უკრაინა კურსკში ბუფერულ ზონას ქმნის... - კვირის პალიტრა

უკრაინა კურსკში ბუფერულ ზონას ქმნის...

ორკვირიანმა საბრძოლო მოქმედებებმა­ უშუალოდ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ბევრი საინტერესო ნიუანსი გამოავლინა, უპირველესად, რუსეთის სისუსტე საკუთარი საზღვრის დაცვისას იმ მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც თავადვე დაესხა თავს. 6 აგვისტოს უკრაინის სწრაფი სადაზვერვო-დივერსიული რეიდი მალევე საერთო-საჯარისო ტიპის ოპერაციაში გადაიზარდა და უკრაინულმა მობილურმა ჯავშანჯგუფებმა კურსკის ოლქის 20-30 კმ-ის სიღრმეშიც შეძლეს შეღწევა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მოახერხა დამატებითი ძალების გადასროლა კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინსვლის შესაჩერებლად. უკრაინის საარმიო დანაყოფების წინსვლა კურსკის ოლქის სიღრმეში შენელდა, თუმცა მთლიანად არ შეჩერებულა - ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დამატებით ძალებს გადაისვრიან ახალგახსნილ ფრონტის ხაზზე დაპირისპირებული მხარეები და ვინ უფრო მეტს.

კარგად ჩანს, რომ რუსეთის გენშტაბი ფეხს ითრევს და ძალიან არ უნდა მოხსნას ბრძოლისუნარიანი დანაყოფები უკრაინის ფრონტის დონბასის მონაკვეთიდან, სადაც რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მეტ-ნაკლებად წარმატებულ შეტევებს ტორეცკისა და პოკროვსკისკენ - პუტინის კატეგორიული ბრძანება, რაც შეიძლება მალე გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე და აიღონ კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი, კვლავ ძალაშია. ამიტომაც რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა ჯერჯერობით ელევა­ იმ დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის ფრონტის შედარებით მშვიდ მონაკვეთებზე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილებში დგანან, და მათ გზავნის საკუთარი მიწის - კურსკის ოლქის დასაცავად.

თავის მხრივ, უკრაინის გენშტაბიც ვა-ბა­ნკზე მიდის და კურსკისკენ უშვებს იმ სარე­ზერვო ბრიგადებს, რომლებსაც სწორედ­ დონბასის ფრონტის მონაკვეთზე მტრის მუდმივი შემოტევების მოსაგერიებლად ამზადებდა. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა კურსკის მიმართულებაზე ჯერჯერობით წარმატებული ოპერაციის დაწყებითა და მისი გაგრძელებით დიდად რისკავს, რადგან რუსი ოკუპანტების გამუდმებულ შეტევებს პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით ვერ აჩერებს და არც რუს გენერლებს მოუხსნიათ აქედან მოიერიშე დანაყოფები კურსკის გასამაგრებლად გადასასროლად.

მეორე მხრივ, უკრაინის არმიის კურსკის ოპერაციამ უდიდესი დარტყმა მიაყენა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ იმიჯს - როცა ყველას ეგონა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე სრული საბრძოლო ინიციატივა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩაიგდეს ხელში და უკრაინის საქმე წასული იყო, მოულოდნელად უკრაინა დივიზიის მასშტაბის წარმატებულ რეიდს ატარებს აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის ახლო ზურგში და ამასთან, ორი კვირის განმავლობაში აგრძელებს ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილობრივ ოკუპაციას.

2-bup-1724016947.jpg
ხიდების აფეთქების დაწყებით უკრაინის გენშტაბი რუსეთის კურსკის ოლქში საზღვრისპირა "ბუფერული ზონის" შექმნას და იქ გამაგრებას გეგმავს...

ახლა რომ 2023 წლის ივნისი იყოს და უკრაინის არმიას მთავარი კონტრშეტევა­ ზაპოროჟიეს სამხრეთ მიმართულების ნაც­ვლად სწორედ რუსეთის კურსკისკენ­ დაეწყო­ იმ მოგროვილი ძალებით, ნამდვილად­ დიდ წარმატებას მიაღწევდა. მაგრამ გასული წლის მთავარი კონტრშეტევა უკრაინელებს ჩაეფუშათ, დაკარგეს მნიშვნელოვანი­ რაოდენობის ცოცხალი ძალა და საბრძო­ლო ტექნიკაც, რაც უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით შეტევების მათ შესაძლებლობას ძალზე ზღუდავს. ახლა ძალზე მომგებიანი იქნებოდა ანალოგიური­ შეტევები რუსეთის ბრიანსკის ოლქზეც, რომლის საზღვარი კურსკისაზე უკეთესად დაცული არ იქნება.

თუკი უკრაინის საარმიო დანაყოფების წინსვლა კურსკის ოლქში შეჩერდება, ლოგიკური იქნებოდა ერთგვარი ბუფერული ზონის მოწყობა უშუალოდ რუსეთის საზღვრის შიგნით, რომლის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა საზღვართან მიმდებარე სუმის ოლქიდან გაადვილდებოდა. ბუფერული ზონის შექმნის დაწყებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაიწყეს კურსკის ოლქში გამავალ მდინარე სეიმზე, სოფელ გლუშკოვოსთან, საავტომობილო ხიდების აფეთქება­ - უკვე დაზიანებული და დანგრეულია სამი ხიდი, რაც მეტ-ნაკლებად ხელს შეუშლის რუსეთის გენშტაბს სახელმწიფო საზღვრისკენ­ დამატებითი ძალების გადასროლაში უკრაინული დანაყოფების თავისი ტერიტორიიდან გასაყრელად.

პუტინი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთი СВО-ს (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) ატარებდა უკრაინის ტერიტორიაზე, ახლა იძულებულია გადაერთოს КТО-ზე (კონტრტერორისტული ოპერაცია) და თანაც თავად კურსკის ოლქის (რომელსაც­ უკვე ბელგოროდის ოლქიც ემატება, სადაც საგანგებო სიტუაციაც გამოცხადდა) ტერიტორიაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი სირსკი ოფიციალურად აცხადებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები კურსკის ტერიტორიაზე­ აკონტ­როლებენ 1 000 კვკმ ფართობსა და იქ შემავალ 84 ერთეულ რუსულ დასახ­ლებულ პუნქტს, რაც ძალზე სერიოზულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ორკვირიანი­ საბრძოლო ოპერაციის თავზე. თუმცა დასავლეთის დამოუკიდებელ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიტიკოსთა ნაწილს ეჭვი შეაქვს კიევის­ ამ განცხადებაში და მათი დათვლით, დღეისთვის უკრაინის არმია კურსკის ოლქში მხოლოდ 41 რუსულ ქალაქს, დაბასა და სოფელს აკონტროლებს.

განსხვავება ორმაგია, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - დასავლელი ექსპერტები არ ითვლიან ძალიან პატარა, სამ-ოთხსახლიან დასახლებებს, რომლებიც კურსკის ოლქში არცთუ ისე ცოტაა.

კურსკის ოპერაციაში უკრაინის ძალების წარმატებად ისიც უნდა მივიჩნიოთ, რომ პირველივე დღეებში მათ 102 რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ, რომელთა რიცხვი მომდევნო დღეებში გაიზარდა. მართალია, ამ ტყვეების ნაწილი სავალდებულო­ სამსახურის ის ერთწლიანი ჯარისკაცები­ არიან, რომელთა იმედზეც ჰქონდათ სახელ­მ­წიფო საზღვრის დაცვა რუს გენერლებს,­ თუმცა ტყვეებს შორის ჩეჩნური "ახმატის"­ მებრძოლებიც არიან. მათ დატყვევებას გროზნოში თავიდან კატე­გორიულად უარყოფდნენ, მაგრამ შემდეგ იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ. ჩეჩენი ეროვნების­ ტყვეების აყვანა უკრაინულ მხარეს გაუადვი­ლებს მათ გადაცვლას ყოფილი "აზოვის" იმ მებრძოლებზე, რომლებიც მარიუპოლის დაცემის შემდეგ რუსების საშინელ ტყვეობაში არიან.

რუსეთ-უკრაინის ომის 900-ზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში ერთი საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა - როგორც კი რუსეთის საოკუპაციო ძალებს პრობლემები ექნებათ ფრონტის ხაზზე, კრემლის კარნახით რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა მაშინვე წამოწევს... "ჭუჭყიანი ბომბების" თემას - უკრაინა დღე-დღეზე "ჭუჭყიან ბომბებს" გამოიყენებსო.

ასე იყო 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუს ოკუპანტებს ხარკოვის ოლქიდან გაქცევამ მოუწიათ. ასე გაგრძელდა 2023 წლის ივნისშიც, როდესაც უკრაინამ დიდი კონტრშეტევა წამოიწყო, და ასე ხდება დღესაც, როდესაც უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს აკონტროლებენ კურსკის ოლქში.

"ჭუჭყიანი ბომბი" არის კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია მაღალრადიოაქ­ტიური იზოტოპები, და დამონტაჟებული­ აქვს მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა მხოლოდ იმიტომ, რომ აფეთქების ძალამ კონტეინერის კონსტრუქ­ცია დაშალოს და იზოტოპები რამდენიმე­ ათეულ ან ასეულ მეტრზე მიმოფანტოს, მერე კი ტრაგედიას მშვიდობიან მოქალაქე­ებში უხილავი რადიაცია დაატრიალებს­. გასაგებია, რომ ამ დროს არ იწყება ჯაჭვური­ რეაქცია და არ ხდება ბირთვული აფეთქება.­

გასული კვირიდან, თითქოს პირი შეკრესო, ყველა რუსი სამხედრო ბლოგერი და სხვა რუსული საინფორმაციო საშუალებები გაიძახიან, რომ უკრაინის არმია თითქოს კურსკისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების წინააღმდეგ სწორედ ასეთი "ჭუჭყიანი ბომბების" გამოყენებას აპირებს. კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიერ "ჭუჭყიანი ბომბების" თემის ხელახლა წამოწევა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსული მხარე როგორც კურსკის, ისე ზაპოროჟიეს ატომურ ელექ­ტროსადგურებზე მორიგ პროვოკაციებს­ გეგმავს, რასაც უკრაინას დააბრალებს - ასე ფიქრობენ უკრაინის სპეცსამსახურებში.

"ბირთვული შანტაჟი" კრემლმა ერთხელ უკვე სცადა. ამის ერთგვარ დასტურად იქცა 11 აგვისტოს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ერთ-ერთ გრადირნიაში­ (ატომური რეაქტორების წყლით გაგრილების სისტემის ნაწილი) გაჩენილი ხანძარი შავი კვამლით.

რუსულმა მხარემ უკრაინელები დაადანაშაულა გრადირნიასთვის რაკეტის მოხვედრაში. თავის მხრივ, კიევი ამტკიცებდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა პროვოკაციისთვის ძველი საბურავები შეიტანეს გრადირნიაში და ცეცხლი წაუკიდეს.

მოგვიანებით, "მაგატეს" დამკვირვებ­ლების მიერ დათვალიერებისას გაირკვა, რომ გრადირნიას არც უკრაინული რაკეტა მოხვედრია და არც დამწვარი საბურა­ვების კვალი იყო დარჩენილი, მაგრამ უფრო დეტალური შემოწმების უფლება რუსმა სამხედროებმა უცხოელ დამკვირვებლებს აღარ მისცეს. არ გამოირიცხება, რომ გრადირნიის შუაგულში რუსმა სამხედროებმა აამო­ქმედეს სპეციალური სამხედრო დანიშნულების საკვამლე კოჭები (რომლებიც გამოიყენება ფრონტის ხაზზე კვამლის ღრუბლების შესაქმნელად და მის საფარქვეშ ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ფარულად გადასაადგილებლად), ხოლო შემდეგ კვალი მოსპეს.

"ჭუჭყიანი ბომბების" სპეციალურად გამოყენების გარეშეც უკრაინის ფრონტი ისედაც დაბინძურებულია რადიოლოგიურად, რადგან სამხედრო დანიშნულების ტექნიკის დიდ ნაწილში, მათ შორის ტანკებში, ჯავშანმანქანებში, თვითმავალ საარტილერიო­ დანადგარებში, ასევე თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებში დამონტაჟებულია ხელსა­წყოები, რომლებიც შეიცავენ მცირე სიმ­ძლავრის რადიოაქტიურ ნივთიერებებს და როდესაც ასეთი ტექნიკა ბრძოლის ველზე იწვის და ფეთქდება, რადიოაქტიური ნივთიერებების ნაწილაკები ხვდება გრუნტში, წყალში და აბინძურებს გარემოს.