რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გაგვაჩერებს - კვირის პალიტრა

რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გაგვაჩერებს

ქუჩაში, ძირითადად, პოლიციის ორი შემადგენლობა მუშაობს - საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. სწორედ ისინი ამოწმებენ მოქალაქეებს. ბევრმა არ იცის, ასეთ შემთხვევაში რისი უფლება აქვს პოლი­ციელს, ან თავად მას. რა სახის მოთხოვნებს უნდა ველოდოთ მათგან, სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციის ქმედებები.­ ამ საკითხებზე სამართლებრივ რჩევებს გვაძლევს როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებული ადვოკატი გიორგი ქათამაძე:

- რა უნდა ვიცოდეთ, როცა პოლიცია დაგვაკავებს?

- პირს უფლება აქვს აიყვანოს ადვო­კა­­­ტი, გამოიყენოს დუმილის უფლება, არ მისცეს ჩვენება ადვოკატის გარეშე. მისი დაკავების მომენტიდან დაუშვებელია პირზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა.

- როდის უნდა ჩავრთოთ საქმეში ადვოკატი?

- ნებისმიერ დროს, როდესაც პირი გადაწყვეტს, რომ მას საადვოკატო მომსახურება ესაჭიროება. გასათვალისწინებელია, რომ თუ პირს უწევს საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაცია, ანუ ის დაიბარეს გამოკითხვაზე რაიმე საკითხთან დაკავშირებით, კარგია აიყვანოს ადვოკატი და მისი მონაწილეობით იქონიოს ურთიერთობა.

- როგორ მოვიძიოთ ასეთ დროს ადვოკატი?­

- არსებობს ადვოკატთა ერთიანი სია, რომელიც განთავსებულია ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე გბა.გე-ზე და შესაძლებელია არჩევა. ამასთან, პირის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მას შეუძლია ჰყავდეს სახაზინო ადვოკატი.

- დაკავებისას რა მნიშვნელობა აქვს დუმილის უფლების გამოყენებას.

- არის შემთხვევები, როდესაც დაკავებულზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეიძლება პირმა მისცეს ისეთი ჩვენება, რომელიც დააზიანებს მის უფლებებს,­ ამიტომ ჩვენების მიცემა ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ადვოკატის თანდასწრებით. დაკავებულმა პირმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უფლება, არ მისცეს­ მისი ან ოჯახის წევრის საწინააღმდეგო ჩვენება და ეს არ ჩაითვლება დანაშაულის დაფარვად...

- რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს მოქალაქის გამოკითხვა ადვოკატის გარეშე?

- იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე თავად განაცხადებს უარს ადვოკატზე. თუ დაკავებულის სურვილია, მისი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა, საგამოძიებო უწყებას­ უფლება არა აქვთ, ადვოკატის გარეშე მიაცემინოს ჩვენება.

- რას ნიშნავს პირის იდენტიფიკაცია და რა ფორმით ახდენს ამას პოლიცია?

- ნებისმიერი საშუალებით, რაც შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია. მაგალითად, ვიზუალური დათვალიერებით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ან თავად შს სამინისტოს მონაცემთა ბაზით.

- რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს ქუჩიდან მოქალაქის პოლიციაში წაყვანა?

- პირის პოლიციაში წაყვანა შეიძ­ლება არაერთი საფუძვლით - როდესაც­ არღვევს­ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. პირის დაკავება და პოლიციაში წაყვანა ხდება პრევენციული მიზნებისთვისაც, როდესაც მისგან მოსალოდნელია კანონით აკრძალული ქმედებების ჩადენა. გარდა აღნიშნულისა, პირი შეიძლება დაიბარონ პოლიციაში, ან იძულების წესით გადაიყვანონ, როდესაც ეს საჭიროა კონკრეტულ საქმეზე გამოძიებისთვის.

- რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება?

- იმ შემთხვევაში თუ პირი ფლობს ან შეიძლება ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას და მისი შემდგომი გამოკითხვა­ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე თუ თვითონ პირის მიმართ მიმდინარეობს რაიმე საგამოძიებო მოქმედებები და მისი დროული გამოცხადება საგამოძიებო უწყებებში მნიშვნელოვანია.

- ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენების მისა­ცემად პირი პოლიციის განყოფილებაში უცე­მ­იათ. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს?

- პირმა ფიზიკური ზეწოლის შესახებ უნდა აცნობოს ადვოკატს და მისი მეშვ­ე­ობით­ შესაბამის უწყებას შემდგომი­ რეაგი­რებისთვის. ცემაზე მეტად ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ისეთი ჩვენების მიცემა, რაც არასწორ ინტე­რპრეტაციას აძლევს საქმეს და აზიანებს პირის ინტერესებს. ხდება ერთგვარად ნდობის მოპოვებაც და ჩვენების ისეთი ინტერპრეტაციით მიღება, რასაც ჩვენების მიმცემი არ გულისხმობს და ის ამას რეალურად ვერ ხვდება.

- ხშირად ირღვევა მოქალაქეთა უფლებები­ იმის გამო, რომ ბევრმა არ იცის კანონი, თუ რა უფლებები გვაქვს მოქალაქეებს.

- უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეს უფლება აქვს პოლიციელს მოსთხოვოს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარდგენა. მართალია, კანონით განსაზღვრულია, რომ პოლიცია მაშინ წარადგენს მისი იდენტიფიკაციის შესაბამის საშუალებას, როდესაც ეს გარეგნულად არ არის აღქმადი, თუმცა მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვოს ის. ეკიპირების მიუხედავად, თუ პირი ვერ ახერხებს პოლიციელის იდენტიფიკაციას, პოლიცია უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუმცა პასუხების გაცემა ნებაყოფლობითია, ანუ პირს შეუძლია არ გასცეს პოლიციის შეკითხვებს პასუხი. თუმცა, თუ პირი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, ის ვალდებულია პოლიციის გამოკითხვაზე მისცეს შესაბამისი ინფორმაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 14 წლამდე პირი არ შეიძლება გამოკითხულ იქნეს პოლიციის მიერ მისი კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

პოლიციას უფლება აქვს საზოგადო­ე­ბრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოახდინოს პირის იდენტიფიცირება, რაც გულისხმობს: ანაბეჭდების აღებას, სურათის გადაღებას, სამინისტროს ბაზაში მონაცემების გადამოწმებას. ზემოაღნიშნული ღონისძიებები მხოლოდ მაშინ უნდა გატარდეს, როდესაც პირი უარს აცხადებს, ნებაყოფლობით მოახდინოს იდენტიფიცირება, ხოლო თუ ამის საჭიროება არ არის და პირმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, პოლიციას უფლება არა აქვს გადაუღოს მას ფოტოსურათი­ ან მიმართოს სხვა ზემოაღნიშნულ ღონისძიებებს.

თუ პირს პოლიციაში დაიბარებენ, მას უნდა განემარტოს, რომ მისი პოლიციაში­ გამოცხადება არის ნებაყოფლობითი. არასრულწლოვანი პოლიციაში მიწვეულ უნდა იქნეს მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. პოლიციაში დაბარებულ პირს უნდა განემარტოს, თუ რა საკითხზე იბარებენ მას. ამასთან, პოლიციამ უნდა გაითვალისწინოს დასაბარებელი პირის სამსახურებრივი მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დაბარებული პირი პოლიციაში შეიძლება გააჩერონ 4 საათს, ხოლო თუ საკითხი შეეხება არასრულწლოვანს, მისი პოლიციაში გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ 2 საათის განმავლობაში. პოლიციას უფლება აქვს მხოლოდ პირის ზედაპირული­ შემოწმების, რაც გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას. რაც შეეხება ჩხრეკას, ჩხრეკის უფლება შეიძლება წარმოიშვას ზედაპირული შემოწმების საფუძველზე, თუმცა ამ საჭიროებასაც აქვს სამართლებრივი წინა პირობები. ეს წინა პირობაა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ჩხრეკა ტარდება სასამართლო განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. ჩხრეკის შესახებ უნდა შედგეს ჩხრეკის ოქმი, რასაც ხელს აწერს პოლიცია და პირი, რომელსაც ჩაუტარდა ჩხრეკა. თუ პირი ჩხრეკის საფუძველს არ ეთანხმება, ჩხრეკის ოქმს ხელი არ უნდა მოაწეროს და გაასაჩივროს კანონით დადგენილი წესით და ვადებში.