კიდევ ორი ქართველი გმირულად დაეცა უკრაინის მიწაზე - კვირის პალიტრა

კიდევ ორი ქართველი გმირულად დაეცა უკრაინის მიწაზე

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ომს კიდევ ორი ქართველის, ბონდო გაგნიძისა და ვასო ქარდავას სიცოცხლე შეეწირა. ერთი რუსეთის საოკუპაციო ხაზთან მოსაზღვრე სოფლიდან, შინდისიდან იყო, მეორე - აფხაზეთიდან. ორივეს ბრძოლის მოტივი მტრის დამარცხება და დაკარგულის დაბრუნება იყო. ისინი რუსული გავლენისგან თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველოზე ოცნებობდნენ. ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმა­რთულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. 30 ივლისს ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. 47 წლის ქართველი მეომარი მშობლიურ შინდისში დაკრძალეს.

ვასო ქარდავაც ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ის 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა. 34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გადმოასვენეს. მას უკრაინაში მეუღლე და შვილი დარჩა.

საქართველოს სახელით მებრძოლი ბიჭების შესახებ მათი თანამებრძოლები და მეგობრები გვიამბობენ:

"პირველ ხაზზე კი არა, "ნულოვკაზე" დაიღუპა, ეს ნიშნავს, რომ მტერს პირისპირ შეაკვდა"

რომეო ფარულავა, უცხოური ლეგიონის მებრძოლი, ბონდო გაგნიძის მეგობარი:

- მე ამ წუთში საქართველოში ვარ, ძალიან ცუდი დიაგნოზით ჩამოვედი, ვმკურნალობ. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, უკან გავბრუნდები. მე და ბონდო ერთი მიზნისთვის ვიბრძოდით, რუსული ბოროტების იმპერიის დამხობა გვინდოდა. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემს სახლში დაბრუნება მინდა. დარწმუნებული ვარ, როგორც კი რუსეთი უკრაინაში დამარცხდება,­ ძალიან მალე აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდება. მე 2022 წლის 5 მარტიდან იქ ვიყავი, ბონდო ირპენის ცნობილი ბრძოლების შემდეგ, აპრილის დამდეგს ჩამოვიდა ვანო ნადირაძესთან ერთად. მას საბრძოლოდ გამოცდილება ჰქონდა, 2015 წელსაც იბრძოდა უკრაინაში. განსაკუთრებულად გვიყვა­რდა, არა მარტო იმიტომ, რომ კარგი მებრ­ძოლი იყო, გამორჩეული იყო თავისი სიკეთით. ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა - გამუდმებით სიგარეტს ეწეოდა. ამის გამო სულ ვეჩხუბებოდით. სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა, პირველ ხაზზე კი არა, "ნულოვკაზე" დაიღუპა, ეს ნიშნავს, რომ მტერს პირისპირ შეაკვდა.

- გავრცელებული ვერსიით, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რუსებს.

- კი, ბიჭების ევაკუაცია მიმდინარეობდა­ და ის მათ ზურგს უმაგრებდა ტყვიამფ­რ­ქვევით. არ გამოვიდა, განა ვერა, მიზანმიმა­რთულად არ გამოვიდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მიეკარნენ. საქართველოს სიყვარულით შეაკვდა მტერს.

- ისეთი განცდა მრჩება, რომ გულით დიდ სევდას დაატარებდა.

- ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოს სიყვარული განსაკუთრებით უმძაფრდებათ. ეს გრძნობა კიდევ მეტად გიჯდება გულში, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებ. ბონდოს თავისი შინდისი ენატრებოდა. მგონი, გრძნობდა, რომ ვეღარასოდეს ნახავდა... აქ ბევრია ასეთ დღეში, ბიჭებს სამშობლო, ოჯახები ენატრებათ. ერთადერთი მათი იმედი და ნუგეში ის არის, რომ აქ თუ დავამთავრებთ მტერს, შინ უფრო მალე დაბრუნდებიან. აი, ამიტომ არიან ქართველები ბრძოლაში თავდაუზოგავები.

"ვიდრე ჩვენ ვიტყოდით რამეს,­ თავად­ გაგვაფრთხილა, არაფერი მითხ­რათ, ომში მაინც წავალო"

ნინო თანდიაშვილი, ბონდო გაგნიძის რძალი: - სოფელში ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხასიათით - ძალიან კეთილი და სამართლიანი­ იყო. შეეძლო სრულიად უცხო ადამიანის გამო ეჩხუბა კიდეც, თუ დაინახავდა, რომ ჩაგრ­ავდნენ. ყველა ეცოდებოდა, მისი სიკეთე ზოგჯერ უცნაურადაც კი მეჩვენებოდა.­ ამასთან, დიდი პატრიოტი იყო. ყველამ იცის, ჩვენს სოფელს, შინდისს, 2008 წლის 8 აგვისტოს თავს რა უბედურებაც დაატყდა­. იმ დღეების მერე გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა, საქმეს გულს ვეღარ უდებდა, სატვირთო მანქანა ჰყავდა და იმას ამუშავებდა. მალევე მიატოვა თავისი აწყობილი საქმე და სამხედრო საქმით დაინტერესდა, გამნაღმველი გახდა. ამ პროფესი­ით მუშაობდა, სანამ უკრაინაში ომი არ დაიწყო. პირველად 2015 წელს წავიდა და ორი წელი "ქართულ ლეგიონში" იყო. მერე ჯანმრთელობა შეერყა, საოპერაციო გახდა და ჩამოვიდა. ექიმებმა სასტიკად გააფრთხილეს, რომ სიმშვიდე სჭირდებოდა. ჩვენ ორმაგად გაზვიადებულად წარმოვუდგინეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ გზით კარგა ხანს შევძელით მისი შინ დაკავება. 2022 წელს დიდი ომი რომ დაიწყო, ვიდრე ჩვენ ვიტყოდით რამეს,­ თავად­ გაგვაფრთხილა, არაფერი მითხ­რათ, მაინც წავალო. ჩვენ ჩვენი არ დავიშალეთ, ადგა და გაგვეპარა... მას შემდეგ აღარც დაბრუნებულა.

- უკრაინიდან ხშირად გირეკავდათ?

- კი, მისი ოჯახი ჩვენ ვიყავით, მეუღლე და შვილები არ ჰყავდა... რუსების მიერ ნაწამები და მოკლული ფეხმძიმე ქალი უნახავს, იმას განიცდიდა ძალიან. ამბობდა, ვერ ვივიწყებ იმ სურათს, თვალებიდან არ ამომდის, საბოლოოდ დავრწმუნდი, რუსები ადამიანისსახიანი ცხოველები არიანო. ამბობდა, რომ ომის დასრულებამდე იბრძოლებდა.

"საბრძოლო საქმე ისე კარგად იცოდა, უკრაინელი მეთაურები ხშირად მას სთხოვდნენ რჩევებს"

vaso-kardava-1724016360.jpg
ვასო ქარდავა

ლადო გამსახურდია, "კავკასიური ლეგიონის" ყოფილი მეთაური, "კავკასიური კავშირის" სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი: - ვასო პატრიოტი და უპატიოსნესი ბიჭი იყო, სოციალურ ქსელებს არ იყენებდა და ბევრი არ იცნობდა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო, 2 წელი, ფაქ­ტობრივად, ფრონტის ხაზზე ცხოვრობდა.…

- ჩემი ინფორმაციით, "კავკასიის ლეგიონის" მებრძოლი იყო.

- 2023 ზამთარში მოვიდა ჩვენთან. იმ ჯგუფში იყო, რომელსაც ცხონებული თენგო ჭანია ხელმძღვანელობდა. მერე მე ჩემი ხალხი მეორე ბრიგადაში გადავიყვანე, ვასო ჩერკასკში დარჩა, ოჯახი ჰყავდა იქ - მეუღ­ლე და მცირეწლოვანი შვილი. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ იმას კი ამბობდა, რომ უკრაინაში შექმნილ ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნება ძალიან უნდოდა. რა თქმა უნდა, ჩვენს ლეგიონშიც არაერთხელ ისახელა თავი. როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, არაერთი შეტევა მოიგერია წარმატებით. საბრძოლო საქმე ისე კარგად იცოდა, უკრაინელი მეთაურები ხშირად მას სთხოვდნენ რჩევებს. ვასო, ძირითადად, პოზიციების გამაგრებაში მონაწილეობდა. ეს ურთულესი საქმეა. გმირულად დაეცა მტერთან პირისპირ ბრძოლაში.

- უნდა გკითხოთ იმ ამბის შესახებ, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგნად იქცა. იმ დროის მონაცემებით, როცა ჩვენ ინტერვიუს ვიწერთ (15 აგვისტოს), უკრაინელთა­ შეტევა კურსკის მიმართულებით­ გრძელდება... როგორია ამ საქმეში თქვენი მონაწილე­ობა და პროცესების როგორ განვითარებას ელით?

- უკრაინული არმია უკან დახევას არ აპირებს. "კავკასიის ლეგიონი" მიწერილია მე-80 ბრიგადაზე და სწორედ ის არის ახლა წამყვანი ძალა კურსკში. როგორც ბატალიონის მეთაურებმა მითხრეს, ჩვენი ბიჭები პოზიციებს ამაგრებენ, უკან გამოსვლას არ აპირებენ, რა ბრძანება მოვა ხვალ-ზეგ, არავინ იცის. უკრაინული შეტევა არ დამთავრდება კურსკით, ამას მოჰყვება სხვა რეგიონები და საბოლოოდ კავკასიის რუსეთისგან გათავისუფლება...

უკრაინაში მებრძოლი კავკასიური ქვედანაყოფები მზად არიან იბრძოლონ კავკასიის თავისუფლებისთვის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

- სერიოზული განაცხადია.

- შეიხ მანსურის ბატალიონს, რომელთანაც ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის­ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული, იარა­ღთან ერთად უკვე ავიაციაც გადასცეს. უკრაინელების კურსკში შესვლასაც არავინ­ ელოდა, მაგრამ ეს მოხდა. ის, რაც ახლა კურსკში ხდება, თქვენთვის, ხალხისთვის არის მოულოდნელი, თორემ უკრაინული არმია ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. უფრო დიდი ამბები, რომლებიც ახლა დაუჯერებლად ჩანს, ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

ხათუნა ბახტურიძე