„იმას არაფერი შეედრება, ახალი სიცოცხლე რომ იწყებს გახარებას“ - კვირის პალიტრა

„იმას არაფერი შეედრება, ახალი სიცოცხლე რომ იწყებს გახარებას“

"ბევრს სმენია მიხეილ მამულაშვილის სახელი, გასულ საუკუნეში დეკორატიული ხელოვნების შემქმნელისა და დიდი მებაღის. ჩვენს საუკუნეში დეკორატიული ხელოვნება გაცილებით პოპულარული გახდა, მებაღე-დიზაინერის პროფესია კი წარმატებული; თუმცაღა მაინც ძნელია იპოვო მეორე მიხეილ მამულაშვილი, რადგან დეკორაციაში შექმნილი სასწაულები მხოლოდ ცოდნას ვერ მიეწერება, გული უნდა აჩუქო, რათა ბუნებისგან უფრო მეტი სილამაზე შექმნა, ვიდრე თავად­ ქმნის. მე მაინც მგონია, ვიპოვე ასეთი ადამიანი. ბატონი რომან კუხალაშვილი საქა­რთველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს და სამ­წუხაროდ, მივიწყებულ კუთხეში ცხოვრობს. მისი სასწაული ბაღი ამ ლამაზ კუთხეს კიდევ უფრო ამშვენებს. არ მეგულება აქაურობის სტუმარი, ვისაც ეს ბაღი სიხარულს არ განაცდევინებს.

პატივისცემით, ნანა ბალახაშვილი".

ვინც წყალტუბოში ყოფილა, დაგვეთანხმება, რომ ამ სამოთხეში სილამაზე თითქოს აღარავის აოცებს, ერთადერთი, აქ ხშირად ჩამოსული უცხოელები აკვირდებიან ბუნებას აღფრთოვანებულები. როგორც წყალტუბოელი მებაღე მეუბნება, აქაურობა ჩამკვდარი იყო. ახლა ბევრი რამ უკეთესობი­სკენ იცვლება, მაგრამ ეს სილამაზე კიდევ უფრო მეტ სახელს და შემოსავალს მოგვიტანს, თუ მეტად მოვუვლით და ავაღორძინებთო. ეს რომ ასე იქნება, როგორც პროფესიით ფინანსისტმა საუკეთესოდ იცის, - ახსოვს წყალტუბოში დასვენებაზე გაგიჟებული საბჭოთა იმპერიის შვილები, რომლებიც აქ ათასობით მოდიოდნენ. დღეს მათ ევროპელები ანაცვლებენ, რომლებიც ლამის ტყეებში დაეძებენ საბჭოთა იავარქმნილ არქიტექტურას, რომელიც აღორძინების შემთხვევაში აქაურობის განძად იქცევა.

რომან კუხალაშვილი: - ბოლო ორი წლის განმავლობაში აქაურობას იტალიელები სწავლობდნენ და გაოცებული იყვნენ ჩვენი ბუნებითა და არქიტექტურით, მსოფლიოში არავის და არაფერს არ ჰგავს, მოუარეთ, ამის დანგრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო! ბუნებაზე ხომ საუბარიც აღარ არის: ქალაქში 150 ჯიშის მცენარეა გაშენებული და ისინიც დაკნინდა­. ბუნება ყოველთვის მიყვარდა, თუმცა, ბაღის გაშენებაზე არც მიფიქრია, მაგრამ... 90-იან წლებში, ქვეყანა რომ ინგრეოდა, ბათუმიდან­ ეგზოტიკური მცენარეები ჩამოვიტანე და ბაღის გაშენება დავიწყე. მერე, თუკი სადმე უცხო მცენარე ვნახე, ყველა ჩემს ბაღში გადმოვზიდე. ალბათ, ზოგი იფიქრებს, ქვეყანა თუ ინგრეოდა, შენ რა გებაღებოდაო! მაგრამ ვერ წამოიდგენთ, მცენარეების მოვლა როგორ მამშვიდებს. იმას არაფერი შეედრება, ახალი სიცოცხლე რომ იწყებს გახარებას. ეს მხოლოდ სილამაზით ტკბობა არ არის, ადამიანს სიცოცხლის წლებსა და იმედს მატებს. ბუნება მიისწრაფვის წესრიგისა და სიმშვიდისაკენ და შენც ფიქრობ, რომ ცხოვრებაც დაწყნარდება და დალაგდება.

როგორც ნებისმიერი სიცოცხლე, ბაღიც ყოველდღიურ მოვლას მოითხოვს: რომელიღაც კუთხეში რომელიღაც მცენარე იზრდება და მეორე მცენარეს გალაღებას­ უშლის. შენ ისე უნდა გააკეთო, რომ არსე­ბობის შესაძლებლობა ორივეს ჰქონდეს. სადღაც ერთი ყვავილი რომ დაჭკნა, მეორით უნდა ჩაანაცვლო, ბაღი ზამთარ-ზაფხულ უნდა ყვაოდეს ათასფერი მცენარეებით ძველით და ახლით, როგორც ედემი. როგორც ბუნებაში, ასევე ბაღშიც უნდა იყოს ჰარმონია: წყლის ხმა ისმოდეს, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ჰოდა, თანამედროვე ტექნიკის წყალობით ბაღში ჩანჩქერი მოვაწყვე, თანაც, წყალს კი არ ვკარგავ, არამედ წრეზე ვაბრუნებ და ვაჩუხჩუხებ საამო ხმით.

ჩემი ექვსმეტრიანი კაქტუსი შვილივით­ გამოვზარდე, ყოველ ზამთარს ვფუთავ. მართალია, ჩვენში დიდი ყინვები არ იცის, მაგრამ რაც იცის, ზოგჯერ საკმარისია, რომ რასაც ბავშვივით შევხარი, გამინადგუროს.

- მარტო ყვავილებს კი არა, ბაღში ქვებსაც­ ეზიდებით. თავის დროზე, ამას აკეთებდა მიხეილ მამულაშვილიც, რომელმაც მცხეთის­ ბაღი ქვის ჰარმონიას შეუხამა.

- ახალგაზრდობაში მეც მინახავს მამულაშვილის ბაღი. დიდი ადამიანი და მებაღე იყო. მაშინ არც მიფიქრია, რომ ოდესმე მეც ბაღს გავაკეთებდი. წყალტუბოს წახნაგოვანი ქვები ადრეც მენახა, მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით შევხედე და... შენ მხოლოდ უნდა "გაიგონო, რას გელაპარაკებიან", როგორ "იცხოვრებენ" შენს ბაღში.

სამსახურისაგან თავისუფალ დროს ბაღში­ ვარ. ოჯახი და მეგობრებიც მეხმარებიან: მამუკა და თამაზ ჩიქოვანები და რაც მთავარია, გვერდში მიდგას ჩემი ბიძაშვილი, ვალერი კუხალაშვილი­, სოხუმიდან დევნილი კაცი. თავადაც ედემი დატოვა აფხაზეთში... ამ საქმეში ჩემი წლები და ჩემი გული ჩავდე. მიხარია, რომ ხალხს სიამოვნებას ვანიჭებ. უკეთესს, ალბათ, ბევრს ვერაფერს გავაკეთებდი.