"ბედისწერამ თავისი გაიტანა“ - კვირის პალიტრა

"ბედისწერამ თავისი გაიტანა“

"რა ვერაგი ხარ, ბედისწერავ... სად მიგყავს ამდენი გამორჩეული, ან რად?!"; "გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს..."; "მხოლოდ საქართველოს კი არა, სამყაროს დააკლდება"; "შხელდამ არ გამოუშვა" - ასე გამოემშვიდობნენ 34 წლის არჩილ ბადრიაშვილს მეგობრები და ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა სვანეთში,­ მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას ქართველი­ ალპი­ნისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა.­ არჩილთან ერთად ექსპედიციაში სამი ადგი­ლობრივი­ მოყვარული მთამსვლელი იყო. გავრცელებული ინფო­რმაციით, 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვებისას მეხი სპორტსმენებთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. მაშველებმა გადარჩენილ ახალგაზრდებს მეორე დღეს მიაგნეს... მესტია არჩილ ბადრიაშვილს გლოვობს.

არჩილ ბადრიაშვილი ახალი თაობის გამორჩეულ მთამსვლელად მიიჩნეოდა, მან გიორგი ტეფნაძესთან ერთად პაკისტანში, მსოფლიოს მე-9 მწვერვალზე, 8126 მეტრი სიმაღლის "ნანგა პარბატზე" ასვლა შეძლო და ზუსტად 66 წლის შემდეგ, რაც "სიკვდილის მთა" ადამიანს დანებდა, მის წვერზე პირველად საქართველოს ეროვნული დროშა­ ააფრიალა. ოქროს წერაყინის მფლობელი ქართველი ალპინისტის ანაგრიშზე არაერთი შთამბეჭდავი წარმატებაა.

"გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი და კიდევ უფრო მაგარი ადამიანი... მას სიკვდილი ისე ჰყავდა მოთვინიერებული, როგორც სხვას არავის, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ტრაგიკულად არ უყურებდა ახალ განზომილებაში გადასვლას, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. შევხვდებით მეორე მხარეს, თუ ჩემს დარჩენილ ცხოვრებაში რამედ ვივარგე. აბა, მშვიდობით, მეგობარო! თოკების დაკიდება არ დაგავიწყდეს, რომ სადაც იქნები, იქ მეც ამოვიდე", - დაწერა საკუთარ ფეისბუკგვერდზე სპორტულმა კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა.

"მას შეცდომები არ მოსდიოდა"

"კვირის პალიტრა" ბეშქენ ფილფანს დაუკავშირდა, მთამსვლელ ახალგაზრდას, რომელიც არჩილს ექსპედიციაში ახლდა. მას ამ დრომდე უმძიმს საუბარი, კონკრეტული დეტალების გახსენება.

- არჩილის შესაძლებლობები მხოლოდ­ კლდეზე ცოცვით არ შემოიფარგლებოდა, ერთნაირად ძლიერი იყო როგორც კლდეზე­ ცოცვაში, ასევე მარშრუტის დაგეგმვაში, გათვლებში... ყველაზე რთულ მომენტებშიც­ კი მშვიდი და გაწონასწირებული იყო. თავისი განსაკუთრებული სტილი და ხელწერა ჰქონდა, რომლის გამეორებასაც ვერავინ შეძლებს.

- ერთად ხშირად ყოფილხართ ექსპედიციაში?

- ძალიან ხშირად. წლებია რაც ერთმანეთს ვიცნობთ.

- კრიტიკულ ვითარებაში სხვა დროსაც თუ აღმოჩენილხართ?

- არა, მსგავსიც კი არ მახსოვს. მიიჩნეოდა, რომ თუ აჩოსთან ერთად იყავი, ცუდი არაფერი დაგემართებოდა.

- ახლა რა მოხდა?

- ახლა არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, დრო მჭირდება... ამ ამბავთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა...

- მარშრუტის შესახებ მხოლოდ მან იცოდა?

- ამ კონკრეტულ მარშრუტზე ვერაფერს ვიტყვი, ამ ამბავს რაც შეეხება, ვერაფერზე ვერ ვისაუბრებ. ზოგადად, ყოველთვის, ყველა მარშრუტი კარგად გათვლილი და გაანალიზებული ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ ინფორმაციას და სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ მასალებს­ ფლობდა, საოცარი ანალიზის უნარი, მეხსიერება და ინტუიცია ჰქონდა. ეს საქმე ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ხალხს არ უჭირს ტრაგედიებზე საკუთარი თეორიების აგება. მე, სამწუხაროდ, ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე... ალბათ მოვა დრო და ვისაუბრებ. ახლა არ შემიძლია, ისეთი მეგობარი დავკარგე, ქვეყანამ კი ისეთი­ პროფესიონალი, რომ გონზე ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ. ძალიან მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცოდეს მის შესახებ. ყველამ უნდა იცოდეს, რა დონის ალპინისტი ჰყავდა მისი სახით საქართველოს.

- მხოლოდ ის გვითხარით, ადამიანურ შეცდომასთან გქონდათ საქმე, თუ ტრაგედია გარადაუვალი იყო?­

- არჩილი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა მთას, ადამიანებს, მას შეცდომები არ მოსდიოდა, ბედისწერას ვერავინ გაექცევა...

- ე.ი. მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღჭურვილობაში ბევრი რკინა ჰქონდა და მეხი მიიზიდა, სიმართლეს არ შეესაბამება?

- ეს იგივეა, რომ თქვან, ზღვაში ცურავდა და სველი იყოო. რა თქმა უნდა, ბევრი­ რკინა გვქონდა, აბა მთაში როგორ უნდა გვემოძრავა? სამკაულები არც ერთს არ გვეკეთა, უბრალოდ განგებას ადამიანის­ ძალა წინ ვერ დაუდგება.

"არჩილ ბადრიაშვილი XXI საუკუნის მიხეილ ხერგიანი იყო"

მანანა საღლიანი, ოჯახის ახლობელი: - არჩილ ბადრიაშვილი კავკასიონის მთებში დარჩა, ადამიანების გულსა და გონებაში კი განუმეორებელი კვალი დატოვა. თქვენც იცით, რომ ოქროს წერაყინს მხოლოდ ერთეულებს აძლევენ, ის XXI საუკუნის მიხეილ ხერგიანი იყო. 2015 წლის ზაფხულზე 22 წლის პირტიტველა ბიჭი უშბაზე ავიდა. მას მერე კიდევ არაერთხელ დალაშქრა უშბა, ერთხელ ზამთარშიც კი ავიდა იქ. ალბათ მსოფლიოში არ დარჩენილა მწვერვალი, არჩილი რომ არ იყოს ასული. არჩილი მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს კი არა, საქართველოს მოუკვდა. საოცრად თბილი და მზრუნველი ადამიანი იყო, ან კი როგორი იქნებოდა, მთებზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი?! მესტიაში თვეობით ჩამოდიოდნენ მთელი ოჯახი, მისი მშობლებიც ყოფილი მთამსვლელები იყვნენ. სამაგალითო ახალგაზრდა იყო, საუკეთესო მშობლების შვილი. სვანეთში დარჩა, ეს ამბავი შემთხვევით არ მოხდა...

"მოხდა ის, რაც ყველაზე სახიფათო და საშიშია ნებისმიერი მთამსვლელისთვის"

ნარგიზ ნიგურიანი, ოჯახის ახლობელი: - არჩილი 10 წლიდან მოიწამლა მთებით, ვერავინ გადააფიქრებინა... პირველად მაშინ ვნახე, როდესაც მანანა საღლიანს ესტუმრა კულტურის სახლში. დედასთან ერთად იყო. მანანამ ჩაიხუტა, მოეფერა, მოიკითხა და არჩი­ლმა ძალიან უბრალოდ, თავმდაბლად უპასუხა, უშბაზე ვიყავით ბიჭებიო. ზოგიერთი ადამიანი პატარა წარმატებას მიაღწევს და ტყავში ვეღარ ეტევა, ამან ისე უბრალოდ თქვა, თითქოს სადღაც გორაკზე ავიდა. უშბამ გვიმასპინძლა, კარგად მიგვიღო, არ გაგვიბრაზდაო... ზოგადად, მთამსვლელებს ახასიათებთ თავმდაბლობა. არჩილი საოცრად სათნო, საყვარელი და კეთილშობილი იყო. მიშა ხერგიანიც იმიტომ უყვარდა ხალხს, ისიც ძალიან თავმდაბალი იყო. როდესაც არჩილს ვუსმენდი, ვხვდებოდი, რომ აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევდა, აკი გახდა კიდეც„ოქროს წერაყინის მფლობელი. ძალიან ძნელია მთაში კაცს თავი შეაყვარო, ეს ახალგაზრდა ყველამ შეიყვარა, თავისი ლაღი, გახსნილი გულისა და თავმდაბლობის გამო.

- თქვენი ვერსია როგორია, რა მოხდა შხელდაზე სინამდვილეში?

- მოხდა ის, რაც ყველაზე სახიფათო და საშიშია ნებისმიერი მთამსვლელისთვის - ეს არის ელჭექი. არ არის მართალი, როდესაც ამბობენ, რკინამ მიიზიდა მეხიო, არჩილი ძალიან გამოცდილი იყო, ზედმეტი მას არაფერი ექნებოდა აღჭურვილობაში. "თოვლის ჯიქად" წოდებული სერგო ბარლიანიც ასე დაიღუპა. სამწუხაროდ, ბედისწერამ ამ შემთხვევაშიც თავისი გაიტანა, ბიჭები უნაგირაზე ისხდნენ, ამ დროს გაიელვა მთებში. შეეცადნენ თავი შეეფარებინათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა... კიდევ კარგი, არჩილს დაშვების სქემა წინასწარ ჰქონდა მოყოლილი. დაშვება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია. არჩილს ეს რომ წინასწარ არ მოეყოლა, შეიძლება ისინიც ვერ გვენახა ცოცხლები...

ხათუნა ბახტურიძე