„ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ მაინც ვრჩები პატარა გოგონად“
იმ სამყაროში, სადაც ეს ადამიანი მოღვაწეობს, ინტრიგას ვერ ასცდები, თუმცა ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც ინტრიგას ვერ მიუსადაგებ. პირიქით, მშვენიერ გარეგნობასთან ერთად, ასეთი მეგობრული და თბილი არტისტი იშვიათია. ჩვენი სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი.
- ვინ არის მარინა კახიანი?
- მიუხედავად იმისა, რომ არც ისე პატარა გოგონა და ზოდიაქოთი ქალწული ვარ, თითქოს უნდა ვიყო პრაგმატული, რეალისტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც პატარა გოგონა ვარ - ალისა საოცრებათა ქვეყანაში. ბევრი რამ მინახავს, გადამხდენია, მაგრამ მაინც პატარა გოგონად ვრჩები.
- რას ჰგავს მსახიობის ცხოვრება?
- ზღვას. მე თვითონაც ზღვას ვგავარ. ჩემი სახელიც - "მარინა" - იტალიურად ზღვას უკავშირდება...
- თუ გითამაშიათ ისეთი როლი, რომლიდანაც გამოსვლა გაგჭირვებიათ?
- 90-იან წლებში ირაკლი სამსონაძის პიესა "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" ბატონმა რობიკომ და ბატონმა გოგა თავაძემ დადგეს. საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა, თანამედროვე. ძალიან მიყვარდა ჩემი პერსონაჟი, მაგრამ ცოტა ხანს ვითამაშეთ, რადგან ქვეყანაში ყველაფერი აირია და ეს სპექტაკლიც თავისთავად მოიხსნა. დღემდე გული მწყდება, რადგან იმ სპექტაკლში ყველაზე მეტად მივუახლოვდი ჩემს თავს. კრიტიკოსებსაც დღემდე ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიაჩნიათ და ეს როლი შემდგომში მეც ძალიან დამეხმარა... როდესაც ჩემი მეუღლე გია გარდაიცვალა, ორ თვეში ბატონი გოჩა კაპანაძე დგამდა ლორკას "ბერნარდა ალბას სახლს". სანამ მე გიასთან საავადმყოფოში ვიყავი, გავიგე, რომ მუშაობა დაიწყეს და ბერნარდა ალბას ზაზა ლებანიძე თამაშობდა. შემდეგ, როცა გია აღარ იყო, ქალბატონმა ზაზამ უარი თქვა ამ როლზე და ერთ დღესაც დამირეკა გოჩამ, საქმე მაქვსო. მივხვდი, რაზეც მირეკავდა. მიუხედავად იმისა, რომ 33-34 წლის ვიყავი, იმდენად მძიმე სულიერი მდგომარეობა მქონდა, შევძელი 60 წლის ბერნარდა ალბას თამაში, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს. ნაწილობრივ მასში ჩავდე ის ტკივილი, რაც გიას გარდაცვალებამ მომიტანა.
- რახან ბატონ გიას შევეხეთ, გკითხავთ: რა არის სიყვარული?
- სიყვარული არის ამ სამყაროში ყველაზე აუცილებელი გრძნობა. როცა ადამიანი შეყვარებულია, მისთვის სხვანაირად თენდება, მზე უფრო ლამაზად ამოდის, თავადაც სხვანაირად გამოიყურება - თვალები უბრწყინავს. ჩემთან სიყვარული სტუდენტობისას მოვიდა. ბატონმა რობიკო სტურუამ გამაცნო ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემი უდიდესი სიყვარული გია მატარაძე. გიამ მასწავლა, რა არის სიყვარული... გია როგორც დედოფალს, ისე მექცეოდა და უცებ ყველაფერი დამთავრდა. მერე ვერ ხვდები, როგორ გააგრძელო ცხოვრება. მერე უნდა აიძულო თავი, აიღო პასუხისმგებლობა ბავშვზე და ისეთი რაღაცები აკეთო, რაც არ იცი. ამ დროს საშინელ უმწეობას განიცდი. თუმცა მერე სწავლობ ცხოვრებას საყვარელი ადამიანის გარეშე, მაგრამ იწყება მონატრება... იყო პერიოდი, როცა ძალიან მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა, განსაკუთრებით, 90-იანებში.
ერთი ამბავი მახსენდება - თელავში ვართ მაღაზიაში, რიგში ვდგავართ მე, გია, გიას ქალიშვილი ქეთი და ჩვენი პატარა ვათა. ვხედავ, სიყვარულით გვიყურებს ვიღაც ქალი და უცებ ჩემზე ეკითხება: გია, ეს შენი გოგოა? რომელიო, კითხვა შეუბრუნა გიამ. აი, ესო, ჩემზე მიანიშნა. ჰო, ეს ჩემი შვილია, ის იმის შვილია, მე მკვდარი ვარ, შენი დედაცო...“იქ ამბავი ატყდა, დაიხოცა ხალხი სიცილით. ეჰ, მე კარგი გია მყავდა.
- ერთ დღეს ბატონმა რობიკომ რომ გადაწყვიტოს, აღარ დადგას სპექტაკლი...
- უი, მაგაზე ვერაფრით გაგცემთ პასუხს, თუმცა ისევ ბატონი რობიკოს სიტყვებით გიპასუხებთ, "თაობა მიდის, თაობა მოდის, რუსთაველის თეატრი, მარად ახალგაზრდა, აგრძელებს თავის გზას!"
- პანდემიის შემდეგ ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ყველაზე მეტად გაგახარათ ზარმა რუსთაველის თეატრიდან...
- გამახარა კი არა, ბედნიერებისგან დავფრინავდი. ამდენი ხნის კარჩაკეტილობის შემდეგ, ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი ბატონი რობიკოსგან. როგორც გაირკვა, იწყებდა რეპეტიციებს ახალი სპექტაკლისთვის. სამწლიანი პაუზის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა. ბატონ რობიკოს გადაწყვეტილი არ ჰქონდა, რას აკეთებდა, მხოლოდ ის ვიცოდით, რომ უსიტყვო სპექტაკლის დადგმა უნდოდა. საბოლოოდ ძალიან საინტერესო გამოვიდა. მასში ჩადო მთელი ის ტრაგედია, ტკივილი, რაც დედამიწაზე სუფევს... ბატონი რობიკო მართლაც მოვლენაა, ისევე როგორც მისი გუნდი იყო: ბატონი მირიან შველიძე, ბატონი გია ყანჩელი და ბატონი გოგი მესხიშვილი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.
- მაყურებელმა სერიალებითაც ძალიან შეგიყვარათ. პირველი იყო "სახლი ძველ უბანში".
- მაგ სერიალზე დიდი მსახიობი გურამ საღარაძე ამბობდა, ორასი როლი მაქვს ნათამაშები და ქუჩაში რომ გამოვდივარ, ჟორას მეძახიანო. ეს იყო პირველი ქართული სერიალი, თუ არ ჩავთვლით "დათა თუთაშხიას". ამ სერიალს მიჰყვა და სხვა ქართულ, რუსულ და იტალიურ სერიალებშიც კი ვითამაშე. იმხანად დეტექტივშიც ვთამაშობდი გამომძიებელ ირინას და ცოტა შეშინებული მიყურებდა საზოგადოება...
- ალბათ, "მტვრის გემოს" გულისხმობთ.
- დიახ. შუა გადაღების დროს მითხრეს, ცოტა სექსუალური სცენა უნდა გადავიღოთო. არავითარ შემთხვევაში, ამოიღეთ ეგ სცენა-მეთქი. ბატონი დათო ჯანელიძე დამთანხმდა, კარგი, ამოვიღებო... როცა სერიალი ეთერში გავიდა, ვხედავ, შიშველია ირინა. არადა, მე არ გადამიღია ის ეპიზოდი. რამდენიმე დღეში მეგობარი მოვინახულე საავადმყოფოში. რომ შევედი, ექიმები და ექთანები დამესივნენ, ირინა და ირინაო... უცებ ხმამაღლა აღმომხდა, ოღონდ შიშველი მე არა ვარ-მეთქი.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენმა პერსონაჟმა რეკორდი მოხსნა.
- დიდი მადლობა. იმ სერიალში სახასიათო სახე შევქმენი. მანამდე არათუ მეგრელი, საერთოდ, სახასიათო როლი არ მითამაშია. სულ ტრაგიკულ, ფსიქოლოგიურ, სერიოზულ როლებს ვთამაშობდი და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მე თვითონ მოვინდომე მკვეთრად მეგრელი ქალის სახის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მეგრელი ქალი ასეთია... მაგალითად, ჩემი მეგრელი ბებიასავით დარბაისელი, მშვიდი ქალი იშვიათად შემხვედრია. ბავშვობაში სოფელში რომ ჩავდიოდი, ძირითადად, ასეთები მხვდებოდნენ - ძალიან საყვარელი, კეთილი, კარგი, მაგრამ ზედმეტად ემოციური, არტისტულები ქალები. მინდოდა ზუსტად ეს ხასიათი გადამეტანა ჩემს გმირში და მგონი, შევძელი.
- ყველაფერი რომ თავიდან გასავლელი იყოს, შეცვლიდით რამეს?
- არავითარ შემთხვევაში. თქვენ კარგად იცით, ქართველ მსახიობებს არც ანაზღაურება გვაქვს სათანადო და არც კომფორტი, როგორც სხვა ქვეყნებში ჩვენს კოლეგებს. ჩვენთვის მთავარი პროფესიისა და მაყურებლის სიყვარულია. არ შევცვლიდი არაფერს! ერთადერთი სულ იმის მეშინია, რომ რაღაცებს ვერ მოვასწრებ, ძალიან მალე გადის დრო... შეიძლება უფრო ლამაზი ცხოვრება მქონოდა, მაგრამ მადლობელი ვარ განგების. ყველაზე საინტერესო, ვფიქრობ, ახლა ეს პერიოდია. ალბათ, საჭიროა იცხოვრო აქტიური ცხოვრებით, გიყვარდეს, მადლობელი იყო იმის, რაც გაქვს.
- ყველაზე დიდ მადლობას ვის ეტყოდით?
- მშობლებს, წინაპრებს, მეგობრებს, პედაგოგებს... მაგრამ ყველაზე მთავარ მადლობას მაინც გიას ვეტყოდი, მან უამრავი რამ მასწავლა და მომცა ამ ცხოვრებაში.
- ბოდიშს ვის მოუხდით?
- ბევრს. ჩვენ ხომ ანგელოზები არა ვართ, ხანდახან დემონები ამოდიან და მათაც ვურტყამ...
რუსუდან შაიშმელაშვილი