ამას სერიოზული თავდაცვის სისტემა­ სჭირდება,­ რაც დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, რუსებმა პროცესი შეაჩერეს და ამაზე გამოხმაურება იყო შამბას ეს ბოლო განცხადება. დამალვით ვერაფერს დამალავენ. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ეს არ იყო სრულყოფილი ბაზის სეგმენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოჩამჩირის პორტი გასაღრმავებელია, რათა დიდი გემები მიიღოს. ბუქსირის ტიპის და სხვა მცირე სამხედრო გემების მიღება შეუძლია, მაგრამ თუ არ გაღრმავდა, სერიოზულ ბაზად ვერ გამოდგება.

- არის თუ არა იმის საფრთხე, რომ უკრაინამ შეუტიოს პორტს?

- თუ უკრაინისთვის ხიფათის შემცველი იქნება, მაშინ უკრაინული დრონების თავდასხმისგან დაცული­ ვერ იქნება. თუმცა­ დღეს ოჩამჩირის პორტიდან უკრაინისთვის ხიფათი ნაკლებია. ჩვენთვის კი ის, რაც აფხაზეთში ხდება, დიდი საფრთხეა.­ ასე რომ, იქ ოჩამჩირის საზღვაო ბაზა აშენდ­ება­ თუ არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, ეშერაში დღემდეა წყალქვეშა ნავების რუსეთის საიდუმლო ბაზა.

- რა სამხედრო კონტინგენტია აფხაზეთში?

- როდესაც აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზა განათავსეს, ითქვა, რომ დაახლოებით 7000 კაცი უნდა ყოფილიყო. თუმცა ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ამას უნდა დავუმატოთ ეფ-ეს-ბეს სამხედრო კონტინგენტიც, რომელიც შედგება მესაზღვრეებისგან, სამხედრო დაზვერვის სტრუქტურისგან, სამხედრო პოლიციისგან, საჰაერო თავდაცვის სტრუქტურებისგან. აფხაზეთში სერიოზული კონტინგენტია განლაგებული, მიუხედავად იმისა, რომ ომმა ძალიან გაამე­ჩხერა რუსული ჯარი, ბევრი საჯარისო ფორმირება გავიდა უკრაინაში საომრად, მაგრამ იმ სამხედრო კონტინგენტის ნომრები, ვინც თავის დროზე იყო იქ, დარჩენილია. რამდენადაც ვიცი, ახალწვეულები ავსებენ ამ დანაკლისს, თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზებსა და რუსეთს ხელი აქვთ მოწერილი ერთობლივ თავდაცვის დოკუმენტზე, პრაქტიკულად აფხაზურმა ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ დაკარგა ფუნქცია და ექსტრემალურ სიტუაციაში, ომის შემთხვევაში, მთლიანად გადასულია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში. აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სისტემაშიც მრავლად არიან რუსი ოფიცრები, სხვადასხვა ტიპის ბაზებშიც უამრავია. პრაქტიკულად, აფხაზეთი­ ერთი დიდი სამხედრო ბაზაა. მთლად ისეთი­ არ არის, როგორიც ცხინვალი, რომელიც მართლა მხოლოდ ბაზაა, აფხაზეთში ცოტა უფრო ეკლექტურადაა. მაგალითად, ძალიან სერი­ოზული ბაზაა გუდაუთაში, რომელიც რუსებს საბჭოთა პერიოდიდან ჰქონდათ. ასევე ძალზე სტრატეგიული აეროპორტია ბომბორას აეროპორტი, საიდანაც შეიძლება ბომბდამშენების აფრენა და დარტყმის მიყენება შორ მანძილზე, რუმინეთიდან აზერბაიჯანის ჩათვლით. ასევე არის ეშერის წყალქვეშა ნავების ბაზა. გარდა ამისა, აფხაზეთშია განთავსებული ელექტრონული დაზვერვის ძალიან ძლიერი სისტემა, რომლითაც კონტროლდება უზარმაზარი სივრცე, რუმინეთიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე და ირანის საზღვრამდე. მთელი ეს სისტემა გასაიდუმლოებულია და აფხაზებმაც არ იციან, რა ხდება. გარდა ამისა, არიან ეფ-ეს-ბეს ნაწილები, ძირითადად, გალში. გალის რაიონში რუსებს დასახლებაზე ოფიციალური ნებართვა აქვთ მიღებული. თავის დროზე აფხაზებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც თადარიგში გასულ ეფ-ეს-ბეს ოფიცრებს შეუძლიათ აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მოითხოვონ მიწები და აძლევენ კიდეც. ეს ხდება გალის რაიონში, ნაწილობრივ გულრიფშისა და ტყვარჩელის რაიონებში. როგორც ვიცი, შარშან 300 განაცხადი იყო შესული, რამდენი დასახლდა, არ ვიცი.

ეკატერინე ბასილაია