"მეიყვანე, ბიჭო, ცოლი" ანუ გარიგება ჩინურად - კვირის პალიტრა

"მეიყვანე, ბიჭო, ცოლი" ანუ გარიგება ჩინურად

ჩინეთში, შანხაიში, ქალაქის ცენტრალურ­ ნაწილს, People’s Square-ს, კვირის ბოლო დღეებში ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. მიზეზი შანხაის საქორწინო ბაზარია. აქ ყოველ შაბათ-კვირას საოცრება ხდება,­ უამ­რავი ჩინელი ოჯახის წევრისთვის მეწყვილის შერჩევას ცდილობს. შესაბამისად, პოპულარული თხოვნა თუ მოთხოვნა, "მეიყვანე ცოლი", ან კითხვა, "როდის თხოვდები?"­ სულაც არ ყოფილა მხოლოდ ქართველების თავსატეხი. უარესი "განსაცდელი" მილიარდობით ჩინელ ახალგაზრდას უდგას.

საქორწინო ბაზარი შანხაის ცენტრალურ­ ნაწილში, ჰუანგპუს რაიონში იმართება, იქ, სადაც 1949 წლამდე, სანამ ძალაუფლება­ კომუნისტების ხელში აღმოჩნდებოდა, დიდე­ბუ­ლი იპოდრომი ყოფილა, შესანიშნავი დოღებითა და ცხენების გამოფენით. კომუნისტებს რატომღაც იპოდრომი მოუშლ­იათ და საზოგადოებრივ მოედნად გადა­უკეთებიათ. თუმცა მოედანიც არ უჩივის ხალხნაკლებობას და გამოფენებიც იმართება,­ თუმცა, ამჯერად - ადამიანების.

umbrellas-at-marriage-market-shanghai-1724007438.jpg

ელისა სარიშვილი, რომელიც კარგა­ ხანია­ შანხაიში ცხოვრობს, ადგილს, სადაც­ საქორწინო ბაზრობა იმართება, შან­ხაის მშრალ ხიდს ეძახის. მისი თქმით, ბაზრობაზე­ ისეთი ამბავია, ხალხს გვერდს ძლივს აუქცევ. აქ ნახავთ, ძირითადად, ბებია-ბაბუებს, მშობლებს, რომლებიც შვილე­ბისა და შვილიშვილებისთვის საცოლეებს ან საქმროებს ეძებენ და თუ თბილისურ მშრალ ხიდზე სავაჭრო პროდუქციასთან ერთად, სხვადასხვა მომსახურების შესახებ სარეკლამო განცხადებებსაც წააწყდებით­ (ძირითადად, ხელოსნობის შესახებ), შანხაიში­ გამოფენილი განცხადებე­ბით უანგარო ხანუმები შვილების ან შვილიშვილების მონაცემებს (ასაკი, სიმაღლე,­ განათლება, პროფესია...) უწევენ რეკლამას.

ელისა: - ამ ბაზარში ახალგაზრდები დადიან თუ არა? დიახ. ერთი ნაწილი გასართობად, მეორე ცდილობს ოჯახის წევრებისგან გამოფენილ სარეკლამო განცხადებებში კორექცია შეიტანოს და ისევ თვითონ სცადოს ვინმეს შერჩევა, რომ უფროსებისგან თავსმოხვეული ქორწინების მსხვერპლი არ გახდეს. რატომ იმართება ბაზრობა? ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის კეთილდღეობას, რაც, მათი აზრით, კარგი­ პარტნიორის გარეშე ვერ გამოვა, და ამიტომაც შვილებისთვის დაუზარებლად ეძებენ მეწყვილეს. პოტენციური მძახლები აქტიურად ესაუბრებიან ერთმანეთს, აცნობენ თავიანთი ოჯახის ტრადიციებს, სხვადასხვა თავისებურებას, დასაქორწინებელი გოგონას ან ვაჟის ხასიათის თავისებურებებს, ცვლიან კონტაქტებს და ცდილობენ მათი გემოვნებით შერჩეული პარტნიორები­ ერთმანეთს შეახვედრონ.

ეს ტრადიცია უძველეს ჩინურ კულტურასა და თანამედროვე­ ცხოვრების რიტმს აერთიანებს. ჩინეთში ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, უმნიშვნელოვანესია. ჩინურ ოჯახებში მშობლები­ მეტისმეტად არიან ჩართული შვილების­ პირად ცხოვრებაში, რაც დასავლური ქვეყნებისთვის უჩვეულოა, მაგრამ ჩინეთში ყველასთვის მისაღებია.

ეს ბაზარი უნიკალურია და საინტერე­სოა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე­ ტურისტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ნახონ, როგორ ინარჩუნებენ ჩინელები ტრადიციებს თანამედროვე სამყაროში. მაჭანკლობის ტრადიცია სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა შანხაის საქორწინო ბაზარი მასშტაბითა და სისტემატურობით უნიკალურია.

„არანჯდ მარიაჯი“, „შიდუხი“, „ჯუნგმე“ და სხვა

მაჭანკლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და კვლავ გვხვდება ზოგიერთ რეგიონში­. ინდოეთში "არანჯდ მარიაჯს" უწოდებენ და დღესაც ფართოდაა გავრცელებული. იაპო­ნიაში "ომიაი" ჰქვია და აბა, ერთი, რომელიმე ტრადიციული ოჯახის შვილმა გაბედოს, მაგ საქმეს ჩემით ვიზამ, თქვენი ჩარევა არ მჭირდებაო, ოჯახთან გარდაუვალი ომი ელის. სამაგიეროდ, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, "ომიაი" თანამედროვე იაპონიაში თანდათან მნიშვნელობას კარგავს.

ებრაული "შიდუხიც" მაჭანკლობის ტრადიციაა, კორეაში კი მას "ჯუნგმე" ჰქვია.

ბევრ ქვეყანაში ტრადიციული მაჭანკლობა შემცირდა, მაგრამ ფრთა გაშალა ე.წ. სადეითინგო აპლიკაციებმა და ვებსაიტებმა, რაც თამამად შეიძლება ჩაითვალოს მაჭანკლობის ტექნოლოგიურ ევოლუციად.

მაჭანკლობა არა მხოლოდ აღმოსავლურ კულტურებში, დასავლურ სამყაროშიც პოპულარული ყოფილა. აშშ-ში XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს არსებობდა მატრიმონიალური სააგენტოები. მთავარი განსხვავება ის არის, რომ აღმოსავლურ კულტურებში მაჭანკლობას ოჯახები ეწევიან და ეს სოციალურ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული, დასავლეთში კი უფრო ინდივიდუალურ არჩევანზეა ორიენტირებული.

საბერძნეთის ტრადიციულ სოფლებში არსებობდა პრაქსენი (როხენიო), ტრადიცია, სადაც ოჯახის უფროსები ან ახლობლები აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდების გაცნობასა და ქორწინების ორგანიზებაში. ეს ტრადიცია დღეს ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს.

ერაყსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში "ალ-ხატაბა" (ხატაბა ჩვენებური ხანუმას მსგავსი) ეძებს შესაფერის პარტნიორებს და აცნობს ერთმანეთს ოჯახებს. ეს ტრადიცია ამჟამად იშვიათად გამოიყენება თანამედროვე ერაყში, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია.

...აბანოში გამოჩნდება

1594716218-unnamed-1-1724007438.jpg

ძველად თბილისში აბანოები არა მხოლოდ დასაბანად, სოციალური ურთიერთობების დასამყარებლადაც გამოიყენებოდა, მათ შორის მაჭანკლობისთვის. აბანოში მაჭანკლობა გავრცელებული ტრადიცია იყო. ქალები ხშირად იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ, თუ ვინ იყო შესაფერისი სასიძო ან სარძლო. ოჯახებსაც ერთმანეთს აქ აცნობდნენ. თბილისის აბანოებში, განსაკუთრებით გოგირდის, სადედამთილოსგან მომავალი რძლის შეთვალიერებაც ერთგვარი რიტუალი იყო. ასე რომ, აბანოებს თბილისში მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება კი არა, მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია ჰქონდა, სადაც საზოგადოება იკრიბებოდა და ურთიერთობებს აწყობდა.

მაჭანკლობის ქართული ტრადიცია

sddefault-1724007438.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ ხანუმა სულაც არ არის ქართველი მაჭანკლის ტრადიციული სახელი ან მეტსახელი. როგორც მაჭანკლის სინონიმი, პოპულარული გახდა ავქსენტი ცაგარლის პიესა "ხანუმას" (1882) წყალობით. "ხანუმი" სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს "ქალბატონს" ან "მანდილოსანს". მაჭანკალი ხანუმა ჭკვიანი, მოხერხებული და ენამახვილი ქალია, რომელიც კარგად ერკვევა ადამიანურ ურთიერთობებში, რის გარეშეც ვერანაირი გარიგება და მით უფრო, მაჭანკლობა ვერ გამოვა.

მაჭანკლობას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ტრადიციულ ქართველ საზოგადოებაში. ამიტომაც მაჭანკალი პატივსაცემი ფიგურა იყო. მაჭანკალი ხშირად ქალი იყო (თუმცა არა ყოველთვის), რომელიც კარგად იცნობდა ადგილობრივ ოჯახებს. ის ეძებდა შესაფერის წყვილებს და აწყობდა შეხვედრებს. მაჭანკლობა არ იყო მხოლოდ ორი ადამიანის დაკავშირება, ის მოიცავდა ორივე ოჯახის ინტერესების გათვალისწინებასა და შეთანხმებას. მნიშვნელობა ჰქონდა წყვილების სოციალურ სტატუსს, ეკონომიკურ მდგომარეობასა და ოჯახურ რეპუტაციას. მაჭანკალი ხშირად იღებდა ანაზღაურებას იღბლიანი ქორწინების შემთხვევაში, რაც შეიძლება ყოფილიყო ფული, საჩუქრები ან სხვა სახის კომპენსაცია. დღეს ტრადიციული მაჭანკლობა ნაკლებად გავრცელებულია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. თუმცა ზოგიერთ რეგიონსა და თემში ეს ტრადიცია კვლავაც არსებობს.