რას ნიშნავს მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და რას გულისხმობს ფორმულა: „ფული პლუს სერვისი“ - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და რას გულისხმობს ფორმულა: „ფული პლუს სერვისი“

გასულ კვირას ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, გვიან ღამით დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ბინაში­ გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპის,­ გიორგი და გაბრიელ გაბუნიების სიცო­ც­ხლე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ოჯახს იმ დღეს ელექტროენერგია გადაუ­ხდელობის გამო გაუთიშეს და ამიტომ სახლში მარტო­ მყოფ ოთხ ბავშვს სანთელი­ ჰქონდა დანთებული­. სწორედ სანთლისგან გაჩნდა ხანძარი, რასაც ორი პატარის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიკვდილს სასწაულად გადაურჩა გარდაცვლილი ძმების და-ძმა. მეხუთე და მეექვსეკლასელმა ბავშვებმა­ ბინიდან გამოღწევა­ შეძლეს და შოკირებულები მეზობელს შველას სთხოვდნენ... მართალია, სამაშველო სამსახურები მალე მივიდნენ, მაგრამ ტყუპის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა... როგორც გაირკვა, ტრაგედიის დროს სახლში­ არ იყო დედა და ბავშვები მარტო­ იყვნენ 200 ლარად ნაქირავებ­ ბინაში. 4 მცირეწლოვან შვილს დედა მარტო­ ზრდიდა. დაღუპული ბავშვები რამდენიმე წელი მინდობით აღზრდაში იყვნენ და ისინი­ დედამ 2023 წლის აპრილში დაიბრუნა...

მოგვიანებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მწირი კომენტარი გააკეთა. უწყების ინფორმაციით, ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის 1-ლი აპრილიდან ისინი დედასთან იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს­ გადაწყვეტილე­ბით ოჯახიდან იყვნენ გან­ცა­ლ­კე­ვებული. არსებული ინფორმაცი­ით, ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვა­ნის­ მიზეზი მძიმე სოციალური პირობები­ იყო. "ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯა­ხების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხება­ და სოციალურ შემწეობას იღებს.­ 2023 წლის აპრილიდან ბავშვებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება, რაც ყოველთვიურად 1.500 ლარს შეადგენდა.­ 2023-2024 წლებში ისარგებლეს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების­ პროგრამით. არასრულწლოვნები ჩართული იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორია დღეს არსებული სოციალური­ დაცვის სისტემა ქვეყანაში, რა სერვისები არსებობს, რამდენად სწორად ფასდება ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებები, რამდენად კოორდინირებულად მუშაობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, ამ და სხვა საკითხებზე­ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამების სპეციალისტი ქეთევან მელიქაძე გვესაუბრება:

- ბავშვების სიღარიბეს უკვე რამდენიმე­ ათწლეულია სტატისტიკის ეროვნული­ სამსა­ხური ზომავს. ამ მონაცემებით, ბავ­შ­­ვთა სიღარიბე იკლებს, მაგრამ ეს აბსო­ლ­­­­უ­­­ტური სიღარიბეა, რაც ოჯახში­ ფუ­ლ­ის­­­ ნაკლებობას აჩვენებს. თუმცა მნიშვ­ნე­ლოვანია­ გამოვიყენოთ მრავალგანზომილე­ბიანი სიღა­რიბის­ საზომი, რომელიც არა მარტო­ იმას ზომავს, თუ ბავშვების რა წილი ცხოვრობს­ მონეტარულ სიღარი­ბეში­, არამედ იმას, თუ რა მნიშვნელოვან საგნებსა­ და მომსახურე­ბებზე ეზღუდებათ წვდომა, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. "ბავშვთა კეთილდღეობის კვლევით" აღმოჩნდა, რომ საქართველოში 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს, ანუ პრაქტიკულად ყოველი 5-დან 2 ბავშვი. სხვა მაჩვენებლებიც გამოვიკვლიეთ. მაგალითად, ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საშუ­ალება აქვს თუ არა ოჯახს, რომ ბავშვმა ისადილოს სკოლის საათებში. აღმოჩნდა, რომ ბავშვს, რომელსაც აქვს სოციალური დანაკლისი, და იმ ბავშვს შორის, რომელსაც არა აქვს, ძალიან მაღალი უთანასწორობაა.

ეს არის ევროპული ინდექსი, რომელიც განიხილავს 16 მაჩვენებელს, რომელთა­ არქონა მნიშვნელოვან რისკს უქმნის ბავშვის განვითარებას. 16-დან 3 ან მეტი თუ აკლია ბავშვს, ითვლება, რომ იზრდება მატერიალურ და სოციალურ დანაკლისში. ესე იგი, ბავშვი მოკლებულია მინიმალურ საბაზისო საჭიროებებს: საჭმელს, ტანსაცმელს, განვითარებისთვის საჭირო საგნებს - წიგნებს­, სათა­მაშოებს, ასევე სოციალური განვითარების მაჩვენებლებს, როგორიცაა თანატო­ლებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა. ინდექსი ადგენს, აქვს თუ არა ბავშვს საშუალება, ყოველდღე ჰქონდეს ცილოვანი საკვები ან მისი ჩამნა­ცვლებელი, იკვებება თუ არა ბოსტნეულითა და ხილით. ამ 16 მონაცემს შორის არის ისეთი საზომები, რომლებიც ადგენს, მაგალითად, აქვს თუ არა ოჯახს საშუალება გაათბოს ბინა. ამ კომპონენტების­ მიხედვით, ბავშვების 38%-ს 3 ან მეტი ფუნდამენტური ნიშანი აკლია იმისათვის, რომ ჰარმონიულად განვითარდნენ.

საქართველოში, რა თქმა უნდა, აბსოლუ­ტური სიღარიბე მცირდება, მაგრამ კიდევ უამრავი ბავშვია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. შესაძლოა არ არიან უკიდ­ურ­ესად ღარიბნი, ამიტომაც მიზნობრივი­ სოციალური დახმარების პროგრამაში ნაკლებად ჩანან... თუმცა სახელმწიფო ნელ-ნელა ზრდის ბავშვის დანამატს - თუ თავი­დან ბავშვზე თვეში 10 ლარი იყო, ახლა ამ თანხამ 200 ლარს მიაღწია. შეიძლება ვიმს­ჯელოთ იმაზე, რას აძლევს­ 200 ლარი ამ ბავშვს. ამაზეც ჩატარდა კვლევა. აღმოჩნდა, რომ ეს თანხა მშობლებისთვის მნიშვნელოვანია და მინიმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ზოგიერთმა მშობელმა გადაიფიქრა ემიგრაციაში წასვლა სწორედ დამატებითი თანხის წყალობით. ეს მათ ოჯახში მინიმალური სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება.

- ზუგდიდის ტრაგედიაზე ითქვა, რომ იმ ღამეს ოთხშვილიანი მარტოხელა დედა თხილის მოსაგროვებლად იყო წასული... მარტოხელა დედებისთვის დახმარება არსებობს?

- როცა რამდენიმე წლის წინ, საკანონმდებლო სივრცეში მარტოხელა დედის სტატუსი გაჩნდა,­ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ სასურველია მას დამატებითი­ დახმარებებიც მიებას...

კარგი იქნება, ამ საქმე­ში მუნიციპალიტეტების როლი გაიზარდოს. ძნელია, ცენტრალურმა მთავრობამ ყველა საჭიროება დაინახოს... უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფომ დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის წილის გადა­ბარება ადგილობრივი­ მუნიციპალიტეტებისთვის. გაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური მუშაკი. უდიდესი მიღწევაა ბავშვთა დაცვის კოდექსი,­ რომელიც 2019 წელს ამოქმედდა. მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა მუნიციპალიტეტის წამყვანი და კრიტიკული როლი ოჯახებისა და ბავშვების დახმარებაში. მუნიციპალიტეტს შეუძლია უფრო ადრე დაინახოს ბავშვის პრობლემები და ატეხოს განგაში, შეეცადოს რესურსების მობილიზებას. შეიძლება ამაში სხვა უწყებებიც ჩართოს. ამ გზით შეიძლება სისტემა უფრო გაიმართოს... ამ საქმეშიც არის წინსვლა. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მუნიციპალიტეტებს, რათა სოციალური პროგრამირების ციკლში უფრო გაძლიერდეს ბავშვებზე ზრუნვა. ამისთვის უნდა დავინახოთ, კონკრეტულ თემში რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და გამოვყოთ ყველაზე მწვავე. დამეთანხმებით, ყველაფერს ვერ მოვერევით რესურსების ნაკლებობის გამო. ეს პრობლემა უნდა გადავაქციოთ პროგრამად... მუნიციპალიტეტებს­ სჭირდებათ შესაბამისი კვალიფიკაცია, ფინანსური­ რესურსი და ამ საქმის ცოდნა. ჯერ ამ გზაზე ვართ, პირველი ნაბიჯები იდგმება.

- როგორც ვიცი, რამდენიმე რეგიონში­ უკვე არის საპილოტე პროგრამები...

- ერთი საკითხია, მუნიციპალიტეტების პრ­ო­გრამები და სერვი­სები ბავშვებისთვის, რაც დაეყრდნობა საზოგადოების ჩართულობით დანახულ პრობლემებს,­ მეორეა, დახმარების ინდი­ვი­დუა­ლური დონე, ანუ მრავა­ლშვილიანი დედა, რო­მელსაც უჭირს და ცდილობს­ შვილებს არაფერი მოაკლოს, უნდა იყოს მუნიციპალიტეტის თვალსაწიერში. მუნიციპალიტეტები დაკომპლექტებულია მხოლოდ რამდენიმე სოცმუშაკით და არის მცდელობა, სოფლებში მერის ის წარმომადგენლებიც ჩაერთონ, ვისაც მოსახლეობაზე ინფორმაცია აქვთ... საპილოტე მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა გამოყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავ­შვების პრობლემები და რამდენიმე მუნიციპალიტეტმა პროგრამაც განავითარა მათ გადასაჭრელად. ეს ჯერ სრულყოფილი სისტემა არ არის და ამდენად, ყველას მეტი ძალისხმევა და მუშაობა მართებს­ - ცოდნის­ გაღრმავება,­ მეტი პროგრამის­ რეალიზება. ფორმულა: "ფული პლუს სერვისი"­ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სლოგანია და სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ ოჯახებს მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის დახმარება.

- როცა ბავშვები მინდობით აღზრდაში­ გადაჰყავთ, ხშირად ბიოლოგიური მშობ­ლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ჯობია­ ის თანხა, რასაც მიმნდობ პირს უხდიან, მათ მისცენ და უკეთესად მოუვლიან შვილებს. ამას არ აკეთებს სახელმწიფო, ეს სწორია?

- მათ არგუმენტზე არის კონტრარგუმენტი. წესით, ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა უკიდურესი ზომაა, რომელსაც სოცმუშაკი მიმართავს მას შემდეგ, რაც ამოწურავს ყველა შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს ბიოლოგიურ ოჯახს და კონკრეტულად ბავშვს. სოცმუშაკი თავისი­ კომპეტენციით ცდილობს მშობლების გაძ­ლი­ერებას, რათა მათი კეთილდღეობა­ გაი­ზა­რდოს. ამ დროს მნიშვნელოვანია­ ოჯა­ხი­სთვის სხვადასხვა მომსახურების მიწოდება. როგორც აღვნიშნე, ბევრგან ასეთი მომსახურება მწირია, ბევრგან არც არსებობს. სოცმუშაკს ხშირად შიშველი ხელებით უწევს მუშაობა, რომ ერთობა ბავშვსა და მშობელს შორის შეინარჩუნოს. ჩემი აზრით, ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანა სიღარიბეს არ უნდა უკავ­შირდებოდეს, ზოგჯერ ბავშვზე ძალადობა ოჯახში ისეთი მწვავე ხდება, რომ შესაძლოა ერთხანს უკეთესად იყოს ოჯახის გარეთ...

ამ შემთხვევაში დგება მეორე საკითხი - თუ ბავშვის ოჯახისგან განცალკევების გადა­წყვეტილებაა მიღებული, როგორც უკიდურესი ზომა, სად მიმყავს ბავშვი­, რა ალტერნატიულ საცხოვრისს ვთავაზობ. ოჯახთან ყველაზე მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის ფორმა მინდობითი აღზ­რდაა. უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაში უკეთესად იქნება. დიდმა ბავშვთა სახლებმა ამოწურეს­ თავიანთი ფუნქცია და საბედნიეროდ დაიკეტა. აღარ არსებობს ის ძალადობა და უგულებელყოფა, რაც იქ ხდებოდა. სწორედ აქ ჩნდება მიმღები ოჯახი, მინდობითი აღზრდა, როგორც ინსტიტუტი, რომელმაც­ მშობლის ღირსეული ჩამნაცვლებლის როლი უნდა შეასრულოს. ამას სჭირდება კარგი ფინანსუ­რი უზრუნველყოფა. მიმღები ოჯახებისთვის შეიძლება გასაზრდელიც იყოს თანხა. კიდევ ვამბობ, ბავშვის გაყვანა ოჯახიდან მხოლოდ სიღარიბის გამო არ არის სწორი, თუ არსებობს­ ბმა მშობელსა და შვილს შორის, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მათი ერთობა შენარჩუნდეს.

ჩვენმა კვლევამ საინტერესო რამ გამოავლინა: არის სიტუაციები ოჯახში, როდე­საც ფულიც არის, სერვისიც, მაგრამ მშობელი მაინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გაუშვას ბავშვი, მაგალითად, საბავშვო ბაღში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მშობელს არა აქვს გაცნობიერებული რამდენად მნიშვნელოვანია წინასასკოლო განათლების როლი, როგორი მნიშვნელოვანია სოციალური უნარები და ბავშვის ინტელექტუალურად მომზადება სკოლისთვის. სწორედ აქ ჩნდება ე.წ. მშობლობის პროგრამის მნიშვნელობა, რაც აძლიერებს­ მშობლების უნარ-ჩვევებს, განსაკუთრებით­ იმ რთულ კომპლექსურ გარემოში, როგორშიც­ დღეს ვართ. ყველა მშობელს სჭირდება დამატებითი ცოდნის მიწოდება, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები­ და როგორ უზრუნველვყოთ მათი განვითარება, რათა მათ მომზადებულებმა შეაბიჯონ ზრდასრულობაში.