შაჰის სეკულარული რეჟიმიდან აიათოლას იდეოლოგიამდე - კვირის პალიტრა

შაჰის სეკულარული რეჟიმიდან აიათოლას იდეოლოგიამდე

როგორ მოექცა რელიგიურ მარწუხებში­ და როგორ იქცა ტერორისტების მთავარ მოკავშირედ ირანი, წარსულში ახლო აღმო­სავლეთის ერთ-ერთი პროდასავლური ქვეყანა, აღმო­სავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა­ გვიამბობს:

- დღეს ირანის შიდაპოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება შაჰის დროინდელი ირანისგან. მაშინ ადამიანის პირად ცხოვრებას არავინ ზღუდავდა. შაჰის რეჟიმს არ აინტე­რესებდა მოქალაქეების ვარცხნილობა, ტანსაცმელი. დღევანდელ ირანში­ კი დრესკო­დია, რომელსაც მკაცრად აკონტროლებენ. ეს ეხება­ არა მარტო ირანელებს­, არამედ ნებისმიერ უცხოელს, რომელიც სტუმრობს ქვეყანას. შაჰის ირანი, განსაკუთრებით მსხვილი ქალაქები ევროპული ტიპის იყო. ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰ­ლევი, რომელმაც განათლება ევროპაში­ მიიღო, ცდილობდა დასავლური ცივილიზაცია და ღირებულებები ირანის ცხოვრებაში დაენერგა. მისი სეკულარული რეჟიმი ცდილობდა შეემცირებინა რელიგიური ფაქტორის დომინანტობა და სასულიერო პირების გავლენა, რაც მათ ჰქონდათ სხვადასხვა უწყებრივ სფეროში. მაგალითად, როგორიც იყო სასამართლო, განათლება და სხვა. 1950-70-იან­ წლებში შეინიშნებოდა საზოგადოების ცხოვრებაში რელიგიის როლის შემცირება, რამაც განაპირობა, რომ სასულიერო პირები შაჰის რეფორმებს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ და მის მიმართ რადიკალურად იყვნენ განწყობილნი. ის სასულიერო პირები, ვინც დღეს ირანს მართავს­, შაჰის დროს, ფაქტობრივად, ყველა დაპატიმრებული იყო... შაჰი ბევრ საკითხში ატარებდა დასავ­ლეთის ინტერესს, თუმცა რეგიონულ პოლი­ტიკაში განსხვავებული, თავისი პოლიტიკა ჰქონდა. შაჰის რეჟიმის რეპრესიული მანქანა მაშინ აქტიურდებოდა, როდესაც ირანელი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ანტისამთავრობო­ ქმედებებით გამოდიოდნენ, სხვა საკითხების გამო შაჰის რეჟიმს რეპრესიული კამპანია არ გაუტარებია არც ჩაცმულობაზე, არც ორიენტაციაზე და სხვა მსგავს საკითხებზე. მთავარი იყო მოქალაქეების ლოიალური დამოკიდებულება შაჰის რეჟიმისადმი.

თუმცა ქვეყანაში იყო დასაქმებისა და განათლების პრობლემა. სოფლიდან ჩასუ­ლი ახალგაზრდობა ქალაქში თავს ვერ იმკვიდრებდა. ახალგაზრდები მასობრივად მიაწყდნენ მეჩეთებს ნუგეშისთვის, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შაჰს ოპონი­რებას გაუწევდნენ, არ არსებობდნენ, რადგან ისინი რეჟიმმა გაანადგურა. დროთა­ განმავლობაში ასიათასობით უმუშევარი ახალგაზრდა, ძირითადად, გაუნათლებელი­ მასა, სასულიერო პირებისა და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მათი ქადაგებების ზეგავლენის ქვეშ მოექცა. ბოლოს ყოველივე ეს დაგვირგვინდა ისლამური რევოლუციით და მკვეთრად შეიცვალა ირანის როგორც შიდაპოლიტიკური, ისე საგარეო კურსი.

შიდარეპრესიების პარალელურად, შაჰი ქვეყანაში დასავლურ ინტერესებს ატარებდა­. ირანს აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტიც ეწვია­, მათ შორის რიჩარდ ნიქსონი 1972 წელს, ხოლო ჯიმი კარტერი 1979 წლის დამდეგს, რასაც მოჰყვა ანტიშაჰური რევოლუციური ტალღის აგორება. შაჰის უშიშროების სამსახური "სავაქი" აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურებმა შექმნეს. რევოლუციის დროს შაჰის ნახევარმილიონიანი არმია არ წავიდა მონარქიის წინააღმდეგ. ჟანდარმერია, პოლიცია, უშიშროების სამსახური, არც ერთი სამხედრო ნაწილი, არ გადასულა პროტესტანტების მხარეს. ისინი­ მზად იყვნენ რევოლუცია სისხლში ჩაეხშოთ, ისე ჰქონდა გამართული შაჰს ძალოვანი სისტემა. მან არმია აღჭურვა ულტრათანამედროვე შეიარაღებითა და ეკიპირებით. გენერალიტეტს დიდი გავლენა ჰქონდა სხვადასხვა სფეროში, თუმცა არმია აპოლიტიკური ინსტიტუტი იყო. მაშინდელ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ძალიან ბევრ არაბულ ქვეყანაში, სამხედრო გადატრიალება მოხდა, მონარქიული რეჟიმები დაამ­ხვეს. ყველასთვის ცნობილი "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" შაჰის დამხობიდან ორიოდ თვეში შეიქმნა. ირანში არის რეგულარული არმია, მაგრამ უკანა პლანზეა გადასული, რადგან არმია არ მონაწილეობდა შაჰის რეჟიმის დამხობაში, პირიქით, აქტიურად იყო ჩართული დემონსტრანტების დარბევაში. ამიტომ ჩამოყალიბდა "გუშაგთა კორპუსი­", რომლის ლიდერებს უდიდესი გავლენა აქვთ ყველა სფეროზე, ისევე, როგორც ქვეყნის მართვაზე.

22-1724017731.jpg

- რევოლუციის შემდეგ როგორ შეიცვალა ირანელი საზოგადოების ცხოვრება?

- რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, ქალების დიდი ნაწილი დემონსტრაციულად იცვამდა ჰიჯაბს - ასე აპროტესტებდნენ შაჰის რეჟიმს. ირანში ჩადრის ტარება შაჰმა რეზა ფეჰლევიმ სპეციალური კანონით აკრძალა ჯერ კიდევ 30-იან წლებში­. იმ დროსაც არსებობდა პოლიცია, რომელიც ამას უწევდა მონიტორინგს, ოღონდ იმ განსხვავებით, ვინც ჩადრს ატარებდა, იმათ სჯიდნენ - ეს იყო გაფრთხილება და ჯარიმა... კიდევ ერთი პარადოქსი, მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიაში,­ მგონი, არ არსებობს - 100 ათასზე მეტი ირანელი სტუდენტი, რომლებიც სამთავრობო სტიპენდიებით იმყოფებოდნენ ამერიკასა და ევროპის ქალაქებში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა გამოვიდა შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი აპროტესტებდნენ შაჰის რეპრესიულ რეჟიმს და უფრო დემოკრატიული მიდგომები სურდათ. რატომ ფიქრობდნენ, რომ სასულიერო პირების მხარდაჭერით უფრო მეტ თავისუფლებას მოიპოვებდნენ, გაუგებარია, არადა, სასულიერო პირები თავიდანვე ქადაგებდნენ, რომ ახალი მთავრობა­ რელიგიურ საფუძვლებზე უნდა დამყარებულიყო. დამოუკიდებელი სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოები ახალმა ხელისუფლებამ გაანადგურა, რადგან ისლამური მთავრობის პოლიტიკურ დოქტრინას ეწინააღმდეგებოდა.

- როგორ ცხოვრობენ ახლა ახალგაზრდები?­

- ირანში სოცქსელები არ არის აკრძალული, თუმცა მკაცრად აკონტროლებენ­. ირანი ჩრდილ­ოეთ კორეასავით ჩაკეტილი სახელმწიფო­ არ არის, ნებისმიერ ირანელს შეუძლია გავიდეს ქვეყნის გარეთ, თუმცა დაბრუნების შემდეგ უშიშროება ამოწმებს, ვინმემ ხომ არ გადაიბირა ან ანტისამთავრობო ორგანიზაციებში არ გაწევრდნენ...

ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიდან გასვლას, ისინი მართავენ წვეულებებს, ოღონდ ეს კეთდება ჩუმად და ქალაქ­გარეთ. თეირანის ცენტრში მუსიკას ხმამაღლა ვერ ჩართავ. ალკოჰოლური სასმლის ყიდვას ახერხებენ ფარულად, ბარები არა, მაგრამ რესტორნები ყველგან არის. არის წესები, რომლებიც­ მოქალაქემ უნდა დაიცვას, რის შემდეგაც არავინ დასჯის. ქალთა გამოსვლების შემდეგ ზნეობის პოლიცია გაუქმდა, მაგრამ ქალის ჩაცმულობა მაინც შესაბამისი უნდა იყოს, ისეთი, როგორიც ხელისუფლების პოლიტიკით არის დაშვებული.

khamenei-1724017731.jpg

- საზოგადოებაში სულიერი ლიდერის გავლენებზეც ვისაუბროთ...

- შაჰის დამხობის შემდეგ ქვეყნის უზენაესი ლიდერი უმაღლესი სასულიერო წოდების პირია, დიდი აიათოლა. ყველაფერი, რაც ირანში ხდება, თანხმდება უზენაეს­ ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეი­სთან, მასთან დაახლოებულ აიათოლებსა­ და "გუშაგთა კორპუსთან". ისინი მართავენ­ ირანს, მათ გარეშე არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუ­ძლია ნაბიჯის გადადგმა. რეფორმისტი­ იქნება თუ ულტრარადიკალი, ვერაფერს გააკეთებს, თუ მისი პოლიტიკა არ ჯდება­ ირანში რევოლუციის შემდეგ დამყარებულ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ სისტემაში. 1981 წელს აიათოლას ბრძანებით ირანის პრეზიდენტი აბოლჰასან ბანისადრი გადააყენეს, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა სასულიერო პირების მიერ ძალაუფლების მონოპოლიზაციას. ყველა კანდიდატი (დეპუტატობის თუ საპრეზიდენტო) მკაცრ ფილტრაციას გადის. არსებობს­ კონსტიტუციის მცველთა სპეციალური საბჭო, რომელიც შედგ­ება თორმეტი წევრისაგან, რომელთა­გან ექვსს (ისლამური სამღვდელოების წარმომადგენლებს) ნიშნავს უზენაესი ლიდერი, ხოლო დანარჩენ ექვსს (იურისტებს) მეჯლისი­. ეს ორგანო გადა­წყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არა საპრეზიდენტო მარათონში.

როდესაც აშშ-ის ჯარები ერაყში შეიჭრნენ, ირანის ხელისუფლებაში მოვიდა რადი­კალიზმით ცნობილი მაჰმუდ აჰმადინეჟა­დი. შემდეგ, როდესაც დასჭირდათ ატომურ შეთა­ნხმებაზე საკითხის წამოწევა, რათა დასავლეთთან ურთიერთობა დაერეგულირე­ბინათ, კანდიდატად გაიყვანეს რეფორ­მატ­ორი სასულიერო პირებიდან, ჰასან რუჰანი­. თუმცა მისი პრეზიდენტობისას რეგიონში ირანის გავლენა გაფართოვდა (საუბარია რეგიონულ კონფლიქტებში მონაწილეობაზე).

რაც შეეხება რეფორმატორად წოდებულ­ მასუდ პეზეშკიანს, მან საინტერესო განცხად­ებები გააკეთა, ოპტიმისტური. ეს არის სიგნალი რადიკალი სასულიერო პირებისა და მათთან დაახლოებული სამხედრო ბლოკისგან, რომ არ სურთ ამერიკასა და დასავ­ლეთთან ურთიერთობის დაძაბვა. ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორად წოდებულმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს სასულიერო პირების გადაწყვეტილებაა.

- დღევანდელი ირანის პოზიციიდან გამომდინარე შეგვიძლია იმის თქმა, რომ მათ ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ?

- აპრილში ისრაელზე ირანის სარაკეტო დარტყმას მოჰყვა დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა, რა დროსაც დაიღუპა ორი გენერალი და რამდენიმე ოფიცერი. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან ისრაელის ავიაციამ მოკლა ხუთი გენერალი ანუ საერთო ჯამში 7 მაღალი რანგის ოფიცერი. როდესაც ავიაციის დაბო­მბვის შედეგად ხუთი გენერალი დაიღუპა, ოფიცი­ალური თეირანი მხოლოდ კრიტიკასა­ და მუქარას დასჯერდა, მაგრამ საკონსულოზე იერიში სულ სხვა საქმეა. საკონსულო იმ სახელმწიფოს ტერიტორიაა, ვისი დროშაც არის აღმართული, ამიტომ ეს ირანის გამოწვევა იყო. რეგიონში ავტორიტეტის შენარჩუნებისთვის ირანის მთავრობასა და სამხედროებს სჭირდებოდათ მსგავსი ტიპის სამხედრო ოპერაციის ჩატარება... ვფიქრობ, ორივე სახელმწიფოსთვის, ირანისა და ისრაელისთვისაც, დამანგრეველი იქნება,­ თუ საქმე ისრაელთან სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდა. ირანი უზარმაზარი სახელმწიფოა, თავისი პოტენციალითა და ბუნებრივი რესურსებით,­ ასევე, რეგიონული გავლენებით, ისევე, როგორც ისრაელი, რომელსაც უმძლავრესი სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს მთელ ახლო აღმოსავლეთში - გავიხსენოთ, რამ­დენი ომი გადაიტანა არაბულ ქვეყნებთან და ყოველ­ ჯერზე გაიმარჯვა­. თუ ეს კონფლიქტი გამწვავდა, მასში ჩაერთვება­ ახლო აღმოსავლეთის თით­ქმის ყველა სახელმწიფო.­ ისიც გასაგებია, რომ ისრაელიც არ დარჩება მარტო ამ ომში. თუმცა მის დასაცავად რა ძალები ჩაერთვება, სხვა საკითხია...

ირანის გაბრაზების მიზეზი ისმაილ ჰანიას მკვლელობა კი არა, ის იყო, თუ სად მოკლეს - თეირანის ცენტრში, სადაც ის მიწვეული იყო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. სადმე კატარში ან რომელიმე არაბულ ქვეყანაში რომ მოეკლათ, ირანს სხვა რეაქცია ექნებოდა. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო უპასუხებდა მსგავს საქციელს. ეს მძლავრი შურისძიების კამპანია იქნება!

შაჰის დროს ირანის გავლენა და ავტორიტეტი დიდი იყო, თუმცა დღეს ირანს გაცილებით დიდი გავლენა აქვს. შაჰის რეჟიმი იყო სეკულარული, ის არ აფინანსებდა რელიგიურ ორგანიზაციებს,­ არც ერთ ტერორისტულ და ანტიდასავ­ლურ დაჯგუფებას მხარს არ უჭერდა. დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ყველა რესურსს რეგიონში გავლენის გაზრდისთვის. რელიგიური ფაქტორების გამოყენებით მისი გავლენა დიდია. ისინი ეხმარებიან რეგიონში­ მცხოვრებ შიიტებს, რომლებიც ერაყის გარდა, სხვადასხვა სახელმწიფოში არიან. ასევე, არც ერთი არაბული ქვეყანა ისე არ აქტიურობს პალესტინის საკითხებში, როგო­რც ირანი და თურქეთი. ეს უკანასკნელი, მხოლოდ განცხადებებითა და მუქარით შემოიფარგლება, ირანი კი ქმედებაზე გადადის.

- რა სურს თავად ირანის მოსახლეობას?

- როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები იწყება, მიუხედავად შეხედულებებისა, ირანელები აუცილებლად ჩადგებიან ქვეყნის დაცვის სამსახურში... მოსახლეობის დიდ ნაწილს კონფლიქტი არ სურს, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები სასულიერო პირები და ძალოვანი ბლოკი ("გუშაგთა კორპუსი") არიან... ირანის ამჟამინდელი სისტემის ტრანსფორმაცია შესაძლებელია მხოლოდ ევოლუციური გზით, რევოლუციური გზით მისი ცვლილება გამორიცხულია. მუსლიმანურ სახელმწიფოში სასულიერო პირების ხელისუფლებიდან ჩამოშორება შეუძლებელია, მათ გავლენას ვერაფერს დაუპირისპირებ.

სოფო კაჭარავა