დიდი ქართველი ევროპელი
"1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები დამოუკიდებელ საქართველოს უტევდნენ, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად", - გადმოსცემს მისი თანამედროვე. ის თოფიანი კაცი 75 წლის სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მსოფლიო ანარქიზმის ელიტის წარმომადგენელი ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო. რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი არასოდეს ივიწყებდა სამშობლოს. ლონდონიდან არალეგალურად ჩამოდიოდა საქართველოში, მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს, ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლად წერდა საქართველოს პოლიტიკური ყოფის შესახებ, ჰქონდა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მამხილებელი გამოსვლები ლიგის კონგრესებზე. მისი უდიდესი მიზანი კი საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნება იყო. დიდ ქართველ მამულიშვილზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე გვესაუბრება.
- გრიგოლ რობაქიძე წერდა: "იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა, საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი, იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოღწეული ფესვებით, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი". ვარლამ ჩერქეზიშვილი გუგული მგელაძის შესანიშნავი ფილმის "ფესვების" მთავარი გმირის პროტოტიპია.
ვარლამ ჩერქეზიშვილი კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში დაიბადა 1846 წლის 15 სექტემბერს. პირველად 20 წლისა დააპატიმრეს, 1866 წელს, იმპერიის ხელისუფლების საწინააღმდეგო ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის. ციხეში 8 თვე იჯდა, 1871 წელს მეორედ დააპატიმრეს ნეჩაეველთა გახმაურებულ საქმეზე (ნეჩაევი იყო ცნობილი რევოლუციონერი და პროცესს "ნეჩაეველთა პროცესი" დაერქვა) და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1875 წელს გაიქცა და მას შემდეგ ევროპაში ცხოვრობდა. გადასახლებიდან გაქცეული ჩერქეზიშვილი ლონდონში ჩადის და ამას ევროპული პრესა უმალ ეხმაურება "თავადი ჩერქეზოვი ევროპაშია". ამ პერიოდიდან ის დაუახლოვდა ანარქიზმის მამამთავრებს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პეტრე კროპოტკინს, რომლის უახლოესი მეგობარიც გახდა. ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსთვის ვარლამ ჩერქეზიშვილი ცნობილი იყო როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. "ჩერქეზოვის" ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები, არსდებოდა ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები. 1877 წელს ის შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში და ამ ორგანიზაციის აქტიური მოღვაწე გახდა.
- მარქსიზმის კლასიკოსების პირველი კრიტიკოსი და მამხილებელი ვარლამ ჩერქეზიშვილი ჩვენთვის, ქართველი საზოგადოებისთვის, რითია გამორჩეული და ღირებული?
- ვიცით რევოლუციონერის ორი ტიპი: 1. რომელიც საკუთარ იდეალებს გადაჰყვება და სამშობლო ავიწყდება (მაგ. ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე და სხვები) და 2. "ჩაკეტილი" პატრიოტები. ვარლამ ჩერქეზიშვილი, როგორც რევოლუციონერი, ერთიც იყო და მეორეც. ის იყო მსოფლიო იდეალებისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელსაც არც ერთი წუთით არ ავიწყდებოდა სამშობლო და ყოველთვის მისი თავისუფლებისათვის იბრძოდა. 40 წლის განმავლობაში იყო სოციალისტური და ანარქისტული კონგრესების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მისი წიგნები ნათარგმნია მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ხალხის ენაზე, ზოგიერთ ქვეყანაში ისინი 10-15-ჯერაცაა გამოცემული (მათ შორის ჩინურ და იაპონურ ენებზე). რას წერდა და რითი იყო მისი ნაშრომები ცნობილი? არც მეტი, არც ნაკლები, მარქსიზმის კლასიკოსებს, მარქსსა და ენგელსს ბრალს სდებდა პლაგიატობაში, რომ მათ თავიანთი მთავარი ე.წ. აღმოჩენები გადაწერილი აქვთ სხვა ევროპელი და მსოფლიო მოაზროვნეებისგან. ამ კაცმა სოციალურად შეისწავლა, ლონდონის, პარიზის და სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებსა და არქივებში მოიძია და დაასაბუთა ეს ყველაფერი. მარქსისტები მას აკრიტიკებდნენ და ცილს სწამებდნენ. ებრძოდნენ ისეთი ცნობილი მარქსიზმის ავტორიტეტები, როგორებიც იყვნენ კარლ კაუცკი, გიორგი პლეხანოვი, თვითონ სტალინმა გააკრიტიკა, მას სპეციალური ნაშრომიც კი მიუძღვნა.
ყველგან წერია, რომ პირველი ინტერნაციონალი მარქსმა და ენგელსმა დააარსეს, რაც მტკნარი სიცრუეა და ამას ამტკიცებს და ასაბუთებს ჩერქეზიშვილი. ეს მართლაც ტყუილია, ვინაიდან პირველი ინტერნაციონალის დამფუძნებელ კრებას 1862-64 წლებში ენგელსი საერთოდ არ დასწრებია. წარმოგიდგენიათ, რამდენ ტყუილს გვასაღებდნენ სიმართლედ? მეორე - ფრანგმა პრუდონისტებმა და ინგლისელმა ტრედიუნიონისტებმა, რომლებმაც ნამდვილად დააარსეს პირველი ინტერნაციონალი, დამფუძნებელ კრებაზე მარქსი მიიწვიეს როგორც გერმანიის წარმომადგენელი. საბჭოთა იდეოლოგია 70 წლის განმავლობაში მალავდა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელს, მისი ხსენება თითქმის აკრძალული იყო და ქართველი საზოგადოების ისტორიული მეხსიერებიდან ამოვარდა... 2001 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი "აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი" და ის უცებ გახდა პოპულარული, მისი სახელი იციან სტუდენტებმა და მას შემდეგ ისწავლება უნივერსიტეტში.
- "ქართველი ხალხის პეტიციის" ავტორს დიდი ბრძოლა უწევდა ემიგრაციაში საქართველოს სახელმწიფოს აღიარებისა და დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის...
- მსოფლიო იდეალებისათვის მებრძოლი კაცი 1880-იანი წლებიდან მუდმივად აქვეყნებს წიგნებს, ბროშურებს, სტატიებს საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მან თავისებური კონცეფცია შექმნა. რაში მდგომარეობდა ეს კონცეფცია? 1783 წელს დაიდო ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო და საქართველო, ფაქტობრივად, სახელმწიფოდ ცნო, მერე კი დაიპყრო. ჩერქეზიშვილი მთელ მსოფლიოში ავრცელებდა - ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ სახელმწიფოს აღდგენა საერთაშორისო, ევროპული სამართლის წყალობით, ჩვენ ეს უფლება უნდა გამოვიყენოთ, როგორც სამართლებრივი დოკუმენტი და როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებაო. საქართველოს ამ კონცეფციას ნელ-ნელა აჰყვნენ, დაიჯერეს და ბრძოლის ლოზუნგად აქციეს.
მან საქართველოს ამბავი მოსდო მთელ მსოფლიოს, ამიტომ ამბობდა მის შესახებ ჩვენი მოაზროვნე არჩილ ჯორჯაძე, საქართველოს შესახებ ევროპაში არავინ არაფერი იცოდა და ერთადერთი, მაშინ თუ რამე იცოდნენ, ესეც ერთი გადახვეწილი ქართველი ემიგრანტის წყალობითო.
1905-1906 წლებში ჩერქეზიშვილი ჩამოსული იყო საქართველოში თავის მამაც მეუღლესთან, ჰოლანდიელ ქალბატონ ფრიდა რუპერტუსთან ერთად და აქ თითქმის ერთი წელი იცხოვრა. მან იცოდა, რომ 1907 წელს უნდა მოწვეულიყო ჰააგის სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც ბევრ ქვეყანას უნდა მიეღო მონაწილეობა. კონფერენცია განიხილავდა სახელმწიფოების დავებს, საჩივრებს... ვარლამს ევროპაში ყველგან ჰყავდა ნაცნობ-მეგობრები, მას ყველა პატივს სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტებს მკაცრად აკრიტიკებდა, ბევრთან მეგობრობდა. მათ შორის სოციალ-დემოკრატ აკაკი ჩხენკელთან, ნოე ჟორდანიასა და სხვა ოპონენტებთან. ჩერქეზიშვილი იყო ნამდვილი ქართველი ევროპელი. მან გადაწყვიტა, ქართველი ხალხის სახელით ეჩივლა ნიკოლოზ II-ის, რომანოვების დინასტიისა და რუსეთისთვის.
თავის მეგობრებთან ერთად, პოლიტიკურ მოღვაწეებთან - გიორგი გვაზავასთან, მიხაკო წერეთელთან, სოციალისტ-ფედერალისტებსა და ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად მოაგროვა ქართველი ხალხის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლების ხელმოწერები (3000-მდე ხელმოწერა) და დაწერა "ქართველი ხალხის პეტიცია", სადაც სწორედ ამბობდა, რომ რუსეთთან გვქონდა საერთაშორისო ხელშეკრულება, სადაც მან გვცნო როგორც სახელმწიფო, მერე კი დაიპყრო და ჩვენ საერთაშორისო სამართლის წინაშე ვითხოვთ აღდგეს სამართალი და საქართველოს დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ჩერქეზიშვილმა ეს პეტიცია მეგობრებს გადაუგზავნა ლონდონში, სადაც არსებობდა საქართველოს დაცვის კომიტეტი. შემდეგ პეტიცია წარედგინა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას. ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ძალიან ფრთხილობდნენ (როგორც დღეს), მაშინ უფრო ეშინოდათ რუსეთის, ამიტომ კონფერენციამ ეს პეტიცია განსახილველ საკითხებში არ შეიტანა, სამაგიეროდ, მეორე დღეს ის ყველა ევროპულმა და ამერიკულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. ეს იყო პირველი იურიდიული დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით, საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. აქედან დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა საქართველოს აღიარებისათვის. ეს უზარმაზარი საქმე ვარლამ ჩერქეზიშვილმა გააკეთა.
- მემატიანე აღწერს, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოშიც იბრძოდა (პირდაპირი მნიშვნელობით, იარაღით ხელში), კონკრეტულად, 1921 წელს, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში...
- როცა 1918-21 წლებში საქართველოში ანტანტის ჯარები შემოვიდნენ, ისინი ათვალწუნებით გვიყურებდნენ, როგორც მათი მოწინააღმდეგე გერმანიის მომხრეს. საჭირო იყო ანტანტის წარმომადგენელი ისეთი კაცი ყოფილიყო, რომელიც კეთილგანწყობილი იქნებოდა საქართველოს მიმართ. ვარლამ ჩერქეზიშვილმა მისწერა მარჯორი უორდროპის ("ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ენაზე მთარგმნელი) ძმას ოლივერ უორდროპს. საქმეში ჩაერია ბრიტანელი ლორდი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დიპლომატი ჯორჯ კერზონიც. ვარლამმა ინგლისის მხარეს სთხოვა, საქართველოსა და კავკასიაში ოლივერი გამოეგზავნათ როგორც ბრიტანეთის წარმომადგენელი კომისარი. ოლივერმა ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. ერთი ინგლისელი მინისტრი ამბობდა ჩერქეზიშვილზე, ყოველდღე თბილისიდან ლონდონში "გვბომბავს" წერილებით, რომ საქართველოს ვუშველოთო. ესეც დიდი საქმე იყო...
1921 წელი, საქართველოს ოკუპაციის დღეებია და ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაიწერა, რომ როცა კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები მიმდინარეობდა, შენიშნეს ერთი მოხუცი, რომელსაც თოფი ჰქონდა გადაკიდებული და ფრონტისაკენ მიდიოდა. ეს ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო, მაშინ ის 75 წლის იქნებოდა. როდესაც საქართველოში წითლები შემოვიდნენ, ვარლამი კვლავ ემიგრაციაში წავიდა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები ლონდონში გაატარა. ძველი ავტორები წერდნენ, რომ ის ლონდონის სასაფლაოზე, მარქსის სიახლოვეს იყო დაკრძალული, შემდგომში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. კვლევის შედეგად მისი ფერფლის ადგილსამყოფელს მიაგნო პროფესორმა გოჩა ფერაძემ. მან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დარქმეოდა - რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ ერთ-ერთ ქუჩას დაარქვა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი. მისი ფერფლი ლონდონში ინახება, ვითხოვდით ჩამოტანას, მაგრამ ეს საქმე შეჩერებულია. არსებობს მეორე პოზიციაც, რომ დიდი მამულიშვილის ფერფლი იქ დარჩეს, ესეც ხომ პოპულარიზაციაა? ყველა თუ ჩამოვასვენეთ ლევილის სასაფლაოდან, მაშინ ლევილი უნდა გაუქმდეს. იყვნენ იქ, როგორც საქართველოს ღვაწლმოსილი ხალხი.
- როგორ ახერხებდა ეს ადამიანი, რომ ერთდროულად ყოფილიყო რევოლუციონერი, ანარქისტი, საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აღიარებული ლიდერი და მეორე მხრივ, უდიდესი პატრიოტი, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი სოციალისტი, ამავე დროს, როგორც მოიხსენიებენ, მემარჯვენე, ლიბერალი, ილიას გზის გამგრძელებელი?
- ილიამ, რომელიც დიდ პატივს სცემდა ჩერქეზიშვილს, დაიწყო ვარლამის წერილების ბეჭდვა გაზეთ "ივერიაში". ხშირად მიფიქრია ამაზე, როგორ ბედავდა ილია ასეთ რამეს, მართალია, ვარლამის წერილები "ვაზიანის" ფსევდონიმით იბეჭდებოდა, მაგრამ მაინც... ილიამ მას 50-ზე მეტი წერილი დაუბეჭდა. ვარლამი ამ სტატიებში პოპულარიზაციას უწევდა ევროპის იდეას, წერილები ყველა თემას ეხებოდა, როგორც პოლიტიკას, ისე კულტურას, ხელოვნებას... მაგალითად, პირველი წერილი ასეთი სათაურით იყო "ხვნა-თესვისა და მეურნეობის საკითხი ინგლისში". ვარლამი ასწავლიდა ქართველ საზოგადოებას, ინგლისში როგორ თესავდნენ, ხნავდნენ ფერმერები, როგორ მოჰყავდათ მოსავალი. ვარლამ ჩერქეზიშვილმა ქართველ საზოგადოებას მიანიშნა, რომ შეიძლება იყო ანარქისტი, იყო მონარქისტი, დემოკრატი, რესპუბლიკელი, ყველანაირი იდეოლოგიის მიმდევარი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, იყო უპირველესად მამულიშვილი და პატრიოტი.