რა საიდუმლოს ინახავს წყალი
წყალს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუცვლელი ადგილი უკავია, მაგრამ როგორ დავლიოთ ეს ჯადოსნური სითხე ისე, რომ ჯანმრთელობა გავიუმჯობესოთ? - ამის შესახებ ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდება. ამ საკითხზე სასაუბროდ მივმართეთ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნუტრიციოლოგ ბელა ყურაშვილს:
- ადამიანის მასის 70 პროცენტი წყალია და პირველი ცოცხალი ორგანიზმიც წყალში გაჩნდა. როგორ მოქმედებს წყალი ჩვენს ორგანიზმზე? - მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტები, აწესრიგებს სხეულის ტემპერატურას, საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს აწვდის ორგანიზმს, წყალი საჭიროა ამოსუნთქვისთვის, რადგან ატენიანებს სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადს... წყალს სამკურნალო თვისებებიც აქვს, რასაც უხსოვარი დროიდან იყენებენ ბალნეოთერაპიაში.
- როგორ აისახება ჯანმრთელობაზე წყლის ნაკლებობა?
- ადამიანს, რომელიც წყლის ნაკლებობას განიცდის, გამომშრალი ტუჩები და კანი აქვს. ორგანიზმში წყლის რაოდენობის 1,5%-ით შემცირება ძლიერ წყურვილს იწვევს, ასევე, ძილიანობას და ზოგჯერ კანის გაწითლებასაც. 11-12%-ით წყლის დანაკლისი იწვევს კუნთების სპაზმს, ბოდვას, სმენისა და მხედველობის დაქვეითებას, თუ დანაკლისი 25%-ს გასცდა, ადამიანი იღუპება.
- დღის განმავლობაში რა რაოდენობით წყალი უნდა მივიღოთ?
- სასმელ წყალზე ორგანიზმის მოთხოვნილება განისაზღვრება გარემო პირობებით და იმ დატვირთვით, რომელიც ადამიანს აქვს. ნორმალურ პირობებში სითხის ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია 2-3 ლიტრი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, სითხის მოხმარება 5-10 ლიტრამდეც იზრდება (როდესაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა და ადამიანი ფიზიკურად მუშაობს, შეიძლება 5 და მეტი ლიტრი წყალიც კი დალიოს). ჩვეულებრივ ადამიანი 1-1,5 ლიტრამდე წყალს სვამს, ამას ემატება ჩაი, ყავა და სხვადასხვა სასმელი, თუმცა სასმელი წყლის ნორმა საშუალოდ, 1,5-2 ლიტრამდე მერყეობს. ზაფხულში უმჯობესია 200-300 მლ წყალი 1-2 საათის ინტერვალით მივიღოთ. წყალი კარგი გამხსნელია და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, ამიტომ სასურველია, თუ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დავლევთ, მაგრამ ძალით წყლის დალევა სასურველი არ არის, ამიტომ, ვფიქრობ, როცა მოგწყურდებათ, მაშინ უნდა დალიოთ.
- ჩემი ნაცნობი გოგონა გასახდომად ბევრ წყალს სვამდა, ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და ექიმმა უთხრა, რომ მისი თირკმელები ამდენ წყალს ვერ ამუშავებდა...
- არის ხალხი, რომელიც გასახდომად დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის სვამს, მაგრამ ეს არ შეიძლება! მწვანე ჩაის ორგანიზმიდან ყველაფერი გამოაქვს და რეცხავს, ამიტომ მისი ყოველდღე დალევა არ შეიძლება. ადამიანმა წყალიც ნორმალური ოდენობით უნდა დალიოს და ჩაიც თუ ყავაც, ზომიერება აუცილებელია.
- რატომ ამბობენ, რომ ყოველდღიურად 2-3 ლიტრი სითხე აუცილებელია?
- ამაში მარტო წყალი კი არა, სხვა სასმელებიც შედის. წყალი მაშინ უნდა დალიოთ, როცა მოგწყურდებათ, მაგრამ დღის განმავლობაში მინიმალური დოზა 1,5 ლიტრია. დანარჩენს მიიღებთ ჩაის, ყავის და სხვა სასმელების სახით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დიდი რაოდენობით წყალი წნევას მაღლა სწევს, ამიტომ წნევიანებისთვის არ შეიძლება. მისი მიღება ღამითაც არ არის რეკომენდებული, რადგან ბევრმა წყალმა შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს, ამიტომ, ვისაც შეშუპებისკენ აქვს მიდრეკილება, მისთვის ბევრი წყლის დალევა სასურველი არ არის. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანს, მან ყველაფერი უნდა მიიღოს იმ რაოდენობით, რაც მის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს შეესაბამება.
- სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ, რომ გაღვიძებისთანავე 2 ჭიქა წყალი დავლიოთ.
- ეს იმიტომ, რომ წყალი ორგანიზმს აცოცხლებს და გაუწყლოებისგან იცავს. ამ ღვთაებრივ სითხეს ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ტიბეტელი ბერები საკვებს მცირე რაოდენობით იღებენ, სამაგიეროდ წყალს სვამენ, მათი ჯანმრთელობის და დღეგრძელობის საიდუმლოც ეს არის. ასე რომ, წყალი დიდ საიდუმლოს ატარებს. დადგება დრო, როცა ის ქვეყანა იქნება ყველაზე მდიდარი, რომელსაც სუფთა სასმელი წყალი აქვს. საქართველო ღმერთმა ამ მხრივაც დააჯილდოვა: ჩვენ მტკნარი წყლის დიდი მარაგი გვაქვს და ეს სიმდიდრე გონივრულად უნდა გამოვიყენოთ.
იაპონელების ოქროს წესი
მსოფლიოში აღიარებულია, რომ იაპონელები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ და ამის მიზეზი წყალია: ხანდაზმული იაპონელები, გაღვიძებისთანავე აუცილებლად სვამენ რამდენიმე ჭიქა წყალს, რითაც მრავალი დაავადებისგან იცავენ თავს.
როგორია წყლით მკურნალობის იაპონური მეთოდი: დილით, კბილების გახეხვამდე, 4 ჭიქა წყალს სვამენ. კბილების გახეხვის შემდეგ, 45 წუთის განმავლობაში, არაფერს ჭამენ, არც სითხეს იღებენ და მხოლოდ 45 წუთის შემდეგ საუზმობენ. მათ კიდევ ერთი ოქროს წესი აქვთ - წყალი აუცილებლად უზმოზე უნდა დავლიოთ, რომ ორგანიზმიდან წიდები და მავნე ნივთიერებები გამოდევნოს.
ხათუნა ჩიგოგიძე