"რასელ ქროუმ ბენდი გააჩუმა, რომ ჩემი ნამღერი გაეგონა“
"...შეხვედრისას მან პერსონალურად მიმიწვია სიცილიის ქალაქ ნოტოში როგორც განსაკუთრებული, VIP-სტუმარი... ეს იყო განუმეორებელი, ემოციებით სავსე საღამო..." - ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი რასელ ქროუსთან შეხვედრის შესახებ გვიამბობს...
- უკვე დიდი ხანია ევროპაში ცხოვრობთ და წარმატებული საოპერო მომღერალი ხართ...
- დიახ, 1994 წელს, კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, იტალიაში გავემგზავრე და მას შემდეგ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. როგორც საოპერო მომღერალი, წარმატებულად ვმოღვაწეობ ევროპის საერთაშორისო დონის თეატრებში. ამ ხნის განმავლობაში შევხვდი ლეგენდარულ ოპერის მომღერლებს, დირიჟორებს, რეჟისორებს... თეატრის სცენებზეც ბევრ ცნობილ ადამიანთან მქონია თანამშრომლობა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოლოდინს გადააჭარბა ჰოლივუდის კინოვარსკვლავთან, ცოცხალ ლეგენდასთან, რასელ ქროუსთან შეხვედრამ. 2000 წლიდან, როცა ფილმი "გლადიატორი" ვნახე, სადაც რასელ ქროუ მთავარ როლს ასრულებს, იმ დღიდან ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე, მინდოდა მეთქვა, რომ მე ის ყველა მსახიობზე მეტად მიყვარს. ვოცნებობდი ავსტრალიაში ჩასვლაზე, სადაც რასელ ქროუ ცხოვრობს, ან ჰოლივუდში, რომ შევხვედროდი, მაგრამ ასე ადვილი არ იყო. როდის, რომელ გადაღებაზე იქნებოდა ან სად, რომელ კონტინენტზე, ამის გარკვევა არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა.
და ჰოი საოცრებავ, ერთ მშვენიერ დღეს, 2023 წლის 26 ივნისს, იტალიაში, ბოლონიაში საკუთარი ბენდით და საკონცერტო პროგრამით ჩამოვიდა... მოგეხსენებათ, რასელ ქროუ არა მარტო კინომსახიობი, არამედ პოპმუსიკისა და როკის მომღერალიცაა და მუსიკოსების ბენდი ჰყავს. მე მილანში ვცხოვრობ, ბოლონია სულ საათ-ნახევრის სავალზეა და ბილეთი დაუყოვნებლივ შევიძინე, მის კონცერტს რომ დავსწრებოდი. დაუვიწყარი კონცერტის დასასრულს საიდუმლო გასასვლელთან დაველოდე, საიდანაც მანქანით უნდა გაეპარებინათ. ხალხი არ იყო, რადგან შეცდომით სულ სხვა გასასვლელთან ელოდებოდნენ. მხოლოდ მე და სამი ნაცნობი გოგო ვიდექით. დაცვას ვუთხარი, რომ მხოლოდ ავტოგრაფი მინდოდა და ადვილად გამატარეს. ცოტა ხანში გამოვიდა რასელი დაცვით და ჩვენკენ წამოვიდა მოღიმარი, მე წარმადგინეს როგორც ოპერის მომღერალი, გადავეხვიე, ვაკოცე და ვუთხარი, რომ 20 წელზე მეტია ველოდები მასთან შეხვედრას და ძალიან მიყვარს. მადლობა გადავუხადე იმ ზღვა ემოციებისთვის, რაც მთელ სამყაროს თავისი როლებით მოგვანიჭა. სამახსოვროდ დამრჩა მისი ავტოგრაფი და მოკლე ვიდეო, რომელიც მასთან საუბრის დროდ ნაცნობმა გოგომ გადაგვიღო (იცით, რასელ ქროუ ახალგაზრდობაში ძალიან მივამსგავსე ჩემს გარდაცვლილ 22 წლის ძმას და, ალბათ, იმიტომაც უფრო შემიყვარდა გამორჩეულად).
- შეხვედრები ისევ გაგრძელდა?
- ზუსტად ერთი წლის თავზე, ამ ზაფხულს, 30 ივლისს, ისევ შევხვდი რასელ ქროუს, რადგან ისევ ეწვია იტალიას. მისი წინაპრები იტალიელები ყოფილან, რომლებიც 1850-იან წლებში იტალიაში ცხოვრობდნენ, შემდგომ ისინი ახალ ზელანდიაში გადასახლდნენ, სადაც სამუდამოდ დაიდეს ბინა. რასელს იტალია ძალიან უყვარს, ხშირად ჩამოდის რომში, კოლოსეუმს ხუმრობით თავის ოფისს ეძახის...
მეორე შეხვედრაც მოულოდნელი იყო, იტალიის ულამაზეს კუთხეში, ჩინკვე-ტერეში, ზღვაზე. შეხვედრისას მან პერსონალურად მიმიწვია სიცილიის ქალაქ ნოტოში როგორც განსაკუთრებული, VIP-სტუმარი... იქ ოფიციალურ მიღებას დავესწარი, რასელ ქროუს ბენდის წევრები გავიცანი, ასევე მისი ულამაზესი საცოლე - ბრიტნი ტერიოტი. სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ, ვისაუბრეთ, კარავაჯოს გამოფენა დავათვალიერეთ^, შემდეგ იყო ვახშამი და ბოლოს მოგვიანებით კონცერტი. ეს იყო განუმეორებელი, ემოციებით სავსე საღამო... მეორე დღეს დილაუთენია რასელ ქროუ და მისი ბენდის წევრები ამერიკაში გაემგზავრნენ. სავარაუდოდ, იგეგმება ახალი პროგრამა და კიდევ ახალი სიურპრიზები იქნება.
- როგორია შეყვარებული რასელ ქროუ?
- რასელს ჰყავს ოჯახი, ყოფილი მეუღლე დანიელე და ორი შვილი, 20 წლის ჩარლი და 18 წლის ტენისონი... რასელს და მის ყოფილ მეუღლეს შვილების გამო მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შვილები ხშირად მამასთან არიან, როცა რასელი გადაღებებსა და გასტროლებზე დადის ევროპასა და ამერიკაში. რასელს რამდენიმე წელია ჰყავს შეყვარებული, ულამაზესი ბრიტნი, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს. ის მისი ბენდის წევრია, ცეკვავს, მღერის, თამაშობს ჩოგბურთს... რასელს და ბრიტნის ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბრიტნი უშუალო და მეგობრული გოგოა. ის 42 წლისაა, რასელი კი 60-ის.
- თქვენ გამორჩეული საოპერო მომღერალი ხართ და არ გსურდათ რასელს თქვენთვის მოესმინა?
- დიახ, სცენაზე რომ მღეროდა, მეც ავყევი. მას ესმოდა და ხელით მაჩვენა, კარგიაო. მერე უფრო გავთამამდი... სიმღერას Let your light shine ლამაზი მისამღერი აქვს და ავყევი. რასელმა ბენდი გააჩუმა, ჩემი ნამღერი უკეთესად რომ გაეგონა...
ახლაც სიზმარი მგონია ეს ყველაფერი, სიზმარი, რომელსაც ვერავინ წამართმევს.